Sunday, August 14, 2011

ინსტრუმენტები და მასალები

იმიტაციების დასამზადებელი დაზგა


          ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტია, თუმცა ზოგიერთები იმიტაციის დამზადება უდაზგოდაც, პირდაპირ ხელში ახერხებენ. დღესდღეისობით ბაზარზე უამრავი მოდელია წაროდგენილი. უდავო ფავორიტები არიან Renzetti, HMS მათი ფასებიც შესაბამისია, არებობს სხვადასხვა კონსტრუქციის დაზგა: მაგიდაზე ხრახნით დასამაგრებელი, სადგარიანი, ხელზე გასაკეთებელი. მათი ფასი მერყეობს 20 დოლარიდან 500 დოლარამდე და მეტიც. ფასს განსაზღვრავს მასალა და იმიტაციის დამზადების მოხერხებულობა. უპირობო მოთხოვნაა, რომ დაზგა ნემსკავების მაქსიმალურად ბევრ ზომას საიმედოდ აფიქსირებდეს, ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ფიქსაციის საიმედოობის შემოწმება შემდეგნაირად ხდება: ვამაგრებთ დაზგის სამაგრში ნემსკავს და ყუნწზე ვაწვებით, ხარისხიანი ფიქსაციისას ნემსკავი ადგილიდან არ იძვრის.

დაზგების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:


სამონტაჟო ძაფი


          გამოიყენება იმიტაციის სხვადასხვა დეტალის ნემსკავზე დასაფისქირებლად. ძაფის სისქე აღინიშნება ციფრებით, მაგ: 6/0, 8/0 და ა.შ. რაც უფრო დიდია ციფრი, მით უფრო წვრილია ძაფი, დენებით აღნიშვნისას კი პირიქით. დიდი ზომის იმიტაციების დასამზადებლად იყენებენ კევლარისგან დამზადებულ ძაფსაც. დღესდღეისობით საუკეთესოდ და ყველაზე გავრცელებულად ითვლება UNI thread. სხვადასხვა ზომის ნემსკავზე სხვადასხვა ზომის გამოყენებაა საჭირო, რაც უფრო დიდია ნემსკავი, მით უფრო სქელი ძაფია საჭირო. ზოგიერთი ძაფი დამუშავებულია სანთლისმაგვარი მასით, რაც ხელს უწყობს იმიტაციის წყლის ზედაპირზე ტივტივს.

ძაფების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:



ნემსკავები


           ამ მეთოდით თევზაობისას ნემსკავებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ, რადგან იმიტაციის შეხებისთანავე თევზი გრძნობს, რომ "მოატყუეს" და ცდილობს სწრაფად გათავისუფლდეს მისგან, (გამონაკლისად შეიძლება ჩავთვალოთ CDC - ის ტიპის ბუმბულისაგან დამზადებული იმიტაცია, რომელსაც თევზი არ აგდებს) ამიტომ ნემსკავი უნდა იყოს მაქსიმალურად ბასრი. ნემსკავების ნუმერაცია ხდება ციფრების საშუალებით, რაც უფრო დიდია ციფრი, მით უფრა პატარაა ნემსკავი.

          მშრალი და სველი იმიტაციების დასამზადებლად სხვადასხვა ტიპის ნემსკავებია საჭირო. პირველ შემთხვევაში გამოიყენება მაქსიმალურად წვრილი მავთულისაგან დამზადებული ნემსკავი, რათა არ მოხდეს სატყუარას ჩაძირვა, მეორე შემთხვევაში კი მავთული შედარებით მსხვილია, რათა გაუძლოს ფსკერთან ხშირ კონტაკტს. სტრიმერებისათვის გამოიყენება გრძელ კორპუსიანი ნემსკავები. შერჩევის გასაადვილებლად თითოეული ტიპის ნემსკავს აქვს სპეციალური აღნიშვნა, მაგ: მშრალი იმიტაციებისთვის - dry fly hook, ნიმფებისათვის - nymph hook, სტრიმერებისათვის - streamer hook და ა.შ.

         არსებობს ასევე ისეთი ნემსკავები, რომელსაც ფხა არ აქვს (barbless hooks) და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი თევზის გაშვებას ვაპირებთ, ასევე მისაღებია ამ ტიპის ნემსკავის გამოყენება საწყის ეტაპზე, როდესაც სროლის ტექნიკა ჯერ სათანადო დონეზე არ გვაქვს, რადგანაც მისი ამოძრობა გაცილებით ადვილია.

         ნემსკავების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:


დასამძიმებელი მასალები

          იმიტაციის დასამძიმებლად (მაგალითად ნიმფაზე თევზაობისას) გამოიყენება სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული დამამძიმებლები.



           ტყვიის სხვადასხვა დიამეტრის მავთული დამძიმების ყველაზე გავრცელებული და მარტივი ფორმაა. მავთული უნდა შეესაბამებოდეს ნემსკავის ზომას - რაც უფრო პატარაა ნემსკავი, მით უფრო წვრილი მავთულია საჭირო. ზოგადად კი მავთულის დიამეტრი დაახლოებით ისეთივე უნდა იყოს, როგორც ნემსკავის მავთულის დიამეტრი.

              წებოვან ქაღალდზე დაწებებული ტყვიის თხელი ფირფიტები მოსახერხებელია იმით, რომ ჯერ ერთი ნებისმიერი სიგანის ზოლის გამოჭრაა შესაძლებელი და მეორეც ნემსკავზე მისი ფიქსაციისათვის არ არის საჭირო წებოს ან ლაქის გამოყენება.


           სხვადასხვა ზომის სპილენძის ბურთულები გამოიყენება ე.წ gold head ნიმფების დასამზადებლად, ასევე სტრიმერებისათვის. ზომის შერჩევისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბურთულას ზომა არ იყოს ძალიან დიდი, რათა არ გართულდეს თევზის წამოგება.

          ვოლფრამის ბურთულები იგივე ფუნქციას ატარებს, რაც სპილენძისა, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ვოლფრამი იგივე ზომის სპილენძის ბურთულაზე მძიმეა და მისი გამოყენება ძირითადად ძლიერ დინებაზე ხდება.

       ვოლფრამის პასტა წარმოადგენს პლასტელინის მაგვარ მასას და გამოიყენება უშუალოდ ძუაზე ფიქსაციისათვის.

       დამამძიმებელი მასალების დათვალიერება და შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:





სხვადასხვა სახის ბუმბულები


        იმიტაციების დამზადებისას სხვადასხვა სახის ბუმბულები უდიდეს როლს ასრულებენ. ბუმბულებისაგან მზადდება კუდები, ფრთები, ფეხები, საცეცები, ასევე გამოიყენება ტანის ფორმირებისათვის.

       ყველაზე გავრცელებულია მამლის ბუმბულები. შეკვეთისას სასურველია გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა იმიტაციის დამზადებისათვის სხვადასხვა ტიპის ბუმბულებია საჭირო. ასე მაგალითად მშრალი იმიტაციის დამზადებისათვის აუცილებელია მამლის კისრიდან აღებული ბუმბული, რომელიც მაქსიმალურად ხისტია და ხელს უწყობს იმიტაციის წყლის ზედაპირზე გაჩერებას. სველი იმტაციების დამზადებისას შესაძლებელია მკერდიდან ან ზურგიდან აღებული ბუმბულის გამოყენება. ყოველივე ეს ზოგადი ხასიათის რეკომენდაციაა, რადგან სხვადასხვა მეთევზე სხვადასხვანაირად ფიქრობს და მოქმედებს, მაგალითად ზოგი მშრალი იმიტაციის დამზადებისას ზუსტად რომ შედარებით რბილ ბუმბულს იყენებს და ამას ხსნის იმით, რომ რბილი ბუმბულის ბოლო არ ხვრეტს წყლის ზედაპირს და ერთგვარ "ბალიშს" ქმნის, რაც ასევე ხელს უწყობს ტივტივს.

