Sunday, August 14, 2011

პროფესიონალთა რჩევები

კარჩხანა

          
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს წყალსატევების უმეტესობაში კარჩხანა საკმარისზე მეტი რაოდენობით გვხვდება, ალბათ უპრიანი იქნებოდა თვალი გადავავლოთ ამ საინტერესო თევზის ჭერის უცხოურ, კერძოდ კი რუსულ პრაქტიკას. მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში არაორაგულისებრთა ჭერას ყურადღება თითქმის არ ექცევა (გამონაკლისია კარპი და ქაშაპი). ლოგიკა მარტივია, თუკი ნებისმიერი თევზის მენიუს უდიდესი ნაწილი შედგება განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მწერებისაგან, რატომ არ უნდა ვცადოთ თევზაობა სწორედ ამ მწერების იმიტაციებზე?

         კარჩხანას ჭერა იწყება მაშინ, როდესაც წყალი შედარებით თბება და წყალსატევის მიკროფაუნის წარმომადგენლები ნელ-ნელა აქტიურდებიან. რუსეთში თევზაობას ყინულის დნობისთანავე იწყებენ.

აღჭურვილობა

         კარჩხანაზე სათევზაოდ საკმარისია 4-5 კლასის ჯოხი შესაბამისი კოჭათი და შნურით, შნური და ლიდერი შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც მცურავი, ასევე ნეიტრელური ცურვადობის მქონე. მაქსიმალური კომფორტისათვის დამატებით დაგვჭირდება თერმოთეთრეული და ვეიდერსები.

სათევზაო ადგილის შერჩევა

           
          ლოგიკურია სათევზაოდ ავარჩიოთ დაბალი წყალი, რადგან იგი უფრო სწრაფად თბება, შესაბამისად, ასეთ ადგილებში მწერების აქტიურობა მაქსიმალურია, და თევზის მაქსიმალური კონცენტაციაც სწორედ აქ გვხვდება. იდეალურია, თუკი ვნახავთ წინა წლის ლერწმის პლანტაციების ნარჩენებს და მათ სიახლოვეს ვცდით ბედს. შესაძლებელია მოგვიწიოს ფსკერის მეტნაკლებად გასუფთავებაც, რათა თავიდან ავიცილოთ იმიტაციების დაკარგვა.

თევზაობის ტაქტიკა

           გამომიდინარე იქედან, რომ ჭერა ხდება საკმაოდ მოკლე 10-15 მეტრის მანძილზე და წყალიც გამჭვირვალეა სასურველია თევზაობისას დავიცვათ სიჩუმე და იმიტაციის მიწოდება მოვახდინოთ მაქსიმალურად ფრთხილად, იმიტაციის გატარება ხდება სხვადასხვა სისწრაფის 10-15 სანტიმეტრიანი სტრიპებით, სტრიპებს შორის კეთდება რამდენიმე წამიანი პაუზა, რათა ჩვენი იმიტაცია ჩაიძიროს, შემდეგ ყველაფერი იწყება თავიდან, გატარების სისწრაფით ვეძებთ თევზის კვების ჰორიზონტს და შემდეგ ვცდილობთ სწორედ ამ ჰორიზონტზე თევზაობას. თუკი ვთევზაობთ ემერჯერებზე ან ზრდასრული მწერის იმიტაციაზე, მაშინ შნურის სროლის შემდეგ, დროგამოშვებით ვახდენთ იმიტაციის ოდნავ დაძვრას, ანუ რეალური მწერი წყლის ზედაპირზე ქცევის იმიტირებას.

იმიტაციები

           კარჩხანაზე სათევზაოდ იყენებენ 16-12 ზომის ნემსკავებზე დამზადებულ იმიტაციებს. წარმატება მოაქვს სხვადასხვა ემერჯერებზე და ნიმფებზე თევზაობას, კერძოდ კი:

             განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი კოღოს მატლის იმიტაცია, მაგალითად ნიმფა
            ემერჯერი
            რუისელის იმიტაცია




თეთრულა


           ეს პატარა თევზი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან საქართველოს თითქმის ყველა წყალსატევში გვხვდება. მისი ჩაკვრა ელვისებურია, ამიტომაც fly fishing- ის ათვისების პირველ ეტაპზე იდეალური სავარჯიშო ობიექტია, გამოცდილი მეთევზეებიც კი თეთრულას 10 ჩაკვრიდან საშუალოდ 5-6 -ის რეალიზებას თუ ახერხებენ. ტბის თეთრულა უმეტესწილად მდინარისაზე შესამჩნევად დიდია.

აღჭურვილობა

           თეთრულაზე სათევზაოდ გამოიყენება 2-5 კლასის ჯოხები შესაბამისი კოჭათი და ცურვადი შნურით, ამ შემთხვევაში უპრიანია მაქსიმალურად სწრაფი წყობის ჯოხის გამოყენება, რათა მოხდეს ჩაკვრების მაქსიმალური რაოდენობის რეალიზება.

სათევზაო ადგილის შერჩევა

          ტბებსა და დიდ წყალსაცავებში თეთრულა თავის ადგილსამყოფს ზედაპირზე აქტიურობით ავლენს, ამასთან უპირატესობას ღია სივრცეებსა და სუფთა ფსკერს ანიჭებს, ძირითადად მისი გუნდები წყნარი წყლისა და ტალღების საზღვარზე დგას. თეთრულას დიდი რაოდენობა გვხვდება დამბებთან და მდინარის შესართავებში, დინებისა და წყნარი წყლის საზღვარზე.

თევზაობის ტაქტიკა

          თეთრულას ელვისებური რეაქციიდან გამომდინარე, იმიტაციაზე მაქსიმალური კონტროლის მიზნით, თევზაობისას შნური მაქსიმალურად დაჭიმული უნდა იყოს, სროლის სხვადასხვა ტექნიკებიდან უპირატესობა roll cast-ს ენიჭება, რომელიც თავიდანვე უზრუნველყოფს იდეალურ კონტროლს, მნიშვნელოანია მაქსიმალურად ფრთხილი ამოკვრა, რადგან ამ თევზს ძალიან სუსტი პირი აქვს, ამიტომ ამოკვრა ხდება არა ანკესით, არამედ შნურის მოქაჩვით.

იმიტაციები

           თეთრულაზე სათევზაოთ გამოიყენება 16-18 ზომის ნემსკავებზე დამზადებული იმიტაციები. შედეგიანია თითქმის ყველა ტიპის იმიტაცია, მაგრამ განსაკუთრებით წარმატებულია შემდეგი ტიპები:

           სხვადასხვა სახის wet fly, ამასთან უპიატესობა ენიჭება კაშკაშა ფერის მასალებს

          
             ნიმფები


            ხოჭოები

No comments: