დღეს ოფიციალურად გავხსენი სეზონი მტკვარზე. პირველი საათისათვის ისევ ჩემს ჩვეულ, გამოცდილ ადგილს ვესტუმრე. ამინდმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, საკმაოდ გრილოდა, რაც თევზაობას კომფორტს მატებდა. თევზი აქტიურად "თამაშობდა", თუმცა მრავალგზის ნაცადმა ჩეხურმა სტილმა მძიმე იმიტაციებით არ გაამართლა. რამდენიმე საათიანი ექსპერიმენტების შემდეგ ისევ კლასიკამ გამოიჩინა თავი, ლეგენდარულმა 14 და 12 ნომერ ნემსკავებზე დამზადებულმა Gold Head Red Tag - მა რამდენიმე მომცრო ქაშაპი მოინადირა, რომლებიც, რა თქმა უნდა დაუბრუნდნენ მშობლიურ სტიქიას, დღეს პირველად გამოვიყენე ჩემთვის მაქსიმალურად გრძელი 10 ფუტიანი კონუსური ლიდერი, რომელიც იმიტაციის თამაშს აუმჯობესებდა.
დღის მეორე ნახევარში დიდი ხნის უნახავი გიგა (მებადური) შემომიერთდა და დროც მშვენივრად გავატარეთ. გვქონდა "ბედნიერება" გვეხილა ნავისა და ელექტროაპარატის გამოყენებით "მოთევზავე" საზოგადოება. სამწუხაროდ არ მქონდა ცხელი ხაზის ნომერი, და გამომდინარე იქედან, რომ პატივცემული ბრაკონიერები ნაპირზე ამოსვლას აშკარად არ აპირებდნენ, რანდევუ ხმამაღალ ტონებში (ჩვენი მხრიდან) დასრულდა.
No comments:
Post a Comment