Sunday, August 14, 2011

2010 წლის გასვლები

26.09.10

             გუშინ ჩავედი მტკვარზე, დაახლოებით ნახევარი საათი მოვანდომე იმიტაციის შერჩევას, ბოლოს მივაგენი და აი შედეგიც



          ყველაზე კარგად იმუშავა მედღეურას ნიმფის gold head pheasant tail და კოღოს მატლის იმიტაციამ, ნემსკავის ზომა 14 და 16
აქტიურობდა მხოლოდ ვიმბა, სულ დავიჭირე 28 ცალი, მოკლედ ნავსი გატეხილია, უდიდესი სიამოვნება მივიღე!!!!! 
02.10.10
             დღეს ისევ ვეწვიე მტკვარს და ისევ ვიმბა, ხრამული ჯერ ჯერობით ოცნებად რჩება

        ხრამული აშკარად იყო, მაგრამ ვიმბა არ აცდიდა, მიდგომა შესაცვლელი მაქვს, ალბათ უფრო დიდი ზომისა და სხვა ფერის ნიმფებია საჭირო. რამდენიმე ვარიანტს ვფიქრობ:

1. იმიტაცია დამზადებულია მონიკელებულ (პრიალა) ნემსკავზე და შესაძლებელია, რომ მყვირალა ფერები ხრამულს არ მოწონს.
2. დღეს გამოყენებული ყველა იმიტაცია დამზადებულია გუშინ და ისევ სამონტაჟო ლაქის სუნი აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ იმდენი "არომატია" თბილისის ფარგლებში, რომ არა მგონია ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
3. შესაძლებელია, რომ საკმარისად არაა დამძიმებული იმიტაციები და მთელი ჩატარების მანძილზე ფსკერზე არ რჩება, ამ ეჭვს ვიმბას პირის წყობაც მიძლიერებს და ისიც, რომ ყველა დაჭერილ თევზს ნემსკავი ზედა ტუჩზე ჩქონდა გამოდებული, მოკლედ ექსპერიმენტებისათვის საკმაო ინფორმაცია მოვიპოვე.

P.S. ყველაზე არასასიამოვნო კი ის ეჭვია, რომ არასაკმარისად შორს ვაწვდიდი იმიტაციებს და მტკვარში უფრო ღრმად მომიწევს შესვლა.
14.10.10
             დღეს ორი საათით მოვახერხე მტკვარზე ჩასვლა. წყალი საკმაოდ ცივი იყო, იმდენად რომ თერმოთეთრეულის გარეშე საკმაოდ არაკომფორტულად ვიგრძენი თავი. ჩვეულ წერტილებში თევზის აქტიურობა არ შეიმჩნეოდა და მეც ჩქერების ბოლოსკენ, მდორე და ღრმა ადგილებისკენ გადავინაცვლე. მართალი გითხრათ ხრამულის ასეთ აგრესიულობას არ მოველოდი, ჩაკვრები იყო საკმაოდ ხშირი და ძალიან ძლიერი, მაგრამ დიდი ნემსკავის გამო (14 ნომერი) ბევრი თევზი დავკარგე, ოთხი ცალი მაინც ჩემი ნადავლი გახდა, (რა თქმა უნდა ოთხივე დაუბრუნდა მშობლიურ სტიქიას) ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ჩემი ეჭვი გამართლდა და საქმე იმიტაციების წონის სწორად შერჩევაში აღმოჩნდა, შედეგად ვიმბას საერთოდ არ "შევუწუხებივარ" და ოთხივე ხრამულს ნემსკავი ქვედა ტუჩზე ჰქონდა გამოდებული. ბოდიშს ვიხდი სურათის ხარისხისა და თევზის ხელში ჭერის მანერისათვის, ძალიან გამიხარდა და ფოტოკომპოზიციის შექმნა საერთოდ არ გამხსენებია.

         P.S. იმუშავა ისევ და ისევ ლეგენდარულმა Pheasant Tail Nymph -მა gold head ვარიანტში. შემდეგი გასვლისთვის აუცილებლად დავამზადებ იგივე ნიმფებს 16 და 18 ნომერ ნემსკავებზე.







No comments: