Tuesday, May 20, 2014

2014 წლის 23 აპრილი - ქართული Fly Fishing - ის დაბადების დღე

                             


     ასეთი ბედნიერი კარგა ხანია არ ვყოფილვარ. მიხარია, რომ რამდენიმე წლიანმა მცდელობამ უშედეგოდ არ ჩაიარა. როგორც იქნა ოფიციალური დასტური მივიღე იმისა, რომ მდინარის კალმახზე სამოყვარულო თევზაობა, იმ პირობით, თუკი მას უვნებლად დავაბრუნებთ მდინარეში ნებადართულია. გილოცავთ ყველას, ვინც კანონს და საკუთარ თავს ამდენი ხნის განმავლობაში პატივს სცემდით და არ კადრულობდით ბრაკონიერობას. დაიმახსოვრეთ 2014 წლის 23 აპრილი - დღე, როდესაც საქართველოში სრულუფლებიანი Fly Fishing - ი დაიბადა. ამ მეთოდის განვითარებისათვის ამაზე მეტის გაკეთება მე ჯერჯერობით არ შემიძლია. 

Sunday, May 18, 2014

ბაზალეთის ტბა 17.05.2013

                          
            არაგვი ისევ მღვრიეა და მიუხედავად იმისა, რომ ტბაზე თევზაობა დიდად არ მიზიდავს ერთადერთ რეალურ ვარიანტად ბაზალეთის ტბა რჩებოდა. დიდხანს არ მიფიქრია და 12 საათისათვის სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს აღმოვჩნდი. უკვე ძალიან ცხელა, მაგრამ მაინც სრული ეკიპირების (ვეიდერსებისა და სპეციალური ფეხსაცმლის) გამოყენება მაინც მომიწია, ფსკერი ლამის საკმაოდ სქელი ფენით არის დაფარული, რამდენიმე წამში თითქმის მუხლებამდე ეფლობი, წყლის სიღრმე მაქსიმუმ ერთი მეტრია


                ზოგადად ტბაზე სულ რამდენჯერმე ვითევზავე Fly Fishing - ის მეთოდით გამოყენებით და მართალი გითხრათ ვერანაირი სიამოვნება ვერ მივიღე.  მაგრამ ბაზალეთი გამონაკლისია, თუნდაც 2006 წლის აგვისტოს სეზონის ღამის თევზაობების გათვალისწინებით, ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ არც ამჯერად დავრჩებოდი საჩუქრის გარეშე.
                     სპაიდერებს უკვე ისე მივეჩვიე, რომ სატყუარის შერჩევაზე არც კი მიფიქრია, ამჯერად Stewart's Black Spider-ისა და Partridge&Orange-ის დუეტმა იმუშავა. იმუშავა იქ სადაც ვერცერთი სხვა მეთოდი ვერ იმუშავებს. რაც დადასტურდა გვერდით მდგომი მეთევზეების შედეგით - აბსოლუტური ნულით.
              ვთევზაობდი საკმაოდ მოკლე მანძილზე - დაახლოებით 10 მეტრზე. თითოეული გატარება თევზით სრულდებოდა. ორ საათამდე მხოლოდ ვიმბა და წვრილი თეთრულა აქტიურობდა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან სატყუარას წყლის ზედა ფენაში ვატარებდი




           აი ორი საათის შემდეგ კი მართლაც დავრწმუნდი ზოგადად Fly Fishing - ისა და კონკრეტულად კი სპაიდერების უნივერსალურობაში. უცბად კენკვა შეწყდა, დაახლოებით ნახევარი საათი საერთოდ შედეგის გარეშე დავრჩი და უცბად მოხდა ის, რასაც ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი - კარჩხანამ დაიწყო სპაიდერზე აქტიური ნადირობა, სწორედ რომ ნადირობა, რადგან თვალნათლივ ვხედავდი, როგორ ამოდიოდა სიღრმიდან და ზედაპირე თეთრულასავით ხტებოდა. აი ეს არის საქართველოში იმიტაციაზე დაჭერილი პირველი კარჩხანა. 

              წლების წინ ამ მეთოდით ლისზე დავიჭირე იგივე თევზი,მაგრამ ის არ ითვლება, რადგან კერძო მეურნეობები და სხვა მათდაგვარი აკვარიუმები, სადაც წყალში თითი რომ ჩაყო თევზს დაიჭერ, შორს ჩემსგან.
            მოკლედ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე გუშინდელი დღით. აუცილებლად კიდევ ვეწვევი ამ ადგილებს და ბედს კიდევ ერთხელ ვცდი, ამჯერად უკვე სხვა სატყუარებითა და "ცოტა" სხვა თევზზე.

Monday, May 12, 2014

სპაიდერებზე თევზაობის ტაქტიკა

         როგორც დაგპირდით, გთავაზობთ სტატიათა სერიას სველ იმიტაციაზე თევზაობის ტექნიკისა და ტაქტიკის შესახებ. უპირველეს ყოვლისა მინდა შევეხო სპაიდერების, როგორც ჩემს პრატიკაში ყველაზე წარმატებული სატყუარების, თემას.
  თუკი ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სპაიდერებზე სათევზაოდ გამოიყენებოდა საკმაოდ გრძელი 14 ფუტამდე ანკესები. თანამედროვე პირობებში ჩეხური ნიმფინგისათვის განკუთვნილი ანკესები ნამდვილად კარგი ვარიანტი იქნება. შესაძლებელია კიდევ უფრო დაბალი კლასის გამოყენებაც, მაგრამ ქარიან პირობებში მასთან მუშაობა საკმაოდ რთული და მოუხერხებელია. მე კომპანია კაბელასის 4 კლასის 10 ფუტიან ვარიანტს ვიყენებ. ასეთ არჩევანს რა თქმა უნდა თავისი ლოგიკური მიზეზი აქვს. საქმე იმაშია, რომ სპაიდერებზე თევზაობის კლასიკური, დღესდღეისობით თითქმის მივიწყებული ტექნიკა, რომელსაც upstream wet fly fishing ეწოდება, სატყუარის შორს მიწოდებას არ ითვალისწინებს, მეტიც, შნური თითქმის არ გამოიყენება, ტიულპანიდან მაქსიმუმ ანკესის სიგრძის ტოლი შნურის გამოშვება ხდება, შესაბამისად, ჩეხური ნიმფის ანკესი, რომელიც წყობით ძალზედ რბილია, ადვილად იტვირთება მხოლოდ გრძელი ლიდერით, გარდა ამისა სიგრძე თევზთან კიდევ უფრო შეუმჩნევლად მიახლოვებაშიც გვეხმარება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ახლავე უნდა გაიქცეთ და შეუკვეთოთ ახალი ანკესი სპეციალურად ამ მეთოდისათვის, 5-6 კლასის 9 ფუტიანი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტითაც, უპრობლემოდ შეიძლება ფონს გასვლა, უბრალოდ პირადად ჩემთვის სპეციალიზებული ინსტრუმენტის ქონა უფრო მოსახერხებელი და რაც მთავარია სასიამოვნოა. რაც შეეხება კოჭასა და შნურს, აქ არაფერი განსაკუთრებული არაა საჭირო, მე ისევ ჩეხური ნიმფის კომპლექტს ვიყენებ, კოჭით, რომელიც კარგად აბალანსებს ანკესს და მეოთხე კლასის DT ტიპის მცურავი შნურით.  


              კლასიკური სტილი მდინარეში საკმაოდ აქტიურ გადაადგილებას გულისხმობს, ამიტომ კარგია, თუკი თან იქონიებთ ე.წ. wading staff -ს პირადად მე Simm's -ს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან მას ხარისხითა და საიმედოობით ტრადიციულად პირველი ადგილი უჭირავს. უსაფრთხოება კი, იმისათვის რომ წყალსატევზე დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.


              რაც შეეხება მონტაჟს - კლასიკური მონტაჟი ტრიოს - სამი იმიტაციის ერთდროულ გამოყენებას გულისხმობს, მისი სიგრძე დაახლოებით ანკესის სიგრძის ტოლია, სატყუარები ერთმანეთისაგან 50-70 სმ-ის  დაშორებით ფიქსირდება 15-20 სმ სიგრძის სატარებელზე. აი ასე გამოიყურება მონტაჟის ერთ-ერთი ვარიანტი (სურათი აღებულია საიტიდან frontrangeanglers.com)


               სამი სხვადასხვა იმიტაციის ერთდროულად გამოყენება აადვილებს კონკრეტულ მომენტში თევზის კვებითი "სიმპათიის" სწრაფ დადგენას. გარდა ამისა სამი ობიექტის ერთდროული მოძრაობა წყალში მწერების აქტივობის იმიტირებას კარგად ახდენს, ასევე ისიც ნათელია, რომ სამი სატყუარა უფრო ადვილად შესამჩნევია ჩვენი ჭერის ობიექტისათვის ვიდრე ერთი.
               ახლა კი ორიოდ სიტყვა უშუალოდ თევზაობის ტაქტიკაზე -ჭერა ხორციელდება დინების საწინააღმდეგო მიმართულებით იმიტაციების მიწოდებით, თვითოეულ პერსპექტიულ წერტილში სატყუარების გატარება ხდება 3-4-ჯერ, შემდეგ ვაგრძელებთ მოძრაობას დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, ასეთი სტილი საშუალებას გვაძლევს შეუმჩნევლად, საკმაოდ ახლო მანძილზე მივუახლოვდეთ თევზს, რადგან, როგორც ცნობილია, იგი თითქმის ყოველთვის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით დგას. ესეც მცირე ვიდეორგოლი ოლივერ ედვარდსის ფილმიდან, რომელიც ეხება ზოგადად სველ იმიტაციებზე ჭერის  ტაქტიკას და სადაც კარგად ჩანს, თუ რა იგულისხმება upstream wet fly fishing - ში. 

        

      შემდეგ სტატიაში განვაგრძობთ საუბარს wet fly ტიპის სატყუარებზე თევზაობის სხვადასხვა აპრობირებული მეთოდების შესახებ.

Sunday, May 4, 2014

05.04.2014 Big Water

          ისევ არაგვი,დროის უქონლობას რა ვუთხარი, თორემ ამ ადგილზე უკვე ყველაფერი ვიცი, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს წინასწარ შემიძლია ვთქვა სად და როდის იქნება მორიგი ჩაკვრა. ერთადერთი ზაფხულში ცოტა უფრო აზარტულია, საშუალო ზომის ქაშაპი შემოდის და კარგად გაერთობი. 
       მოკლედ ამ კვირის წვიმებს უკვალოდ არ ჩაუვლია და მდინარე საკმაოდ ადიდებული დამხვდა. ხიდიდან რაც დავინახე, ეგრევე უკან გამობრუნება გადავწყვიტე, მაგრამ როცა დავაკვირდი ნაპირთან სუფთა წყლის ზოლი შევამჩნიე, რაც გახეთქილი სასმელი წყლის მილიდან გადმოსული ნაკადის ბრალია, ეს მილი მიწაში არის ჩაფლული და მდინარის წყალი ზედ გადადის. ამაზე ოდნავ მოგვიანებით. აი ის სურათი, რაც ადგილზე მისულს დამხვდა, დააკვირდით მარცხენა მხრიდან შემომავალ ნაკადს - ეს ის სასმელი წყალია, რომელიც თბილისში მოდის (ბლოგის ყველა სურათი "კლიკაბელურია" :)) დააკლიკეთ და იხილეთ სრული ზომის ვერსია)


                  ხოდა ქალაქში დაბრუნებასა და კვირა დღის "მოკვლას" ისევ მდინარეზე ჩასვლა ვამჯობინე, მართალი გითხრათ დიდად მესიამოვნა დატბორილ ადგილებში ბოდიალი, რომ არა ცენტრალური ტრასის ხმა ნამდვილად კარგად დავისვენებდი




              ყველაფერი ისევ სტანდარტულად: ახალი სატყუარებით ექსპერიმენტები -შედეგი -0,  სპაიდერები და ყოველ გატარებაზე თითის სიგრძე თეთრულა. სურათების გადაღებაც კი დამეზარა, ერთადერთი სიახლე ის იყო, რომ ამჯერად სპაიდერის ზევით, დაახლოებით 50 სმ-ის დაშორებით ტყვიითა და სპილენძის თავით დამძიმებული 12 ნომერ ნემსკავზე დამზადებული Pheasant Tail Nymph დავაფიქსირე, რათა ძირითადი სატყუარა საჭირო ჰორიზონტზე გამეტარებინა. რაც შეეხება სატყუარებს - ესენი მესამე წელია მემსახურებიან, შეხედეთ რა დღეში არიან, ფორმა თითქმის სრულად დაკარგული აქვთ, მაგრამ თევზს მაინც იჭერენ. ამიტომ კიდევ ერთხელ -  Fly Fishing - სპორტული თევზჭერის ყველაზე იაფი მეთოდი.


                     სამი საათისათვის წყალი აიმღვრა და თევზიც გაქრა. ნუ ეს ბუნერივია, მაგრამ უკან რომ ვბრუნდებოდი ისევ ხიდიდან გადავიღე ეს სურათი, დააკვირდით, მარცხენა მხრიდან ისეთივე სუფთა წყალი აღარ შემოდის, როგორც დილით, მღვრიე არაგვმა გადაუარა მილს, ახლა ისმის კითხვა - რა წყალს მოვიხმართ თბილისში? გაითვალისწინეთ, რომ ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრით ზევით ნატახტარის კანალიზაცია ერთვის არაგვს ყოველგვარი გამწმენდი ნაგებობის გარეშე....