Sunday, June 30, 2013

ძირულა 29.06.2013

                   როგორც იქნა ვეღირსე სუფთა წყალს. სოსოს (Joseph) შემოთავაზებაზე უარი არ ვთვქი და დღის ორი საათისათვის შროშას მიდამოებში, მდინარე ძირულაზე  აღმოვჩნდი. ადგილი საკმაოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა, თუმცა მცირე ზომის თევზი მაინც საკმაო რაოდენობით იყო.    
        
               როგორც ყოველთვის Gold Head Red Tag - მა აქაც დაამტკიცა ეფექტურობა, თევზი თითქმის ყველა გატარებაზე რეაგირებდა

             სამწუხაროდ დიდი ეგზემპლიარები საერთოდ არ შეგვინიშნავს, თუმცა ადგილობრივების თქმით, დენით აღარ თევზაობენ, იმედია ცოტა ხანში მდგომარეობა უკეთესობისაკენ წავა.


               თევზაობის ბოლოსკენ გადავწყვიტე კლასიკური სველი იმიტაციების მოსინჯვა და შედეგმაც არ დააყოვნა, ესეც Partridge&Orange - ის დამსახურება

                მოკლედ დღემ ნამდვილად შესანიშნავად ჩაიარა, იმედია უახლოეს მომავალში კიდევ არაერთხელ მოვახერხებ ამ ულამაზეს ადგილებში სტუმრობას.

P.S. რა თქმა უნდა ყველა თევზი დაუბრუნდა მდინარეს.

Sunday, June 16, 2013

საღამოს ექსპერიმენტი მტკვარზე (15.06.2013)

                  ისევ და ისევ თავისუფალი დროის კატასტროფული უქონლობის გამო ვაგრძელებ ექსპერიმენტებს ქალაქის ფარგლებში. ბოლო ორმა გასვლამ საკმაოდ საინტერესო შედეგი აჩვენა. სხვა თუ არაფერი იმუშავა მხოლოდ ერთმა სატყუარამ, მიუხედავად იმისა, რომ შარშან და შარშანწინ საკმაოდ ბევრი ტიპის იმიტაცია გამოდგა ეფექტური ზუსტად იგივე ადგილას, გარდა ამისა წელს ჯერ ჯერობით მხოლოდ პატარა ზომის ქაშაპი აქტიურობს, შარშან ნადავლში ქაშაპის გარდა საკმაოდ ხშირად ხვდებოდა ხრამული და ვიმბა, რომ არაფერი ვთქვათ თეთრულაზე.
                    მდინარეს დილიდან ვაკვირდები, საკმაოდ ძლიერი ქარია, წინა კვირასთან შედარებით წყალიც უფრო ამღვრეულია, ზედაპირზე თევზის ატიურობა საერთოდ ნულის ტოლია, ძალიან ცხელა.  ვაპირებ ხუთი საათისთვის ჩასვლას და დარჩენას დაბნელებამდე. საღამოს თევზაობა ამ ადგილას ჩემთვის პირველი იქნება, სხვა თუ არაფერი გამოვცდი Petzl E46 P2 TacTikka 3-LED headlamp - ს

  
                     მოკლედ ექვსი საათისათვის ჩავედი მდინარეზე. საოცარია, მაგრამ ისევ არცერთი "ეკრანშიკი", დიდი მადლობა ზედამხედველობის დეპარტამენტს. წყლის დონე ძალიან აქტიურად იცვლებოდა

                   თევზი მართალია იყო, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე სატყუარა აეღო. ერთ - ერთ ახსნას ვხედავ იმაში, რომ ამღვრეული წყლის გამო იმიტაციას საერთოდ ვერ ხედავდა. საღამოსკენ ზედაპირზე საკმაო აქტიურობა დაიწყო, მაგრამ არცერთი ჩაკვრა არ დაფიქსირებულა. საგულისხმოა, რომ წინა გასვლებისაგან განსხვავებით, ნემსკავს ხშირად ედებოდა ხავსი, შესაძლებელია თევზი სწორედ ხავსით კვებაზე იყო გადასული.


                    დაახლოებით ცხრა საათამდე გავჩერდი და ბოლოს დავნებდი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში არცერთი "ეკრანშიკი" არ მინახავს მათთვის ჩვეულ ადგილებზე.

 
 

Saturday, June 8, 2013

მტკვრის ქაშაპი (08.06.13)

           დღეს, დროის უქონლობის გამო, ისევ მტკვარს ვეწვიე. პირველი, რაც ჩვეულ ადგილზე დამხვდა, საკმაოდ დიდი ზომის წერო იყო

                კარგ ნიშნად ჩავთვალე ისიც, რომ არც ხიდზე და არც მიმდებარე ტერიტორიაზე არცერთი "ეკრანშიკი" არ მინახავს, მოლოდინმაც გაამართლა და დრო მშვენივრად გავატარე.
                საკვირველია მაგრამ ისევ მხოლოდ Gold Head Red Tag - მა იმუშავა, ქაშაპი წინა შაბათთან შედარებით კიდევ უფრო აქტიურობდა, ზომაც უფრო დიდი იყო

         მოკლედ, რაც შეეხება თევზს, წარმოგიდგენთ სამი საათის განმავლობაში თევზაობის შედეგს (რასაც სურათი გადავუღე)

                     დავტესტე კომპანია Camelbak - ის წარმოების ჰიდრაციის სისტემა, საკმაოდ მოხერხებული რამ აღმოჩნდა, ჩემი აზრით, ორი  ლიტრი წყალი ყინულთან ერთად აბსოლუტურად საკმარისია ხანმოკლე გასვლისთვის


                   სხვადასხვა მწერების აქტიურობის მიუხედავად ქაშაპი არცერთ მშრალ იმიტაციას არ გაეკარა

                      ესეც ახლად გამოჩეკილი ნემსიყლაპია, ჯერ ფრთებიც კი არ აქვს შემშრალი, მოკლედ დიდი პატივი დამდო, რომ ემერჯენციისათვის ჩემი ზურგჩანთის სამხრე ამოირჩია. საკმაოდ უჩვეულო შეფერილობაა.

                       ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის, თუკი ზედამხედველობის სამსახური მდინარეს კარგად მიხედავს, გაისად შედეგიც უკეთესი იქნება


P.S. რაღა თქმა უნდა გამოყენებულ იქნა barbless ტიპის ნემსკავები და ყველა თევზი დაუბრუნდა მდინარეს.

Saturday, June 1, 2013

მტკვარზე 01.06.2013

                  დღეს ოფიციალურად გავხსენი სეზონი მტკვარზე. პირველი საათისათვის ისევ ჩემს ჩვეულ, გამოცდილ ადგილს ვესტუმრე. ამინდმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, საკმაოდ გრილოდა, რაც თევზაობას კომფორტს მატებდა. თევზი აქტიურად "თამაშობდა", თუმცა მრავალგზის ნაცადმა ჩეხურმა სტილმა მძიმე იმიტაციებით არ გაამართლა. რამდენიმე საათიანი ექსპერიმენტების შემდეგ ისევ კლასიკამ გამოიჩინა თავი, ლეგენდარულმა 14 და 12 ნომერ ნემსკავებზე დამზადებულმა Gold Head Red Tag - მა რამდენიმე მომცრო ქაშაპი მოინადირა, რომლებიც, რა თქმა უნდა დაუბრუნდნენ მშობლიურ სტიქიას, დღეს პირველად გამოვიყენე ჩემთვის მაქსიმალურად გრძელი 10 ფუტიანი კონუსური ლიდერი, რომელიც იმიტაციის თამაშს აუმჯობესებდა.




                    დღის მეორე ნახევარში დიდი ხნის უნახავი გიგა (მებადური) შემომიერთდა და დროც მშვენივრად გავატარეთ. გვქონდა "ბედნიერება" გვეხილა ნავისა და ელექტროაპარატის გამოყენებით  "მოთევზავე" საზოგადოება. სამწუხაროდ არ მქონდა ცხელი ხაზის ნომერი, და გამომდინარე იქედან, რომ პატივცემული ბრაკონიერები ნაპირზე ამოსვლას აშკარად არ აპირებდნენ, რანდევუ ხმამაღალ ტონებში (ჩვენი მხრიდან) დასრულდა.