Monday, November 3, 2014

ავტოგოლი


           რთულია ამ თემაზე წერა....მაქსიმალურად შევეცდები არაკორექტული გამონათქვამებისაგან თავი შევიკავო. ნუ ახლა ის ფაქტი, რომ არაპროფესიონალიზმი დღევანდელი სახელმწიფო აპარატის სავიზიტო ბარათად იქცა მტკიცებას არ საჭიროებს, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტროს ნამოქმედარს რომ ვაკვირდები უკვე იმ აზრამდე მივდივარ, რომ მხოლოდ ეს არ არის პრობლემა.
           მესმის, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ხომ შესაძლებელია ამ ნანატრი მდგომარეობის იმდაგვარი მეთოდებით მიღწევა, რომ ჩვენს ბუნებას მინიმალური გამოუსწორებადი ზიანი მიადგეს? ისიც მესმის, რომ განვითარებად ქვეყნებში საკუთარი ბუნებრივი რესურსების ათვისება, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ისეთი ტექნოლოგიებით ხდება, რომ გარემოსათვის პირვანდელი სახის შენარჩუნება შეუძლებელია, ანუ ფაქტიურად სახემწიფო, იმის გამო, რომ მას თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება ძვირი უჯდება, ანადგურებს იმას, რისი აღდგენაც ვეღარასოდეს მოხერხდება, ან, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
                  რთულია იმ სახელმწიფოს, რომელმაც 2014 წლის მიღწევებში ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ წინა წლებთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი ხე იჭრება მოსახლებისათვის შეშის დასარიგებლად, ელაპარაკო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობაზე. რთული არა, უბრალოდ უაზროა, არ ესმის და....... ისე არც მოსახლეობას ესმის, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ.
                    კარგი, არ ესმის ის, რომ იგივე თევზი მდინარეში უნდა იყოს არა იმიტომ, რომ ვინმეს თეფშზე აღმოჩნდეს, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ უნდა იყოს, ის მაინც შეიგნონ, რომ იქტიოფაუნის დაცვის ვალდებულება მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა თუ კონვენციებით გვაქვს ნაკისრი და ამ ვალდებულებებს თუ არ შევასრულებთ, ევროკავშირს ისე ვერ ვნახავთ, როგორც საკუთარ ყურებს და სარკეც ვერ დაგვეხმარება. იმ აზრამდე მივდივარ, რომ ხელი რაზე გვაქვს მოწერილი ჯერ ვერ ხვდებიან, ან სათავისო ინტერპრეტაციას უკეთებენ, კი ბატონო, წერია იმ კონვენციებში, რომ იგივე ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებების გატარება ხელმომწერ სახელმწიფოს ეკისრება იმ შემთხვევაში თუ ეს არის applicable, ანუ საჭირო, დროული, მისაღები და ა.შ, მაგრამ ამათ ეს ისე ესმით, თითქოს ბატონი კახი წყვეტდეს ამ საჭიროების არსებობა - არარსებობას. არადა ქაღალდზე ყველაფერი იდეალურად არის - "ჩატარებულია" იქტიოფაუნის კვლევა, შესწავლილია თვითოეული ნიუანსი და ა.შ. ეს არის სრული ბლეფი ჯერ მხოლოდ იმ მარტივი სამწუხარო ფაქტის გამო, რომ შესაბამის უწყებებში salmonella და salmo trutta ერთმანეთისგან ვერ განუსხვავებიათ და ძვირადღირებული ევროპული რესტორნის მენიუს ერთ-ერთი პუნქტი ჰგონიათ...ეჰჰჰ..ჭამე ნოდარი, ჭამე....უკვე რამდენიმე ათწლეულია იქტიოფაუნის კვლევაზე არცერთი თეთრი არ გამოყოფილა...
                 ამ ბოლო დროს კიდევ ერთი მკვლელობა ჩაიდინეს, ამჯერად მდინარე ფარავანს მოუღეს ბოლო. ეს სურათები გადაღებულია ბატონ ჯაბა ნათენაძის მიერ და ასახავს იმას, რაც მდინარისაგან დარჩა ჰესის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ



       ფოტოები "კლიკაბელურია" ნახეთ სრული ზომით და დააკვირდით იმ საზღვარს, სადამდეც მდინარე ამოდიოდა ჩვეულებრივ პირობებში. გაითვალისწინეთ, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი კალმახის საცხოვრებელ არეალთან.
          იქაურ კლიმატს თუ გაითვალისწინებთ, ადვილად მიხვდებით, რომ ეს ადგილები მკაცრი ზამთრის პირობებში ფსკერამდე გაიყინება და მოკლავს ყველაფერს. წყალმცირობა ასევე გამოიწვევს იმას, რომ წყლის ტემპერატურა დაიწყებს "ხტუნვას" ადვილად გათბება ან პირიქით. რა შედეგს მოუტანს ეს მდინარეში არსებულ ფაუნას ადვილად შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი პროფილის მქონე ინტერნეტ რესურსებში. 
          სამაგიეროდ დენი გაიაფდება, Яფი დენი გვექნება...ისე 2006 -2007 წლებში ერთერთ ენერგოკომპანიაში ვმუშაობდი და კარგად ვიცი რა ღირს Яფი დენი...
           იგივე ჩაიდინეს ყაზბეგშიც..... რაღაც დაუდგენელი მიზეზით ფსკერამდე დააშრეს წალკის წყალსაცავი....ჩვენ ჩუმად ვართ.....ერთადერთი რისი ხმამაღლა თქმაც მინდა არის - გოოოოოოოოოოოლლლლ!! ბატონო კახი, გოოოლლლლ!!! ოღონდ უპს...ისევ საკუთარ კარში....

Tuesday, October 14, 2014

ტენკარას აღჭურვილობა

                

      დავასრულე ტენკარასათვის განკუთვნილი აღჭურვილობის შეკრება, ამჯერად მხოლოდ ვიდეო რეპორტი. თუ გაამართლებს, იქნება ცალკე განყოფილებაც. მოკლედ, პირველი ცდისთვის ველოდები თავისუფალ დროს და შესაბამის ამინდს. 

Thursday, September 25, 2014

ტენკარას ისტორია

                      

            როდესაც საქმე ახალი სტილის ათვისებას ეხება სავალდებულოდ ვთლი მისი ისტორიის შეძლებისდაგვარად სრულად შესწავლას, გამონაკლისს არც ტენკარას შემთხვევაში დავუშვებ. სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ამ მეთოდისადმი მიძღვნილი ინტერნეტ საიტებიდან და ბლოგებიდან აღებული ინფორმაცია კერძოდ კი ისეთი რესურსები, როგორიცაა TenkaraUSA.com და Discovertenkara.co.uk.
              დასაწყისისათვის გთავაზობთ ზოგიერთი ტერმინის განმარტებას, უფრო სწორად სიტყვა სიტყვით თარგმანს იაპონურიდან:

Tenkara -  Ten - ცა, სამოთხე. Kara - დან, ანუ ციდან, სამოთხიდან

Kebari - ბეწვით ან ბუმბულით შემოსილი ნემსი (ნემსკავი)

Sakasa Kebari - Sakasa - შეტრიალებული, რევერსიული, ანუ ბეწვით ან ბუმბულით შემოსილი ნემსი (ნემსკავი), რომელზედაც ბუმბული წინ "იყურება".

           საგულისხმოა, რომ ტერმინ "ტენკარა"-ს წარმოშობამდე არსებობდა ტერმინი Kebari Tsuri ( Tsuri - თევზაობა) ანუ თევზაობა კებარის გამოყენებით.

             დღესდეისობით მეთოდ ტენკარაში მოიაზრება კალმახის ჭერა მთის მდინარეებზე მხოლოდ ანკესის, სპეციალური ძუისა და ხელოვნური სატყუარის გამოყენებით.
    ზოგადად, სხვადასხვა ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული იმიტაციების გამოყენება ათასწლეულების მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საკმაოდ აქტიურად ხდებოდა.  თუკი ევროპის სახელმწიფოებს შორის ოდითგანვე არსებობდა აქტიური კულტურული მიმოცვლა და მაშასადამე ამა თუ იმ რეგიონში ტრადიციული სტილით თევზაობის შესახებ ინფორმაცია მეტნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, იაპონიის შემთხვევაში საქმე გვაქვს საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოსათვის აბსოლუტურად დახურულ კულტურასთან, რომელიც მხოლოდ XIX საუკუნეში გაიხსნა დანარჩენი სამყაროსათვის. სწორედ ამიტომ იაპონური თევზაობის სტილის შესახებ ინფორმაცია დანარჩენი მსოფლიოსათვის მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ხელმოსაწვდომი. პირველი ინგლისურენოვანი წყარო, სადაც მამლის ბუმბულისაგან დამზადებულ იმიტაციაზეა საუბარი, არის ბრიტანელი დიპლომატის ერნესტ სატოს (Ernest Satow) დღიური, რომელიც 1870-1883 წლებში იაპონიაში ეწეოდა სამსახურს.



              არსად მის დღიურებში არ არის ნახსენები სიტყვა "ტენკარა" ან "კებარი" ნახსენებია უბრალოდ "Fly" და "Fly Fishing" - მისი, როგორც ბრიტანელის პირველი ასოციაცია ამ სატყუარასთან დაკავშირებით. რაც რა თქმა უნდა არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ეს სტილი ბრიტანეთიდან შევიდა იაპონიაში. იგი აღწერს, რომ თევზჭერის ეს მეთოდი გამოიყენებოდა იაპონიის სხვადასხვა მთიან რეგიონებში უბრალო გლეხების მიერ, რომლებიც ენდემურ კალმახს საკვებად ან ბაზრებში გასაყიდად იჭერდნენ. საგულისხმოა, რომ თავად იაპონიაშიც არ არის ერთიანი აზრი ტენკარას, როგორც მეთოდის წარმოშობის შესახებ. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ტენკარა სამურაების საბრძოლო აღზრდის პროგრამაში შედიოდა, როგორც სიმშვიდისა და კონცენტრირების გამომამუშავებელი ერთ-ერთი მეთოდი, შემდგომ კი მთიან რეგიონებშიც გავრცელდა. ამ თეორიას "დაბლობის თეორიას" უწოდებენ. ზოგის აზრით კი, ეს მეთოდი თავიდანვე მთიან რეგიონებში წარმოიშვა, გამოიყენებოდა უბრალო გლეხების მიერ და სწორედ ამით ხსნიან იმას, რომ ადრეული წერილობითი წყაროები არ მოიპოვებოდა, მართლაც რომ დამაჯერებელი არგუმენტია, უბრალო მიზეზის გამო - გლეხებმა წერა - კითხვა არ იცოდნენ.
                       კიდევ ერთი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ტენკარა, როგორც სტილი აბსოლუტურად დამოუკიბედლად ვითარდებოდა. ქალაქ კანაზავაში (იაპონიის ზღვის სანაპიროსთან) დღესაც არსებობს ტრადიციული კომპანია Meboso Hachirobei Company, რომლის წარმომადგენლებიც 20 (ოცი) თაობის მანძილზე, 430 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ ნემსკავებს და ხელოვნურ იმიტაციებს, მხოლოდ ამის გამო იმაზე საუბარი, რომ კლასიკურ Fly Fishing-ს რამე გავლენა ჰქონდა ტენკარას სტილზე უკვე ზედმეტია. ეს კი ამ მაღაზიის მფლობელის სურათი დანიელ გალარდოსთან ერთად (Meboso san and Daniel Galhardo)


         ესეც ჰისაო იშიგაკის მოკლე ლექცია, მათ შორის ტენკარას ისტორიის შესახებაც

   

     მოკლედ, ასეა თუ ისე დღეს სახეზე გვაქვს ხელოვნურ იმიტაციაზე თევზჭერისათვის განკუთვნილი კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც ძალიან წააგავს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ე.წ. "ბუნდღაობას" და რომლის ეფექტურობაზეც ლეგენდები დადის. ვნახოთ.... 

Tuesday, September 23, 2014

TENKARA...



               საკმაოდ დიდი ხანია ამ თემაზე ვფიქრობ... მაინტერესებს კლასიკურ Fly -სთან შედარება. ერთი შეხედვით ზედმეტად მარტივი მეთოდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კლასიკური  Fly-სგან კარდინალურად განსხვავდება. ეს არც არის გასაკვირი, თუკი Fly Fishing საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დიდგვაროვნების გართობად მოიაზრებოდა, ტენკარა თავიდანვე იაპონელი გლეხების მიერ უბრალოდ საკვების მოსაპოვებლად გამოიყენებოდა, სატყუარებიც არსებითად განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეთოდი თევზის საკვები ბაზის ამა თუ იმ ნაწილს ასახავს, ტენკარას თანამედროვე ოსტატების ნამუშევარს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მასალებითა და ტექნიკით ძალზედ მარტივად და უხეშად არიან დამზადებულნი, ის ელეგანტურობა, რომელიც კლასიკურ Fly- ს სატყუარებს ახასიათებს, აქ საერთოდ უგულებელყოფილია

                         
        ყოველივე ამის მიუხედავად უკვე დადასტურებულია, რომ ტენკარა ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ვიდრე Fly Fishing. ეს მეთოდი ძალიან წააგავს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ე.წ. "ბუნდღაობას", ორივეგან გამოიყენება "ყრუ" აღჭურვილობა და დაახლოებით ერთნაირი სატყუარები, თუმცა რევერსიულ კებარის, ტენკარის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, ქართული მეთოდი არ იცნობს. 
             საგულისხმოა, რომ ეს მეთოდი აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვითარდებოდა, მასზე დასავლურ კულტურას არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რაზეც დეტალურად, ისტორიული წყაროების დახმარებით უახლოვეს მომავალში აუცილებლად დაიწერება ამ ბლოგზე.
          მიუხედავად ამისა დღევანდელ დღეს ტენკარას სატყუარები აქტიურად გამოიყენება Fly Fishing-ში და პირიქით. თუმცა ჩემი ექსპერიმენტის მიზანია ამ ორი მეთოდის შედარება ისე, რომ თითოეულ მათგანში გამოვიყენებ იმ სატყუარებს, რომლებიც მათთვის ისტორიულად არის დამახასიათებელი, კერძოდ კი ტენკარისათვის გამოვიყენებ კებარისა და საკასა კებარის, ხოლო Fly-სთვის კი კლასიკურ სპაიდერებს, რომლებმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცეს ეფექტურობა.
           საგულისხმოა, რომ ეს ექსპერიმენტი საკმაოდ იაფი გამოვა, რადგან ტენკარის ანკესის გარდა უკვე ყველაფერი მაქვს. ანკესიც უკვე გზაშია, არაერთი რესურსი გადავიკითხე და შევჯერდი შემდეგ ვარიანტზე Iwana 12 ft 6:4


           ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ტენკარისა და კლასიკური Fly - ს შედარებისათვის დაახლოებით გამოდგება მოსაქნევი და მატჩის მეთოდით ტივტივაზე თევჭერის მაგალითი + ამას ჩეხურ ნიმფასთან პარალელის გავლებაც არ იქნებოდა ურიგო, რადგან, ჩეხების მსგავსად, არც იაპონელები იყენებენ შნურს მისი კლასიკური გაგებით. რაც შეეხება თეორიულ ბაზას, უკვე შევისწავლე ხელმისაწვდომი ინფორმაცია და თუკი ეს მეთოდი გაამართლებს, ბლოგზე ტენკარისადმი მიძღვნილ ცალკე განყოფილებას შემოგთავაზებთ.

Friday, September 12, 2014

ნიმფის შერჩევის თავისებურებანი

         

                      
                      მოგესალმებით. თვეზე მეტი დრო გავიდა ბლოგის ბოლო განახლებიდან, რაც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით იყო განპირობებული, სამწუხაროდ, მთელი შვებულების განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოვახერხე "ცისარტყელა" კალმახზე სათევზაოდ გასვლა, ისიც კერძო მეურნეობაში, რაც თევზაობად საერთოდ არ ითვლება, შესაბამისად არც რეპორტი გამიკეთებია პრაქტიკის განყოფილებაში. თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არამტაცებელ სახეობაზე თევზაობა გაცილებით რთული და საინტერესოა. შესაბამისად, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ სტატია ნიმფის ტიპის იმიტაციის შერჩევის თავისებურებებზე.
                     რამდენიმეწლიანი დაკვირვებების შედეგად დავადგინე, რომ აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში მედღეურებისა და რუისელების ყველა ტიპი ბინადრობს, (დეტალურად სხვადასხვა სახეობებისა და ტიპების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ) ხშირად მდინარის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში რამდენიმე სახეობა ერთდროულად გვხვდება. ასეთ პირობებში, თუკი ყოველგვარი ფიქრის გარეშე იგივე მედღეურას ნებისმიერ იმიტაციას გამოვიყენებთ, ადრე თუ გვიან თევზს დავიჭერთ. მაგალითისთვის: ორთაჭალაში, მდინარე მტკვარზე ე.წ. swimming ტიპის მედღეურა საერთოდ არ ბინადრობს, მაგრამ სწორედ მის ამსახველ pheasant tail nymph - ზე დავიჭირე წლების წინ პირველი ვიმბა და ხრამული. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ დამზარებოდა და კონკრეტული მონაკვეთის უფრო საფუძვლიანი ენტომოლოგიური კვლევა ჩამეტარებინა, გაცილებით დიდ წარმატებას მივაღწევდი. ახლა კი უფრო დეტალურად.
              ამა თუ იმ იმიტაციის წარმატება ბუნების მარტივი კანონებით იხსნება, უბრალოდ საჭიროა დაკვირვება და წარმატებაც არ დააყოვნებს. 

1. ცნობილია, რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის თევზიც კვებისას ცდილობს ენერგიის მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. გამომდინარე აქედან, პირველ რიგში იგი იკვებება იმ ცოცხალი ორგანიზმებით, რომლებიც ადვილი მოსაპოვებელია.
2.  წყალსატევში მობინადრე იმ ცოცხალი ორგანიზმებიდან, რომლებიც ჩვენი ნადავლის საკვებ ბაზას შეადგენენ, სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა დონეზე, უფრო სწორედ სხვადასხვა სიხშირით არის თევზისთვის ხელმისაწვდომი. მაგალითად ე.წ. clinger ტიპის ნიმფა მდინარის კალაპოტში, ქვების ქვედა ზედაპირზე ცხოვრობს


swimmer ტიპი კი თავისუფლად გადაადგილდება წყლის სხვადასხვა შრეში,



 შესაბამისად თუკი კონკრეტულ მდინარეში ორივე სახეობა გვხვდება pheasant tail nymph -ის გამოყენება უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს, სხვათაშორის სწორედ ამიტომაა, რომ clinger ტიპის სულ რამდენიმე იმიტაციაა ცნობილი. იგივე შეიძლება ითქვას რუისელზე, თუკი მდინარეში გვხვდება "სახლიანი" cased caddis და "უსახლო" free living caddis, 



რომელიც ფსკერზე აქტიურად გადაადგილდება,  მეორე ტიპის იმიტაცია უფრო წარმატებული იქნება, ისევ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი მოპოვება თევზისთვის შედარებით მარტივია.
3. ზემოთ მოყვანილი მაგალითები ეხება იმ პირობებს, როდესაც სხვადასხვა ტიპის მწერი დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით გვხვდება კონკრეტულ მონაკვეთში.
4. ზემოთ მოყვანილი მაგალითები არ მოქმედებს ემერჯენციის წინა პერიოდში, როდესაც იგივე clinger ტიპი იწყებს აქტიურ გადაადგილებას წყალსატევის ფსკერზე და თევზიც უკვე მხოლოდ მასზე ახდენს კონცენტრირებას.

   ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ენტომოლოგიის მინიმალურ დონეზე ცოდნა საგრძნობლად აუმჯობესებს თევზაობის შედეგს, ნუ დაიზარებთ და თავადაც მარტივად დარწმუნდებით. გისურვებთ წარმატებებს.                      

Tuesday, July 29, 2014

Stewart's Black Spider

                                        

               უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ახლა შევნიშნე, ამდენი ხანია სტუარტის სპაიდერზე ვწერ, პრაქტიკაში ვიყენებ და ბლოგზე კი მისი დამზადების შესახებ მხოლოდ ზედაპირულად თუ მაქვს ნახსენები, არადა ეს იმიტაცია ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, მისი შექმნის ისტორიით თავს აღარ შეგაწყენთ, რადგან ეს ინფორმაცია უკვე დევს შესაბამის განყოფილებაში, შევეხები მხოლოდ პრაქტიკულ ასპექტებს.   
          ჩემი აზრით, ეს სატყუარა მარტივი, გენიალური ეფექტურობის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა მაგალითია, მის დასამზადებლად დაგჭირდებათ ნემსკავი, შოშიის ბუმბული და ყავისფერი აბრეშუმის ძაფი, თუმცა შავი ფერის 6/0 Uni Thread -იც შესანიშნავად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ორიგინალში ეს სპაიდერი დაზგის გამოყენების გარეშე მზადდება და ბუმბულის დახვევა ხდება ნესკავის თვალიდან ტანისკენ მიმართულებით, ეს ტექნიკა, მართალია დაზგის გამოყენებით, ასახული აქვს ოლივერ ედვარდს, თუმცა მე შედარებით თანამედროვე ტექნიკას ვიყენებ, კონკრეტულად კი უპირატესობას დეივი მაკფეილის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს ვანიჭებ

   

         როგორც ხედავთ, რთული არაფერია, გისურვებთ წარმატებებს.

P.S. ცოტა ხნის წინ გადავიკითხე სტუარტის Practical Angler და საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე: ეს იმიტაცია სტუარტის სახელს მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ სწორედ მან აღწერა იგი პირველად. თუმცა ამ აღწერილობაში თავადვე აღნიშნავს, რომ ეს სატყუარა მას ინგლისელმა ჯეიმს ბეილიმ (James Bailie) აჩვენა



           რა თქმა უნდა დავინტერესდი ამ ამბით და მოვიძიე, რომ ჯეიმსი XIX საუკუნის 50-იან წლებში  გახლდათ გიდი და ასევე რამდენიმე სასტუმროს ამარაგებდა კალმახით. სწორედ ერთ-ერთი თევზაობის დროს მოხდა ეს ისტორიაც. ასე რომ დასახელება ისტორიულ სინამდვილეს სრულად არ ასახავს.

Monday, June 23, 2014

ანგარიშის გახსნა მტკვარზე 22.06.2014

         გუშინ მცხეთას ვეწვიე, საკმაოდ საინტერესო ადგილებია, თევზიც არის, ვერცერთი თევზი ვერ დავიჭირე, ერთადერთი თეთრულა დაჯდა 12 ნომერ ნიმფაზე და ისიც, გამომდინარე იქედან, რომ ყოველთვის "უფხო" ნემსკავებს ვიყენებ, შუა გზიდან, წყლიდან ამოღების გარეშე დავაბრუნე მდინარეში. შევამჩნიე, რომ გატარებისას ნემსკავი ერთი და იგივე ადგილას ედებოდა ფსკერს, რამდენიმე სატყუარაც დავკარგე ამის გამო და ბოლოს მივხვდი რისი ბრალიც, იყო - ნაპირიდან ორიოდ მეტრში ნახევრად გახრწნილი თევზით სავსე ეკრანი ამოვიღე, რომელსაც ერთი ახლადგახლართული წვერაც ამოყვა


     საკმაოდ ბევრი ვიწვალე მის "მოსულიერებაზე", იმედია გადარჩება და მომავალში კიდევ ერთხელ შევხვდებით



     ამის შემდეგ, მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე გამოჩნდა "ეკრანშიკების" ხროვა, რა თქმა უნდა გამოძახებულ იქნა გარემოს დაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელმაც მოახდინა მათი დაკავება და დეპარტამენტში გადაყვანა, ეკრანებითა და მოპოვებული თევზით, სადაც შედგა ოქმი, რომელსაც დაერთო ჩემი ჩვენებაც




        ტრასაზე გამოტანილი თევზის "პატრონსაც" მიეხედა, სამწუხაროდ ეკრანი არ ქონდა თან, ამიტომ დაჭერილი თევზის გაშვებით შემოვიფარგლეთ



       მოკლედ გასული დღის კმაყოფილი ვარ, ვთვლი, რომ კარგი საქმე გავაკეთე. იმედია სხვებისთვის მაგალითი იქნება, რადგან საკმაოდ ბევრი მეთევზე დადის ამ ადგილებში., სათევზაოდ თუ არა გავლით მაინც და საკუთარი თვალით ხედავს ამ უმსგავსობას, რადგან ეს ყოველივე მშვენივრად ჩანს ცენტრალური ტრასის ხიდიდან. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გიორგი მარტაშვილს, ომარ ვეკუასა და მამუკა ქარდავას, რადგან მათი დახმარების გარეშე ამ ამაზრზენი ფაქტის აღკვეთას მარტო ვერ მოვახერხებდი. რადგან ვიყავი მარტო და მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე გადასვლას ძალიან დიდი ხანი დასჭირდებოდა, გარემოს დაცვის სამინისტროს მანქანით კი რამდენიმე წუთში უკვე ადგილზე ვიყავით. 
     P.S. თქვენ არ იცით რა სიმფონიაა ფაქტზე დაჭერილი პირუტყვი ბრაკის ზმუილი რომ ჩაგესმის, რომელიც წკავწკავში გადადის, ნამდვილად ღირდა ამ სიამოვნებისათვის წვალება.

Friday, June 20, 2014

რამდენიმე სიტყვა მეთოდის "პერსპექტიულობაზე"

     

                სიმართლე გითხრათ, ცოტა მეხამუშება ტერმინ "პერსპექტიულობის" გამოყენება ისეთ თემაზე საუბრისას, როგორიცაა Fly Fishing - ი, ერთი შეხედვით, საერთოდ მიუღებელია, უფრო სწორედ კი აზრს მოკლებულია ამ საკითხის განხილვა - არ განხილვა, რადგან ამ მეთოდმა უკვე არაერთხელ დაადასტურა თავისი ეფექტურობა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს აზრს ამ საკითხზე, განსაკუთრებით იმათ აზრს, ვისაც ეს მეთოდი მხოლოდ სურათებზე და ვიდეორგოლებზე აქვს ნანახი, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში მომიწია ცხოვრება და ალბათ საჭიროა ასეთი სტატიის არსებობა ბლოგზე. თუნდაც მხოლოდ იმ კატეგორიისათვის იყოს საინტერესო, ვინც არჩევანს ახლა აკეთებს. ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ ამჯერად მხოლოდ პრაქტიკული გადმოსახედიდან მინდა არგუმენტების მოყვანა, რადგან ესთეთიკურ მხარეზე ყველას თავისი წარმოდგენა აქვს, თუნდაც იმათ, ვინც ჯერ საბარგულს ავსებს თევზით და მერე ცუდ ადგილას იხევა სხვადასხვა ფორუმებზე იქტიოფაუნის დაცვის აუცილებლობაზე ტლიკინით. ზუსტი ნათქვამია - даже мартышка может иметь свое мнение о льве, но с её стороны не слишком умно будет сообщать ему об этом мнении.
        საერთოდ რა კატეგორია არის ამა თუ იმ მეთოდის "პერსპექტიულობა"? რა იგულისხმება ამ ტერმინში? მომავალში განვითარების პერსპექტივა? და ვის ანაღვლებს საერთოდ ამა თუ იმ მეთოდში რამდენი ადამიანი მოვა? ნუ ახლა სხვადასხვა კლუბების "პრეზიდენტებს" ალბათ ანაღვლებს, დევს ალბათ ამაში რაღაც მატერიალური ინტერესიც, მაგრამ იმ ადამიანისთვის ვინც თევზაობს მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს უბრალო სიამოვნება თევზჭერის პროცესიგან იმათთვის? მგონი არანაირი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა.


                 შემდეგი საკითხი - თევზაობის ადგილი - ნუ აქ უკვე პირდაპირ ჩემს პირად გამოცდილებას შემიძლია დავეყრდნო - დროის და მანქანის უქონლობის გამო ვთევზაობ ფაქტიურად ბრაკებისგან გაჩანაგებულ ადგილებში, მაგალითად ორთაჭალაში, მცხეთის მიდამოებში არაგვზე და ა.შ. შედეგი სახეზეა, რად ღირს თუნდაც თბილისში დაჭერილი ხრამული, მართალი გითხრათ საერთოდ არ მინახავს და არც მსმენია ვინმეს საქართველოში ამ მეთოდით ხრამული დაეჭიროს. მოკლედ ადგილის შერჩევის მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. მეტიც ბევრგან მხოლოდ Fly Fishing - ი არის ეფექტური. 
                 თევზის სახეობა - აქაც მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლებელია ნებისმიერი თევზის დაჭერა, მაგალითად უპრობლემოდ ვიჭერ კარჩხანას ბაზალეთის ტბაზე.
         ახლა უკვე კალმახიც არ არის პრობლემა, შევძელი და მივაღწიე იმას, რომ ფაქტიურად "დაიჭირე-გაუშვი" პრინციპის აღიარება მოვიპოვე სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალური წერილის სახით. ნუ ახლა, რაც შეეხება Fly Fishing - ის მეთოდით კალმახის დაჭერას  - აქ სხვა მეთოდებს ხმა საერთოდ არ აქვთ ამოსაღები.



           რაც შეეხება მოხერხებულობასა და მობილურობას, სახეზე გვაქვს ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური აღჭურვილობა, რომელთანაც სპინინგის შედარებაც კი არ იქნება კორექტული, წონაში წააგებს. 
          რა კატეგორია გვრჩება? ფასი? ნებისმიერს დავუმტკიცებ რომ თანამედროვე სპორტულ მეთოდებში Fly Fishing - ი არის ყველაზე იაფი მეთოდი. გადახედეთ ფასებს და ნუ მიაქცევთ სხვადასხვა ჯურის "ექსპერტ" არამკითხეების აზრს ყურადღებას. 2008 წლიდან ამ მეთოდში ვარ და ვიცი რასაც ვწერ.
              მოკლედ არგუმენტები ჩემზეა და ხედავთ,  არჩევანი კი თქვენზეა, რაც მთავარია, ნუ იქნებით ბრაკები და მეხორცეები, მეთოდს კი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
                და რაც მთავარია - ეს მცირე სტატია არცერთ შემთხვევაში არ უნდა განიხილოთ როგორც მეთოდის პოპულარიზაციის მცდელობა, ეს რომ მდომებოდა ახლაც ვიქნებოდი რომელიმე ფორუმზე ან ფედერაციაში, ამ ბლოგსაც გაცილებით ადვილად დასამახსოვრებელი დასახელება ექნებოდა, მითუმეტეს, რომ პროპაგანდის მხრივ საქართველოში ყველაზე მეტი შესაძლებლობა ნამდვილად მქონდა, და ვიყენებდი კიდეც, მაგრამ "ცოტა" სხვა ღირებულებებით ვცხოვრობ, თუ ამ ბლოგს კითხულობთ ალბათ თავადაც დარწმუნდებოდით ამაში, აქედან გამომდინარე მათთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს და არც არასოდეს მექნება  და არც ვნანობ ამის შესახებ. აი მათთან ურთიერთობაში უაზროდ დაკარგული დროის გამო კი ნამდვილად ვწუხვარ. 
       ეს სტატია არის უბრალოდ ერთი ადამიანის მცდელობა დაამსხვრიოს ის უაზრო მითები, რაც ამ მეთოდს უკავშირდება.

Sunday, June 8, 2014

ბაზალეთი 07.06.2014


                 დიდი სურვილის მიუხედავად ისევ ვერ მოვახერხე ორდღიანი თევზაობის მოწყობა, წინა გასვლაზე აპრობირებული ადგილიც დაკავებული დამხვდა, იძულებული ვიყავი ყველაფერი თავიდან დამეწყო. ამინდი ისევ ხელს მიწყობს, გრილა და ოდნავი სიო უბერავს. პირველ რიგში ცვლილებები შევიტანე აღჭურვილობაში - მეექვსე კლასის შნური მეხუთე კლასით შევცვალე, მეექვსე შორი სროლის დროს აშკარად ზედმეტად ტვირთავდა ანკესს. ქარი არ იყო და არჩევანიც სწორი აღმოჩნდა, სროლა გაცილებით კომფორტული გახდა.
                    რაც შეეხება სატყუარებს - უკვე დავადგინე რომ კლასიკური სპაიდერი ნომერ პირველია ჩემს არსენალში, მაგრამ ერთფეროვნება მოსაბეზრებელია, ამიტომ სპაიდერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებ, როდესაც ვერცერთი სხვა იმიტაცია შედეგს ვერ მოიტანს, ამიტომ გუშინაც სპაიდერები საერთოდ არ გამომიყენებია. ვითევზავე მხოლოდ ორი იმიტაციით - Gold Head Pheasant Tail და Mini Leach (variant)  პირველი 14 ნომერზე, მეორე 10-ზე. 


                   გუშინდელ დღემდე 16 ნომერ ნემსკავზე უფრო დიდ იმიტაციებს საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან ის ცოცხალი საკვები ბაზა, რაც ჩვენს წყალსატევებში მინახავს, ძირითადში 16 ნომერს არ აღემატება, თუმცა გუშინ ვცადე და შედეგმაც არ დააყოვნა




                  რაც მთავარია წვრილი თეთრულა საერთოდ გამოირიცხა, ჯერ ერთი ნემსკავის ზომიდან გამომდინარე და მეორეც იმიტომ, რომ სპილენძის თავითა და ტყვიის მავთულით დამძიმებული იმიტაცია თეთრულას "ჰორიზონტს" სწრაფად კვეთს და ფსკერზე ადვილად ფიქსირდება, გარდა ამისა - წონა დამატებით მეხმარება შორ მანძილზე იმიტაციის კონტროლში.
        დღის ოთხი საათისათვის ნიავმა წყალმცენარეები ყურეში შემოიტანა და თევზაობაც შეუძლებელი გახდა, რადგან სათევზაო ადგილას წყლის ზედაპირი სრულად დაიფარა მოტანილი "ბალახით".
           ასეა თუ ისე, კარგად ვისიამოვნე, რაღა თქმა უნდა დაჭერილი თევზი დაუბრუნდა ტბას. აუცილებლად უნდა ვცადო ღამით თევზაობა, დარწმუნებული ვარ ნადავლის ზომა საგრძნობლად განსხვავებული იქნება. მოკლედ კარგი დღე იყო...მადლობა ტბას და თევზებს, იმედია მალე ისევ შევხვდებით. 

     

Monday, June 2, 2014

ბაზალეთი 31.05.2014



          ბაზალეთის თემით, ისევე როგორც ზოგადად ტბებითა და წყალსაცავებით 2006 წლიდან არ დავინტერესებულვარ, რამდენჯერმე კი გავედი სხვადასხვა ტბაზე, მაგრამ ეს უფრო გამოუვალი მდგომარეობის ბრალი იყო და მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ მდინარეზე თევზაობის არახელსაყრელი პირობებს ვაწყდებოდი. 
         არადა კონკრეტულად ბაზალეთის ტბა საკმაოდ საინტერესო შესასწავლი აღმოჩნდა. თუნდაც რად ღირს ის ფაქტი, რომ წინა გასვლაზე კარჩხანა დავიჭირე სპაიდერზე, რაც ამ სატყუარის ასე ვთქვათ "იმიჯში" საერთოდ არ ჯდება. მოკლედ, გასული შაბათიც ბაზალეთს დავუთმე, სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო ვერ მოვახერხე ორდღიანი თევზაობის მოწყობა, სულ რამდენიმე საათი გავატარე ტბაზე, მაგრამ საკმაოდ შედეგიანად. 
          სრულფასოვანი ექსპერიმენტის ჩატარებას ხელს უშლის ყოველ რამდენიმე წუთში ჩამოქროლილი სკუტერის ან კატარღის ხმაური, ასევე ის, რომ მეთევზეებიც მრავლად არიან. სიტყვა "მეთევზეს" პირობითად ვიყენებ, რადგან მათი თევზაობა ნაპირზე ღიპამოგდებული ტანტალით, ლუდის სმით, ნაგვის დატოვებითა და მობილურზე ლაპარაკით შემოიფარგლება. მოკლედ ასე თუ ისე ცარიელი ტერიტორია შევარჩიე და წყალში შევედი. ფსკერი, როგორც ასეთი არ არსებობს, დავდიოდი ფაქტიურად ჭაობზე და რომ არ ჩავფლობილიყავი ერთ ადგილზე მხოლოდ რამდენიმე წამს ვჩერდებოდი.
           უკვე მეორეჯერ მიმართლებს ამინდის, განსაკუთრებით კი ქარის მხრივ, საკმაოდ გრილოდა, ნუ იმ დონეზე მაინც, რომ 11 დან 4 საათამდე ვეიდერსი მეცვა და არ დამცხა, რაც შეეხება ქარს, ნამდვილად უცნაურია ასეთი მსუბუქიო სიო, რაგდან ადრე ისეთი სიჩქარით უბერავდა ქარი, რომ ფლაის შნურს კი არა მატჩის 14 გრამიან ტივტივას ვერ ვისროდი ნორმალურად. 
             ახლა რაც შეეხება უშუალოდ თევზაობას-თავიდან რა თქმა უნდა სპაიდერებით გავერთე - ერთი გატარება - ერთი თევზი, ისე საინტერესოა სამსატყუარიან მონტაჟზე თუ დაჯდება ერთდროულად სამი თევზი. დამეზარა ექსპერიმენტის ჩატარება და ერთ იმიტაციიან ვარიანტზე შევშერდი. 
          საკმაოდ აზარტულია ბალახის წყალქვეშა კუნძულებსა და ლელიანში ღია ადგილის პოვნა და სატყუარის დაახლოებით 10 მეტრის მანძილიდან 20 სმ-იან მონაკვეთში დასმა და თან ისე, რომ გატარებისას იმიტაცია არ ჩაწყვიტო. მოკლედ თითქმის ნადირობა გამოვიდა. არცერთი სატყუარა არ დამიკარგავს, სამაგიეროდ დავკარგე საკმაოდ დიდი ზომის კარჩხანა. ოდნავ დავაგვიანე ამოკვრა და თევზმა მაშინვე ისარგებლა ამით, ფსკერისკენ წავიდა და ლიდერი წყალმცენარეებში გახლართა, ლიდერი და სატყუარა კი გადავარჩინე, მაგრამ თევზი გამექცა. სამწუხაროდ შეცდომის გამოსწორების შანსი აღარ მომეცა. კარჩხანა იმ დღეს აღარც კი მინახავს.
                 მოკლედ სპაიდერებს შევეშვი და დიდი ხნის გადანახულ სპილენძის თავიან "Mini Leach"-ს მივხედე.


         უკვე რამდენიმე წელია ვცდილობ მათზე თევზის დაჭერას, მაგრამ უშედეგოდ, ხოდა ბაზალეთმა ნავსი გატეხა. ამ სატყუარამ ზუსტად ისევე ეფექტურად იმუშავა, როგორც სტუარტის სპაიდერმა


              ექსპერიმენტის სახით Red Tag -ის სველი ვარიანტიც გამოვიყენე, მანაც მშვენიერი შედეგი აჩვენა.


         რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყოველთვის, ყველა თევზი დაუბრუნდა წყალსატევს. ნელ ნელა გამოცდილება გროვდება, სისტემაში მოდის, იმედია წინ კიდევ არაერთი საინტერესო გასვლა მელოდება ამ სეზონზე. 

