მთავარი



მეგობრებო,

          მოგესალმებით ჩემს ახალ ბლოგზე. დიდი ხანია მინდოდა ასეთი რესურსის შექმნა, ვცადე პუბლიკაციების გამოქვეყნება რამდენიმე ქართულ ფორუმზე, მაგრამ ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო მალევე დავკარგე ინტერესი. მოკლედ "რუბიკონი გადალახულია" და წარმოგიდგენთ პროექტს, რომელიც მთლიანად ეხება თევზაობის ერთ-ერთ ყველაზე რთულ, მაგრამ ამავდროულად ლამაზ და უკიდურესად სპორტულ სახეობას, კერძოდ კი Fly Fishing - ს. იმედია შევძლებ ამ სახეობის საქართველოში პოპულარიზაციის სულ მცირე ხელშეწყობას მაინც.
        თავდაპირველად მოგაწვდით ჩემს ადრინდელ სტატიებს, რომლებიც უკვე განთავსებულია სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ ინტერნეტ ფორუმებზე, დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით შევეცდები მათში მცირედი კორექტივები შევიტანო და სრულყოფილი სახით წარმოგიდგინოთ.

დავიწყოთ!

1. რა არის "fly fishing" ? (წკეპლით, გაწკლეპლვა, нахлыст, нахлёст, შოლტაობა)პირველ რიგში აღსანიშნავია ის უდავო ფაქტი, რომ ორიგინალური დასახელების გარდა (fly fishing) არც ერთ სხვას ამ მეთოდით თევზაობის არსთან საერთო არაფერი აქვს. ეტიმოლოგიურად fly fishing ნიშნავს ბუზზე, მწერზე თევზაობას, რაც შემდგომში გადაიზარდა მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა სახეობის მწერის, (წვრილი მღრღნელისაც კი) თუ ლიფსიტის ხელოვნური მასალებისაგან დამზადებულ იმიტაციაზე თევზაობაში. ამიტომ პირადად მე ამ მეთოდის დასახელებისას გამოვიყენებ ტერმინს fly fishing. (საერთოდ ალბათ უპრიანია ინგლისური ტერმინოლოგიის გამოყენება, რადგანაც თითოეული ინგლისური ტერმინი, მოკლედ, ზუსტად და ამომწურავად ახასიათებს კონკრეტულ ობიექტსა თუ მეთოდს)

2. რით გასხვავდება აღნიშნული მეთოდი სხვა ტიპის თევზაობებისაგან?

განსხვავება მდგომარეობს როგორც სპეციალურ აღჭურვილობაში, ისე სატყუარას თევზამდე მიწოდების მეთოდში. ამ მეთოდით თევზაობისას გამოიყენება სპეციალური ჯოხი, რომელსაც კოჭა ბოლოში აქვს დამონტაჟებული, რაც განპირობებულია იმით, რომ მოხდეს იდეალური ბალანსირება და თევზაობისას ხელი ნაკლებად დაიღალოს. რაც შეეხება სატყუარის თევზამდე მიწოდებას, გამოიყენება სპეციალურად დამზადებული შნური (სამწუხაროდ ქართული შესატყვისი ვერ მოვნახე, "ბაწარი" ნამდვილად არ გამოდგება), რომელსაც გააჩნია საკმაოდ დიდი წონა და უზრუნველყოფს სატყუარის საკმარის მანძილზე სროლას ყოველგვარი დამატებითი ტვირთის გარეშე. რა თქმა უნდა მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ სატყუარად გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ თევზის ამა თუ იმ საკვების ხელოვნური იმიტაციები.

3. რისგან შედგება fly fishing - ისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა?

ჯოხი, კოჭა, ბეკინგი (დამაგრძელებელი ძუა, რომელიც ეხვევა კოჭაზე შნურის დახვევამდე და იმ შემთხვევაში, თუკი სატყუარაზე საკმაოდ დიდი თევზი წამოეგო, უზრუნველყოფს შნურის დაგრძელებას (თვითონ შნურის სიგრძე დაახლოებით 24-31 მეტრია)), უშუალოდ შნური, ლიდერი (მონოფილური, ფლუოკარბონის ჩვეულებრივი ან დაწვნის მეთოდით დამზადებული გადასასვლელი ძუის მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფს შნურიდან სატარებლამდე დიამეტრის შემცირებას, რათა სატყუარის სროლისას მოხდეს იმიტაციის ბუნებრივად, ფრთხილად მიწოდება), სატარებელი და თვითონ იმიტაცია.


4. რას ნიშნავს ტერმინი "კლასი"?

ეს ტერმინი აღნიშნავს შნურის წონას, რაც გამოიხატება ამ შნურის პირველი 30 ფუტის წონაში. სისტემა შემუშავებულია AFTMA -ს(American Fishing Tackle Manufacturer's Association) მიერ. არსებობს ძირითადი, მეტ - ნაკლებად ფართოდ გავრცელებული კლასები 1-დან 12-ის ჩათვლით. რაც უფრო მაღალია კლასი მით უფრო მძიმეა თვითონ შნური და შესაბამისად უფრო შორს შეიძლება მისი სროლა და უფრო დიდი წონის თევზზე თევზაობაც. 5 კლასის შნურს ესაჭიროება 5 კლასის ჯოხი და კოჭა, მე -6-ეს მეექვსე და ა.შ. უფრო დაბალი კლასის ჯოხის გამოყენებისას ვთქვათ 5 კლასის შნურზე 3 კლასის ჯოხის, სავსებით შესაძლებელია ჯოხის დაზიანება, ხოლო უფრო მაღალი კლასის გამოყენების დროს, მაგ: 5 კლასის შნურზე 7 კლასის ჯოხის, შნურის სროლა გართულებულია, ერთი კლასით მაღლა ან ქვემოთ ცდომილება არაა კრიტიკული, თუმცა არასასურველია.

5. სად შეიძლება კალმახის დაჭერა საქართველოში? (ბევრი არასწორად ფიქრობს, რომ ამ მეთოდით მხოლოდ კალმახზე თევზაობენ)

წითელ წიგნში.

6. რა თევზის დაჭერაა შესაძლებელი ამ მეთოდით თევზაობისას?

ნებისმიერი (საქართველოს პირობებში ღორჯოდან ლოქომდე)


7. რა აღჭურვილობაა საჭირო დამწყებისათვის?

ჩვენი პირობებისათვის ოპტიმალური იქნება 4 ან მაქსიმუმ 5 კლასის 8-9 ფუტიანი ანკესი, შესაბამისი კოჭა, შნური (ბეკინგად გამოდგება ნებისმიერი ძუა 0,3 - 0,4 მმ) ლიდერს მე დაგიმზადებთ.

8. რა ეღირება ეს აღჭურვილობა?

150 დოლარიდან (თუკი სადმე ფასდაკლება მოხდება) და ზევით. (არსებობს უფრო იაფიანი მზა კომპლექტებიც, მაგრამ არა მგონია მიზანშეწონილი იყოს მათი შეძენა)

9. სად შეიძლება fly fishing-ისათვის განკუთვნილი აღჭურვილობის ნახვა/ყიდვა?

ჯერჯერობით სულ ორი ინტერნეტ მაღაზია მოვნახე, სადაც აღჭურვილობის მაქსიმალურად ფართო ასორტიმენტია:


და


10. სად შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მოძიება?

სულ მალე ამ ბლოგზე და ასევე:

http://www.romanmoser.ru/ (სტატიები და ინსტრუქციები)
http://www.vlasenko.ru/ (სტატიები და ინსტრუქციები)
http://www.expertvillage.com/ (ვიდეოები)
http://www.midcurrent.com/ (სტატიები და ინსტრუქციები)
http://www.troutnut.com/ (ბრწყინვალე რესურსი ენტომოლოგიაში)
http://www.fffc.ru/forum_3/ (ფორუმი)
http://www.mushki.ru/terki/ (ფორუმი)
http://www.fly-fishing.ru/forum/ (ფორუმი)


და რაც მთავარია, შესაბამისი ბმულების ფორუმებზე უამრავი ინფორმაციაა დაინტერესებულთათვის.

პატივისცემით,
ნიკა ზურაბიშვილი



P.S. ბლოგზე ატვირთული სურათების და ვიდეოფაილების ნაწილი მოპოვებულია ინტერნეტის მეშვეობით, გარდა იმ ფოტო და ვიდეომასალისა, რომელსაც პირდაპირ ერთვის მითითება იმის თაობაზე, რომ არის პირადად ჩემი გადაღებული.