Friday, June 20, 2014

რამდენიმე სიტყვა მეთოდის "პერსპექტიულობაზე"

     

                სიმართლე გითხრათ, ცოტა მეხამუშება ტერმინ "პერსპექტიულობის" გამოყენება ისეთ თემაზე საუბრისას, როგორიცაა Fly Fishing - ი, ერთი შეხედვით, საერთოდ მიუღებელია, უფრო სწორედ კი აზრს მოკლებულია ამ საკითხის განხილვა - არ განხილვა, რადგან ამ მეთოდმა უკვე არაერთხელ დაადასტურა თავისი ეფექტურობა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს აზრს ამ საკითხზე, განსაკუთრებით იმათ აზრს, ვისაც ეს მეთოდი მხოლოდ სურათებზე და ვიდეორგოლებზე აქვს ნანახი, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში მომიწია ცხოვრება და ალბათ საჭიროა ასეთი სტატიის არსებობა ბლოგზე. თუნდაც მხოლოდ იმ კატეგორიისათვის იყოს საინტერესო, ვინც არჩევანს ახლა აკეთებს. ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ ამჯერად მხოლოდ პრაქტიკული გადმოსახედიდან მინდა არგუმენტების მოყვანა, რადგან ესთეთიკურ მხარეზე ყველას თავისი წარმოდგენა აქვს, თუნდაც იმათ, ვინც ჯერ საბარგულს ავსებს თევზით და მერე ცუდ ადგილას იხევა სხვადასხვა ფორუმებზე იქტიოფაუნის დაცვის აუცილებლობაზე ტლიკინით. ზუსტი ნათქვამია - даже мартышка может иметь свое мнение о льве, но с её стороны не слишком умно будет сообщать ему об этом мнении.
        საერთოდ რა კატეგორია არის ამა თუ იმ მეთოდის "პერსპექტიულობა"? რა იგულისხმება ამ ტერმინში? მომავალში განვითარების პერსპექტივა? და ვის ანაღვლებს საერთოდ ამა თუ იმ მეთოდში რამდენი ადამიანი მოვა? ნუ ახლა სხვადასხვა კლუბების "პრეზიდენტებს" ალბათ ანაღვლებს, დევს ალბათ ამაში რაღაც მატერიალური ინტერესიც, მაგრამ იმ ადამიანისთვის ვინც თევზაობს მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს უბრალო სიამოვნება თევზჭერის პროცესიგან იმათთვის? მგონი არანაირი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა.


                 შემდეგი საკითხი - თევზაობის ადგილი - ნუ აქ უკვე პირდაპირ ჩემს პირად გამოცდილებას შემიძლია დავეყრდნო - დროის და მანქანის უქონლობის გამო ვთევზაობ ფაქტიურად ბრაკებისგან გაჩანაგებულ ადგილებში, მაგალითად ორთაჭალაში, მცხეთის მიდამოებში არაგვზე და ა.შ. შედეგი სახეზეა, რად ღირს თუნდაც თბილისში დაჭერილი ხრამული, მართალი გითხრათ საერთოდ არ მინახავს და არც მსმენია ვინმეს საქართველოში ამ მეთოდით ხრამული დაეჭიროს. მოკლედ ადგილის შერჩევის მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. მეტიც ბევრგან მხოლოდ Fly Fishing - ი არის ეფექტური. 
                 თევზის სახეობა - აქაც მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლებელია ნებისმიერი თევზის დაჭერა, მაგალითად უპრობლემოდ ვიჭერ კარჩხანას ბაზალეთის ტბაზე.
         ახლა უკვე კალმახიც არ არის პრობლემა, შევძელი და მივაღწიე იმას, რომ ფაქტიურად "დაიჭირე-გაუშვი" პრინციპის აღიარება მოვიპოვე სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალური წერილის სახით. ნუ ახლა, რაც შეეხება Fly Fishing - ის მეთოდით კალმახის დაჭერას  - აქ სხვა მეთოდებს ხმა საერთოდ არ აქვთ ამოსაღები.



           რაც შეეხება მოხერხებულობასა და მობილურობას, სახეზე გვაქვს ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური აღჭურვილობა, რომელთანაც სპინინგის შედარებაც კი არ იქნება კორექტული, წონაში წააგებს. 
          რა კატეგორია გვრჩება? ფასი? ნებისმიერს დავუმტკიცებ რომ თანამედროვე სპორტულ მეთოდებში Fly Fishing - ი არის ყველაზე იაფი მეთოდი. გადახედეთ ფასებს და ნუ მიაქცევთ სხვადასხვა ჯურის "ექსპერტ" არამკითხეების აზრს ყურადღებას. 2008 წლიდან ამ მეთოდში ვარ და ვიცი რასაც ვწერ.
              მოკლედ არგუმენტები ჩემზეა და ხედავთ,  არჩევანი კი თქვენზეა, რაც მთავარია, ნუ იქნებით ბრაკები და მეხორცეები, მეთოდს კი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
                და რაც მთავარია - ეს მცირე სტატია არცერთ შემთხვევაში არ უნდა განიხილოთ როგორც მეთოდის პოპულარიზაციის მცდელობა, ეს რომ მდომებოდა ახლაც ვიქნებოდი რომელიმე ფორუმზე ან ფედერაციაში, ამ ბლოგსაც გაცილებით ადვილად დასამახსოვრებელი დასახელება ექნებოდა, მითუმეტეს, რომ პროპაგანდის მხრივ საქართველოში ყველაზე მეტი შესაძლებლობა ნამდვილად მქონდა, და ვიყენებდი კიდეც, მაგრამ "ცოტა" სხვა ღირებულებებით ვცხოვრობ, თუ ამ ბლოგს კითხულობთ ალბათ თავადაც დარწმუნდებოდით ამაში, აქედან გამომდინარე მათთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს და არც არასოდეს მექნება  და არც ვნანობ ამის შესახებ. აი მათთან ურთიერთობაში უაზროდ დაკარგული დროის გამო კი ნამდვილად ვწუხვარ. 
       ეს სტატია არის უბრალოდ ერთი ადამიანის მცდელობა დაამსხვრიოს ის უაზრო მითები, რაც ამ მეთოდს უკავშირდება.

No comments: