Saturday, August 27, 2011

ლეგენდარული ნიმფა

         ისტორიაში არც თუ ისე ბევრია იმიტაცია, რომელიც ლეგენდად იქცა, სწორედ ასეთებს განეკუთვნება Pheasant Tail Nymph. მისი ავტორია ფრენკ სოიერი, რომელიც ინგლისში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, მდინარე ეივონზე მუშაობდა ზედამხედველად.

       ამ ნიმფის დასამზადებლად იგი მხოლოდ ორ მასალას იყენებდა, წვრილ მავთულს და ხოხბის კუდის ბუმბულს. სიმარტივე მის ეფექტურობაზე არანაირად არ აისახება, მუშაობს ყველგან და ყოველთვის, მისი უნიკალურობაც სწორედ ამაშია. იგი ასახავს მედღეურას ნიმფას და გამოიყენება როგორც მდინარეებზე, ასევე ტბებზეც. ორიგინალური ვერსია ყოველგვარი სამონტაჟო ძაფისა და წებოს გარეშე მზადდება. გთავაზობთ ვიდეორგოლს, სადაც უშუალოდ ფრენკი ამზადებს იმიტაციას


ეს კი თანამედროვე ვარიანტი დეივი მაკფეილის შესრულებით


      თევზაობის პირობებიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოვიყენოთ სპილენძის ბურთულა, ხოლო იმიტაცია კი დავამძიმოთ ტყვიის წვრილი მავთულით. ეს ჩემი დამზადებული ვარიაციები, რომლებმაც წარმატებით იმუშავა ხრამულზე, მურწაზე, თეთრულასა და ვიმბაზე.






Wednesday, August 24, 2011

შნურის სროლის ტექნიკა

      შნურის სროლის ტექნიკა Fly Fishing - ის ერთ-ერთი არსებითი და ამავდროულად საკმაოდ რთული ასათვისებელი ელემენტია. გთავაზობთ რამდენიმე სასწავლო ვიდეო გაკვეთილს, იმედია დაგეხმარებათ.





Sunday, August 21, 2011

"ელიტარულობა"

           მოდით ფაქტებით ვილაპარაკოთ.

1. უდავო ფაქტი ნომერი 1 -  Fly Fishing არის თევზაობის ყველაზე ლამაზი მეთოდი. იხილეთ ეს ვიდეო რგოლი და შემდეგ მანახეთ იგივე სანახაობრიობის მქონე ნებისმიერი სხვა სახეობით თევზაობის ამსახველი ვიდეო მასალა. თუმცა ვაღიარებ რომ გემოვნებაზე არ დავობენ. ასევე ვაღიარებ რომ თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ, სამწუხაროდ ეს ბლოგი თქვენთვის არ არის (ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც)  


2. სამწუხარო ფაქტი ნომერი 2- ჩემს გარშემო ყველას რატომღაც ჰგონია, რომ ამ მეთოდით თევზაობენ მხოლოდ და მხოლოდ ორაგულისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე და მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათას დოლარიანი აღჭურვილობით.

ჯერ ერთი ორაგულისებრთა ჭერა მოქმედი კანონდებლობით არის აკრძალული და მეორე - ამ მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თევზს ვაწვდით მისი ბუნებრივი საკვების ჩვენს მიერ დამზადებულ იმიტაციას. შესაბამისად იგივე მედღეურას ნიმფა (ე.წ. "ღორტავი", "სანსალა") არის როგორც კალმახის, ისე წვერას, ხრამულის და ა.შ. ბუნებრივი საკვები, ხოლო ბუზის მატლი (თეთრი ჭია), ჭიაყელა, პური და ა.შ. ნებისმიერი თევზის მენიუს არარსებით ნაწილს წარმოადგენს, ვინაიდან წყალში მხოლოდ შემთხვევით, ან მეთევზის ნებით შეიძლება მოხვდეს, თუმცა არავინ გვიკრძალავს ზემოაღნიშნული ბუნებრივი სატყუარების ხელოვნური, სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული, ანალოგების შექმნას. 






რაც შეეხება სიძვირეს, გადახედეთ Fly Fishing-ისათვის განკუთვნილი ანკესების ფასებს და დარწმუნდებით, რომ არანაირად ძვირი არაა, მეტიც, ბევრ კარპფიშინგის, სპინინგის თუ მატჩფიშინგის ანკესებს საკმაოდ ჩამოუვარდება. კოჭაზე საერთოდ საუბარიც კი ზედმეტია. იგივე მოწნულ ძუას აქტიური თევზაობისას 1 წელიწადში "მოკლავთ" შნური კი მინიმუმ 3-4 წელი გაგიძლებთ და მისი ფასი 40 დოლარის ფარგლებშია. პირადად ჩემი შნური მეოთხე წელია ერთგულად მემსახურება არადა ასფალტზე და ბალახზე აქტიურად ვიყენებდი სავარჯიშოდ.

იანგარიშეთ რა ჯდება სპინინგის, ფიდერის, კარპის აღჭურვილობით 1 სრულფასოვანი გასვლა. პირადად მე მუშა იმიტაციების დასამზადებელი მასალები 100 დოლარიც არ დამიჯდა (იმიტაციების დასამზადებელი ინსტრუმენტები ცალკე ხარჯია, მაგრამ ერთჯერადი, თუმცა 50 დოლარშიც ჩაეტევით)  მეოთხე წელია ისევ ის მასალები მაქვს და კიდევ 2-3 წელი თავისუფლად მეყოფა.

ყოველივე ამას დაამატეთ გადაადგილების სიმსუბუქე და თავისუფლება, თან გაქვთ მხოლოდ ანკესი და იმიტაციების შესანახად განკუთვნილი პატარა ყუთი. 

მოკლედ არჩევანი თქვენზეა.


Sunday, August 14, 2011

იმიტაციების დამზადების ზოგადი წესები

           ზოგადად, fly fishing-ში გამოყენებული სატყუარები რამდენიმე ნიშნის მიხედვით შეიძლება დავყოთ:

1). იმისდა მიხედვით, თუ რისი (მწერის, ლიფსიტის, წვრილი მღრღნელის, ფეხსახსრიანის, რეპტილიის) იმიტაცია გვსურს,

          ამ კატეგორიაში პირობითად შემდეგი სახის კლასიფიკაცია გვაქვს fly (სხვადასხვა მწერის იმიტაცია), სტრიმერი (თევზის ლიფსიტის იმიტაცია) და ე.წ 'თაგვი' სხვადასხვა წვრილი მღრღნელის იმიტაცია, რომელსაც მსხვილ მტაცებელზე თევზაობისას იყენებენ (ასევე მაგალითად ბაყაყის იმიტაცია)

2). იმიტირებული ობიექტის განვითარების რა ეტაპის ასახვა გვსურს.

         ამ კატეგორიაში შესაძლებელია გავაკეთოთ შემდეგი დაყოფა: კვერცხის, ქვირითის იმიტაცია, ნიმფა (მწერის მატლი, ჭუპრი), ემერჯერი (ზრდასრულ მწერად გადაქცევის სტადია), სპინერი (საბოლოოდ ჩამოყალიბებული მწერი) და სპენტი (კვერცხების დადების შემდეგ დაღუპული მწერი)

3). რეალისტურობის დონე.

          ამ კატეგორიაში შესაძლებელია გავაკეთოთ შემდეგი დაყოფა: კლასიკური სტილით დამზადებული იმიტაციები (ორიგინალთან მსგავსება მინიმალურია), რეალისტური (ორიგინალთან მაქსიმალური მსგავსება) და ე.წ. ფანტაზიური სტილი (ამ შემთხვევაში შესაძლებელია იმიტაცია არანაირ ცოცხალ არსებას არ გავდეს, მაგრამ გარკვეული ტრიგერული ელემენტის გამო (მაგალითად წითელი კუდი, ზოგადად ხასხასა ფერები) კონკრეტულ პერიოდში მაქსიმალურად ეფექტური გამოდგეს)

4). წყლის ზედაპირთან მიმართებაში იმიტაციის მდებარეობის მიხედვით
        
         ამ კატეგორიაში შესაძლებელია გავაკეთოთ შემდეგი დაყოფა: ნიმფები (nymph) სხვადასხვა მწერის განვითარების სტადია, რომელიც წყალსატევის ფსკერზე მიმდინარეობას. სველი იმიტაციები - wet flies , რომლებსაც იყენებენ წყლის შუა ფენაში თევზაობოსათვის და მშრალი იმიტაციები - dry flies რომლებითაც წყლის ზედაპირზე თევზაობენ. ემერჯერებს შუალედური მდგომარეობა უჭირავთ, რადგან მათი სხეულის ნაწილი ზედაპირზეა, ნაწილი კი ზედაპირის ქვეშ, ამ კატეგორიას უბრალოდ ემერჯერები-ს კატეგორიაში აერთიანებენ.

        გამომდინარე იქედან, თუ როგორ დინებაზე ვთევზაობთ, იმიტაციების დამზადებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას კლასიკური (ფანტაზიური) ან რეალისტური ტექნიკა. დინებაზე თევზაობისას თევზს არ აქვს იმიტაციის დეტალურად დათვალიერების შესაძლებლოდა და შესაბამისად გამოდგება კლასიკური (ფანტაზიური) იმიტაცია, ნელ დინებაზე ან ტბაზე თევზაობისას კი საჭიროა მაქსიმალურად დეტალიზებული იმიტაცია. აღნიშნული მიდგომა ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში, თუმცა, ჩემი აზრით, ეს განპირობებულია იმით, რომ იქ, სადაც ამ მეთოდით თევზაობა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ასევე იმით, რომ საზღვარგარეთ დაჭერილ თევზს უმეტეს შემთხვევაში უშვებენ, თევზი უფრო ფრთხილი ხდება და მისი დაჭერათ რთულდება. რაც შეეხება რუსეთს, სადაც fly fishing - ი შედარებით ახალი ხილია, იქ წარმატებით თევზაობენ კლასიკურ ვარიანტებზე ნებისმიერ პირობებში. ერთი კი ფაქტია, რომ რეალისტური ტექნიკა ძალზედ ხვეწს და ავითარებს ზოგადად იმიტაციების დამზადების ტექნიკასაც.
           აი ეს მედღეურა ერთმა რიგელმა (Razmik) დაამზადა


           გთავაზობთ სხვადასხვა სახის იმიტაციის დამზადების რამდენიმე საილუსტრაციო ვიდეოს.















           ნემსკავის დაფიქსირება დაზგაში ნემსკავის დაფიქსირებას, ამ ერთი შეხედვით უმარტივეს ოპერაციას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ამ პირველ ნაბიჯზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოხერხებული იქნება შემდგომი ოპერაციების ჩატარება, აღსანიშნავია, რომ თუკი დაზგას არ აქვს ფიქსირების მაქსიმალურად ზუსტი მექანიზმი, იმიტაციის დამზადება საკმაოდ რთულდება, ნემსკავი იწყებს მოძრაობას, შესაბამისად ვერ ხდება მასზე მასალების სიმეტრიული დაფიქსირება, რაც საბოლოო ჯამში იმიტაციის წყალში თამაშზე უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, მოძრაობისას ხდება ნემსკავის ზედაპირის საკმაო დაზიანება და შემდგომში ჟანგვის პროცესი ძალიან სწრაფად ვითარდება. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში დეტალურად არის მოცემული თუ როგორ ხდება სხვადასხვა ტიპის ნემსკავის ფიქსაცია


          სამონტაჟო ძაფის დაფიქსირება სამონტაჟო ძაფის პირველი რამდენიმე ხვეულის დადებისას სასურველია მინიმალური რაოდენობის ძაფი დავახვიოთ, რადგანაც დიდი რაოდენობით ძაფი საკმაოდ ამახინჯებს იმიტაციის სილუეტს, გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ და მარტივ მეთოდს, პირადად მე პირველივე ბრუნზე ვაფიქსირებ ძაფს. მიღებული წესის თანახმად, სასურველია ნებისმიერი ელემენტის დაფიქსირებისას მინიმალურად დასაშვები რაოდენობით გამოვიყენოთ ძაფი, ანუ როგორც კი ვიგრძნობთ, რომ იმიტაციის ამა თუ იმ ელემენტის ფიქსაცია საიმედოა, ზედმეტი ხვეულების დამატება საჭირო აღარაა, გაიხსენეთ ნებისმიერი ცოცხალი არსება, დააკვირდით მას და შეამჩნევთ, რომ ბუნებას ზედმეტი არაფერი უყვარს, ჩვენ კი ჩვენი იმიტაციებით მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მის მიბაძვას.

           კუდის დაფიქსირება იმიტაციათა 99,9% აქვს კუდი, ისევე როგორც ცოცხალ არსებათა უმეტესობას, შესაბამისად გთავაზობთ ამ ელემენტის ფიქსაციის ამსახველ ვიდეომასალას, გახსოვდეთ კუდის იდეალურად სწორედ დაფიქსირებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იმოძრავებს ჩვენი სატყუარა წყლის ზედაპირზე ან სიღრმეში. ვიდეოზე მოცემულია კუდის ფიქსაციის მაგალითი მშრალ იმიტაციაზე, ეს პრინციპი იგივეა ნიმფებისა და სტრიმერებისათვისაც

           დაბინგთან მუშაობის პრინციპები იმიტაციათა უმრავლესობის ტანი მზადდება სხვადასხა სახის დაბინგისაგან. მასთან მუშაობის ზოგადი პრინციპები შემდეგია:

მშრალი იმიტაციებისათვის ვიყენებთ სინთეტიკურ დაბინგს, რადგანაც ის ნაკლებად იწოვს წყალს და იმიტაციაც ადვილად ტივტივებს,

ნიმფების, სტრიმერების და სველი იმიტაციებისათვის ვიყენებთ ბუნებრივ დაბინგებს (სხვადასხვა სახის ბეწვეულს),

უნდა ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ დაბინგის მინიმალური რაოდენობა, რათა გავიმეოროთ ცოცხალი არსების მოყვანილობა,

ვეცადოთ შევინარჩუნოთ კონუსური ფორმა, რადგან ცოცხალ არსებათა უმეტესობას მეტ-ნაკლებად კონუსური ფორმა აქვს.

ქვემოთ მოყვანილ ვიდეოზე გამოიყენებასპეციალური დაზგა, თუმცა უმეტესწილად დაბინგის ძაფზე დაფიქსირება ხელით ხდება


         იმიტაციის ფეხების მონტაჟი დასრულებული იმიტაციის ერთ-ერთი ტრიგერული ელემენტი სწორედ მისი ფეხებია. მათ სწორედ ფიქსაციაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ბუნებრვი მდგომარეობა ექნება სატყუარას. ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე ნაჩვენებია მშრალი იმიტაციის მაგალითი, თუმცა პრინციპი საერთოა, არსებობს რამდენიმე განსხვავებული მიდგომაც, რაზედაც აუცილებლად ვისაუბრებთ.

         ფრთების მონტაჟი იმიტაციათა დიდ ნაწილს აქვს ფრთები, პირადად ჩემთვის ყველაზე ძნელად ასათვისებელი ელემენტი სწორედ ეს გამოდგა, მაგრამ რეზულტატი წვალებად ნამდვილად ღირს, ფრთებისთვის იყენებენ როგორც ბუმბულს, ასევე სხვადასხვა სინთეთიკურ მასალებსაც.

         იმიტაციის დამზადების ბოლო ეტაპი. კვანძიიმიტაციის დასრულება ხდება კვანძით, რომლის გაკეთება შესაძლებელია როგორც სპეციალური ხელსაწყოთი, ასევე ხელით


2010 წლის გასვლები

26.09.10

             გუშინ ჩავედი მტკვარზე, დაახლოებით ნახევარი საათი მოვანდომე იმიტაციის შერჩევას, ბოლოს მივაგენი და აი შედეგიც



          ყველაზე კარგად იმუშავა მედღეურას ნიმფის gold head pheasant tail და კოღოს მატლის იმიტაციამ, ნემსკავის ზომა 14 და 16
აქტიურობდა მხოლოდ ვიმბა, სულ დავიჭირე 28 ცალი, მოკლედ ნავსი გატეხილია, უდიდესი სიამოვნება მივიღე!!!!! 
02.10.10
             დღეს ისევ ვეწვიე მტკვარს და ისევ ვიმბა, ხრამული ჯერ ჯერობით ოცნებად რჩება

        ხრამული აშკარად იყო, მაგრამ ვიმბა არ აცდიდა, მიდგომა შესაცვლელი მაქვს, ალბათ უფრო დიდი ზომისა და სხვა ფერის ნიმფებია საჭირო. რამდენიმე ვარიანტს ვფიქრობ:

1. იმიტაცია დამზადებულია მონიკელებულ (პრიალა) ნემსკავზე და შესაძლებელია, რომ მყვირალა ფერები ხრამულს არ მოწონს.
2. დღეს გამოყენებული ყველა იმიტაცია დამზადებულია გუშინ და ისევ სამონტაჟო ლაქის სუნი აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ იმდენი "არომატია" თბილისის ფარგლებში, რომ არა მგონია ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
3. შესაძლებელია, რომ საკმარისად არაა დამძიმებული იმიტაციები და მთელი ჩატარების მანძილზე ფსკერზე არ რჩება, ამ ეჭვს ვიმბას პირის წყობაც მიძლიერებს და ისიც, რომ ყველა დაჭერილ თევზს ნემსკავი ზედა ტუჩზე ჩქონდა გამოდებული, მოკლედ ექსპერიმენტებისათვის საკმაო ინფორმაცია მოვიპოვე.

P.S. ყველაზე არასასიამოვნო კი ის ეჭვია, რომ არასაკმარისად შორს ვაწვდიდი იმიტაციებს და მტკვარში უფრო ღრმად მომიწევს შესვლა.
14.10.10
             დღეს ორი საათით მოვახერხე მტკვარზე ჩასვლა. წყალი საკმაოდ ცივი იყო, იმდენად რომ თერმოთეთრეულის გარეშე საკმაოდ არაკომფორტულად ვიგრძენი თავი. ჩვეულ წერტილებში თევზის აქტიურობა არ შეიმჩნეოდა და მეც ჩქერების ბოლოსკენ, მდორე და ღრმა ადგილებისკენ გადავინაცვლე. მართალი გითხრათ ხრამულის ასეთ აგრესიულობას არ მოველოდი, ჩაკვრები იყო საკმაოდ ხშირი და ძალიან ძლიერი, მაგრამ დიდი ნემსკავის გამო (14 ნომერი) ბევრი თევზი დავკარგე, ოთხი ცალი მაინც ჩემი ნადავლი გახდა, (რა თქმა უნდა ოთხივე დაუბრუნდა მშობლიურ სტიქიას) ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ჩემი ეჭვი გამართლდა და საქმე იმიტაციების წონის სწორად შერჩევაში აღმოჩნდა, შედეგად ვიმბას საერთოდ არ "შევუწუხებივარ" და ოთხივე ხრამულს ნემსკავი ქვედა ტუჩზე ჰქონდა გამოდებული. ბოდიშს ვიხდი სურათის ხარისხისა და თევზის ხელში ჭერის მანერისათვის, ძალიან გამიხარდა და ფოტოკომპოზიციის შექმნა საერთოდ არ გამხსენებია.

         P.S. იმუშავა ისევ და ისევ ლეგენდარულმა Pheasant Tail Nymph -მა gold head ვარიანტში. შემდეგი გასვლისთვის აუცილებლად დავამზადებ იგივე ნიმფებს 16 და 18 ნომერ ნემსკავებზე.







ძირითადი აღჭურვილობა

ანკესი





 კოჭა





შნურები და ბეკინგი



           შნური უზრუნველყოფს იმიტაციის მიწოდებას თევზამდე. არსებობს სხვადასხვა წონის და შესაბამისად კლასის შნური, რომელიც სხვადასხვა ტიპის თევზაობისას გამოიყენება. უმეტეს შემთხვევაში შნურის გული დაწნული ზონარის მაგვარია, რომელიც დაფარულია სხვადასხვა სინთეთიკური მასალით. არსებობს შნურები, რომლებიც ტივტივებენ (floating lines), უჭირავთ შუალედური მდგომარეობა (intermediate lines) და ძირვადი (sinking lines), ასევე მათი სხვადასხვა სახის კომბინაციები. (shooting head, triangle taper, sink tip და ა.შ)
      შნურების დათვალიერება და შერჩევა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.sportfish.co.uk/fly-fishing/fly-lines

         ამ ბმულზე კი ძალიან საინტერესოდ და გასაგებად არის ჩამოყალიბებული ინფორმაცია შნურის ტიპებისა და აგებულების შესახებ:

http://globalflyfisher.com/fishbetter/flylines/

       ამ ბმულზე ნახავთ ამომწურავ ინფორმაციას შნურის ბოლოზე ლიდერის დასამაგრებლად აუცილებელი მარყუჟის დამზადების შესახებ

http://flyfishing.spb.su/forum/viewtopic.p...115&start=0

         ბეკინგი არის დამაგრძელებელი ძუა. მისი დანიშნულება ორგვარია: ჯერ ერთი მისი წყალობით ხდება საკმაოდ რბილი საფენის გაკეთება შნურსა და მაქოს შორის და მეორეც- გამომდინარე იქედან, რომ შნურის სიგრძე მაქსიმუმ 30 მეტრის ფარგლებშია, დიდი თევზის ნემსკავზე წამოგების შემთხვევაში, დამატებით შანსებს გვაძლევს. ჩვეულებრივ ბეკინგად 0.3 მმ ძუის გამოყენებაც დასაშვებია, მაგრამ კლასიკური ბეკინგის უპირატესობები აშკარაა: გაცილებით წვრილი დიამეტრი აქვს და იგივე ტვირთამწეობისას მაქოზე ნაკლებ ადგილს იკავებს, არ იწელება და შესაბამისად, თუკი მჭიდროდ დავახვევთ არ აზიანებს მაქოს.
ლიდერები

         ლიდერი უზრუნველყოფს შნურიდან სატარებლამდე დიამეტრის თანაზომიერ გადასვლას, რათა შნურის სროლისას მოხდეს იმიტაციის ფრთხილად, ბუნებრივად მიწოდება. ზოგადი წესის თანახმად ლიდერის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ანკესის სიგრძეს, თუმცა გამოიყენება 3-4 მეტრიანი ლიდერებიც. ლიდერები სხვადასხვა სახისაა:

1. "ტრადიციული" ლიდერები.

