გთავაზობთ სტატიას ე.წ. "ჩეხური ნიმფის" შესახებ (Czech Nymphing)
სტატიაზე მუშაობის პროცესში ძალიან დამეხმარა ფორუმ www.fly-fishing.ru-ზე გამოქვეყნებული სტატია (ავტორი Themax), რომლის ნებართვითაც მოხდა სტატიის ძირითად ნაწილის ფორმირება, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი, ასევე გამოყენებულია მიხეილ შიშკინის (Михаил Шишкин) სტატიები, სხვადასხვა ფორუმებზე არსებული ინფორმაცია და ჩემი მცირედი გამოცდილებაც.
აღნიშნულ მეთოდს რამდენიმე დაკვირვება დაედო საფუძვლად, აი ზოგიერთი მათგანი:
თევზის რაციონის უმეტეს ნაწილს მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა მწერის მატლები, ჭუპრები შეადგენენ, რადგან მედღეურების (Mayfly), მეგაზაფხულეების (Stonefly), რუისელების (Caddis) განვითარების პირველი სტადია სწორედ წყალში მიმდინარეობს, ამ სტადიის საერთო სახელია ნიმფები (Nymphs). ლოგიკურია, რო თევზის ყურადღებაც სწორედ წყლის ფენის ქვედა შრეებზეა კონცენტრირებული, ხოლო ზედა შრეებზე კი ნაწილობრივ მხოლოდ მწერების ემერჯერებად, ან უკვე ზრდასრულ ფორმებად გადაქცევის სტადიაზე გადადის, რაც წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე ხდება.
(შენიშვნა: წარმოებული დაკვირვებებით ცხადი გახდა, რომ ასეთ დროსაც კი თევზი ნიმფებით მაინც აქტიურად იკვებება)
ნიმფები ცხოვრების უმეტეს ნაწილს სხვადასხვა წყალქვეშა წინაღობების საფარქვეშ ატარებენ და დინებაზე იშვიათი გამონაკლისის გარდა "იძულებით" ხვდებიან. გამონაკლისია რუისელის ზოგიერთი ფორმა და ემერჯენციის ან სპინერის სტადია. დინებაზე მოხვედრისას ნიმფა აბსოლიტურად უსუსურია, მას არ შესწევს ძალა დაძლიოს დინება და დრეიფს ახდენს სწორედ მისი სიჩქარით, ცხადია თევზი ამას უყურადღებოდ არ ტოვებს. ჩეხური ნიმფის არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს რომ მოვახდინოთ ასეთი ვითარების შეძლებისდაგვარად ზუსტი იმიტირება. ადვილი წარმოსადგენია, რომ იმიტაციის გატარების არაბუნებრივი სიჩქარე, მიმართულება და მოძრაობის ზოგადი სტილი ჭერის ობიექტში ეჭვს გამოიწვევს.
ჩვენს მიერ მიწოდებული იმიტაცია არ წარმოადგენს ორიგინალის 100 % -იან ასლს არც წონით და არც მასალით, ამის კომპენსირებას კი გატარების ხარისხით ვცდილობთ, ჩაკვრისთანავე თევზი ხვდება, რომ "მოატყუეს" და აგდებს სატყუარას, ამიტომ ნიფებზე მაქსიმალური კონტროლი წარმატების კრიტიკულად აუცილებელი პირობაა.
რაც უფრო ჩქარია დინება და ღრმა არის წყალი, მით უფრო ახლოს უშვებს თევზი მეთევზეს, მაგალითად მტკვარზე პრაქტიკულად ფეხებთან მედგა ხრამულიც და ვიმბაც, შესაბამისად შნურის შორ მანძილზე მიწოდება ყოველგვარ აზრს არის მოკლებული, სხვა თუ არაფერი ჩაკვრა არ იგრძნობა და კონტროლიც შეუძლებელია, თუ ჩქერზე ქარავანი დგას მაშინ აზრი აქვს გატარება გავაკეთოთ ყოველ 10-15 სმ-ის ინტერვალით, რადგან იმის შანსი, რომ თევზი გაეკიდება მისგან არასაკმარისად ახლოს ჩატარებულ ობიექტს და საკვებ ტერიტორიას დატოვებს ძალიან მცირეა.
ზემოაღნიშნულ ყველა ნიუანსს სწორედ ჩეხური ნიმფით თევზაობის მეთოდი პასუხობს.
ანკესი, კოჭა და შნური
ჩეხური ნიმფის მეთოდით თევზაობისას გამოიყენება 4-7 კლასის ანკესები, რაც უფრო სწრაფი იქნება მათი წყობა, მით უკეთესი, სიგრძე არანაკლებ 2,7 მეტრისა, რაც უფრო მეტია სიგრძე, მით უფრო იზრდება გატარების არეალი. კოჭას ამ მეთოდში მინიმალური მნიშვნელობა აქვს, რადგან შნურის სროლის კლასიკური ტექნიკა საერთოდ არ გამოიყენება, თუმცა თუკი გაგიმართლათ და თქვენი იმიტაცია მოზრდილმა თევზმა აიღო დამატებითი დაზღვევა გამართულად მომუშავე მუხრუჭის სახით სრულიადაც არ იქნება ზედმეტი. შნური ანკესის შესაბამისი კლასის უნდა შევარჩიოთ, გამოიყენება მცურავი ვარიანტები.
მონტაჟი
კლასიკური მიდგომა გულისხმობს შემდეგი ტიპის მონტაჟს:
შნურის ბოლოს არსებულ კონექტორზე ყულფი ყულფში მეთოდით მაგრდება 0,14-0,16 მმ კვეთის მქონე ლიდერი, ლიდერის სიგრძე 1,5-2 მეტრს შეადგენს, შემდეგ ლიდერზე ე.წ. water knot –ის მეშვეობით
მონტაჟდება 60-70 სმ სიგრძისა და 0,12-0,11მმ კვეთის მქონე სატარებელი. ფიქსაციის აგილებზე (2 ადგილი) წარმოქმნილი 2 თავისუფალი ბოლოდან 1 (შნურისკენ მიმავალი) იჭრება და დარჩენილ ბოლოზე წარმოშობილ სატარებელზე (სურათზე А) მაგრდება იმიტაცია, სულ 3 იმიტაცია 2 სატარებლებზე და 1 მონტაჟის ბოლოს, სატარებლების სიგრძე 8-10 სმ-ია, უფრო გრძელი სატარაბლები ხშირად იხლართება და ძნელი საკონტროლებელია.
მთლიანად მანძილი შნურიდან ბოლო იმიტაციამდე ანკესის სიგრძის ტოლია. იმიტაციებს შორის მანძილის შემცირება გარკვეულ წილად ზრდის ჩაკვრათა რაოდენობას, მაგრამ ასევე იზრდება ახლართვათა რიცხვიც. მოტაჟისას გამოყენებული ძუის მინიმალური დიამეტრი განპირობებულია 2 მიზეზით-ჯერ ერთი წვრილი სატარებელი ნაკლებად შესამჩნევია თევზისათვის და მეორე-ასეთი სატარებელი უფრო სწრაფად იძირება. აქედან გამომდინარე სასურველია ფლუოროკრბონის ძუის გამოყენება, რადგან ყველაფერთან ერთად იგი ჩვეულებრივ მონიფილზე მძიმეა.
არსებობს განსხვავებული მიდგომაც, შნურზე მონტაჟდება დაწნული ლიდერი, შემდეგ ყველაფერი იგივენაირად, როგორც კლასიკურ ვარიანტში, იმ განსხვავებით, რომ შნურიდან ბოლო ნიმფამდე მანძილი 2 ანკესის სიგრძეს შედგენს. ორივე შემთხვევაში შნური საერთოდ არ გამოიყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დინება ძალზედ სწრაფია და ნიმფები ვერ ასწრებენ ჩაძირვას. ჩეხური ნიმფით თევზაობისას შნურის წონა ანკესისკენ ექაჩება ნიმფებს და ბუნებრივი მიმართულებით გატარება უკვე შეუძლებელია. გამოიყენება სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ინდიკატორები, კლასიკური მონტაჟისას მათი ფიქსაცია ხდება შნურისა და ლიდერის შეერთების ადგილას, ხოლო მეორე შემთხვევაში კი დაწნული ლიდერისა და ჩვეულებრივი ლიდერის შეერთების ადგილას.
ნიმფები
მთავარი მოთხოვნა ნიმფებისადმი არის მათი დინებასთან შესაბამისი წონა და გლუვი სილუეტი, რომელიც დინებას წინაარმდეგობას ნაკლებად უქმნის, წარმოგიდგენთ ზოგიერთ აპრობირებულ ვარიანტს
მოტაჟზე მაქსიმალური კონტროლისათვის უპრიანია ყველაზე მძიმე ნიმფა ბოლოში დავაფიქსიროთ.
დამატებითი აღჭურვილობა
აუცილებლად დაგჭირდებათ მინიმუმ ქუდი, სათვალე, მაღალყელიანი ჩექმები და მდინარეში სასიარულო ჯოხი, სასურველია სპეციალური ჟილეტის ქონაც, პატარა ზურგჩანთა მობილურობას მოგმატებთ, დანარჩენი თქვენი შეხედულებისამებრ.
თევზაობის ტექნიკა
თევზაობისას იმიტაციების მიწოდებას ვახდენთ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, მათ მოახლოვებასთან ერთად ვწევთ ანკესს მაღლა, რათა შევინარჩუნოთ მაქსიმალური კონტროლი, მას შემდეგ, რაც მონტაჟი ჩვენს პირდაპირ ჩაივლის, ვიწყებთ ანკესის წყლისკენ დაშვებას, ჩატარების ბოლოს, როდესაც ნიმფები წყლის ზედაპირისკენ იწყებენ ამოსვლას აუცილებლად ვაკეთებთ საკონტროლო ამოკვრას, რადგან ხშირად სწორედ ამ დროს იღებს თევზი სატყუარას. თუკი შევამჩნევთ, რომ მთელი გატარების დროს ფსკერზე არცერთ გამოდებას ადგილი არ აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი იმიტაციები არასაკმარისად მძიმეა, თუ ვამჩნევთ, რომ პირიქით, გამოდებათა რიცხვი ძალზედ მაღალია, და მთლიანად მონტაჟი დინების სიჩქარეზე ნელა მოძრაობს, მაშინ პირიქით, ვირჩევთ უფრო მსუბუქ იმიტაციებს.
წარმოდგენილი ვიდეომასალა ბლოგზე განთავსებულია მხოლოდ და მხოლოდ სადემონსტრაციო მიზნებისათვის, რადგან სამწუხაროდ ჭერისათვის ნებადართულ თევზის სახეობაზე მსგავსი ვიდეოკლიპი ვერ მოვიპოვე.
თუკი დაინტერესდებით ზოგადად Fly Fishing-ით, გირჩევთ სწორედ ჩეხური ნიმფით დაიწყოთ, რადგან იგი არ მოითხოვს შნურის სროლის ტექნიკის სრუყოფილ ფლობას და არის საუკეთესო საშუალება იმისა, რომ დარწმუნდეთ თქვენს მიერ დამზადებული იმიტაციების მუშა თვისებებში.
P.S. ეს მეთოდი ჩემს მიერ აპრობირებულია და ვადასტურებ რომ 100%-იანად ეფექტურია მინიმუმ ისეთ თევზებზე, როგორებიცაა ვიმბა, თეთრულა და ხრამული.
No comments:
Post a Comment