Tuesday, May 20, 2014

2014 წლის 23 აპრილი - ქართული Fly Fishing - ის დაბადების დღე

                             


     ასეთი ბედნიერი კარგა ხანია არ ვყოფილვარ. მიხარია, რომ რამდენიმე წლიანმა მცდელობამ უშედეგოდ არ ჩაიარა. როგორც იქნა ოფიციალური დასტური მივიღე იმისა, რომ მდინარის კალმახზე სამოყვარულო თევზაობა, იმ პირობით, თუკი მას უვნებლად დავაბრუნებთ მდინარეში ნებადართულია. გილოცავთ ყველას, ვინც კანონს და საკუთარ თავს ამდენი ხნის განმავლობაში პატივს სცემდით და არ კადრულობდით ბრაკონიერობას. დაიმახსოვრეთ 2014 წლის 23 აპრილი - დღე, როდესაც საქართველოში სრულუფლებიანი Fly Fishing - ი დაიბადა. ამ მეთოდის განვითარებისათვის ამაზე მეტის გაკეთება მე ჯერჯერობით არ შემიძლია. 

Sunday, May 18, 2014

ბაზალეთის ტბა 17.05.2013

                          
            არაგვი ისევ მღვრიეა და მიუხედავად იმისა, რომ ტბაზე თევზაობა დიდად არ მიზიდავს ერთადერთ რეალურ ვარიანტად ბაზალეთის ტბა რჩებოდა. დიდხანს არ მიფიქრია და 12 საათისათვის სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს აღმოვჩნდი. უკვე ძალიან ცხელა, მაგრამ მაინც სრული ეკიპირების (ვეიდერსებისა და სპეციალური ფეხსაცმლის) გამოყენება მაინც მომიწია, ფსკერი ლამის საკმაოდ სქელი ფენით არის დაფარული, რამდენიმე წამში თითქმის მუხლებამდე ეფლობი, წყლის სიღრმე მაქსიმუმ ერთი მეტრია


                ზოგადად ტბაზე სულ რამდენჯერმე ვითევზავე Fly Fishing - ის მეთოდით გამოყენებით და მართალი გითხრათ ვერანაირი სიამოვნება ვერ მივიღე.  მაგრამ ბაზალეთი გამონაკლისია, თუნდაც 2006 წლის აგვისტოს სეზონის ღამის თევზაობების გათვალისწინებით, ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ არც ამჯერად დავრჩებოდი საჩუქრის გარეშე.
                     სპაიდერებს უკვე ისე მივეჩვიე, რომ სატყუარის შერჩევაზე არც კი მიფიქრია, ამჯერად Stewart's Black Spider-ისა და Partridge&Orange-ის დუეტმა იმუშავა. იმუშავა იქ სადაც ვერცერთი სხვა მეთოდი ვერ იმუშავებს. რაც დადასტურდა გვერდით მდგომი მეთევზეების შედეგით - აბსოლუტური ნულით.
              ვთევზაობდი საკმაოდ მოკლე მანძილზე - დაახლოებით 10 მეტრზე. თითოეული გატარება თევზით სრულდებოდა. ორ საათამდე მხოლოდ ვიმბა და წვრილი თეთრულა აქტიურობდა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან სატყუარას წყლის ზედა ფენაში ვატარებდი




           აი ორი საათის შემდეგ კი მართლაც დავრწმუნდი ზოგადად Fly Fishing - ისა და კონკრეტულად კი სპაიდერების უნივერსალურობაში. უცბად კენკვა შეწყდა, დაახლოებით ნახევარი საათი საერთოდ შედეგის გარეშე დავრჩი და უცბად მოხდა ის, რასაც ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი - კარჩხანამ დაიწყო სპაიდერზე აქტიური ნადირობა, სწორედ რომ ნადირობა, რადგან თვალნათლივ ვხედავდი, როგორ ამოდიოდა სიღრმიდან და ზედაპირე თეთრულასავით ხტებოდა. აი ეს არის საქართველოში იმიტაციაზე დაჭერილი პირველი კარჩხანა. 

              წლების წინ ამ მეთოდით ლისზე დავიჭირე იგივე თევზი,მაგრამ ის არ ითვლება, რადგან კერძო მეურნეობები და სხვა მათდაგვარი აკვარიუმები, სადაც წყალში თითი რომ ჩაყო თევზს დაიჭერ, შორს ჩემსგან.
            მოკლედ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე გუშინდელი დღით. აუცილებლად კიდევ ვეწვევი ამ ადგილებს და ბედს კიდევ ერთხელ ვცდი, ამჯერად უკვე სხვა სატყუარებითა და "ცოტა" სხვა თევზზე.

Monday, May 12, 2014

სპაიდერებზე თევზაობის ტაქტიკა

         როგორც დაგპირდით, გთავაზობთ სტატიათა სერიას სველ იმიტაციაზე თევზაობის ტექნიკისა და ტაქტიკის შესახებ. უპირველეს ყოვლისა მინდა შევეხო სპაიდერების, როგორც ჩემს პრატიკაში ყველაზე წარმატებული სატყუარების, თემას.
  თუკი ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სპაიდერებზე სათევზაოდ გამოიყენებოდა საკმაოდ გრძელი 14 ფუტამდე ანკესები. თანამედროვე პირობებში ჩეხური ნიმფინგისათვის განკუთვნილი ანკესები ნამდვილად კარგი ვარიანტი იქნება. შესაძლებელია კიდევ უფრო დაბალი კლასის გამოყენებაც, მაგრამ ქარიან პირობებში მასთან მუშაობა საკმაოდ რთული და მოუხერხებელია. მე კომპანია კაბელასის 4 კლასის 10 ფუტიან ვარიანტს ვიყენებ. ასეთ არჩევანს რა თქმა უნდა თავისი ლოგიკური მიზეზი აქვს. საქმე იმაშია, რომ სპაიდერებზე თევზაობის კლასიკური, დღესდღეისობით თითქმის მივიწყებული ტექნიკა, რომელსაც upstream wet fly fishing ეწოდება, სატყუარის შორს მიწოდებას არ ითვალისწინებს, მეტიც, შნური თითქმის არ გამოიყენება, ტიულპანიდან მაქსიმუმ ანკესის სიგრძის ტოლი შნურის გამოშვება ხდება, შესაბამისად, ჩეხური ნიმფის ანკესი, რომელიც წყობით ძალზედ რბილია, ადვილად იტვირთება მხოლოდ გრძელი ლიდერით, გარდა ამისა სიგრძე თევზთან კიდევ უფრო შეუმჩნევლად მიახლოვებაშიც გვეხმარება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ახლავე უნდა გაიქცეთ და შეუკვეთოთ ახალი ანკესი სპეციალურად ამ მეთოდისათვის, 5-6 კლასის 9 ფუტიანი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტითაც, უპრობლემოდ შეიძლება ფონს გასვლა, უბრალოდ პირადად ჩემთვის სპეციალიზებული ინსტრუმენტის ქონა უფრო მოსახერხებელი და რაც მთავარია სასიამოვნოა. რაც შეეხება კოჭასა და შნურს, აქ არაფერი განსაკუთრებული არაა საჭირო, მე ისევ ჩეხური ნიმფის კომპლექტს ვიყენებ, კოჭით, რომელიც კარგად აბალანსებს ანკესს და მეოთხე კლასის DT ტიპის მცურავი შნურით.  


              კლასიკური სტილი მდინარეში საკმაოდ აქტიურ გადაადგილებას გულისხმობს, ამიტომ კარგია, თუკი თან იქონიებთ ე.წ. wading staff -ს პირადად მე Simm's -ს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან მას ხარისხითა და საიმედოობით ტრადიციულად პირველი ადგილი უჭირავს. უსაფრთხოება კი, იმისათვის რომ წყალსატევზე დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.


              რაც შეეხება მონტაჟს - კლასიკური მონტაჟი ტრიოს - სამი იმიტაციის ერთდროულ გამოყენებას გულისხმობს, მისი სიგრძე დაახლოებით ანკესის სიგრძის ტოლია, სატყუარები ერთმანეთისაგან 50-70 სმ-ის  დაშორებით ფიქსირდება 15-20 სმ სიგრძის სატარებელზე. აი ასე გამოიყურება მონტაჟის ერთ-ერთი ვარიანტი (სურათი აღებულია საიტიდან frontrangeanglers.com)


               სამი სხვადასხვა იმიტაციის ერთდროულად გამოყენება აადვილებს კონკრეტულ მომენტში თევზის კვებითი "სიმპათიის" სწრაფ დადგენას. გარდა ამისა სამი ობიექტის ერთდროული მოძრაობა წყალში მწერების აქტივობის იმიტირებას კარგად ახდენს, ასევე ისიც ნათელია, რომ სამი სატყუარა უფრო ადვილად შესამჩნევია ჩვენი ჭერის ობიექტისათვის ვიდრე ერთი.
               ახლა კი ორიოდ სიტყვა უშუალოდ თევზაობის ტაქტიკაზე -ჭერა ხორციელდება დინების საწინააღმდეგო მიმართულებით იმიტაციების მიწოდებით, თვითოეულ პერსპექტიულ წერტილში სატყუარების გატარება ხდება 3-4-ჯერ, შემდეგ ვაგრძელებთ მოძრაობას დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, ასეთი სტილი საშუალებას გვაძლევს შეუმჩნევლად, საკმაოდ ახლო მანძილზე მივუახლოვდეთ თევზს, რადგან, როგორც ცნობილია, იგი თითქმის ყოველთვის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით დგას. ესეც მცირე ვიდეორგოლი ოლივერ ედვარდსის ფილმიდან, რომელიც ეხება ზოგადად სველ იმიტაციებზე ჭერის  ტაქტიკას და სადაც კარგად ჩანს, თუ რა იგულისხმება upstream wet fly fishing - ში. 

        

      შემდეგ სტატიაში განვაგრძობთ საუბარს wet fly ტიპის სატყუარებზე თევზაობის სხვადასხვა აპრობირებული მეთოდების შესახებ.

Sunday, May 4, 2014

05.04.2014 Big Water

          ისევ არაგვი,დროის უქონლობას რა ვუთხარი, თორემ ამ ადგილზე უკვე ყველაფერი ვიცი, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს წინასწარ შემიძლია ვთქვა სად და როდის იქნება მორიგი ჩაკვრა. ერთადერთი ზაფხულში ცოტა უფრო აზარტულია, საშუალო ზომის ქაშაპი შემოდის და კარგად გაერთობი. 
       მოკლედ ამ კვირის წვიმებს უკვალოდ არ ჩაუვლია და მდინარე საკმაოდ ადიდებული დამხვდა. ხიდიდან რაც დავინახე, ეგრევე უკან გამობრუნება გადავწყვიტე, მაგრამ როცა დავაკვირდი ნაპირთან სუფთა წყლის ზოლი შევამჩნიე, რაც გახეთქილი სასმელი წყლის მილიდან გადმოსული ნაკადის ბრალია, ეს მილი მიწაში არის ჩაფლული და მდინარის წყალი ზედ გადადის. ამაზე ოდნავ მოგვიანებით. აი ის სურათი, რაც ადგილზე მისულს დამხვდა, დააკვირდით მარცხენა მხრიდან შემომავალ ნაკადს - ეს ის სასმელი წყალია, რომელიც თბილისში მოდის (ბლოგის ყველა სურათი "კლიკაბელურია" :)) დააკლიკეთ და იხილეთ სრული ზომის ვერსია)


                  ხოდა ქალაქში დაბრუნებასა და კვირა დღის "მოკვლას" ისევ მდინარეზე ჩასვლა ვამჯობინე, მართალი გითხრათ დიდად მესიამოვნა დატბორილ ადგილებში ბოდიალი, რომ არა ცენტრალური ტრასის ხმა ნამდვილად კარგად დავისვენებდი




              ყველაფერი ისევ სტანდარტულად: ახალი სატყუარებით ექსპერიმენტები -შედეგი -0,  სპაიდერები და ყოველ გატარებაზე თითის სიგრძე თეთრულა. სურათების გადაღებაც კი დამეზარა, ერთადერთი სიახლე ის იყო, რომ ამჯერად სპაიდერის ზევით, დაახლოებით 50 სმ-ის დაშორებით ტყვიითა და სპილენძის თავით დამძიმებული 12 ნომერ ნემსკავზე დამზადებული Pheasant Tail Nymph დავაფიქსირე, რათა ძირითადი სატყუარა საჭირო ჰორიზონტზე გამეტარებინა. რაც შეეხება სატყუარებს - ესენი მესამე წელია მემსახურებიან, შეხედეთ რა დღეში არიან, ფორმა თითქმის სრულად დაკარგული აქვთ, მაგრამ თევზს მაინც იჭერენ. ამიტომ კიდევ ერთხელ -  Fly Fishing - სპორტული თევზჭერის ყველაზე იაფი მეთოდი.


                     სამი საათისათვის წყალი აიმღვრა და თევზიც გაქრა. ნუ ეს ბუნერივია, მაგრამ უკან რომ ვბრუნდებოდი ისევ ხიდიდან გადავიღე ეს სურათი, დააკვირდით, მარცხენა მხრიდან ისეთივე სუფთა წყალი აღარ შემოდის, როგორც დილით, მღვრიე არაგვმა გადაუარა მილს, ახლა ისმის კითხვა - რა წყალს მოვიხმართ თბილისში? გაითვალისწინეთ, რომ ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრით ზევით ნატახტარის კანალიზაცია ერთვის არაგვს ყოველგვარი გამწმენდი ნაგებობის გარეშე....