        ასეთივე მრავალფეროვნებაა დასახელებებშიც, ამერიკელები კისრის ბუმბულების ნაკრებს უწოდებენ neck, ბრიტანელები saddle, რუსები седло, скальп და ამავდროულად არ იცავენ ზუსტ გამიჯვნას ამ ტიპებს შორის (შესაძლებელია ერთი და იგივე სახის ბუმბილი ერთი და იგივე ინტერნეტ მაღაზიაში სხვადასხვა დასახელებით იყოს წარმოდგენილი). პირადად მე შევეცადე ერთ - ერთ რუსულ ფორუმზე ამ კლასიფიკაციის გარკვევას, მაგრამ ერთ დასკვნამდე მივედი: აუცილებლად საჭიროა ყველა ტიპისა თუ დასახელების ნახვა. სხვაგვარად გარკვევა ძალზედ რთულია.

         იგივე მიზნებისათვის გამოიყენება იხვის, ბატის, ხოხბის, კაკბის, ტყის ქათმის, ფარშევანგის, სტრაუსის, მარაბუს და მრავალი სხვა ფრინველის ბუმბულები.

        განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ე.წ. CDC ბუმბულები, რომლებიც წარმოადგენენ წყალმცურავი ფრინველების კლოაკასა და კუდს შორის მდებარე ცხიმოვანი ჯირკვლის ბუმბულებს. გამოირჩევიან მაქსიმალური წყალგამძლეობით და გამოცდილი Fly Fisher -ების მტკიცებით, თევზი მათ არ აგდებს.

           ბუმბულების დათვალიერება და შეკვეთა შეგიძლიათ ამ ბმულზე:



ბეწვი და დაბინგი

      
           სხვადასხვა ცხოველის ბეწვი ძირითადად ფრთებისა და ქიტინისებური საფარის იმიტირებისათვის გამოიყენება. ასევე მშვენიერია სტრიმერებისათვის.
ყველაზე გავრცელებულია ირმის, ცხენირმის, ნუტრიის და კურდღლის ბეწვი. ხშირად ბეწვის ნარჩენებისაგან დაბინგდსაც ამზადებენ.



          დაბინგი (სინთეთიკური ან ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული ერთგვარი ნაჩეჩი მასა) იმიტაციების დამზადებისას ერთ - ერთი უპირველესია. უმეტეს შემთხვევაში სწორედ დაბინგით ხდება იმიტაციის სხეულის დამზადება. თუკი გვსურს, რომ იმიტაციამ იტივტივოს, მაშინ სასურველია სინთეთიკური დაბინგის გამოყენება, ხოლო ნიმფებისათვის კი უმჯობესია ნატურალური ბეწვისგან დამზადებული მასალა.

          ბეწვის და დაბინგის ასორტიმენტის ნახვა/შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:



სინთეთიკური მასალები

          სხვადასხვა სახის სინტეთიკური მასალები გამოიყენება ფრთების შესაქმნელად, სეგმენტაციისათვის, მწერის ფეხების იმიტირებისათვის. ძირითადად იყენებენ პოლიპროპილენის წნულებს, რეზინის ძაფებს, სხვადასხვა ფერისა და სისქის სინთეთიკურ ლენტებს, და ა.შ. სინთეთიკური მასალების დათვალიერება/შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:



წებო და ლაქი
           სხვადასხვა სახის წებო და ლაქი ძირითადად გამოიყენება დამასრულებელი კვანძის გასამაგრებლად, თუმცა მათ ხანდახან იმიტაციის ნაზი ფრთების ან სხვა პატარა დეტალების არმირებისათვისაც მშვენიერია. სპეციალური ლაქის არქონის შემთხვევაში, ხშირად იყენებენ სხვადასხვა სახის გამხსნელით დათხელებულ უბრალო ფრჩხილის ლაქსაც.

მათი დათვალიერება/შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:


სხვადასხვა დამატებითი ინსტრუმენტები

          იმიტაციის დასამზადებლად საჭიროა სხვადასხვა სახის დამატებითი ინსტრუმენტი:


           სამონტაჟო ძაფის დამჭერი სასურველია იყოს კერამიკული ბოლოთი, რომელიც ძაფს არ აზიანებს, თუ ასეთი არ გვაქვს არც ესაა დიდი პრობლემა, პოლირებისათვის განკუთვნილი პასტით სავსებით შესაძლებელია მისი სათანადო მდგომარეობაში მოყვანა.



          კვანძის გასაკეთებელი ხელსაწყო საბოლოო კვანძის დასამზადებლად გამოიყენება და სხვადასხვა კონსტრუქციისა შეიძლება იყოს. იაფფასიანი ინსტრუმენტი სასურველია ასევე დავამუშავოთ საპოლირებო პასტით, რატა არ მოხდეს ძაფის დაზიანება. ხშირად, ოსტატები ამ ინსტრუმენტს საერთოდ არ იყენებენ და კვანძს ხელით აკეთებენ.
           ბეწვის ბოლოების გასასწორებელი ხელსაწყო გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად იმიტაციის ფრთა მზადდება ბეწვისაგან და გვსურს, რომ მისი ზედა მხარე მაქსიმალურად სწორე იყოს.


          დაბინგის ნემსი გამოიყენება წვრილ დეტალებთან სამუშაოდ, ასევე ლაქის დატანისათვის.

          
            ბუმბულის დამჭერებს კი ნემსკავზე მოკლე ბუმბულის დასახვევად იყენებენ.
       აუცილებლად საჭიროა განსაკუთრებით მაღალი ხარისხის მაკრატლები. სასურველია ბეწვისთვის და სხვა მასალებისათვის სხვადასხვა ტიპის მაკრატლები ვიქონიოთ, რათა იმიტაციის დამზადებისას არ მოვახდინოთ სხვადასხვა მასალის დაზიანება.

         სხვადასხვა აუცილებელი/სასურველი ინსტრუმენტების დათვალიერება/შეკვეთა შესაძლაბელია შემდეგ ბმულზე:



პერმანენტული (წყალგამძლე მარკერები)

             შევიძინე Edding-ის წყალგამძლე (პერმანენტული) მარკერები, სამწუხაროდ სურათს ვერ ვდებ. ალბათ იდეალური იქნება სხვადასხვა იმიტაციის დასაფერად. ვნახოთ რა გამოვა. ამ კონკრეტულ მოდელს აქვს ძალიან წვრილი (0.3 მმ) თავი და გამოდგება იმიტაციის წვრილი დეტალების გამოსაკვეთად, საჭიროა ასვე შედარებით ფართოპირიანი ვარიანტი დიდი დეტალების დასამუშავებლად.

          სამწუხაროდ, ფერების არჩევანი არ არის დიდი, ხოლო სპეციალურად fly fishing - სთვის განკუთვნილი მარკერები (რომლებიც ხასიათდებიან ფერთა სპეციფიკური კომპლექტით, მაგრამ ქიმიური ფორმულა და გამძლეობა აბსოლიტურად იგივე აქვთ) ღირს 3 - 4 ჯერ ძვირი. ალბათ მომიწევს შეკვეთა, თუ აქ ვერაფერი ვერ ვნახე.

          ცნობისათვის: პერმანენტული მარკერი შესაძლებელია იყოს სპირტის ან ზეთის საფუძველზე დამზადებული. როგორც მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, მეორე ვარიანტი უფრო სასურველია, თუმცა პირველსაც წარმატებით იყენებენ.
ორი საუკეთესო მაღაზია როგორც ასორტიმენტით, ასევე ფასებით, არის აბსოლიტურად ყველაფერი

http://www.bogdangawlik.pl/ პოლონეთი

http://www.czechnymph.com/en/e-shop ჩეხეთი

 ჩამოტანა http://www.sengeo.ge/ge

No comments: