ბოლო რამდენიმე გასვლაზე საკმაოდ აქტიურად ვიყენებდი ტენკარას და ვთვლი, რომ პირველი დასკვნების გაკეთება უკვე შესაძლებელია. გასვლებისას ხდებოდა ამ ორი მეთოდის თანაბარ პირობებში გამოყენება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ობიექტური დასკვნების გაკეთება. შედარებულ იქნა კომპანია Tenkara USA - ს წარმოების 12 ფუტიანი Iwana და კომპანია Ross - ის წარმოების მესამე კლასის 8,6 ფუტიანი Ross FW, რომელიც აღჭურვილია ამავე კომპანიის კოჭით Ross CLA 1,5.
ალბათ უპრიანი იქნება შედარება დავიწყოთ აღჭურვილობით.
ფასი
თუ ამოსავალ წერტილად ავიღებთ ფასი - ხარისხის პრინციპს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ანკესების ფასი ერთნაირია, 150 აშშ დოლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ კარგი ხარისხის როგორც Fly Fishing - ის, ასევე ტენკარას ანკესი, მე ეს ხარისხი სავსებით მაკმაყოფილებს, თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელია როგორც უფრო იაფი, ასევე უფრო ძვირი ვარიანტების მოძიებაც. ტენკარაში არ გჭირდებათ კოჭა და შნური, განსაკუთრებით, თუკი გრეხილ შნურს თავად დაამზადებთ, ტენკარას ქარხნული შნურები ღირს 20 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც Fly Fishing - ის შნურზე იაფია, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ხარისხს, რადგან Fly Fishing - ის მეტ ნაკლებად ხარისხიანი შნურის ფასი 35 - 40 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
აქედან ვაკეთებთ დასკვნას, რომ ტენკარა ფასის კატეგორიაში უფრო მომგებიან პოზიციაზე დგას.
წონა და ბალანსი
ტენკარას ანკესი გაცილებით მსუბუქია მაგალითად 12 ფუტიანი Iwana დაახლოებით 70 გრამია, მაგრამ არის გრძელი და იმის გამო, რომ მას კოჭა არ აქვს, ბალანსი არ არსებობს, ხელში იგი უფრო მძიმედ იგრძნობა, ვიდრე თუნდაც ჩემი მესამე კლასის 8,6 ფუტიანი Ross FW, რომელიც საერთოდ ბუმბულივით არის, მიუხედავად იმისა რომ მარტო კოჭა Ross CLA 1,5 დაახლოებით 126 გრამს იწონის, მაგრამ სწორად დაბალანსებული კომპლექტი ამას "მალავს". პირადად ჩემთვის საკმაოდ დამღლელია ტენკარათი დიდი ხნის განმავლობაში თევზაობა, განსაკუთრებით ქარში.
შესაბამისად ამ კატეგორიაში Fly Fishing - ი ლიდერობს
იმიტაციის მიწოდების სიმარტივე და იმიტაციის მართვა
რაც შეეხება იმიტაციის მიწოდების სიმარტივეს. აქ ტენკარა უპირობო
ლიდერია, ნებისმიერი მეთევზე რამდენიმე წუთში აითვისებს სროლის ტექნიკას. იმის ხარჯზე, რომ გატარებისას ტენკარას შნური წყლის ზედაპირს არ ეხება, იმიტაციის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე კლასიკური შნურის გამოყენების დროს.
ამიტომ კიდევ ერთი პლიუსი დავუწეროთ ტენკარას
იმიტაციები
კლასიკური ტენკარა გულისხმობს სველი იმიტაციების გამოყენებას და ცნობილია "ერთი სატყუარის" პრინციპით, ანუ მეთევზე არ ცვლის მას მთელი თევზაობის განმავლობაში. ზოგი ამას პლიუსად მიიჩნევს, მაგრამ იგივე პრინციპის გატარება სავსებით შესაძლებელია Fly Fishing - შიც, მაგალითად სტუარტის შავი სპაიდერი ჩემს პრაქტიკაში მუშაობს ყოველთვის, ყველგან და ნებისმიერ თევზზე (არ ვგულისხმობ ვთქვათ ქარიყლაპიას, მაგრამ მასზე არც ტენკარათი თევზაობენ) ასე რომ მე კლასიკას ვანიჭებ უპირატესობას, ნათელია, რომ ამ მხრივ ტენკარა არაფრით არ დგას კლასიკაზე მაღლა, თუმცა დამწყებისათვის, რომელსაც სურს ზოგადად ხელოვნურ იმიტაციებზე თევზაობა, პირველი ნაბიჯების გადადგმაში კებარი ნამდვილად კარგ სამსახურს გაუწევს. მასალების ასორტიმენტის მხრივ კი ტენკარა რა თქმა უნდა უფრო მომგებიან პოზიციაზე დგას, წარმატებული თევზაობისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე ფერის ბუმბული (შავი, ყავისფერი და ე.წ. "გრიზლი", თუმცა ერთი ფერითაც გახვალთ ფონს) ნემსკავები და ძაფი. თუმცა ეს არგუმენტი ალბათ ისევ ფასის კატეგორიას განეკუთვნება. ტენკარის ანკესზე რა თქმა უნდა შესაძლებელია მშრალი იმიტაციების, ემერჯერების, ნიმფების და პატარა სტრიმერების გამოყენებაც, მაგრამ ეს უკვე ტენკარა აღარ არის.
აქ პლიუსი კლასიკას
ჩაკვრის ინდიკაცია და თევზის გამოყვანა
გამომდინარე იქედან, რომ გატარებისას ტენკარაში შნური წყლის ზედაპირს საერთოდ არ ეხება, ჩაკვრის ინდიკაცია ძალიან ადვილია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქარი არ არის, მეტნაკლებად ძლიერი ქარი არათუ ართულებს ამ ინდიკაციას, არამედ ხშირად იმიტაციას საერთოდ წყლის ზედაპირზე აგდებს და ზოგადად ნორმალურ გატარებას შეუძლებელს ხდის, მაშინ, როდესაც Fly Fishing - ის მეთოდის გამოყენებისას, ასეთ პირობებში დაჭიმული შნური უბრალოდ წყალზე იდება და მიდის ჭერა ე.წ. downstream swing - ის საშუალებით.
რაც შეეხება თევზის გამოყვანას, აქ უკვე უდიდესი სიამოვნება გელით ტენკარას გამოყენების შემთხვევაში, პატარა ზომის თევზიც კი ტროფეულ ზომად აღიქმება, მაგრამ შედარებით დიდი ნადავლი უკვე რთული საკონტროლებელია, რადგან შნური ფიქსირებული სიგრძისაა და თევზის მოძრაობის ტრაექტორიის კონტროლი Fly Fishing - თან შედარებით რთულია. პლიუს ამას, გამოყვანის ბოლო ეტაპზე იძულებული იქნებით სადავე ხელით მოქაჩოთ, რათა ნადავლი ჩოგანბადეში მოთავსდეს, ან უბრალოდ იმისთვის, რომ აიყვანოთ და ნემსკავისაგან გავათავისუფლოთ, ეს კი ყველასათვის ცნობილია, რომ არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით უფხო ნემსკავების გამოყენებისას, რადგან იმის ალბათობა, რომ ჩვენი ჭერის ობიექტი ბოლო მომენტში მოიპოვებს თავისუფლებას, საკმაოდ მაღალია, ამას ადასტურებს ჩემი მცირედი პრაქტიკაც ტენკარას მეთოდში. ძირითადი ნადავლი აი ასეთი ზომის იყო, ბოლო რამდენიმე გასვლაზე და ორი ცალი სწორედ იმის გამო გამექცა, რომ სატარებელი ხელით მოვქაჩე ჩოგანბადის მიმართულებით. გამოსავალი შეიძლება იყოს თევზის ნაპირისკენ გამოყვანამდე მისი დაღლა, მაგრამ მე ასეთ მეთოდს არ ვემხრობი, მირჩევნია სწრაფად გავათავისუფლო ნემსკავისაგან და დავაბრუნო მდინარეში, რათა მისი გადარჩენის შანსი იყოს მაქსიმლურად დიდი
ასე რომ, ამ კატეგორიაში, ტენკარას უპირატესობა მხოლოდ დელიკატურ აღჭურვილობაში გამოიხატება
უნივერსალურობა
რა თქმა უნდა უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, შეიძლება თვითონ ეს კატეგორიაც არასწორად არის დასათაურებული, მაგრამ მაინც მინდა ორიოდე სიტყვით განვიხილო. რა იგულისხმება ამაში? ალბათ სხვადასხვა ტიპის მდინარეზე ერთი და იგივე ანკესის გამოყენება, კონკრეტულად კი 12 ფუტიანი ტენკარისა და 8,6 ფუტიანი კლასიკის.
აქ უპირობოდ ლიდერობს კლასიკა, შესაძლებელია ერთი წერტილიდან შნურის სხვადასხვა მანძილზე მიწოდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რელიეფიდან გამომდინარე გადაადგილება რთული ან შეუძლებელია. რთული რელიეფის შემთხვევაში ზოგი ტენკარას უპირატესობად მიიჩნევს იმას, რომ შეიძლება მისი სწრაფად დაკეცვა და სხვა ადგილზე გადასვლა, მაგრამ გაცილებით სწრაფად დავკეცავ 2 ნაწილად ჩემს Ross-ს, ვიდრე დავიწყებ ჯერ მრავალმუხლიანი ტენკარას კეცვას და მერე 4 მეტრიანი შნურის დახვევას სპეციალურ პატარა კოჭაზე ან სულ რაღაც 40 სმ-ის სიგრძის უშუალოდ ანკესზე განთავსებულ სამაგრზე. ასე რომ ტენკარას კომპაქტურობა შემოიფარგლება მისი კომპაქტურობით ზურგჩანთაში. მეტიც, ძალიან იშვიათად შემხვედრია ისეთი ადგილები, თუნდაც ტყით დაფარულ მცირე მდინარეებზე, სადაც ანკესის დაკეცვა გახდებოდა საჭირო.
აქ უპირობო და დიიიიიიდი პლიუსი Fly Fishing -ს.
დასკვნა
რა შეიძლება ვთქვათ დასკვნის სახით? ჩემი მცირედი გამოცდილებიდან გამომდინარე, ტენკარა არის კარგი არჩევანი მცირე მდინარეებისათვის, უქარო ამინდში, ის არის კლასიკურ Fly Fishing - თან შედარებით იაფი და მცირე ზომის თევზის ჭერისას, ნადავლის გამოყვანის დროს მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ის არის კომპაქტური და ნამდვილად არ დაგამძიმებთ, თუკი კლასიკურ აღჭურვილობას ზურგჩანთაში დაუმატებთ 100 გრამს, ან უფრო ნაკლებს. ხელოვნურ იმიტაციაზე ჭერის შესწავლის მსურველთათვის ნამდვილად კარგი დასაწყისი შეიძლება გახდეს, რა თქმა უნდა ამ მეთოდს აქვს არსებობის უფლება, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. მას კლასიკასთან მხოლოდ ის აქვს საერთო, ისიც მეტ ნაკლებად, რომ ორივეგან გამოიყენება თევზის კვებითი ობიექტის ხელოვნური იმიტაციები, ეს არის "ბუნდღაობის" იაპონური ანალოგი. ტენკარა არ არის Fly Fishing -ის შემცვლელი ან მისი ალტერნატივა. ისევე, როგორც მოსაქნევი ანკესი არ არის მატჩის შემცვლელი. მოკლედ არჩევანი თქვენზეა. გისურვებთ წარმატებებს.