Sunday, August 21, 2011

"ელიტარულობა"

           მოდით ფაქტებით ვილაპარაკოთ.

1. უდავო ფაქტი ნომერი 1 -  Fly Fishing არის თევზაობის ყველაზე ლამაზი მეთოდი. იხილეთ ეს ვიდეო რგოლი და შემდეგ მანახეთ იგივე სანახაობრიობის მქონე ნებისმიერი სხვა სახეობით თევზაობის ამსახველი ვიდეო მასალა. თუმცა ვაღიარებ რომ გემოვნებაზე არ დავობენ. ასევე ვაღიარებ რომ თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ, სამწუხაროდ ეს ბლოგი თქვენთვის არ არის (ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც)  


2. სამწუხარო ფაქტი ნომერი 2- ჩემს გარშემო ყველას რატომღაც ჰგონია, რომ ამ მეთოდით თევზაობენ მხოლოდ და მხოლოდ ორაგულისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე და მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათას დოლარიანი აღჭურვილობით.

ჯერ ერთი ორაგულისებრთა ჭერა მოქმედი კანონდებლობით არის აკრძალული და მეორე - ამ მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თევზს ვაწვდით მისი ბუნებრივი საკვების ჩვენს მიერ დამზადებულ იმიტაციას. შესაბამისად იგივე მედღეურას ნიმფა (ე.წ. "ღორტავი", "სანსალა") არის როგორც კალმახის, ისე წვერას, ხრამულის და ა.შ. ბუნებრივი საკვები, ხოლო ბუზის მატლი (თეთრი ჭია), ჭიაყელა, პური და ა.შ. ნებისმიერი თევზის მენიუს არარსებით ნაწილს წარმოადგენს, ვინაიდან წყალში მხოლოდ შემთხვევით, ან მეთევზის ნებით შეიძლება მოხვდეს, თუმცა არავინ გვიკრძალავს ზემოაღნიშნული ბუნებრივი სატყუარების ხელოვნური, სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული, ანალოგების შექმნას. 






რაც შეეხება სიძვირეს, გადახედეთ Fly Fishing-ისათვის განკუთვნილი ანკესების ფასებს და დარწმუნდებით, რომ არანაირად ძვირი არაა, მეტიც, ბევრ კარპფიშინგის, სპინინგის თუ მატჩფიშინგის ანკესებს საკმაოდ ჩამოუვარდება. კოჭაზე საერთოდ საუბარიც კი ზედმეტია. იგივე მოწნულ ძუას აქტიური თევზაობისას 1 წელიწადში "მოკლავთ" შნური კი მინიმუმ 3-4 წელი გაგიძლებთ და მისი ფასი 40 დოლარის ფარგლებშია. პირადად ჩემი შნური მეოთხე წელია ერთგულად მემსახურება არადა ასფალტზე და ბალახზე აქტიურად ვიყენებდი სავარჯიშოდ.

იანგარიშეთ რა ჯდება სპინინგის, ფიდერის, კარპის აღჭურვილობით 1 სრულფასოვანი გასვლა. პირადად მე მუშა იმიტაციების დასამზადებელი მასალები 100 დოლარიც არ დამიჯდა (იმიტაციების დასამზადებელი ინსტრუმენტები ცალკე ხარჯია, მაგრამ ერთჯერადი, თუმცა 50 დოლარშიც ჩაეტევით)  მეოთხე წელია ისევ ის მასალები მაქვს და კიდევ 2-3 წელი თავისუფლად მეყოფა.

ყოველივე ამას დაამატეთ გადაადგილების სიმსუბუქე და თავისუფლება, თან გაქვთ მხოლოდ ანკესი და იმიტაციების შესანახად განკუთვნილი პატარა ყუთი. 

მოკლედ არჩევანი თქვენზეა.


No comments: