Tuesday, October 23, 2012

უსათაურო


უკვე ღამის სამი საათი იყო, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ უკვე სამი საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დაძინებას, ასევე იმასაც, რომ გასვლამდე მხოლოდ ამდენივე რჩებოდა. ჩაძინების არცერთმა ხერხმა არ გაამართლა, არც წიგნმა და არც ცხვრების თვლამ. წიგნმა იმიტომ, რომ ეს წიგნი, ჰემინგუეის მოთხრობები იყო და ზეპირად იცოდა, კი არ კითხულობდა, უფრო თავისთვის, საზეპიროსავით იმეორებდა თვითოეულ წინადადებას, ცხვრების დათვლის მეთოდი კი დაჟინებით ითხოვდა იმას, რომ ეს ცხვრები წარმოსახვით ღობეზე გადამხტარიყვნენ, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი დათვლა, იმ ღამით კი ეს ცხვრები უჩვეულოდ გაჯიუტდნენ.
 წამოდგა და დიდი ხნის წინ გამზადებული ეკიპირება კიდევ ერთხელ გულდასმით გადაამოწმა, მერე ისევ დაწვა და მთვარეს გახედა, მთვარესაც არ ეძინა და დიდი ინტერესით უყურებდა. წარმოიდგინა, რომ იმ წუთას მთვარე ზუსტად ასევე დაჰყურებდა იმ ადგილს, სადაც ხვალ აპირებდა გასვლას და ესიამოვნა ეს აზრი. ბოლოს მიხვდა, რომ დაძინების შანსი არ ქონდა, წამოდგა, ეკიპირება მოირგო და აივანზე გავიდა. ქალაქს ეძინა, მტკვარს ჩახედა და დაინახა, რომ მდინარეს არ ეძინა, მაგრამ, მისგან, ორფეხა არსებისგან განსხვავებით, სრულებით არ აწუხებდა ეს ფაქტი.  სამზარეულოში შევიდა და ყავა მოიდუღა, შემდეგ ისევ აივანზე დაბრუნდა. როდესაც ყავა დალია და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა, მიხვდა, რომ შაქრის ჩაყრა დაავიწყდა.
გათენებამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა. ჟილეტის ჯიბიდან სატყუარების ძველი, უკვე გვარიანად გაცვეთილი ყუთი ამოიღო და გახსნა. ესიმოვნა იმიტაციების აკურატული რიგების დანახვა. საკმაოდ დიდხანს აკვირდებოდა ამ ყუთს, თითქოს მედიტირებდა, ბოლოს გონს მოეგო, ყუთი ჟილეტის ჯიბეში დააბრუნა, ზურგჩანთა მოიკიდა, კარი ფრთხილად მოიხურა და სახლიდან გავიდა.


იმ დილით პირველი, რაც არ ესიამოვნა მისნაირივე ორფეხა არსებების დანახვა იყო, აშკარად ხელს უშლიდნენ იმაზე ფიქრში, რისთვისაც უკვე ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა. სამარშრუტო ტაქსში ავიდა, ბოლო სკამზე, ფანჯარასთან დაჯდა და ზურგჩანთა ისე დაიდო გვერდით, თითქოს იქ მყოფი მგზავრებისგან დამცავი კედლის აგება უნდოდა. ადგილამდე გზა არ დაამახსოვრდა, იმიტომ, რომ ჩაეძინა, სიზმარში კი ბავშვობის მერე უნახავი ლობო ნახა. ლობო მგლების ხროვის ბელადი იყო, იმ ხროვისა, რომელიც ზოოპარკში ცხოვრობდა და ორფეხების სამეცნიერო ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას. ლობო სიზმარში ადგა და წავიდა, წავიდა იმიტომ, რომ მძღოლმა  გააღვიძა.
   იქვე, პატარა მაღაზიაში, ლუდი იყიდა და მთავარი გზიდან მიმავალ ბილიკს დაადგა. ცოტა ხანში იგრძნო, რომ რაღაც უშლიდა ხელს, მალევე მიხვდა რა იყო ეს "რაღაც", დაინახა რომ ზუსტად ისევე და იმავე ტემპით მიდიოდა, როგორც ქალაქში. გამოიცვალა, წლების წინ შეძენილი და უკვე გვარიანად გახუნებული ტანსაცმელი მოირგო და მდინარემდე დარჩენილ ბილიკს გახედა. იმ ადგილებში უკვე შვიდი წელი არ იყო ნამყოფი, თუმცა ზუსტად ახსოვდა თვითოეული მოსახვევი და ხე, იმიტომ რომ იქ ოდითგანვე თითო ოროლა ხე თუ იდგა. ჯერ მდინარეს ვერ ხედავდა, თუმცა უკვე სხეულის ყველა უჯრედით გრძნობდა მის სიახლოვეს და სუნს. ამ შვიდი წლის განმავლობაში მდინარეს სახეც და ხასიათიც ეცვალა, თითქოს დაღვინებულიყო. თუმცა ის ბოლო მოსახვევი, საიდანაც მდინარე ჩანდა ისევ იქ იყო. მდინარე რომ დაინახა, შეჩერდა, არა, თვითონ არ უნდოდა შეჩერება, უბრალოდ რაღაც მომენტში იქრძნო რომ აღარსად არ მიდიოდა, უბრალოდ იდგა და მდინარეს უყურებდა.
მერე ფრთხილად მივიდა ნაპირთან და წყალს მიესალმა. ზაფხულის მზის მიუხედავად წყალი უცნაურად ცივი იყო და თითქოს თვითონ მდინარესაც არ ესიამოვნა ორფეხას ასეთი თავხედობა. კიდევ უფრო გათამამდა, დაიხარა და რამდენიმე ყლუპი მოსვა, მეტის დალევაც უნდოდა, მაგრამ სიცივემ კბილები მოჭრა.  წელში გაიმართა და იგრძნო, რომ ღრმად და მშვიდად სუნთქავდა, იგრძნო ის, რისი შეგრძნებაც მიუღწეველ ოცნებად ჰქონდა წლების განმავლობაში. მიხვდა, რომ დაბრუნდა ბავშვობის მდინარეზე და ამ მდინარემ ისევ ისე მიიღო, როგორც წლების წინ, იმისდა მიუხედავად, რომ უბრალო ორფეხა იყო.


ანკესი ააწყო და წყალში შევიდა, სიმოვნებდა ფეხქვეშ თვითოეული კენჭის შეგრძნება. სიამოვნებდა ანკესის კორპის ტარიც, რომელიც თითქოს მისი ხელის გაგრძელებად იქცა. ცოტა ხანი შეყოვნდა, ცდილობდა გაეანალიზებინა რა კუთხით ჯობდა შნურის სროლა, უნდოდა, რომ პირველი სროლა იდეალურად ზუსტი და ლამაზი ყოფილიყო, ბოლოს შეარჩია პოზიცია და სატარებელზე იმიტაციის მორგება სცადა. ეს პროცესი ავტომატიზმამდე ჰქონდა დაყვანილი და ძალიან გაუკვირდა რომ სამი ცდიდან ვერცერთხელ ვერ მოახერხა ძუის ნემსკავის ყურში გაყრა, გაუკვირდა, მაგრამ მერე მიზეზსაც მიხვდა, დაინახა, რომ ხელები უკანკალებდა.
ნაპირზე გამოვიდა, ლოდზე ჩამოჯდა და იმ დღის პირველი ღერი სიგარეტი ამოიღო. ესიამოვნა ის სიმშვიდე, რომელიც პირველივე ნაფაზის შემდეგ იგრძნო. ცოტა ხანი ასე იჯდა და თვალებდახუჭული უბრალოდ მდინარეს უსმენდა, მერე ადგა, იმიტაცია სატარებელს სწრაფად მიაბა და შნური შერჩეული პულისკენ ტყორცნა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს შნური რამდენიმეთვიანი იძულებითი ძილის შემდეგ სახსრებში გაიხსნა, გაიმართა და გაიღვიძა. ლიდერი და სატარებელი იდეალურად გაიშალა, იმიტაცია შერჩეული წერტილის თავზე წამით შეყოვნდა და რბილად დაეშვა წყლის ზედაპირზე. რამდენიმე უშედეგო გატარების შემდეგ მან ადგილის შეცვლა გადაწყვიტა.
უკვე საღამოვდებოდა,  თითქმის შეეგუა დამარცხებას და ბანაკში დაბრუნება გადაწყვიტა. მექანიკურად ისროდა იმიტაციებს, მისი აზრით პერსპექტიულ წერტილებში, და შნურის სროლის ტექნიკის დახვეწაზე უფრო იყო გადართული, ვიდრე თევზაობაზე. ტკბებოდა იმიტაციის მოძრაობის ტრაექტორიის მზერით. სწორედ ერთერთი ასეთი გატარებისას  იგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა, შემდეგ იგრძნო ის, რომ მისმა გულმა თითქმის შეწყვიტა ცემა და ამის შემდეგ, წამის მეათედში, მიხვდა ამის მიზეზს - იმიტაცია წყლის ზედაპირიდან გაქრა.


 ამოკვრა არ გაუკეთებია, ეს უფრო ხელის გაუაზრებელი, ავტომატური მოძრაობა იყო, შემდეგ კი ერთი გულისცემის ნაცვლად ერთდროულად ორი გულისცემა იქრძნო, ერთი თავისი, მეორე კი სატარებლის ბოლოს. თევზი დიდი არ იყო, ამ მდინარეს არასოდეს არ ყოლია დიდი თევზი, ამიტომ მალევე დანებდა.  ხელი დაისველა და ქაშაპი წყლიდან ამოიყვანა. ტკბებოდა მისი მარტივი სილამაზითა და ფორმებით. მერე შემთხვევით თვალებში ჩახედა თევზს და შეცბა. პირველად უყურებდა თევზს თვალებში და მათში ვერ ხედავდა ვერც შიშს, ვერც თხოვნას, ვერც იმედს, ხედავდა მხოლოდ სიცოცხლის ველურ და დაუოკებელ სურვილს.
ნემსკავი ფრთხილად მოაშორა და თევზი წყალში ჩაუშვა, ცოტა ხანს ასე ეჭირა დინების საწინააღმდეგო მიმართულებთ, შემდეგ ხელისგული გაშალა. ქაშაპი არ გაქცეულა, თითქოს იგრძნო რომ ამ ორფეხასგან საფრთხე არ ემუქრებოდა.  კიდევ ცოტა ხანი უყურა თევზს, შემდეგ ხელი ოდნავ შეახო, ქაშაპი გაქრა.
 წაიხემსა, ძალიან დაღლილი იყო, კოცონის დანთება ეზარებოდა, მაგრამ კარგად ახსოვდა, რომ კოცონი მისი გეგმის აუცილებელი ნაწილი იყო. შეშის მოგროვება საკმაოდ გაუჭირდა, ბოლოს პატარა კოცონი დაანთო და გვერდითვე მიუწვა. იწვა და გრძნობდა როგორ ერეოდა ძილი. ცოტა ხანში კარავში შევიდა, მოხერხებულად მოეწყო საძილე ტომარაში და მომენტალურად ჩაეძინა. ჩაეძინა იმიტომ რომ დაღლილი იყო და იმიტომაც, რომ ბავშვობაში მხოლოდ კეთილ ზღაპრებს უყვებოდნენ.


ღამით გაეღვიძა. ცოტა ხანს იწვა და ვერ ხვდებოდა რამ გააღვიძა, მერე უცბად გაახსენდა მიზეზი. მიზეზი კი ისევ ლობო იყო. სიზმარი იმდენად რეალური იყო, რომ  კარვიდან გასვლა გადაწყვიტა, დარწმუნებული იყო, რომ ლობო იქვე კოცონთან იწვებოდა, იმდენად დარწმუნებული, რომ როდესაც კარვიდან გასულმა ვერავინ ვერ დაინახა ეწყინა კიდეც. მერე მიხვდა რომ ლობო უკვე დიდი ხანია მარადიული ნადირობის ქვეყანაშია თავის ერთგულ ხროვასთან ერთად, იმ ქვეყანაში, სადაც გაცილებით ადვილია მოხვედრა ოთხფეხებისათვის ვიდრე მისთვის სამოთხეში, იმიტომ რომ ის ხომ უბრალოდ ორფეხა იყო და ხშირად ივიწყებდა იმ მარტივ წეშმარიტებებს რაც ულამაზეს გაღმა ნაპირზე გადასასვლელად იყო აუცილებელი.
მერე მდინარესთან მივიდა წყალი მოსვა და მიხვდა, რომ მდინარეს ეძინა. ცოტა ხანი გაჩერდა, უსმენდა ღამეულ ხმებს და ტკბებოდა იმით, რომ ეს ულამაზესი სამყარო მას ღებულობდა, როგორც თავისიანს, მიუხედავად იმისა, რომ ის უბრალო ორფეხა იყო.
 კარავში შებრუნდა და დაწვა, მალევე ჩაეძინა, ჩაეძინა ისევე, როგორც შორეულ ბავშვობაში.  იცოდა რომ სიამოვნების კიდევ რამდენიმე დღე ელოდა წინ.


Thursday, October 18, 2012

უნდა იყოს თუ არა ნებადართული მდინარისა და ტბის კალმახზე თევზაობა



               Fly Fishing - ი პირველ რიგში ორაგულისებრთა ჭერას უკავშირდება, რამდენადაც ლამაზია ჭერის ეს ობიექტი, იმდენად ლამაზი და დახვეწილია მეთოდიც. ბუნების ამ ულამაზეს შვილთან საუკუნეების განმავლობაში დახვეწილი სატყუარებითა თუ აღჭურვილობით ურთიერთობისაგან მიღებული უდიდესი სიამოვნება არის ის უმთავრესი გარემოება, რაც თევზჭერის ამ მეთოდს სულ უფრო პოპულარულს ხდის.                    

                     ასეთი შესავალი ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა რომელიმე დასავლური ჟურნალისათვის, მაგრამ არა ჩვენთან. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მდინარისა და ტბის კალმახის ჭერა აკრძალულია. სწორედ ამ პრობლემაზე მინდა მოგახსენოთ, ასევე შემოგთავაზოთ მისი გადაწყვეტის ისეთი გზა, რომელიც, ჩემი აზრით შეესაბამება როგორც კანონმდებლობის, ასევე ცივილიზებული საზოგადოების მოთხოვნებს. არსებობს ორი მიდგომა: არაფორმალური და კანონისმიერი.
                 პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ტოტალურ უკონტროლობასთან, არ არსებობს ამ ამკრძალავი კანონის ცხოვრებაში გატარების არანაირი ქმედითი მექანიზმი, შესაბამისად არსებობს დაუსჯელობის სინდრომი, თუკი ვერ/არ ისჯება ბრაკონიერი, რომელიც კალმახს სისტემატურად ანადგურებს დენის აპარატით, შესაბამისად ვერ/არ დაისჯება ვერც ის, ვინც თევზაობს ანკესით. ამიტომ დღეს კალმახზე თევზაობენ, როგორც დენით, ასევე ანკესით. ეს არის ფაქტი, რომლის უარყოფაც შეუძლებელია. არაფორმალური მიდგომა პირადად ჩემთვის მიუღებელია, ამიტომაც კალმახზე არ მითევზავია და არც ვითევზავებ, სანამ კანონი ამის ნებას არ მომცემს.
                       რაც შეეხება კანონისმერ მიდგომას - აი აქ გაცილებით საინტერესოდ არის საქმე. დავიწყოთ იქიდან უნდა იყოს თუ არა ეს სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაში. იმ პერიოდისათვის, როდესაც კალმახი შეიტანეს ამ ნუსხაში, არსებობდა მთელი რიგი მოთხოვნები. აღსანიშნავია რომ მდინარის კალმახი შეტანილია როგორც მსოფლიო, ასევე ევროპის წითელ წიგნებში და მინიჭებული აქვს კატეგორია LC (least concern) რაც ნიშნავს რომ მას შედარებით ნაკლები საფრთხე ემუქრება და მასზე სპორტული თევზაობა თითქმის ყველგან ნებადართულია. მაშინ მოქმედი კანონმდებლობით იგივე კატეგორიის მინიჭების უფლება ჩვენს კანონმდებელსაც ჰქონდა. თუმცა მოხდა უფრო მძიმე კატეგორიის VU (vulnerable) მინიჭება, რაც ნიშნავს მოწყვლადს. კანონმდებლობით კი უფრო მძიმე კატეგორიის მისანიჭებლად სავალდებულო იყო უახლესი კვლევების შედეგებზე დაყრდნობილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომისიის დასკვნა. ასეთი დასკვნა კი ბუნებაში არ არსებობს ან თუ არსებობს, არის აბსოლუტური ბლეფი, რადგან ბოლო კვლევები ამ დარგში ათწლეულების წინ ჩატარდა. შესაბამისად არ არსებობდა არანაირი კანონისმიერი საფუძველი იმისა, რომ კალმახი მოხვედრილიყო წითელ ნუსხაში. ვითარებას კიდევ ართულებს ის, რომ დღესდღეისობით  აკადემიაში ზემოაღნიშნული კომისია აღარ არსებობს, ანუ აღარ არსებობს ორგანო, რომელიც იმსჯელებს ამ საკითხზე. 
                 პირადად მე გამოსავალს ვხედავ შემდეგში, უნდა მოხდეს პარლამენტისადმი საინიციატივო ჯგუფის მიერ მიმართვა, რის საფუძველზეც მოხდება კანონის მოქმედების შეჩერება, რისი აბსოლუტური საფუძველი სახეზეა, ასევე აუცილებლად უნდა მოხდეს ტერმინ ”ჭერის” განმარტება,  მაგალითად ასე - თევჭერა - თევზის ამოღება ბუნებრივი გარემოდან მისი უკან დაბრუნების ვალდებულების გარეშე, თუკი ასეთი განმარტება იარსებებს, მაშინ კანონის მუხლი, რომელიც გვიკრძალავს კალმახის ჭერას, იგულისხმებს იმას, რომ აკრძალულია კალმახის სახლში წამოღება, ხოლო დაიჭირე - გაუშვი პრინციპით თევზაობა კი ავტომატურად ნებადართული ხდება.


                 არსებული აკრძალვით, გარდა იმისა, რომ პირდაპირ იკრძალება მთის მდინარეებზე ნებისმიერი სახის თევზაობა, რაც აბსურდია და ჩანასახშივე სიცოცხლისუუნაროა, ანუ შეუძლებელია ამ აკრძალვის ცხოვრებაში გატარება, უკანონოდ ილახება ასევე თვითოეული ჩვენთაგანის უფლება ვისარგებლოდ ბუნებრივი რესურსებით. ერთადერთ გამოსავლად მესახება დაინტერესებულ პირთა გაერთიანება და ამ საკითხისადმი ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობის მიღება, რადგან თუ არ არსებობს საზოგადოებრივი მოთხოვნა, არ არსებობს არც ხელისუფლის პოლიტიკური ნება.

Sunday, October 7, 2012

Strike Indicators


                  ვაგრძელებთ საუბარს ნიმფაზე ამერიკული სტილით თევზაობის შესახებ. წინა სტატიაში უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ სტილის ერთ - ერთი განმასხვავებელი ელემენტი არის ჩაკვრის ინდიკატორი - Strike Indicator. დავა იმის შესახებ დასაშვებია თუ არა აღჭურვილობის ამ ელემენტის გამოყენება კლასიკურ სტილში დღემდე არ ცხრება. მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ინდიკატორები Fly Fishing - ს უბრალოდ ტივტივაზე გატარებით თევზაობას ამსგავსებენ, მომხრეები კი აპელირებას საკმაოდ წარმატებულ პრაქტიკაზე აკეთებენ. ასეა თუ ისე ამ ტექნიკამ უკვე დიდი ხანია მყარად მოიკიდა ფეხი.
                 კონსტრუქციული სხვაობის მიუხედავად მათი დანიშნულება ერთია, ისეთ რთულ პირობებში, როგორიცაა წყლის არათანაბარი ნაკადი, დიდი სიღრმე და სწრაფი დინება მაქსიმალურად დაეხმარონ მეთევზეს ჩაკვრის დროულ იდენტიფიკაციაში. რაც უფრო რთულია წყალსატევის კონკრეტული მონაკვეთი მით უფრო დიდი ინდიკატორის გამოყენება ხდება აუცილებელი, თუ შედარებით მარტივ პირობებში საკმარისია პოლიპროპილენის ბოჭკოსაგან დამზადებული პატარა ზომის ინდიკატორი, ჭერის პირობების გართულებასთან ერთად უკვე საჭირო ხდება პენოპლასტის გამოყენება.
                    გთავაზობთ ინდიკატორის დამზადების ერთ - ერთ ვარიანტს

  

        ზოგადი წესის თანახმად ლიდერზე მისი განთავსება წყალსატევის კონკრეტული მონაკვეთის სიღრმეზე ერთნახევარჯერ, ორჯერ მაღლა ხდება, ანუ თუ წყლის სიღრმე 1 მეტრია, მაშინ იმიტაციიდან ინდიკატორამდე მანძილი 1,5 - 2 მეტრს შეადგენს. რაც უფრო სწრაფია დინება მით უფრო დიდია ეს მანძილი აღნიშნულ ფარგლებში. ესეც მონტაჟის ერთ - ერთი ფორმა.

            

             სამწუხაროდ ვერ მოვიძიე ინდიკატორის მეშვეობით თევზჭერის საილუსტრაციო ვიდეომასალა რომელშიც კალმახი არ იქნებოდა მთავარი გმირი, ამიტომ შემდეგი ვიდეორგოლები მხოლოდ და მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებს ემსახურება, გახსოვდეთ, რომ მდინარის და ტბის კალმახის ჭერა დღევანდელი არასრულყოფილი კანონმდებლობით არის ბრაკონიერობა.