Fly Fishing - ი პირველ რიგში ორაგულისებრთა ჭერას უკავშირდება, რამდენადაც ლამაზია ჭერის ეს ობიექტი, იმდენად ლამაზი და დახვეწილია მეთოდიც. ბუნების ამ ულამაზეს შვილთან საუკუნეების განმავლობაში დახვეწილი სატყუარებითა თუ აღჭურვილობით ურთიერთობისაგან მიღებული უდიდესი სიამოვნება არის ის უმთავრესი გარემოება, რაც თევზჭერის ამ მეთოდს სულ უფრო პოპულარულს ხდის.
ასეთი შესავალი ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა რომელიმე დასავლური ჟურნალისათვის, მაგრამ არა ჩვენთან. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მდინარისა და ტბის კალმახის ჭერა აკრძალულია. სწორედ ამ პრობლემაზე მინდა მოგახსენოთ, ასევე შემოგთავაზოთ მისი გადაწყვეტის ისეთი გზა, რომელიც, ჩემი აზრით შეესაბამება როგორც კანონმდებლობის, ასევე ცივილიზებული საზოგადოების მოთხოვნებს. არსებობს ორი მიდგომა: არაფორმალური და კანონისმიერი.
პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ტოტალურ უკონტროლობასთან, არ არსებობს ამ ამკრძალავი კანონის ცხოვრებაში გატარების არანაირი ქმედითი მექანიზმი, შესაბამისად არსებობს დაუსჯელობის სინდრომი, თუკი ვერ/არ ისჯება ბრაკონიერი, რომელიც კალმახს სისტემატურად ანადგურებს დენის აპარატით, შესაბამისად ვერ/არ დაისჯება ვერც ის, ვინც თევზაობს ანკესით. ამიტომ დღეს კალმახზე თევზაობენ, როგორც დენით, ასევე ანკესით. ეს არის ფაქტი, რომლის უარყოფაც შეუძლებელია. არაფორმალური მიდგომა პირადად ჩემთვის მიუღებელია, ამიტომაც კალმახზე არ მითევზავია და არც ვითევზავებ, სანამ კანონი ამის ნებას არ მომცემს.
რაც შეეხება კანონისმერ მიდგომას - აი აქ გაცილებით საინტერესოდ არის საქმე. დავიწყოთ იქიდან უნდა იყოს თუ არა ეს სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაში. იმ პერიოდისათვის, როდესაც კალმახი შეიტანეს ამ ნუსხაში, არსებობდა მთელი რიგი მოთხოვნები. აღსანიშნავია რომ მდინარის კალმახი შეტანილია როგორც მსოფლიო, ასევე ევროპის წითელ წიგნებში და მინიჭებული აქვს კატეგორია LC (least concern) რაც ნიშნავს რომ მას შედარებით ნაკლები საფრთხე ემუქრება და მასზე სპორტული თევზაობა თითქმის ყველგან ნებადართულია. მაშინ მოქმედი კანონმდებლობით იგივე კატეგორიის მინიჭების უფლება ჩვენს კანონმდებელსაც ჰქონდა. თუმცა მოხდა უფრო მძიმე კატეგორიის VU (vulnerable) მინიჭება, რაც ნიშნავს მოწყვლადს. კანონმდებლობით კი უფრო მძიმე კატეგორიის მისანიჭებლად სავალდებულო იყო უახლესი კვლევების შედეგებზე დაყრდნობილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომისიის დასკვნა. ასეთი დასკვნა კი ბუნებაში არ არსებობს ან თუ არსებობს, არის აბსოლუტური ბლეფი, რადგან ბოლო კვლევები ამ დარგში ათწლეულების წინ ჩატარდა. შესაბამისად არ არსებობდა არანაირი კანონისმიერი საფუძველი იმისა, რომ კალმახი მოხვედრილიყო წითელ ნუსხაში. ვითარებას კიდევ ართულებს ის, რომ დღესდღეისობით აკადემიაში ზემოაღნიშნული კომისია აღარ არსებობს, ანუ აღარ არსებობს ორგანო, რომელიც იმსჯელებს ამ საკითხზე.
პირადად მე გამოსავალს ვხედავ შემდეგში, უნდა მოხდეს პარლამენტისადმი საინიციატივო ჯგუფის მიერ მიმართვა, რის საფუძველზეც მოხდება კანონის მოქმედების შეჩერება, რისი აბსოლუტური საფუძველი სახეზეა, ასევე აუცილებლად უნდა მოხდეს ტერმინ ”ჭერის” განმარტება, მაგალითად ასე - თევჭერა - თევზის ამოღება ბუნებრივი გარემოდან მისი უკან დაბრუნების ვალდებულების გარეშე, თუკი ასეთი განმარტება იარსებებს, მაშინ კანონის მუხლი, რომელიც გვიკრძალავს კალმახის ჭერას, იგულისხმებს იმას, რომ აკრძალულია კალმახის სახლში წამოღება, ხოლო დაიჭირე - გაუშვი პრინციპით თევზაობა კი ავტომატურად ნებადართული ხდება.
არსებული აკრძალვით, გარდა იმისა, რომ პირდაპირ იკრძალება მთის მდინარეებზე ნებისმიერი სახის თევზაობა, რაც აბსურდია და ჩანასახშივე სიცოცხლისუუნაროა, ანუ შეუძლებელია ამ აკრძალვის ცხოვრებაში გატარება, უკანონოდ ილახება ასევე თვითოეული ჩვენთაგანის უფლება ვისარგებლოდ ბუნებრივი რესურსებით. ერთადერთ გამოსავლად მესახება დაინტერესებულ პირთა გაერთიანება და ამ საკითხისადმი ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობის მიღება, რადგან თუ არ არსებობს საზოგადოებრივი მოთხოვნა, არ არსებობს არც ხელისუფლის პოლიტიკური ნება.
No comments:
Post a Comment