        მზადდება სხვადასხვა დიამეტრის ძუისაგან, შნურზე მისაბმელი მონაკვეთი დაახლოებით 0.5 მმ სისქისაა, ხოლო სატარებელზე მისაბმელი მონაკვეთი კი 0,2 ან ნაკლები. არსებობს სპეციალური ცხრილები, რომლებიც უკვე მზა რეცეპტს იძლევიან:



         ცხრილი აღებულია ფორუმიდან www.mushki. ru http://www.mushki.ru/terki/viewtopic.php?t...c&start=180 ასეთი ლიდერების დადებითი მხარეა სიიაფე, ხოლო უარყოფითი კი ის, რომ სახეზეა რამდენიმე კვანძი, რომელმაც შეიძლება ლიდერის ახლართვა გამოიწვიოს და "მახსოვრობა".

2. კონუსური ლიდერები

          სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული ლიდერებია, რომლებსაც უკვე ქარხანაშივე აქვთ მინიჭებული კონუსური ფორმა. მათი დადებითი მხარეა ის, რომ კონკრეტული ლიდერი თევზაობის კონკრეტულ პირობაზეა გათვლილი, უარყოფითი კი საკმაოდ მაღალი ფასი და "მახსოვრობა".

        ამ ტიპის ლიდერების დათვალიერება, შერჩევა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
http://www.sportfish.co.uk/search?search_t...mp;x=39&y=9

3. გრეხილი ლიდერები

          ამ ტიპის ლიდერები ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ, რაც გასაკვირი არაა. მათ უამრავი დადებითი თვისება აქვთ: არ აქვთ "მახსვრობა", სხვადასხვა მეთოდიკით დამზადებისას შესაძლებელია ნებისმიერ პირობაში თევზაობა, გამოირჩევიან განსაკუთრებული გამძლეობით, უარყოფითი თვისება მაღალი ფასია, ამიტომ მათ დამზადებაზე ვისაუბრებთ აქ: http://fisher.ge/index.php?showtopic=142
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ავსტრიელი რომან მოზერის მიერ დამზადებული ლიდერები http://www.sportfish.co.uk/search?brand=Ro...h_terms=leaders

        არსებობს დაწნული ლიდერებიც, რომლებიც კიკინის პრინციპით მზადდება, მაგრამ მათი პოპულარობა ძალზედ დაბალია
          ზემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად დავამზადე 2,3 მეტრის სიგრძის ლიდერი, შედგება სამი მონაკვეთისაგან  - 0,3 მმ, 0,25 მმ და 0,2 მმ, მონაკვეთები ერთმანეთთან მიბმულია ე.წ water knot-ით, შნურს უკავშირდება კვანძით perfection loop, სატარებელს კი 2 მმ-იანი პიტცენბაუერის ტიპის რგოლით, იშლება იდეალურად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მზა კონუსური ლიდერები 3 დოლარზე იაფი არ ღირს ადგილზე, საკმაოდ მოსახერხებელი ვარიანტია, მონაკვეთების სიგრძისა და ძუის კვეთის ცვლით ადვილად შეგვიძლია შევუსაბამოთ თევზაობის სხვადასხვა პირობებს.

 სატარებლები

          ამ მეთოდით თევზაობისას გამოიყენება სხვადასხვა სახის სატარებლები, რომლებიც განსხვავებული მასალებისაგან მზადდება.

            ბოლო დრომდე ყველაზე გავრცელებული იყო ჩვეულებრივი მონოფილური ბოჭკოსაგან დამზადებული სატარებლები (monofilament tippet).
ასეთი სატარებლების დადებითი მხარე სიიაფეა (თუმცა კონკრეტულად fly fishing-ისათვის განკუთვნილი სატარებლები 3-4-ჯერ ძვირია ჩვეულებრივ ძუაზე და უმეტეს შემთხვევაში მაქსიმუმ 50 მეტრიანი მაქოებით იყიდება). უარყოფითი მხარეა ის, რომ წყალში ჩანს და აქვს საკმაოდ დიდი "მახსოვრობა"

          თანამედროვე პრაქტიკაში სულ უფრო დიდ პოპულარობას იხვეჭს ფლუოკარბონის სატარებლები (fluocarbon tippet). ამ მასალას აქვს შემდეგი უპირატესობები: ერთი და იგივე დიამეტრისას გაცილებით გამძლეა მონოფილურ ძუაზე, არ აქვს "მახსოვრობა", არ ძველდება, 2 - ჯერ მძიმეა მონოფილზე და იძიება, შესაბამისად ნაკლებად ჩანს + ამას ფლუოკარბონს მზის სხივების გადატეხვის თითქმის ისეთივე კოეფიციენტი აქვს, როგორც წყალს, რაც მას კიდევ უფრო უხილავს ხდის. უარყოფითი მხარე სიძვირეა და ის, რომ ვერ იტანს მაღალ ტემპერატურებს (მაგ: კვანძის შეკვრისას მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისი დასველება, რათა ხახუნი იყოს მინიმალური). ფლუოკარბონის არჩევისას მაქსიმალური ყურადრებაა საჭირო, რადგან ზოგიერთი მწარმოებელი ფლუოკარბონის სახელით ყიდის უბრალო მონოფილს, რომელიც დაფარულია ფლუოკარბონით. ძირითადი მწარმოებელია იაპონური Cureha Chemical Industry Co. LTD, ევროპაში მისი სატარებლები იყიდება Riverge - ის მარკით, ხოლო ამერიკაში კი Seaguar - ის მარკით.

         სხვადასხვა იმიტაციაზე თევზაობისას სხვადახვა სისქისა და სიგრძის სატარებლებია საჭირო, რაც უფრო ფრთხილია თევზი და დაბალია წყლის დონე, მით უფრო მცირე დიამეტრისა და მაქსიმალურად გრძელი სატარებელია საჭირო.

           სატარებლების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

http://www.sportfish.co.uk/fly-fishing/lea...-tippets?page=1
           პირველ რიგში მაქოზე აუცილებლად უნდა დავახვიოთ ბეკინგი. აუცილებლად გასათვალისწინებელია - ბეკინგი იმ რაოდენობისა უნდა დავახვიოთ, რომ მასზე შნურის დახვევის შემდეგ შნურის ბოლო ხვეულები კოჭას პირიდან დაახლოებით 1 სმ-ით მაინც იყოს დაშორებული, რათა გამოირიცხოს შნურისა და კოჭის მეტალის კონტაქტი.

          ბეკინგი და შნური უმჯობესია შევაერთოთ ადვილად გასახსნელი კვანძით, რათა თევზაობის შემდეგ შნური ადვილად მოვხსნათ მაქოდან, გავწმინდოთ და შევინახოთ. შნურს ვაერთებთ ლიდერთან. ლიდერი შესაძლებელია შევიძინოთ ან ჩვენ თვითონ დავამზადოთ, რაზეც შემდგომში გვექნება საუბარი.

         ანკესის აწყობისას პირველ რიგში ვამონტაჟებთ კოჭას. თუკი ანკესი რამდენიმე მუხლიანია, ჯერ ერთმანეთთან ვაერთებთ ზედა (წვრილ) მუხლებს.
თუკი მუხლების შეერთება არ არის იდეალური ქარხნული წუნის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო სასარგებლოა შესაერთებელი მუხლების ბოლოები დავამუშაოთ უბრალო სანთლით, რაც შეერთებას საიმედოობას მომატებს და ანკესის დაშლასაც გააადვილებს.

ინსტრუმენტები და მასალები

იმიტაციების დასამზადებელი დაზგა


          ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტია, თუმცა ზოგიერთები იმიტაციის დამზადება უდაზგოდაც, პირდაპირ ხელში ახერხებენ. დღესდღეისობით ბაზარზე უამრავი მოდელია წაროდგენილი. უდავო ფავორიტები არიან Renzetti, HMS მათი ფასებიც შესაბამისია, არებობს სხვადასხვა კონსტრუქციის დაზგა: მაგიდაზე ხრახნით დასამაგრებელი, სადგარიანი, ხელზე გასაკეთებელი. მათი ფასი მერყეობს 20 დოლარიდან 500 დოლარამდე და მეტიც. ფასს განსაზღვრავს მასალა და იმიტაციის დამზადების მოხერხებულობა. უპირობო მოთხოვნაა, რომ დაზგა ნემსკავების მაქსიმალურად ბევრ ზომას საიმედოდ აფიქსირებდეს, ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ფიქსაციის საიმედოობის შემოწმება შემდეგნაირად ხდება: ვამაგრებთ დაზგის სამაგრში ნემსკავს და ყუნწზე ვაწვებით, ხარისხიანი ფიქსაციისას ნემსკავი ადგილიდან არ იძვრის.

დაზგების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:


სამონტაჟო ძაფი


          გამოიყენება იმიტაციის სხვადასხვა დეტალის ნემსკავზე დასაფისქირებლად. ძაფის სისქე აღინიშნება ციფრებით, მაგ: 6/0, 8/0 და ა.შ. რაც უფრო დიდია ციფრი, მით უფრო წვრილია ძაფი, დენებით აღნიშვნისას კი პირიქით. დიდი ზომის იმიტაციების დასამზადებლად იყენებენ კევლარისგან დამზადებულ ძაფსაც. დღესდღეისობით საუკეთესოდ და ყველაზე გავრცელებულად ითვლება UNI thread. სხვადასხვა ზომის ნემსკავზე სხვადასხვა ზომის გამოყენებაა საჭირო, რაც უფრო დიდია ნემსკავი, მით უფრო სქელი ძაფია საჭირო. ზოგიერთი ძაფი დამუშავებულია სანთლისმაგვარი მასით, რაც ხელს უწყობს იმიტაციის წყლის ზედაპირზე ტივტივს.

ძაფების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:



ნემსკავები


           ამ მეთოდით თევზაობისას ნემსკავებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ, რადგან იმიტაციის შეხებისთანავე თევზი გრძნობს, რომ "მოატყუეს" და ცდილობს სწრაფად გათავისუფლდეს მისგან, (გამონაკლისად შეიძლება ჩავთვალოთ CDC - ის ტიპის ბუმბულისაგან დამზადებული იმიტაცია, რომელსაც თევზი არ აგდებს) ამიტომ ნემსკავი უნდა იყოს მაქსიმალურად ბასრი. ნემსკავების ნუმერაცია ხდება ციფრების საშუალებით, რაც უფრო დიდია ციფრი, მით უფრა პატარაა ნემსკავი.

          მშრალი და სველი იმიტაციების დასამზადებლად სხვადასხვა ტიპის ნემსკავებია საჭირო. პირველ შემთხვევაში გამოიყენება მაქსიმალურად წვრილი მავთულისაგან დამზადებული ნემსკავი, რათა არ მოხდეს სატყუარას ჩაძირვა, მეორე შემთხვევაში კი მავთული შედარებით მსხვილია, რათა გაუძლოს ფსკერთან ხშირ კონტაკტს. სტრიმერებისათვის გამოიყენება გრძელ კორპუსიანი ნემსკავები. შერჩევის გასაადვილებლად თითოეული ტიპის ნემსკავს აქვს სპეციალური აღნიშვნა, მაგ: მშრალი იმიტაციებისთვის - dry fly hook, ნიმფებისათვის - nymph hook, სტრიმერებისათვის - streamer hook და ა.შ.

         არსებობს ასევე ისეთი ნემსკავები, რომელსაც ფხა არ აქვს (barbless hooks) და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი თევზის გაშვებას ვაპირებთ, ასევე მისაღებია ამ ტიპის ნემსკავის გამოყენება საწყის ეტაპზე, როდესაც სროლის ტექნიკა ჯერ სათანადო დონეზე არ გვაქვს, რადგანაც მისი ამოძრობა გაცილებით ადვილია.

         ნემსკავების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:


დასამძიმებელი მასალები

          იმიტაციის დასამძიმებლად (მაგალითად ნიმფაზე თევზაობისას) გამოიყენება სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული დამამძიმებლები.



           ტყვიის სხვადასხვა დიამეტრის მავთული დამძიმების ყველაზე გავრცელებული და მარტივი ფორმაა. მავთული უნდა შეესაბამებოდეს ნემსკავის ზომას - რაც უფრო პატარაა ნემსკავი, მით უფრო წვრილი მავთულია საჭირო. ზოგადად კი მავთულის დიამეტრი დაახლოებით ისეთივე უნდა იყოს, როგორც ნემსკავის მავთულის დიამეტრი.

              წებოვან ქაღალდზე დაწებებული ტყვიის თხელი ფირფიტები მოსახერხებელია იმით, რომ ჯერ ერთი ნებისმიერი სიგანის ზოლის გამოჭრაა შესაძლებელი და მეორეც ნემსკავზე მისი ფიქსაციისათვის არ არის საჭირო წებოს ან ლაქის გამოყენება.


           სხვადასხვა ზომის სპილენძის ბურთულები გამოიყენება ე.წ gold head ნიმფების დასამზადებლად, ასევე სტრიმერებისათვის. ზომის შერჩევისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბურთულას ზომა არ იყოს ძალიან დიდი, რათა არ გართულდეს თევზის წამოგება.

          ვოლფრამის ბურთულები იგივე ფუნქციას ატარებს, რაც სპილენძისა, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ვოლფრამი იგივე ზომის სპილენძის ბურთულაზე მძიმეა და მისი გამოყენება ძირითადად ძლიერ დინებაზე ხდება.

       ვოლფრამის პასტა წარმოადგენს პლასტელინის მაგვარ მასას და გამოიყენება უშუალოდ ძუაზე ფიქსაციისათვის.

       დამამძიმებელი მასალების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:





სხვადასხვა სახის ბუმბულები


        იმიტაციების დამზადებისას სხვადასხვა სახის ბუმბულები უდიდეს როლს ასრულებენ. ბუმბულებისაგან მზადდება კუდები, ფრთები, ფეხები, საცეცები, ასევე გამოიყენება ტანის ფორმირებისათვის.

       ყველაზე გავრცელებულია მამლის ბუმბულები. შეკვეთისას სასურველია გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა იმიტაციის დამზადებისათვის სხვადასხვა ტიპის ბუმბულებია საჭირო. ასე მაგალითად მშრალი იმიტაციის დამზადებისათვის აუცილებელია მამლის კისრიდან აღებული ბუმბული, რომელიც მაქსიმალურად ხისტია და ხელს უწყობს იმიტაციის წყლის ზედაპირზე გაჩერებას. სველი იმტაციების დამზადებისას შესაძლებელია მკერდიდან ან ზურგიდან აღებული ბუმბულის გამოყენება. ყოველივე ეს ზოგადი ხასიათის რეკომენდაციაა, რადგან სხვადასხვა მეთევზე სხვადასხვანაირად ფიქრობს და მოქმედებს, მაგალითად ზოგი მშრალი იმიტაციის დამზადებისას ზუსტად რომ შედარებით რბილ ბუმბულს იყენებს და ამას ხსნის იმით, რომ რბილი ბუმბულის ბოლო არ ხვრეტს წყლის ზედაპირს და ერთგვარ "ბალიშს" ქმნის, რაც ასევე ხელს უწყობს ტივტივს.

        ასეთივე მრავალფეროვნებაა დასახელებებშიც, ამერიკელები კისრის ბუმბულების ნაკრებს უწოდებენ neck, ბრიტანელები saddle, რუსები седло, скальп და ამავდროულად არ იცავენ ზუსტ გამიჯვნას ამ ტიპებს შორის (შესაძლებელია ერთი და იგივე სახის ბუმბილი ერთი და იგივე ინტერნეტ მაღაზიაში სხვადასხვა დასახელებით იყოს წარმოდგენილი). პირადად მე შევეცადე ერთ - ერთ რუსულ ფორუმზე ამ კლასიფიკაციის გარკვევას, მაგრამ ერთ დასკვნამდე მივედი: აუცილებლად საჭიროა ყველა ტიპისა თუ დასახელების ნახვა. სხვაგვარად გარკვევა ძალზედ რთულია.

         იგივე მიზნებისათვის გამოიყენება იხვის, ბატის, ხოხბის, კაკბის, ტყის ქათმის, ფარშევანგის, სტრაუსის, მარაბუს და მრავალი სხვა ფრინველის ბუმბულები.

        განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ე.წ. CDC ბუმბულები, რომლებიც წარმოადგენენ წყალმცურავი ფრინველების კლოაკასა და კუდს შორის მდებარე ცხიმოვანი ჯირკვლის ბუმბულებს. გამოირჩევიან მაქსიმალური წყალგამძლეობით და გამოცდილი Fly Fisher -ების მტკიცებით, თევზი მათ არ აგდებს.

           ბუმბულების დათვალიერება და შეკვეთა შეგიძლიათ ამ ბმულზე:



ბეწვი და დაბინგი

      
           სხვადასხვა ცხოველის ბეწვი ძირითადად ფრთებისა და ქიტინისებური საფარის იმიტირებისათვის გამოიყენება. ასევე მშვენიერია სტრიმერებისათვის.
ყველაზე გავრცელებულია ირმის, ცხენირმის, ნუტრიის და კურდღლის ბეწვი. ხშირად ბეწვის ნარჩენებისაგან დაბინგდსაც ამზადებენ.



          დაბინგი (სინთეთიკური ან ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული ერთგვარი ნაჩეჩი მასა) იმიტაციების დამზადებისას ერთ - ერთი უპირველესია. უმეტეს შემთხვევაში სწორედ დაბინგით ხდება იმიტაციის სხეულის დამზადება. თუკი გვსურს, რომ იმიტაციამ იტივტივოს, მაშინ სასურველია სინთეთიკური დაბინგის გამოყენება, ხოლო ნიმფებისათვის კი უმჯობესია ნატურალური ბეწვისგან დამზადებული მასალა.

          ბეწვის და დაბინგის ასორტიმენტის ნახვა/შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:



სინთეთიკური მასალები

          სხვადასხვა სახის სინტეთიკური მასალები გამოიყენება ფრთების შესაქმნელად, სეგმენტაციისათვის, მწერის ფეხების იმიტირებისათვის. ძირითადად იყენებენ პოლიპროპილენის წნულებს, რეზინის ძაფებს, სხვადასხვა ფერისა და სისქის სინთეთიკურ ლენტებს, და ა.შ. სინთეთიკური მასალების დათვალიერება/შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:



წებო და ლაქი
           სხვადასხვა სახის წებო და ლაქი ძირითადად გამოიყენება დამასრულებელი კვანძის გასამაგრებლად, თუმცა მათ ხანდახან იმიტაციის ნაზი ფრთების ან სხვა პატარა დეტალების არმირებისათვისაც მშვენიერია. სპეციალური ლაქის არქონის შემთხვევაში, ხშირად იყენებენ სხვადასხვა სახის გამხსნელით დათხელებულ უბრალო ფრჩხილის ლაქსაც.

მათი დათვალიერება/შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:


სხვადასხვა დამატებითი ინსტრუმენტები

          იმიტაციის დასამზადებლად საჭიროა სხვადასხვა სახის დამატებითი ინსტრუმენტი:


           სამონტაჟო ძაფის დამჭერი სასურველია იყოს კერამიკული ბოლოთი, რომელიც ძაფს არ აზიანებს, თუ ასეთი არ გვაქვს არც ესაა დიდი პრობლემა, პოლირებისათვის განკუთვნილი პასტით სავსებით შესაძლებელია მისი სათანადო მდგომარეობაში მოყვანა.



          კვანძის გასაკეთებელი ხელსაწყო საბოლოო კვანძის დასამზადებლად გამოიყენება და სხვადასხვა კონსტრუქციისა შეიძლება იყოს. იაფფასიანი ინსტრუმენტი სასურველია ასევე დავამუშავოთ საპოლირებო პასტით, რატა არ მოხდეს ძაფის დაზიანება. ხშირად, ოსტატები ამ ინსტრუმენტს საერთოდ არ იყენებენ და კვანძს ხელით აკეთებენ.
           ბეწვის ბოლოების გასასწორებელი ხელსაწყო გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად იმიტაციის ფრთა მზადდება ბეწვისაგან და გვსურს, რომ მისი ზედა მხარე მაქსიმალურად სწორე იყოს.


          დაბინგის ნემსი გამოიყენება წვრილ დეტალებთან სამუშაოდ, ასევე ლაქის დატანისათვის.

          
            ბუმბულის დამჭერებს კი ნემსკავზე მოკლე ბუმბულის დასახვევად იყენებენ.
       აუცილებლად საჭიროა განსაკუთრებით მაღალი ხარისხის მაკრატლები. სასურველია ბეწვისთვის და სხვა მასალებისათვის სხვადასხვა ტიპის მაკრატლები ვიქონიოთ, რათა იმიტაციის დამზადებისას არ მოვახდინოთ სხვადასხვა მასალის დაზიანება.

         სხვადასხვა აუცილებელი/სასურველი ინსტრუმენტების დათვალიერება/შეკვეთა შესაძლაბელია შემდეგ ბმულზე:



პერმანენტული (წყალგამძლე მარკერები)

             შევიძინე Edding-ის წყალგამძლე (პერმანენტული) მარკერები, სამწუხაროდ სურათს ვერ ვდებ. ალბათ იდეალური იქნება სხვადასხვა იმიტაციის დასაფერად. ვნახოთ რა გამოვა. ამ კონკრეტულ მოდელს აქვს ძალიან წვრილი (0.3 მმ) თავი და გამოდგება იმიტაციის წვრილი დეტალების გამოსაკვეთად, საჭიროა ასვე შედარებით ფართოპირიანი ვარიანტი დიდი დეტალების დასამუშავებლად.

          სამწუხაროდ, ფერების არჩევანი არ არის დიდი, ხოლო სპეციალურად fly fishing - სთვის განკუთვნილი მარკერები (რომლებიც ხასიათდებიან ფერთა სპეციფიკური კომპლექტით, მაგრამ ქიმიური ფორმულა და გამძლეობა აბსოლიტურად იგივე აქვთ) ღირს 3 - 4 ჯერ ძვირი. ალბათ მომიწევს შეკვეთა, თუ აქ ვერაფერი ვერ ვნახე.

          ცნობისათვის: პერმანენტული მარკერი შესაძლებელია იყოს სპირტის ან ზეთის საფუძველზე დამზადებული. როგორც მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, მეორე ვარიანტი უფრო სასურველია, თუმცა პირველსაც წარმატებით იყენებენ.
ორი საუკეთესო მაღაზია როგორც ასორტიმენტით, ასევე ფასებით, არის აბსოლიტურად ყველაფერი

http://www.bogdangawlik.pl/ პოლონეთი

http://www.czechnymph.com/en/e-shop ჩეხეთი

 ჩამოტანა http://www.sengeo.ge/ge

პროფესიონალთა რჩევები

კარჩხანა

          
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს წყალსატევების უმეტესობაში კარჩხანა საკმარისზე მეტი რაოდენობით გვხვდება, ალბათ უპრიანი იქნებოდა თვალი გადავავლოთ ამ საინტერესო თევზის ჭერის უცხოურ, კერძოდ კი რუსულ პრაქტიკას. მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში არაორაგულისებრთა ჭერას ყურადღება თითქმის არ ექცევა (გამონაკლისია კარპი და ქაშაპი). ლოგიკა მარტივია, თუკი ნებისმიერი თევზის მენიუს უდიდესი ნაწილი შედგება განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მწერებისაგან, რატომ არ უნდა ვცადოთ თევზაობა სწორედ ამ მწერების იმიტაციებზე?

         კარჩხანას ჭერა იწყება მაშინ, როდესაც წყალი შედარებით თბება და წყალსატევის მიკროფაუნის წარმომადგენლები ნელ-ნელა აქტიურდებიან. რუსეთში თევზაობას ყინულის დნობისთანავე იწყებენ.

აღჭურვილობა

         კარჩხანაზე სათევზაოდ საკმარისია 4-5 კლასის ჯოხი შესაბამისი კოჭათი და შნურით, შნური და ლიდერი შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც მცურავი, ასევე ნეიტრელური ცურვადობის მქონე. მაქსიმალური კომფორტისათვის დამატებით დაგვჭირდება თერმოთეთრეული და ვეიდერსები.

სათევზაო ადგილის შერჩევა

           
          ლოგიკურია სათევზაოდ ავარჩიოთ დაბალი წყალი, რადგან იგი უფრო სწრაფად თბება, შესაბამისად, ასეთ ადგილებში მწერების აქტიურობა მაქსიმალურია, და თევზის მაქსიმალური კონცენტაციაც სწორედ აქ გვხვდება. იდეალურია, თუკი ვნახავთ წინა წლის ლერწმის პლანტაციების ნარჩენებს და მათ სიახლოვეს ვცდით ბედს. შესაძლებელია მოგვიწიოს ფსკერის მეტნაკლებად გასუფთავებაც, რათა თავიდან ავიცილოთ იმიტაციების დაკარგვა.

თევზაობის ტაქტიკა

           გამომიდინარე იქედან, რომ ჭერა ხდება საკმაოდ მოკლე 10-15 მეტრის მანძილზე და წყალიც გამჭვირვალეა სასურველია თევზაობისას დავიცვათ სიჩუმე და იმიტაციის მიწოდება მოვახდინოთ მაქსიმალურად ფრთხილად, იმიტაციის გატარება ხდება სხვადასხვა სისწრაფის 10-15 სანტიმეტრიანი სტრიპებით, სტრიპებს შორის კეთდება რამდენიმე წამიანი პაუზა, რათა ჩვენი იმიტაცია ჩაიძიროს, შემდეგ ყველაფერი იწყება თავიდან, გატარების სისწრაფით ვეძებთ თევზის კვების ჰორიზონტს და შემდეგ ვცდილობთ სწორედ ამ ჰორიზონტზე თევზაობას. თუკი ვთევზაობთ ემერჯერებზე ან ზრდასრული მწერის იმიტაციაზე, მაშინ შნურის სროლის შემდეგ, დროგამოშვებით ვახდენთ იმიტაციის ოდნავ დაძვრას, ანუ რეალური მწერი წყლის ზედაპირზე ქცევის იმიტირებას.

იმიტაციები

           კარჩხანაზე სათევზაოდ იყენებენ 16-12 ზომის ნემსკავებზე დამზადებულ იმიტაციებს. წარმატება მოაქვს სხვადასხვა ემერჯერებზე და ნიმფებზე თევზაობას, კერძოდ კი:

             განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი კოღოს მატლის იმიტაცია, მაგალითად ნიმფა
            ემერჯერი
            რუისელის იმიტაცია




თეთრულა


           ეს პატარა თევზი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან საქართველოს თითქმის ყველა წყალსატევში გვხვდება. მისი ჩაკვრა ელვისებურია, ამიტომაც fly fishing- ის ათვისების პირველ ეტაპზე იდეალური სავარჯიშო ობიექტია, გამოცდილი მეთევზეებიც კი თეთრულას 10 ჩაკვრიდან საშუალოდ 5-6 -ის რეალიზებას თუ ახერხებენ. ტბის თეთრულა უმეტესწილად მდინარისაზე შესამჩნევად დიდია.

აღჭურვილობა

           თეთრულაზე სათევზაოდ გამოიყენება 2-5 კლასის ჯოხები შესაბამისი კოჭათი და ცურვადი შნურით, ამ შემთხვევაში უპრიანია მაქსიმალურად სწრაფი წყობის ჯოხის გამოყენება, რათა მოხდეს ჩაკვრების მაქსიმალური რაოდენობის რეალიზება.

სათევზაო ადგილის შერჩევა

          ტბებსა და დიდ წყალსაცავებში თეთრულა თავის ადგილსამყოფს ზედაპირზე აქტიურობით ავლენს, ამასთან უპირატესობას ღია სივრცეებსა და სუფთა ფსკერს ანიჭებს, ძირითადად მისი გუნდები წყნარი წყლისა და ტალღების საზღვარზე დგას. თეთრულას დიდი რაოდენობა გვხვდება დამბებთან და მდინარის შესართავებში, დინებისა და წყნარი წყლის საზღვარზე.

თევზაობის ტაქტიკა

          თეთრულას ელვისებური რეაქციიდან გამომდინარე, იმიტაციაზე მაქსიმალური კონტროლის მიზნით, თევზაობისას შნური მაქსიმალურად დაჭიმული უნდა იყოს, სროლის სხვადასხვა ტექნიკებიდან უპირატესობა roll cast-ს ენიჭება, რომელიც თავიდანვე უზრუნველყოფს იდეალურ კონტროლს, მნიშვნელოანია მაქსიმალურად ფრთხილი ამოკვრა, რადგან ამ თევზს ძალიან სუსტი პირი აქვს, ამიტომ ამოკვრა ხდება არა ანკესით, არამედ შნურის მოქაჩვით.

იმიტაციები

           თეთრულაზე სათევზაოთ გამოიყენება 16-18 ზომის ნემსკავებზე დამზადებული იმიტაციები. შედეგიანია თითქმის ყველა ტიპის იმიტაცია, მაგრამ განსაკუთრებით წარმატებულია შემდეგი ტიპები:

           სხვადასხვა სახის wet fly, ამასთან უპიატესობა ენიჭება კაშკაშა ფერის მასალებს

          
             ნიმფები


            ხოჭოები

მცირედი ისტორია

         ამ მეთოდით თევზაობის შესახებ ყველაზე ადრეული არტეფაქტები ჩვენს წელთაღრიცხამდე 2000 წელს უკავშირდება და წარმოადგენენ ჩინეთის ტერიტორიაზე ნაპოვნ ნემსკავებს, რომლებიც ბუმბულებით იყო შემოსილი, რაც შეეხება წერილობით დოკუმენტებს, სახეზე გვაქვს ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის ბოლოს რომაელი კლაუდიუს აელიანუსის ჩანაწერები, რომლებიც ეხება მაკედონიის მდინარეებზე თევზჭერას,


        ასევე მოიპოვება ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხების დამწერლობის ნიმუშებში, რომლებიც დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით და ძირითადად ნაწყვეტ-ნაწყვეტ ცნობების სახითაა წარმოდგენილი, თუმცა უკვე ნათლად ჩანს, თუ კონკრეტულად რა ტიპის იმიტაციების გამოყენება ხდებოდა (ძირითადად სხვადასხვა მწერები, რომლებიც წყლის ზედაპირზე ხშირად გვხვდება).
   მხოლოდ რენესანსის ეპოქამ მოიტანა დასავლეთ ევროპაში ბუნების კანონზომიერებებისადმი და მათი პრაქტიკაში გამოყენებისადმი ინტერესი. 1486 წელს გამოვიდა სპორტული თევზაობის შესახებ უძველესი წიგნი - St. Albans - ის მონასტერის წინამძღვარის იულიანა ბერნერსის "Book of St.Albans"



       ამ წიგნში პირველად არის მოხსენიებული და დეტალურად აღწერილი 12 იმიტაცია (ლეგენდარული March Brown - ის პირველი პროტოტიპი სწორედ ამ წიგნშია მოცემული). ასევე აღსანიშნავია შვეიცარელი ექიმის, თეოლოგისა და ფილოლოგის კონრად გესნერის 1561 წელს ხუთტომეულის სახით გამოცემული "Historia Animalium", რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საკმაოდ მაღალი ხარისხის იმიტაციები, მათი დამზადებისა და გამოყენების წესი.


              შემდგომ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა 1600 წელს გამოცემულმა წიგნმა "Certain experiments concerning fish and fruite" ტავერნერის ავტორობით, რომელშიაც დეტალურადაა ასახული სხვადასხვა სახეობის მწერის განვითარების ეტაპები.
                                                     



     ეს ნაშრომი საფუძვლად დაედო 1613 წელს გამოცემულ ჯონ დენისის წიგნს "The secrets of angling", რომელიც პრაქტიკული fly fishing - ის პირველ სახელმძღვანელოდ შეიძლება ჩავთვალოთ.


                 უდიდესი პროგრესი ამ მეთოდით თავზაობამ ინგლისში XIX - XX საუკენეების მიჯნაზე განიცადა, სამრეწველო რევოლუციამ შესაძლებელი გახადა საკმაოდ მაღალხარისხოვანი აღჭურვილობის შექმნა, თევზაობაც ფართო მასებში გახდა პოპულარული, ხოლო fly fishing - ი კი, რომელშიაც ყველაზე ნათლად პოვა ასახვა თევზსა და მეთევზეს შორის Fair Play (სამართლიანი თამაში) პრინციპმა კი განსაკუთრებით. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ლიტერატურა. სწორედ ალფრედ რონალდსმა, ფრედერიკ ხალფორდმა, ჯეიმს ოგდენმა ჩამოაყალიბეს ამ მეთოდით თევზაობის წესები და პრინციპები, რომლებიც დღემდე მოქმედებენ.


              ახლა კი მოკლედ გადავავლოთ თვალი განვითების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მწერების იმიტაციებძე თევზაობის ისტორიას:

Wet fly fishing (სველ იმიტაციაზე თევზაობა)

ამ მეთოდით თევზაობამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია შოტლანდიაში, სადაც მან ნაციონალური სპორტის ხასიათი მიიღო. განვითარებას ხელი განსაკუთრებით შეუწყო იმან, რომ ამ რეგიონში ბევრია საორაგულე მდინარეები, იმიტაციების დამზადება ხდებოდა ბუნებრივი პროტოტიპების მიხედვით, და სხვა მეთოდით თევზაობაც საკმაოდ სწრაფად დაჩრდილა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ტერმინი "კლასიკური შოტლანდიური სკოლა". მოგვიანებით, როდესაც პოპულარული გახდა მშრალ იმიტაციაზე თევზაობა ამ მეთოდმა მეორე პლანზე გადაიწია და მხოლოდ 1900 წლის შემდეგ, როდესაც გამოვიდა სკიუესის წიგნი "The way of a trout with a fly" დაიბრუნა პოპულარობა.




               ამ წიგნში ავტორი აღწერს იმიტაციებს და აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ მკვდარი მწერების იმიტაციებზე, არამედ კვერცხებზე, ნიმფებზე და ემერჯერებზე. სწორედ ამ წიგნის გამოსვლით დადგინდა ამ ორი ზემოაღნიშნული მეთოდით თევზაობის "თანასწორუფლებიანობა".

Nymph fishing (ნიმფაზე თევზაობა)

1910 წელს გამოვიდა ზემოთხსენებული სკიუესის ახალი წიგნი "Minor tactics of the chalk stream"


        ავტორი კონკრეტულ პერიოდში და კონკრეტულ წყალსატევში აკვირდებოდა თევზის კვების თავისებურებებს და მივიდა ნიმფების გამოყენების აუცილებლობამდე, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თანამედროვე ზოოლოგიაში მწერის განვითარების ამ ეტაპის ასახვისათვის იყენებენ სწორედ ტერმინ "ნიმფა"-ს. ამ პერიოდიდან ნიმფაზე თევზაობა ისეთივე პოპულარული ხდება, როგორც სხვა მეთოდების გამოყენებით თევზაობა. სწორედ ამ მიზნისთვისაა შექმნილი ძირვადი შნურები.

Dry fly fishing (მშრალ იმიტაციაზე თევზაობა)

არასწორი იქნებოდა, თუკი ვიფიქრებდით, რომ მშრალ იმიტაციაზე თევზაობას ყურადღება არ ექცეობა, უბრალოდ სათანადო მასალების არქონის გამო იმიტაციები ვერ ჩერდებოდნენ წყლის ზედაპირზე, ამიტომ ამ მეთოდმა თავიდან პოპულარობა ვერ მოიპოვა. მრეწველობის განვითერებასთან ერთად იქმნებოდა შესაბამისი მასალებიც. 1879 წელს გამოიცა ჯეიმს ოგდენის წიგნი "Ogden on fly tying"  



          და ფრედერიკ ხალფორდის ნაშრომი "Floating flies and how to dress them", რომლებმაც იმდენად დიდ პოპულარობა მოუტანეს ამ მეთოდს, რომ კლასიკური შოტლანდიური სკოლაც კი დაჩრდილეს.


       თანამედროვე პერიოდში კი fly fishing - ის განვითარებასა და დახვეწაში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს ისეთმა პიროვნებებმა, როგორებიც არიან ინგლისელი ოლივერ ედვარდსი (რეალისტური იმიტაციების დამზადების აღიარებული ოსტატი)


და ავსტრიელი რომან მოზერი (ავსტრიული სტილის ერთ - ერთი ფუძემდებელი)


       ამ სტატიაში ძალზედ მოკლედ არის მოცემული კლასიკური fly fishing - ის განვითარების ისტორია, არსებობს სხვადასხვა თანამედროვე მეთოდი მაგ: ჩეხური ნიმფა, პოლონური და ამერიკული მეთოდები, ზვიგენზე და მარლინზე თევზაობა და ა.შ, თუმცა ჩემი აზრით, ყველა ამ მეთოდს კლასიკასთან არაფერი აქვს საერთო და უფრო იმის მტკიცებულებას წარმოადგენენ, რომ fly fishing - ი თევზაობის უნივერსალური მეთოდია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი თევზის დაჭერაა შესაძლებელი.
          რამდენადაც ვიცი კლასიკური Fly fishing - ის ასე თუ ისე "გავრცელებას" XX საუკუნის დასაწყისში ფოთში მყოფი ინგლისური საექსპედიციო ძალების ოფიცრებმა დაუდეს სათავე, მაგრამ შემდგომში რა სახის განვითარება პოვა ამ მეთოდმა ჩვენთან ნადვილად არ ვიცი, არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა ან ინფორმაციის მოძიება. თუმცა არა მგონია რამე განსაკუთრებული მოვიძიოთ, არ არსებობდა ადგილობრივი წარმოება და ალბათ თევზაობდნენ ინგლისელების მიერ დატოვებული მასალებითა თუ აღჭურვილობით, ინგლისელებმა კი ფოთი მალევე დატოვეს.