Friday, September 12, 2014

ნიმფის შერჩევის თავისებურებანი

         

                      
                      მოგესალმებით. თვეზე მეტი დრო გავიდა ბლოგის ბოლო განახლებიდან, რაც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით იყო განპირობებული, სამწუხაროდ, მთელი შვებულების განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოვახერხე "ცისარტყელა" კალმახზე სათევზაოდ გასვლა, ისიც კერძო მეურნეობაში, რაც თევზაობად საერთოდ არ ითვლება, შესაბამისად არც რეპორტი გამიკეთებია პრაქტიკის განყოფილებაში. თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არამტაცებელ სახეობაზე თევზაობა გაცილებით რთული და საინტერესოა. შესაბამისად, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ სტატია ნიმფის ტიპის იმიტაციის შერჩევის თავისებურებებზე.
                     რამდენიმეწლიანი დაკვირვებების შედეგად დავადგინე, რომ აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში მედღეურებისა და რუისელების ყველა ტიპი ბინადრობს, (დეტალურად სხვადასხვა სახეობებისა და ტიპების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ) ხშირად მდინარის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში რამდენიმე სახეობა ერთდროულად გვხვდება. ასეთ პირობებში, თუკი ყოველგვარი ფიქრის გარეშე იგივე მედღეურას ნებისმიერ იმიტაციას გამოვიყენებთ, ადრე თუ გვიან თევზს დავიჭერთ. მაგალითისთვის: ორთაჭალაში, მდინარე მტკვარზე ე.წ. swimming ტიპის მედღეურა საერთოდ არ ბინადრობს, მაგრამ სწორედ მის ამსახველ pheasant tail nymph - ზე დავიჭირე წლების წინ პირველი ვიმბა და ხრამული. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ დამზარებოდა და კონკრეტული მონაკვეთის უფრო საფუძვლიანი ენტომოლოგიური კვლევა ჩამეტარებინა, გაცილებით დიდ წარმატებას მივაღწევდი. ახლა კი უფრო დეტალურად.
              ამა თუ იმ იმიტაციის წარმატება ბუნების მარტივი კანონებით იხსნება, უბრალოდ საჭიროა დაკვირვება და წარმატებაც არ დააყოვნებს. 

1. ცნობილია, რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის თევზიც კვებისას ცდილობს ენერგიის მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. გამომდინარე აქედან, პირველ რიგში იგი იკვებება იმ ცოცხალი ორგანიზმებით, რომლებიც ადვილი მოსაპოვებელია.
2.  წყალსატევში მობინადრე იმ ცოცხალი ორგანიზმებიდან, რომლებიც ჩვენი ნადავლის საკვებ ბაზას შეადგენენ, სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა დონეზე, უფრო სწორედ სხვადასხვა სიხშირით არის თევზისთვის ხელმისაწვდომი. მაგალითად ე.წ. clinger ტიპის ნიმფა მდინარის კალაპოტში, ქვების ქვედა ზედაპირზე ცხოვრობს


swimmer ტიპი კი თავისუფლად გადაადგილდება წყლის სხვადასხვა შრეში,



 შესაბამისად თუკი კონკრეტულ მდინარეში ორივე სახეობა გვხვდება pheasant tail nymph -ის გამოყენება უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს, სხვათაშორის სწორედ ამიტომაა, რომ clinger ტიპის სულ რამდენიმე იმიტაციაა ცნობილი. იგივე შეიძლება ითქვას რუისელზე, თუკი მდინარეში გვხვდება "სახლიანი" cased caddis და "უსახლო" free living caddis, 



რომელიც ფსკერზე აქტიურად გადაადგილდება,  მეორე ტიპის იმიტაცია უფრო წარმატებული იქნება, ისევ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი მოპოვება თევზისთვის შედარებით მარტივია.
3. ზემოთ მოყვანილი მაგალითები ეხება იმ პირობებს, როდესაც სხვადასხვა ტიპის მწერი დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით გვხვდება კონკრეტულ მონაკვეთში.
4. ზემოთ მოყვანილი მაგალითები არ მოქმედებს ემერჯენციის წინა პერიოდში, როდესაც იგივე clinger ტიპი იწყებს აქტიურ გადაადგილებას წყალსატევის ფსკერზე და თევზიც უკვე მხოლოდ მასზე ახდენს კონცენტრირებას.

   ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ენტომოლოგიის მინიმალურ დონეზე ცოდნა საგრძნობლად აუმჯობესებს თევზაობის შედეგს, ნუ დაიზარებთ და თავადაც მარტივად დარწმუნდებით. გისურვებთ წარმატებებს.                      

No comments: