Friday, December 30, 2011

Happy New Year


             დგება ახალი 2012 წელი. მინდა მოგილოცოთ ყველას, ამ ბლოგის ერთგულ მკითხველებსა და ყველა დანარჩენსაც. გისურვებთ წარმატებებს, დიდ სიხარულს, სიყვარულს, ჯანმრთელობას. იმედია ახალი წელი ბუნების მეტ დაფასებას გვასწავლის, დაგვანახებს, რომ ბუნების სიყვარული მხოლოდ რესტორანში მორიგი სტანდარტული სადღეგრძელოთი არ შემოიფარგლება, დაგვანახებს ჩვენც და იმათაც, ვისაც ხელეწიფება რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ კუთხით. იმედია ახლა მაინც შევიგნებთ, რომ თვითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული ჩვენი ფლორისა და ფაუნის მომავალი. იმედია ბრაკონიერებიცა და  მეთევზის სახელს ამოფარებული მეხორცეებიც გონს მოეგებიან.
             ბლოგი უკვე ხუთი თვეა არსებობს, არსებობს და ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით ცდილობს რამე მაინც შეცვალოს არსებული უგუნურების ჭაობში. იმედია მომავალ წელს მაინც შეიცვლება რამე და ნაკლებად იქნება საჭირო კრიტიკული სტატიების წერა. იმედია მომავალ წელს მაინც არ დაგვჭირდება ყოველ გასვლაზე მდინარისა თუ ტბორისათვის ბოდიშის მოხდა.
              იმედია .....

Sunday, December 25, 2011

კოღო (комар, moscito-Culicidae) და ქინქლა (мошка, midge - Chironomidae)


           ენტომოლოგიურად ეს ორი სახეობა განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა ჩვენთვის ეს განსხვავება ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი ის ფაქტია, რომ თევზი მათ საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამ მწერების გავრცელების არეალი ძალიან ფართოა და თითქმის ნებისმიერ წყალსატევზე მრავლად გვხვდება, განსაკუთრებით მდორე ადგილებში, ან შედარებით ნაკლები სიძლიერის დინებაზე.
           ალბათ უპრიანი იქნება, რომ ეს ორი სახეობა უბრალოდ კოღოს სახელით მოვიხსენიოთ, ამით არაფერი არ დაშავდება, მითუმეტეს, თუკი იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ მათი ქცევა და განვითარების სტადიები, ჩვენი ჭერის ობიექტის გადმოსახედიდან, ერთი და იგივეა. ალბათ სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ მათი იმიტაციები ერთმანეთისაგან მხოლოდ ფერითა და ზომით განსხვავდება. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულ მეტამორფოზთან, ანუ კვერცხი - ლარვა - ჭუპრი - ზრდასრული, ფრთიანი მწერი. ჩვენ კი შემდეგ სტადიებს ვანიჭებთ ყურადღებას:  ლარვა - ემერჯერი - ზრდასრული მწერი.
          ლარვა - კოღო ცხოვრების უდიდეს ნაწილს სწორედ ლარვის სტადიაში ატარებს, დაკვირვებების შედეგად ნათელი გახდა, რომ თევზი ძალია დიდ ყურადღებას აქცევს იმიტაციის ზომას, ამიტომ აუცილებელია დავაკვირდეთ თუ რა ზომის ლარვები გვხვდება კონკრეტულ წყალსატევზე


           მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ლარვები წყალსატევის კონკრეტულ მონაკვეთებზე საკმაოდ დიდ პოპულაციებს ქმნიან, ამიტომ დაკვირვება აუცილებელია.


            ემერჯერი - ამ სტადიაზე ხდება ლარვის გადაქცევა ჭუპრად, რომელიც მიისწრაფვის ზედაპირისაკენ, შესაბამისად, ვიყენებთ ემერჯერის სტადიის იმიტაციას.


           აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ემერჯენცია მასობრივ ხასიათს ატარებს, ამიტომ, ასეთ მომენტებში თევზის ყურადღება სწორედ მათზეა კონცენტრირებული.
           ზრდასრული, ფრთიანი მწერი - კვერცხის დების სტადიაზე კოღო წყლის ზედაპირზე ჯდება და შესაბამისად თევზის რაციონშიც საკმაოდ ხშირად ხვდება.       


           რაც შეეხება spent სტადიას მისი იმიტირება არ ხდება, რადგან კოღოს ცხოვრებისეული ციკლი არ სრუდება წყლის ზედაპირზე. 

Saturday, December 24, 2011

მეგაზაფხულე (веснянка, stonefly - Plecoptera)


            მიკროფაუნის ეს წარმომადგენელი თევზის რაციონში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, თუმცა არა ისეთს, როგორც მედღეურები ან რუისელები. თუმცა, თუკი კონკრეტულ წყალსატევზე, ან წყალსატევის რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთზე ამ მწერის კონცენტრაცია განსაკუთრებით დიდია, მაშინ, რა თქმა უნდა ვითარება საპირისპიროა.  დღესდღეისობით მეგაზაფხულეების 2000 ზე მეტი სახეობაა ცნობილი. ზომებიც საკმაოდ გასხვავებულია 2 დან 10 სანტიმეტრამდე. ენტომოლოგიურად ისინი წარმოადგენენ მწერთა კატეგორიას, რომელთაც ახასიათებთ არასრული მეტამორფოზი. 
        მეცნიერული თვალსაზრისით მისი ცხოვრებისეული ციკლი გამოიყურება შემდეგნაირად: კვერცხი (egg) - ნიმფა (nymph) - ემერჯერი (emerger) - ზრდასრული, ფრთიანი მწერი (adult). Fly Fishing - ში კი მიღებულია შემდეგი სტადიების იმიტირება: ნიმფა და ზრდასრული მწერი. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მეგაზაფხულის ემერჯენცია არ ხდება წყალში, ნიმფა ამოდის ნაპირზე და უკვე შემდეგ გადაიქცევა ზრდასრულ მწერად, სწორედ ამიტომაა, რომ იგი, მედღეურებსა და რუისელებზე იშვიათად  ხვდება თევზის ინტერესის სფეროში.
          ნიმფა - სწორედ ეს ეტაპია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან მეგაზაფხულე სწორედ ნიმფის სტადიაში ატარებს ცხოვრების ძირითად ნაწილს
          

            ნიმფას ახასიათებს ორ სხივიანი კუდი, ორ რიგად განლაგებული ფრთების ჩანასახები, საკმაოდ განვითარებული ფეხები, მკვეთრად სეგმენტირებული, მეტ-ნაკლებად ცილინდრულ ფორმის ტანი, გამოკვეთილი თავი და ორი "ანტენა".
             როგორც უკვე აღვნიშნეთ, ემერჯენცია არ ხდება წყალში, ამიტომ ამ სტადიას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
             ზრდასრული მწერი - ამ ეტაპზე ხდება შეჯვარება და კვერცხების დადება. სახეობის მიხედვით ზოგი მეგაზაფხულე წყლის ზედაპრზე ჯდება, ზოგი კი პირდაპირ, ფრენისას ყრის კვერცხებს, ჩვენთვის რა თქმა უნდა პირველი ვარიანტია საინტერესო.   

        
             ქვემოთ მოცემულ ვიდეორგლოზე მეგაზაფხულე მოხსენიებულა, როგორც Salmonfly, ეს მისი არამეცნიერული, Fly Fisher-ების მიერ შერქმეული სახელია
             

            კვერცხების დადების შემდეგ მეგაზაფხულე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობს, იგი არ იღუპება მდინარეში, ამიტომაც spent სტადიის იმიტირება არ ხდება.
               საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს სახეობა წყლის ეკოლოგიური სისუფთავის ინდიკატორადაც შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან დაბინძურებულ გარემოში საკმაოდ სწრაფად ქრება.

Sunday, December 18, 2011

რუისელი (ручейник, caddisfly - Trichoptera)


            შეიძლება ითქვას, რომ რუისელები, მათი განვითარების ყველა სტადიაზე, მედღეურებზე არანაკლებ როლს თამაშობენ ნებისმიერი სახეობის თევზის კვებაში, რაზედაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მათ იმიტაციათა  ძალიან დიდი მრავალფეროვნება. 
          მედღეურებისაგან განსხვავებით, მათ ახასიათებთ მეტამორფოზის სრული ციკლი, ანუ თუ მედღეურა ნიმფიდან პირდაპირ გადაიქცევა ზრდასრულ ფორმად, რუისელების შემთხვევაში დამატებულია ჭუპრის (pupa)  სტადია. ენტომოლოგიაში  მიღებულია ამ მწერის ცხოვრებისეული ციკლის შემდეგი ეტაპების გამოყოფა: კვერცხი (egg), ლარვა (larvae), ჭუპრი (pupa) და ზრდასრული, ფრთიანი მწერი (adult). Fly Fishing - ში, ამ შემთხვევაშიც, მედღეურების მსგავსად, კვერცხის სტადიას ყურადღება არ ექცევა, სამაგიეროდ დამატებულია ემერჯერის (emerger) სტადია, და საიმიტაციო ობიქტთა რიგი გამოიყურება შემდეგნაირად:  ლარვა - ჭუპრი - ემერჯერი - ზრდასრული, ფრთიანი ფორმა. განვიხილოთ თვითოეული სტადია უფრო დეტალურად:
          ლარვა - გამომდინარე იქედან, რომ სხვადასხვა სახეობის რუისელი ამ ეტაპს სხვადასხვანაირად გადის, უპრიანი იქნება უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს სტადია. არსებობს სამი განსხვავებული ტიპის ლარვა:
          1. ლარვა, რომელიც აშენებს "სახლს", ამ ეტაპზე ზოგიერთი სახეობის რუისელი, მაგალითად Pycnopsyche, Lepidostoma და სხვა,  მის სიახლოვეს არსებული ორგანული/არაორგანული მასალებისაგან იშენებს სახლს, რომელშიაც ცხოვრობს ჭუპრად გადაქცევამდე    
          

            ესეც რუისელის არქიტექტორული და დიზაინერული ნიჭის დადასტურება, ბევრ დიზაინერს ნამდვილად შეშურდება, აკვარიუმში ჩაუყარეს სხვადასვა ძვირფასეულობა და ლარვამაც სათანადოდ შეიფერა "ყურადღება" 



           დიდი იმედი მაქვს, რომ ამის ნახვის შემდეგ არავის არ მოუვა აზრად ლარვის ნემსკავზე წამოგება.
            2. ლარვა, რომელიც ქსოვს სანადირო ქსელს. ამ სახეობის რუისელი არ იშენებს სახლს, სამაგიეროდ ქსოვს ერთ ან რამდენიმე ქსელს, რომელშიც ებმევა მიკროფაუნის სხვადასხვა წარმომადგენელი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რუისელის ნებისმიერი სახეობა საკმაოდ მტაცებლური ქცევით გამოირჩევა, რაზედაც ნათლად მიუთითებს მისი კარგად განვითარებული "ყბები"

           

            3. ლარვა, რომელიც არ იშენებს არც სახლს და არც ბადეს ქსოვს, ანუ ცხოვრობს "თავისუფალი ნადირობის" რეჟიმში



            ჭუპრი (ემერჯერი) - ამ სტადიაზეც, კონკრეტული სახეობიდან გამომდინარე, ქცევა სხვადახვანაირია, ზოგი სახეობა სწრაფად აღწევს წყლის ზედაპირს და სწრაფადვე გადაიქცევა ზრდასრულ მწერად, ზოგი საკმაოდ დიდხანს მიყვება დინებას (ძირითადად სწორედ ამ დროს გამოიყენება ემერჯერის ტიპის იმიტაციები, მაგალითად klinkhammer special), ზოგი კი საერთოდ ნაპირზე გამოდის.


           ზრდასრული მწერი - ამ ეტაპზე ხდება შეჯვარება და კვერცხების დადება, რა დროსაც ზოგი სახეობის მწერი წყალქვეშაც კი ჩადის, ზოგი კი წყლის ზედაპირზე აქტიურად გადაადგილდება.  ზრდასრული რუისელის ადვილად იდენტიფიცირების საშუალებას მისი ფრთები გვაძლევს, რომლებიც დაფარულია წვრილი ბუსუსებით


           მედღეურებისაგან განსხვავებით, ზრდასრული რუისელები საკმაოდ დიდ ხანს ცხოვრობენ და მათი დაღუპვა არ ხდება წყალში, შესაბამისად spent სტადია მათ არ გააჩნიათ.

Saturday, December 17, 2011

მედღეურა (поденка, mayfly - Ephemeroptera)


             ჩვენთვის საინტერესო მწერების განხილვას დავიწყებ მედღეურების ზოგადი დახასიათებით. სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ მაქვს ხარისხიანი ფოტოტექნიკა მაკროფოტოგრაფირებისათვის, ამიტომ სტატიაში არსებული ფოტომასალა აღებულია სხვადასხვა ინტერნეტ რესურსიდან.
            Fly Fishing-ი პირველ რიგში ამ სახეობასთან ასოცირდება. შეიძლება ითქვას, რომ იმიტაციათა უმრავლესობა სწორედ მედღეურას განვითარების ამა თუ იმ სტადიას ასახავს. ჩვენს პირობებში ამ მწერის სხვადასხვა სახეობა საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება ნებისმიერ წყალსატევში, თუმცა მეთევზეთა ყურადღება, ისიც საკმაოდ ეპიზოდურად, კონცენტრირებულია მხოლოდ და მხოლოდ მისი განვითარების მეორე სტადიაზე - ნიმფაზე, რომელსაც ჩვენთან სანსალას ან ღორტავს უწოდებენ. არადა მედღეურა, განვითარების ნებისმიერ ეტაპზე თევზის რაციონის დიდ ნაწილს შეადგენს.
             ენტომოლოგები მედღეურებს მიაკუთვნებენ მწერთა იმ კატეგორიას, რომელსაც ახასიათებს არასრული მეტამორფოზი (გარდასახვა) და განვითარების შემდეგ სტადიებს განასხვავებენ: კვერცხი (egg) - ნიმფა (nymph) -ზრდასრული მწერი (imago, dun, spinner). Fly Fishing- ში კი პრაქტიკული დაყოფა უფრო მრავალფეროვანია, მართალია კვერცხის სტადიას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება, სამაგიეროდ დამატებულია ემერჯერის (emerger), მკვდარი ემერჯერის (cripple), სუბიმაგოს (subimago, subdun) და სპენტის (spent) სტადიები, შესაბამისად საიმიტაციო ეტაპების რიგი გამოიყურება შემდეგნაირად: ნიმფა - ემერჯერი - მკვდარი ემერჯერი - სუბიმაგო - იმაგო - სპენტი. განვიხილოთ თვითოეული მათგანი უფრო დეტალურად.
             ნიმფა - მედეურები ცხოვრების 99%-ს ნიმფის სტადიაში ატარებენ. ზედმეტად რომ არ გადავიჭრათ ენტომოლოგიაში მოკლედ ვთქვათ, რომ სახეობის მიხედვით მედღეურას ნიმფების ფორმა, ზომა და ფერი განსხვავდება, მაგალითად ჩქერზე მობინადრე heptagenia სახეობა, საბინადრო პირობებიდან გამომდინარე გამოირჩევა მოკლე, განიერი და ბრტყელი ტანით, საკმაოდ ძლიერი ფეხებით, ეს მახასიათებლები მას დინებასთან ბრძოლაში ეხმარება

          
           ხოლო ტბებში, წყალსაცავებში, ან მდინარის შედარებით მდორე მონაკვეთებზე მცხოვრები baetis კი გამოირჩევა გრძელი ტანითა და შედარებით სუსტი ფეხებით


            მიუხედავად ასეთი განსხვავებებისა, მედღეურას ამოცნობა მარტივია-ნიმფის სტადიაზე მას სამ სეგმენტიანი კუდი აქვს. მედღეურას ნებისმიერი ნიმფა შედგება შემდეგი ნაწილებისგან: კუდი (tail), ტანი (abdomen), მკერდი (thorax), თავი (head) და ფეხები (legs)


           ნებისმიერი წყალსატევში მისი პოვნა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რადგან ნიმფის სტადია 2 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
             ემერჯერი და მკვდარი ემერჯერი - ამ ეტაპზე იწყება მეტამორფოზის შემდეგი სტადია, რომლის დროსაც ნიმფა ისწრაფვის ზედაპირისკენ, რათა გადაიქცეს ფრთიან მწერად, სახეობის მიხედვით ემერჯენცია შეიძლება მოხდეს როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყლიდან ამოშვერილ ქვაზე, ტოტზე ან რომელიმე სხვა ობექტზე.    


            ამ სტადიის მოახლოვება ადვილი დასადგენია ნიმფის ფრთების ჩანასახების (ზედა სურათზე მკერდის ზედა მხარეს არსებული ორი მუქი  წანაზარდი) ფერის მიხედვით, რაც უფრო მუქი ფერია, მით უფრო ახლოა ემერჯენცია.  ნიმფა იცილებს ძველ ქიტინისებრ საფარს და ჩნდება ფრთიანი მწერი


             ძველი საფარის მოცილება ხდება საფარსა და ზრდასრული მწერის ტანს შორის არსებული ჰაერის წნევის დახმარებით, ხანდახან ეს წნევა საკმაოდ დიდია, მწერი იღუპება და იგი, ძველ საფართან ერთად, მიაქვს დინებას, სწორედ ამ ვითარებას ასახავს მკვდარი ემერჯერის იმიტაცია, მაგალითად mayfly cripple.  
              სუბიმაგო - ამ ეტაპზე, ერთი მიდგომის თანახმად, ხდება მწერის მიერ ფრთების გაშრობა, ხოლო მეორე მიდგომის თანახმად კი ფრთების სტრუქტურის გავსება ორგანული სითხით, ამ დროს მწერის ფრთები ნაკლებად გამჭვირვალეა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია იმიტაციის შექმნისას


              ამ ეტაპის ხანგრძლივოდა დიდად არის დამოკიდებული მეტეოროლოგიურ პირობებზე, რაც უფრო დაბალია ტემპერატურა და რაც უფრო ძლიერია ქარი, მით უფრო მეტი დროა საჭირო მისი დასრულებისათვის, შესაბამისად, სუბიმაგო უფრო დიდი ხნის განმავლობაშია მიმზიდველი თევზისათვის.
               იმაგო -  ზრდასრული მწერის სტადია, ამ ეტაპზე ხდება  მწერის აფრენა წყლის ზედაპირიდან, შეჯვარება და კვერცხების დადება. ფრთები უკვე გამჭვირვალეა, ტანიც უფრო ღია ფერისაა


            სპენტი - კვერცხების დადებს შემდეგ მედღეურა კვდება, ამ ეტაპზე იმიტაციის დამზადებისას მნიშვნელობა უკვე წყლის ზედაპირზე დადებულ ფრთებს აქვს


             ესეც მედღეურას  სიცოცხლის სრული ციკლის ამსახველი ვიდეომასალა

Friday, December 16, 2011

შესავალი პრაქტიკულ ენტომოლოგიაში

           

          ამ სტატიით  ბლოგზე ვხსნი ახალ განყოფილებას "პრაქტიკული ენტომოლოგია". საკმაოდ ბევრი ვიფიქრე იმის თაობაზე ღირს თუ არა ასეთი თემის არსებობა და გადავწყვიტე დეტალურად განმეხილა Fly Fishing - ის ეს, ყველაზე მთავარი თუ არა, ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. მართალია ენტომოლოგიური კვლევის შესახებ სტატიის კითხვა ბევრისათვის საკმაოდ მოსაწყენი შეიძლება აღმოჩნდეს, მეტიც, ბევრმა შეიძლება საერთოდ არც კი წაიკითხოს, მაგრამ  ბოლოს და ბოლოს Fly Fishing Chronicles არ არის კომერციული ან PR პროექტი, რომ მკითხველის რაოდენობას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს.  რაც შეეხება პირადად ჩემს მიდგომას Fly Fishing-ისადმი, ვთვლი რომ ენტომოლოგიის ზოგადი ცოდნის გარეშე წარმატება შემთხვევით, ეპიზოდურ ხასიათს შეიძენს, რაც მე ნამდვილად არ მაკმაყოფილებს.  კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნათ მარტივ ფაქტებს უნდა მივმართოთ: არ არსებობს მწერი, რომლითაც თევზი იკვებება და რომლის იმიტაციაც უკვე დიდი ხნის შექმნილი არ არის, მაგრამ თუ თქვენ არ იცით, რომ თქვენს მიერ მდინარეში აღმოჩენილი მწერი არის მაგალითად მედღეურა (поденка, mayflies - Ephemeroptera) უბრალოდ ვერ შეძლებთ, ან როგორც მინიმუმ, ძალიან გაგიჭირდებათ მისი იმიტაციის დამზადების ტექნოლოგიის პოვნა ინტერნეტით,
           Fly Fishing არის თევზაობის ერთადერთი მეთოდი, რომელიც გულისხმობს თევზის ბუნებრივი საკვების მთელი მრავალფეროვნების 100%-ის იმიტირებას სხვადასხვა ხელოვნური თუ ბუნებრივი მასალებით.
          ლოგიკურია თევზს პირველ რიგში შევთავაზოთ ის საკვები, (ჩვენს შემთხვევაში-იმიტაცია) რაც მისთვის აბსოლიტურად მისაღები და ბუნებრივია, შესაბამისად, აუცილებელია ვიცოდეთ, კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ წყალსატევზე, დღის კონკრეტულ მომენტში რით იკვებება კონკრეტული სახეობის თევზი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, აუცილებელია ვიცოდეთ თუ ამ კონკრეტულ მომენტში თევზის საკვები ბაზის კონკრეტულად რომელი შემადგენელი ნაწილია აქტიური, სწორედ ამის საფუძველზე ვირჩევთ აღჭურვილობას, ტაქტიკასა და სატყუარას. რა თქმა უნდა შეგვიძლია ყოველგვარი ენტომოლოგიის გარეშე გამოვიყენოთ ბუზის მატლის


ან ჭიაყელას იმიტაცია


მაგრამ ასეთ შემთხვევაში, პირადად ჩემთვის Fly Fishing-ის, როგორც ულამაზესი მეთოდის, მიმზიდველობა საერთოდ იკარგება. ჯერ ერთი, არც პირველი და არც მეორე მაგალითი არ წარმოადგენს თევზის ბუნებრივ საკვებს, რადგან  წყალში მხოლოდ შემთხვევით, მაგალითად წყალდიდობის დროს, ან მეთევზის ნებით ხვდება, და მეორე - არცერთ მათგანს კლასიკურ იმიტაციასთან საერთო არაფერი აქვს.  
           რა არის თევზის ბუნებრივი საკვები? რა თქმა უნდა წყლის ის მიკროფაუნა, რომელიც ნებისმიერ წყალსატევში თუ მის ნაპირებზე მრავლად გვხვდება. ამ მხოხავი თუ მფრინავი მრავალფეროვნების 99,9% სწორედ წყალში გადის განვითარების საწყის ფაზას, შესაბამისად, წარმოადგენს თევზის რაციონის უდიდეს ნაწილს,  აი სწორედ აქ იწყება ენტომოლოგია-მეცნიერება მწერების შესახებ. სწორედ ამიტომ სათევზაო ადგილზე მისვლა ჩვენთვის არა მხოლოდ უბრალო მოქმედება, არამედ მთელი რიტუალია, რიტუალი, რომელსაც მდინარისა თუ ტბის გაცნობა, მისალმება  შეიძლება ვუწოდოთ. აღჭურვილობის მომზადებამდე აუცილებლად ვაკვირდებით ნაპირს, ვიკვლევთ ფსკერის სტრუქტურასა და შემადგენლობას, ვზომავთ წყლის ტემპერატურას, რათა გავარკვიოთ, თუ კონკრეტულად რომელი მწერისა თუ სხვა საკვები ობიექტის იმიტაციის გამოყენება იქნება წარმატებული. ასეთ კვლევაში ძალიან დაგეხმარებათ მარტივი მოწყობილობა - 2 ჯოხზე დაფიქსირებული "მარლის" ბადე, რომელსაც ვერტიკალურად ვაფიქსირებთ ფსკერზე და რომელშიაც ებმევა წყლის მიერ წაღებული ან ჩვენს მიერ, ფსკერის გაფხვიერების შედეგად ამოტივტივებული მწერი, ამ მიზნისათვის მე ენტომოლოგიურ კომპლექტს ვიყენებ, რომელშიც, ბადის გარდა, შედის გამადიდებელი შუშა, კოლბები, თერმომეტრი და პინცეტი.

   
            აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თევზი, ამ მიკროფაუნის მრავალფეროვნებიდან მხოლოდ კონკრეტულ სახეობებს ანიჭებს უპირატესობას, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მედღეურები (поденки,  mayflies - Ephemeroptera), მეგაზუფხულეები (веснянки, stoneflies - Plecoptera) და რუისელები (ручейники, caddisflies - Trichoptera). სწორედ მათზე გაკეთდება ძირითადი აქცენტი ბლოგის ამ ახალ განყოფილებაში.

Sunday, December 11, 2011

Catch&Release

           

         Catch&Release (დაიჭირე და გაუშვი) პრინციპით თევზაობა ცივილიზებულ სამყაროში სულ უფრო პოპულარული ხდება, ჩვენთან რა თქმა უნდა პირიქითაა და ჯერჯერობით გამონაკლის ხასიათს ატარებს. ბევრი ამას სადისტობად მიიჩნევს, ბევრს უბრალოდ არ ესმის საერთოდ როგორ შეიძლება დაჭერილი თევზი გაუშვა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან თავიდან დასავლეთში ამ მიდგომას მართლაც ყავდა ბევრი მოწინააღმდეგე.
          თანამედროვე პერიოდიკაში უპრობლემოდ შეგიძლიათ გაეცნოთ უამრავ მასალას სადაც ციფრებითა და ფაქტებით არის დადასტურებული ამ მეთოდის ეფექტურობა, ოღონდ ნუ შეეცდებით ამ სტატისტიკის მისადაგებას ჩვენს სავალალო რეალობასთან, სადაც 0,5 მმ ძუაზე 5-6 ნემსკავიან "კოპტონის" მონტაჟზე თავპირდაგლეჯილ გოჭას ლაყუჩებით წევენ სასწორის რკინის კავზე, სურათის გადასაღებად, მანამდე კი წიხლებით აგდებენ ნაპირზე. 
          Catch&Release პრინციპი პირველად ამერიკასა და კანადაში ოფიციალურად დაინერგა 1984 წელს, როგორც ორაგულის პოპულაციის დაცვის ქმედითი ღონისძიება.
          იმისათვის, რომ გავერკვეთ არის თუ არა ეფექტური "დაიჭირე-გაუშვი" პრინციპით თევზაობა საჭიროა ვიცოდეთ რა იწვევს თევზის დაღუპვას. 
          ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა შემდეგი - შემთხვევათა 57%-ში თევზი იღუპება, თუკი დაუზიანდა საყლაპავი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ან ლაყუჩები. ბუნებრივ სატყუარას თევზი  უმეტესწილად უფრო ღრმად ყლაპავს შესაბამისად, მისი გადარჩენის შანსი დაბალია, ხელოვნურ სატყუარაზე კი პირიქით.  ენისა და თვალის დაზიანება 23% შემთხვევაშია ფატალური. სისხლდენა კი 87 %-ში.  რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია? უნდა მოვერიდოთ ძალიან პატარა ნემსკავებით თევზაობას და ნემსკავს მოვხსნათ "ფხა", ან გამოვიყენოთ სპეციალურად დამზადებული ე.წ. "Barbless" ნემსკავები.


მითუმეტეს მიუღებელია სამპირიანი ნემსკავების (тройник) გამოყენება.
         დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია სტრესიც, ამ დროს თევზის ორგანიზმში გამომუშავდება რძემჟავა, რომლის რაოდენობაც თევზის გამოყვანის დროის ზრდასთან ერთად მატულობს და იწვევს სიკვდილს, ამიტომ აუცილებელია ეს დრო მინიმუმამდე დავიყვანოთ შესაბამისი კლასის აღჭურვილობის გამოყენებით, ხოლო თევზის გაშვებამდე კი დავეხმაროთ მას ძალების აღდგენაში, რისთვისაც უნდა დავიჭიროთ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით და ვუზრუნველყოთ წყლის ცირკულაცია ლაყუჩებში.
          დადგენილია რომ ფოტოგრაფირებისათვის დასაშვებია თევზის 10-15 წამით ამოყვანა წყლიდან ამ დროის გაზრდა 30 წამამდე იწვევს სიკვდილიანობის ზრდას 62 %-ით. მონაცემები მიღებულია ცისარტყელა კალმახზე დაკვირვებების შედეგად. აქედან გამომდინარე უპრიანი იქნება თუკი თევზს წყლიდან საერთოდ არ ამოვიყვანთ და ისე გადავუღებთ სურათს. ყოვლად დაუშვებელია თევზის აყვანა მშრალი ხელით, რადგანაც ამ დროს ზიანდება მისი ლორწოვანი გარსი, რაც ერთის მხრივ იწვევს თერმოშოკს, მეორეს მხრივ კი ხელს უწყობს მის კანზე სოკოვანი დაავადების განვითარებას. თანამედროვე გამოკვლევებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამაზე ჯერ კიდევ ჰემინგუეი წერდა. 
           ყოველივე ზემოაღნიშნული არის სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად მიღებული ფაქტობრივი მონაცემები და ეჭვქვეშ მათი დაყენება რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი მხრიდან არასერიოზული იქნება.
          ახლა რაც შეეხება მორალურ მხარეს, დაჭერილი თევზი ბოლოს 2006 წლის 1 სექტემბერს ჩამოვიტანე  ბაზალეთის ტბიდან და  Catch&Release პრინციპთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ნათლად დავაფიქსირე აქ.  არჩევანი თქვენზეა.     

Saturday, December 10, 2011

კოჭა

            წინამდებარე სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ცნობილი უკრაინელი Fly Fisher-ისა და უმაღლესი ხარისხის კოჭების მწარმოებლის (Megoff)  ალექსანდრე კაპლუნის (Александр Каплун) სტატია. დავუკავშირდი, ვთხოვე ქართულად თარგმნის ნებართვა და მანაც, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, დამრთო ნება ეს სტატია, მცირედი ცვლილებებითა და კომენტარებით, განმეთავსებინა ჩემს ბლოგზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
             ნებისმიერი კოჭა იქმნება იმ გათვლით რომ მეტ-ნაკლები წარმატებით შეასრულოს შემდეგი ფუნქციები:
  • შნურისა და ბეკინგის სათავსოს ფუნქცია;
  • თევზის გამოყვანისას ჯალამბარის ფუნქცია;
  • მუხრუჭის ფუნქცია;
  • სისტემის "ანკესი-შნური-კოჭა" დაბალანსების ფუნქცია;
  • მფლობელის ესთეტიკურ მოთხოვნათა, განსაკუთრებული კასტისადმი კუთვნილების გამოხატვის ფუნქცია
           იმისდა მიხედვით, თუ რომელი კლასისაა (AFTMA) კონკრეტული კოჭა, ზემოაღნიშნული ფუნქციები მეტნაკლები პრიორიტეტულობითაა გამოხატული, მაგალითად 2 კლასის კოჭას რომელიც გათვლილია პატარა ზომის თევზზე, მუხრუჭი შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს.
          შნურისა და ბეკინგის სათავსოს ფუნქცია - მარტივად რომ ვთქვათ 5 კლასის კოჭა თავისუფლად უნდა იტევდეს 5 კლასის შნურსა და ბეკინგს. მთლიანად დახვეული შნური არ უნდა ეხებოდეს ჩარჩოს ზედა მხარეს, რათა გამოირიცხოს დაზიანება. რაც უფრო დაბალია კლასი, მით უფრო ნაკლებია ბეკინგის სიგრძე, მაგალითად 2 კლასის შნურს თავისუფლად ეყოფა 20-30 მეტრი ბეკინგი, ხოლო 15 კლასზე კი მისი სიგრძე 200 მეტრიც შეიძლება იყოს. კოჭა, როგორც შნურის სათავსო, უნდა იყოს არა მხოლოდ შესაბამისი ტევადობის, არამედ საიმედოც, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი ზედაპირი იდეალურად უნდა იყოს დამუშავებული, ამისათვის იყენებენ ანოდირებას, სპეციალურ კერემიკულ ან ტიტანის ჩანართებს, რაც გამორიცხავს შნურის დაზიანებას. 
          ჯალამბარის ფუნქცია - ხარისხიანი კოჭა უნდა უზრუნველყოფდეს შნურის სწრაფ და უპრობლემო ამოხვევას, რა დროსაც გამორიცხული უნდა იყოს შნურის მოხვედრა ღერძზე მაქოსა და კორპუსს შორის ადგილის გავლით, სწორედ ამიტომ ე.წ. Rim Control არის ჩვეულებრივი სტანდარტი, რაც გულისხმობს მაქოსა და კორპუსის შეერთების ადგილას სპეციალური "ლაბირინთული" პროფილის არსებობას, რაც შნურის ჩახვევის ალბათობას გამორიცხავს.  უმჯობესია შევჩერდეთ ე.წ. large arbour ვარიანტზე. სტანდარტული ან mid arbour




 და large arbour


კოჭების დიამეტრი ერთი და იგივეა, მაგრამ large arbour, დიდ სიგანის გამო, საშუალებას გვაძლევს შნური უფრო განიერ ხვეულებად მოვათავსოთ მაქოზე, შესაბამისად გამოვრიცხოთ მისი "მეხსიერების" უარყოფითი ფაქტორი.
             სასურველია სახელური დასმული იყოს სპეციალურ საკისარზე, რაც აადვილებს შნურის ამოხვევის პროცესს. ამ პროცესის კიდევ უფრო დასაჩქარებლად ზოგიერთი კომპანია აწარმოებს კოჭებს გადამცემი მექანიზმით  1,6:1 ან 2:1.  რაც უკვე ფაქტიურად წარმოადგენს მულტიპლიკატორს, მაგალითად Orvis Battenkill High-Speed Retrieve, არსებობს ავტომატური (ზამბარის პრინციპზე მომუშავე) და ელექტრო ვარიანტებიც, მაგალითად Mitchell 710 Automatic



და DAM Quick Fly Fish Electreel


            
           ცალკე აღნიშვნის ღირსია ე.წ. "ანტირევერსული" კოჭები, რაც იმას გულისხმობს, რომ იმ მომენტში, როდესაც თევზს მიაქვს შნური, ტრიალებს მხოლოდ მაქო, ხოლო სახელური კი უძრავად რჩება, მაგალითად Abel 3 A/R Reel



მათ ხუმრობით "პიანისტის" კოჭებსაც უწოდებენ, რადგან თითების დაზიანება გამორიცხულია.
           მუხრუჭის ფუნქცია - ამ ფუნქციას ყურადღება ძირითადად საშუალო და მძიმე კლასის კოჭებში ენიჭება. არსებობს რამდენიმე ტიპის მუხრუჭი
1. ფრიქციონული - დაფუძნებულია ხახუნის ძალაზე, ასეთი ტიპის მუხრუჭი ყველაზე ცუდ შემთხვევაში მზადდება კორპისგან (დასველებისას შეუძლებელია მისი კონტროლი აკვაპლანირების ეფექტის გამო) ხოლო საუკეთესოა კი სხვადასხვა მარკის ფოლადისა თუ კომპოზიტური მასალებისაგან დამზადებული.
2. ჰიდრავლიკური-დაფუძნებულია სითხის მიერ დაბრკოლების გადალახვის პრინციპზე, ასეთმა სისტემებმა ვერ პოვეს გავრცელება არასტაბილური და არაპროგნოზირებადი მუშაობის გამო.
           დაბალანსების ფუნქცია - აქ მარტივადაა ყველაფერი, შეარჩიეთ ისეთი წონის კოჭა, რომელიც შნურთან ერთად "ანკესი-კოჭა-შნური" სისტემის სიმძიმის ცენტრს გადაიტანს მეტ ნაკლები სიზუსტით იმ წერტილში, სადაც შნურის სროლისას გვიჭირავს ანკესის ტარი.
          მფლობელის  ესთეთიკურ მოთხოვნათა დაკმაყოფილების, განსაკუთრებულობის შეგრძნების მინიჭების ფუნქცია - აქ ბევრს ნამდვლად ვერ ვილაპარაკებ, უბრალოდ მარტივ მაგალითს მოვიყვან, კომპანია Loop - ის მიერ წარმოებული კოჭა, ფასი არანაკლებ 600 USD, მწარმოებლის მიხედვით ამ კატეგორიის კოჭა 12 000 USD - მდე შეიძლება ღირდეს, თუმცა აბსოლიტურად იგივე ფუნქციონალური მახასიათებლები ექნება 300 USD - იან ვარიანტსაც.
          

Saturday, December 3, 2011

პირველი კომპლექტის შერჩევის ძირითადი პრინციპეპი

            ამ სტატიის დაწერა საკუთარი გამოცდილებისა და ზოგადად მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე გადავწყვიტე, რადგანაც პირველი არჩევანის გაკეთება, თანაც საქართველოში, სადაც მოკლებულნი ვართ საშუალებას უშუალოდ შევადაროთ სხვადასხვა მწარმოებლისა და ტიპის ანკესები, საკმაოდ რთულია.
            მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკის მიხედვით, დამწყებთათვის  რეკომენდირებულია 8-9 ფუტის სიგრძის, 5 - 6 კლასის, საშუალო, ან საშუალოდ სწრაფი  წყობის (medium, medium fast action, რომლებშიაც ბლანკის დაახლოებით ნახევარი მუშაობს სროლისას) ანკესები. მაგრამ უკეთესია, თუ თავიდანვე მოახდენთ კონკრეტული პირობების განსაზღვრას და შესაბამისად არჩევანის გაკეთებასაც.


ეს რეკომენდაციები ჰაერიდან არ არის აღებული და მრავალწლიანი პრაქტიკის შედეგად არის შემუშავებული. ასეთი ტიპის ანკესები მეტნაკლებად უნივერსალურად ითვლება.
               პირველ რიგში წყობა, რადგანაც სწორედ medium, medium fast action ანკესები აძლევენ დამწყებს საუკეთესო საშუალებას სწრაფად მიხვდეს  შნურით მუშაობის ძირითად პრინციპებს, ასევე "პატიობენ" სროლის ტექნიკაში არსებულ შეცდომებს, გავრცელებული გამონათქვამის თანახმად ისინი "თვითონ" მუშაობენ. გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა მწარმოებლის ანკესის წყობა საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგალითად ევროპელი მწარმოებლების ანკესები უფრო რბილი და დელიკატურია, ვიდრე ამერიკული, თუმცა ორივეს შესაძლებელია მითითებული ჰქონდეს medium fast წყობა, მაგალითად ინგლისური Sonik Sk3 და ამერიკული  Ross Essence FW, რაც არჩევანის გაკეთებისას აუცილებლად გასათვლისწინებელი ფაქტორია.  
           რაც შეეხება კლასს-5,6 კლასის შნურები საკმაოდ მძიმეა, ამიტომ დამწყებისათვის ასათვისებლად ადვილი.
           სიგრძე- 8-9 ფუტის სიგრძე ასევე ოპტიმალურია, რადგანაც ასეთი სიგრძე საშუალებას იძლევა მეტნაკლებად ერთნაირი წარმატებით გამოყენებულ იქნას სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა ტიპის გატარებისას.
            უმჯობესია პირველი არჩევანი ხარისხიან ბრენდზე გავაკეთოთ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ჯერ ერთი-პირადად ჩემთვის მიუღებელია გამოთქმა "ჯერ რამე იაფიანს ავიღებ და შემდეგ, თუ მომეწონა უკვე კარგს შევარჩევ". Fly Fishing-ში ეს მიდგომა, ჩემი აზრით არ ამართლებს, რადგან უხარისხო ანკესი თავიდანვე შნურის სროლის არასწორი ტექნიკის გამომუშავების გარანტია და მეორე  99% შემთხვევებში ასეთი პროდუქტის კლასი განცხადებულს არ ემთხვევა და გაცილებით დიდია, რადგან მწარმოებელი თავს იზღვევს. დამწყები იძენს ვთქვათ 5 კლასის ანკესისთვის 5 კლასის შნურს და იწყებს ტექნიკის ათვისებას, რასაც აუცილებლად მოსდევს პრობლემები.
           სწორედ ზემოთაღნიშნული რეკომენდაციების დაცვა იძლევა საშუალებას დამწყებმა აითვისოს საფუძვლები და შემდგომში უკვე დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე უფრო ადვილად მიხვდეს თუ დამატებით რა მახასიათებლების მქონე აღჭურვილობა სჭირდება. მოვიყვან საკუთარ მაგალითს, როდესაც ამ სტილში პირველ ნაბიჯებს ვდგავდი მრჩეველი არავინ არ მყავდა, ვკითხულობდი უამრავ მასალას და ბოლოს, როგორც დღევანველი გადმოსახედიდან ვხედავ, სწორე არჩევანი გავაკეთე, როდესაც შევიძინე იმ მომენტისათავი უცნობი კომპანიის კომპლექტი - Sonik Sk3, 9", 5/6 weight. სხვათაშორის ამ არჩევანის გაკეთებაში ძალიან დამეხმარა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კარფიშერი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი ირაკლი ხორავა, რომელსაც ამ კომპანიის წარმოების კარფიშინგისათვის განკუთვნილი ანკესები ჰქონდა და შემეძლო თვალნათლივ მენახა მათი ხარისხი, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.


მაშინ იგი საკმაოდ იაფი ღირდა და არჩევანის გაკეთებისას ეს მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო, თუმცა იმავდროულად სწორედ მას მსოფლიოში ცნობილი ჟურნალის  Trout & Salmon ის მიერ ჩატარებულ ტესტირებაში Best In Test კატეგორია ჰქონდა მინიჭებული და მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები გააჩნდა. სამწუხაროდ ახლა ფასებმა თითქმის 3-ჯერ მოიმატა, თორემ მეორე კომპლექტიც ამ ფირმის მექნებოდა. სწორედ ამ კომპლექტმა მიმახვედრა, რომ დამატებით მინიმუმ 2 სხვადასხვა კლასისა და სიგრძის ანკესი მჭირდება პატარა მდინარეებისა და ჩეხური სტილისათვის.
            რაც შეეხება კოჭას და შნურს-ოპტიმალურია, თუ იგივე მწარმოებლის პროდუქციას შევიძენთ, რადგან ამ შემთხვევაში გარანტირებულად მივიღებთ იდეალურად დაბალანსებულ სისტემას. თუკი თქვენს მიერ შერჩეული ანკესის მწარმოებელი არ ამზადებს მათ, მაშინ მოგიწევთ საკმაოდ დიდი ინფორმაციის დამუშავება, თქვენი ანკესის წონის, სიგრძისა და კლასის გათვალისწინებით იპოვეთ კომპანია, ღომელიც აწარმოებს ანკესებსაც და კოჭებსაც. თუ მაგალითად გაქვთ 5 კლასის 9 ფუტიანი ანკესი, ნახეთ ასეთი კომპანია თავის 5 კლასის 9 ფუტიან ანკესებზე რა წონისა და ზომის კოჭას უწევს რეკომენდაციას და არჩევანიც შესაბამისად გააკეთეთ. ჩემს შემთხვევაში პრობლემა არ არსებობდა, რადგან Sonik აწარმოებს კოჭებსაც და შნურებსაც.



            შნური დასაწყისისათვის უნდა იყოს აუცილებლად ცურვადი და აუცილებლად WF, რადგან ამ ტიპის შნურები ადვილია ასათვისებლად, ისევ და ისევ გირჩევთ რომელიმე სოლიდური კომპანიის ნაწარმზე შეაჩეროთ არჩევანი, მაგალითად Scientific Anglers ან Rio, რომლებიც გარანტირებულად მაღალი ხარისხისაა და არაერთი სეზონი გემსახურებათ.
           და რაც მთავარია ნუ დაიზარებთ ინფორმაციის მოძიებას, იკითხეთ მასალები, კონკრეტული მწამოებლის პროდუქციაზე გამოხმაურებები, ნუ შეეცდებით "გამოიგონოთ ველოსიპედი", იგი უკვე გამოგონილია, და აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს.
          

Wednesday, November 30, 2011

არსენალის განახლება

           დაიწყო საახალწლო ფასდაკლებები და გადავწყვიტე არსენალის განახლება, დიდი ხანია მსუბუქი კლასის კომპლექტის აწყობა მსურდა. მოკლედ ასეთ ვარიანტზე შევჩერდი
კოჭა Cabela's WLx Fly Reel 4-5 კლასის და 4 კლასის ანკესი Ross Essence FW 7"6'.
          ანკესის არჩევა რეკლამიდან და ფასიდან გამომდინარე გადავწყვიტე, იგი წარმოებიდან უკვე მოხსნილია და მის მაგივრად გამოდის RX სერია. ეს სარეკლამო რგოლი


            ტესტირება


           პირდაპირ ვიტყვი, რომ არ ვარ კმაყოფილი, მაქვს მასზე 2-ჯერ იაფი (ყიდვის დროს არსებული ფასით) Sonik Sk3 9" 5/6 weight და Ross მასთან ახლოსაც ვერ მივა ვერც ხარისხით და ვერც ესთეტიკით, მოკლედ პირველი შთაბეჭდილება უარყოფითია, ვნახოთ რას იზავს პრაქტიკაში, რამდენად "გაადამიანურდება" მისი წყობა შნურით დატვირთვისას, ახლა კი, ჩემი აზრით, არის ძალიან უხეში კომბალი, Sonik-ისგან განსხვავებით არ ეტყობა, რომ ადამიანის მიერ არის შექმნილი, ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებს უკიდურესად არაპრაქტიკული და მძიმე ალუმინის ტუბუსი, რომელიც მოყვება.  
          რაც შეეხება კოჭას




           Cabela's WLx Fly Reel არის, კაბელასის შეკვეთით, ცნობილი კომპანია Lamson-ის მიერ დამზადებული პროდუქტი. მისი შეძენა ასევე ფასდაკლების გამო გადავწყვიტე, ფასი იგივეა რაც Lamson Konic



           ოღონდ მისგან განსხვავებით არის გამოჩარხული მაღალი ხარისხის საავიაციო ალუმინისაგან და არა ჩამოსხმული. ესეც Cabela's WLx Fly Reel მოქმედებაში

Wednesday, November 23, 2011

ისევ და ისევ კლასიკა

            უვდავი თემაა




თვითნაკეთი "გრეხილი" ლიდერები (ნაწილი მესამე)

           შემდეგი ეტაპისათვის დაგჭირდებათ 2 სიმძიმე, მათი დამზადება უმარტივესია, ვიღებთ ნებისმიერ სათევზაო მაღაზიაში ადვილად მოსაძიებელ სიმძიმეს და ვუყრით საკანცელარიო სამაგრს, ერთ ბოლოში ვუკეთებთ კაუჭს, მეორეში კი ყულფს.

           სიმძიმეებს კაუჭებით დავაფიქსირებთ A და  B სამაგრებთან, ხოლო მთელ კონსტრუქციას კი დიდი საკანცელარიო სამაგრით ვკიდებთ ხის ზედაპირზე, მაგალითად კარადის კარებზე




           მარცხენა სიმძიმეს ვაფიქსირებთ ხის ზედაპირზე ლურსმნით და ვიწყებთ ლიდერის დახვევას სიმძიმით საათის საწინააღმდეგო მიმართულებით ტრიალით, მანამ, სანამ მარჯენა მხარე მჭიდროდ არ დაეხვევა, ამის შემდეგ მარჯვენა მხარეს ისევ ვაფიქსირებთ კარებზე


            ვხსნით მარცხენა მხარეს ლურსმნიდან და ისევე, როგორც მარჯვენა მხარეს, ვახვევთ საათის საწინააღმდეგო მიმართულებით, შემდეგ ორივე სიმძიმეს ერთმანეთთან ვაკავშირებთ და უბრალოდ ხელს ვუშვებთ, ლიდერი თვითონ მიიღებს საბოლოო სახეს



            ლიდერი მზადაა, შნურთან დასაფიქსირებლად ვუკეთებთ უბრალო ყულფს, რომელსაც ვაძლიერებთ სამონტაჟო ძაფითა და წებოთი, ხოლო სატარებლისათვის კი პირადად მე ვიყენებ პიტცენბაუერის მეტალის რგოლებს
             შედარებისთვის ჩემი დამზადებული ლიდერი


            და რომან მოზერის ლიდერი, რომელსაც პიტცენბაუერის მეტალის რგოლი საერთოდ არ ჰქონდა და მე დავუმატე. სხვათაშორის ფოტოს გადასაღებად ნორმალურად გაშლა ვერ მოვახერხე, აქვს საკმაოდ დიდი მახსოვრობა, რაც უცნაურია, იმიტომ რომ, როგორც საიტზეა მითითებული, მოზერი მათ ფლუოროკარბონისგან ამზადებს


           ნახეთ რა ღირს მოზერის ლიდერი და ნახეთ რა ღირს Berkley-ის 300 იარდიანი მონოფილი, რომლისგანაც უკვე 8 ლიდერი დავამზადე და კიდევ დარჩა საკმაო მასალა.


 




        

თვითნაკეთი "გრეხილი" ლიდერები (ნაწილი მეორე)

            ვაგრძლებთ საუბარს თვითნაკეთი "გრეხილი" ლიდერების დამზადების შესახებ.
            თვალსაჩინოებისთვის ძუის ნაცვლად გამოყენებულია ძაფი.
            A სამაგრზე ყულფით ვაფიქსირებთ ძუას და მიგვყავს 1 სამაგრამდე, სამაგრის გარეთა მხრიდან, ვაბრუნებთ უკან, A სამაგრისკენ და იგივეს ვიმეორებთ 5-ჯერ.



            გადაგვყავს ძაფი მეორე სამაგრისკენ, ვაბრუნებთ პირველი სამაგრისკენ და იგივეს ვაკეთებთ 3-ჯერ, ისე, რომ სამივეჯერ 2 სამაგრიდან 1 სამაგრისაკენ მიმავალი ძაფი ამოტარებულ იქნას A-და 1 სამაგრს შორის არსებულ ხვეულებში. 



            3 სამაგრის გარეთა მხრის შემოვლით გადაგვყავს ძაფი 4 სამაგრისკენ და ისევ ვაბრუნებთ  2 სამაგრთან, ამოვატარებთ 1 და 2 სამაგრების ხვეულებში და გადაგვყავს 5 სამაგრისკენ, ვაკეთებთ 3 ხვეულს 4 და 5 სამაგრებს შორის, ძაფის ხვეულებში ამოტარებით.


            გადაგვყავს ძაფი B სამაგრისკენ და ვაკეთებთ 5 ხვეულს უკვე ჩვეული წესის დაცვით (ამოტარებით). საბოლოოდ ვაფიქსირებთ ძაფს B სამაგრზე. საბოლოოდ უნდა მივიღოთ ასეთი კონსტრუქცია.