Saturday, September 29, 2012

ნიმფაზე თევზაობის ამერიკული სტილი

            
           მართალია Fly Fishing - ი, როგორც სტილი ჩამოყალიბდა ბრიტანული კულტურის გავლენით, მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკაში მოხვედრის შემდეგ საკმაო ცვლილებები განიცადა, თუკი ინგლისურ სტილში წინა პლანზე წამოწეულია ესთეტიკური მხარე, ამერიკელები პირველ რიგში ეფექტურობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამისათვის, ნაციონალურ მენტალიტეტებს შორის სხვაობის გარდა, არსებობს აბსოლუტურად ობიექტური მიზეზები. თუკი შევადარებთ ამ ორი ქვეყნის მდინარეებს დავინახავთ, რომ სხვაობა საკმაოდ დიდია, ინგლისში კლასიკური Fly Fishing - ისათვის "განკუთვნილი" მდინარეების უმეტესობა, მაგალითად მდინარე ეივონი (Avon)  ხასიათდება საკმაოდ ნელი და თანაბარი დინებით, წყლის ზედაპირი სარკისმაგვარია, გამჭვირვალობა კი იდეალური, საქმე გვაქვს ე.წ. Spring Creek - ის ტიპის, ანუ მიწისქვეშა წყლებით მომარაგებად მდინარესთან. ასეთი პირობები საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ კლასიკური იმიტაციები და ტექნიკა, ძალიან იშვიათად თუ ხდება საჭირო სატყუარის დამძიმება, რადგან მხოლოდ ფლუოროკარბონის ლიდერი და სადავე საკმარისია იმისათვის რომ გატარება მოხდეს სასურველ ჰორიზონტში.  რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეებს, აქ ძირითადად სახეზე გვაქვს საკმაო სიღრმე და ძლიერი დინება, რა თქმა უნდა ასეთი მდინარეები არის დიდ ბრიტანეთშიც და Spring Creek - ები გვხვდება აშშ - შიაც, მაგრამ საუბარია აუცილებლობით გამოწვეულ, შედარებით ახალი, არაკლასიკური სტილის ჩამოყალიბებაზე, რაც მოხდა ამერიკაში და არა ინგლისში.
               სწორედ ამ აუცილებლობამ გამოიწვია ის, რომ თანამედროვე მწარმოებლები სპეციფიკური აღჭურვილობის დამზადებას საკმაოდ დიდ ყურადრებას აქცევენ. პოპულარულია საკმაოდ სწრაფი წყობის ანკესები, რომლებითაც იმიტაციის მიწოდება და გატარება უფრო ადვილია, შექმნილია სპეციალური შნურები, რომლებსაც მოკლე და სტანდარტულზე მძიმე თავები აქვთ, რაც მოკლე შნურით მუშაობას აადვილებს, მაგალითისათვის გამოდგება Scientific Anglers Mastery Textured Series Nymph/Indicator Line ჩაკვრის უკეთ იდენტიფიცირებისათვის ამ შნურის წინა კონუსი წითელი ფერისაა.

  

      იმისათვის რომ წყლის არათანაბარმა დინებამ გატარებაზე უარყოფითად არ იმოქმედოს, ხდება ანკესის მაქსიმალურად მაღლა აწევა, რათა შნურის მაქსიმალური რაოდენობა მოვაცილოთ ზედაპირს. ამ ტექნიკას High Stick Nymphing- ი ეწოდება.

  

     ამერიკული სტილის ერთ - ერთი ყველაზე თვალშისაცემი თავისებურება არის ინდიკატორების (Strike Indicator) გამოყენება, რაზედაც ბლოგის ფურცლებზე უახლოეს მომავალში დეტალურად ვისაუბრებთ.

Saturday, September 22, 2012

Hip/Chest/Waist Packs ჟილეტის ალტერნატივა



               საკმაოდ დიდი ხანი გავიდა ბოლო პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მართალი გითხრათ უკვე ძალიან მომბეზრდა ვინმესთვის რამის მტკიცება, მოწოდება ან მოთხოვნა, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს თავთავიანთი სიმართლით, მათ შორის ბრაკებსაც.
                 ახლა კი საკმაოდ საინტერესო თემა მინდა შემოგთავაზოთ. 2012 წლის სეზონმა (თუ ამას სეზონი შეიძლება დავარქვა, რადგან სულ სამჯერ მოვახრხე გასვლა ისიც ყოველგვარი წარმატების გარეშე და არა იმ ადგილებში სადაც მთელ წელი ვგეგმავდი) აშკარად დამანახა, რომ სტანდარტული ჟილეტი საკმაოდ მოუხერხებელია. მართალია თითქმის ოთხი წელია უკვე ვსარგებლობ და ეკიპირებაც მაქსიმალურად კომფორტულად მაქვს გადანაწილებული, მაგრამ ზაფხულის პაპანაქებაში ძალიან გამაწვალა. ადრე რამდენჯერმე მივაქციე ყურადღება სხვადასხვა ტიპის სამკერდე თუ საქამრე ჩანთებს, მაგრამ დეტალურად არ დავინტერესებულვარ. ახლა ვფიქრობ, რომ მგონი საკმაოდ მისაღები ვარიანტია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჟილეტისგან განსხვავებით არ არის ტანსაცმლის დამატებითი ფენა და სიცხეში დისკომფორტს არ ქმნის, აღჭურვილობის განთავსებაც თავისუფლად შეიძლება, ამ მხრივ ჟილეტს არანაირი უპირატესობა არ აქვს, სავარაუდო უარყოფითი მხარები კი ალბათ ის აქვს, რომ მთელი წონა ერთ ადგილას არის კონცენტრირებული, თუმცა განა რა განსაკუთრებულ წონაზეა საუბარი და მეორე, მართლაც მნიშვნელოვანი მინუსი ისაა, რომ არ აქვს გათვალისწინებული ანკესის სამაგრი სისტემა, რომელიც ძალიან მოსახერებელია წყალში დგომისას იმიტაციის ან ლიდერის გამოცვლის დროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამოსავლის პოვნა აქაც შესაძლებელია.
               რაც შეეხება არჩევანს,  განვხილავ ორ კომპანიას Fishpond და Simms, რადგან მათ ნაწარმში ხარისხი და ერგონომიკა ტრადიციულად მაქსიმალურ სიმაღლეზეა.