Saturday, December 3, 2011

პირველი კომპლექტის შერჩევის ძირითადი პრინციპეპი

            ამ სტატიის დაწერა საკუთარი გამოცდილებისა და ზოგადად მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე გადავწყვიტე, რადგანაც პირველი არჩევანის გაკეთება, თანაც საქართველოში, სადაც მოკლებულნი ვართ საშუალებას უშუალოდ შევადაროთ სხვადასხვა მწარმოებლისა და ტიპის ანკესები, საკმაოდ რთულია.
            მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკის მიხედვით, დამწყებთათვის  რეკომენდირებულია 8-9 ფუტის სიგრძის, 5 - 6 კლასის, საშუალო, ან საშუალოდ სწრაფი  წყობის (medium, medium fast action, რომლებშიაც ბლანკის დაახლოებით ნახევარი მუშაობს სროლისას) ანკესები. მაგრამ უკეთესია, თუ თავიდანვე მოახდენთ კონკრეტული პირობების განსაზღვრას და შესაბამისად არჩევანის გაკეთებასაც.


ეს რეკომენდაციები ჰაერიდან არ არის აღებული და მრავალწლიანი პრაქტიკის შედეგად არის შემუშავებული. ასეთი ტიპის ანკესები მეტნაკლებად უნივერსალურად ითვლება.
               პირველ რიგში წყობა, რადგანაც სწორედ medium, medium fast action ანკესები აძლევენ დამწყებს საუკეთესო საშუალებას სწრაფად მიხვდეს  შნურით მუშაობის ძირითად პრინციპებს, ასევე "პატიობენ" სროლის ტექნიკაში არსებულ შეცდომებს, გავრცელებული გამონათქვამის თანახმად ისინი "თვითონ" მუშაობენ. გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა მწარმოებლის ანკესის წყობა საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგალითად ევროპელი მწარმოებლების ანკესები უფრო რბილი და დელიკატურია, ვიდრე ამერიკული, თუმცა ორივეს შესაძლებელია მითითებული ჰქონდეს medium fast წყობა, მაგალითად ინგლისური Sonik Sk3 და ამერიკული  Ross Essence FW, რაც არჩევანის გაკეთებისას აუცილებლად გასათვლისწინებელი ფაქტორია.  
           რაც შეეხება კლასს-5,6 კლასის შნურები საკმაოდ მძიმეა, ამიტომ დამწყებისათვის ასათვისებლად ადვილი.
           სიგრძე- 8-9 ფუტის სიგრძე ასევე ოპტიმალურია, რადგანაც ასეთი სიგრძე საშუალებას იძლევა მეტნაკლებად ერთნაირი წარმატებით გამოყენებულ იქნას სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა ტიპის გატარებისას.
            უმჯობესია პირველი არჩევანი ხარისხიან ბრენდზე გავაკეთოთ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ჯერ ერთი-პირადად ჩემთვის მიუღებელია გამოთქმა "ჯერ რამე იაფიანს ავიღებ და შემდეგ, თუ მომეწონა უკვე კარგს შევარჩევ". Fly Fishing-ში ეს მიდგომა, ჩემი აზრით არ ამართლებს, რადგან უხარისხო ანკესი თავიდანვე შნურის სროლის არასწორი ტექნიკის გამომუშავების გარანტია და მეორე  99% შემთხვევებში ასეთი პროდუქტის კლასი განცხადებულს არ ემთხვევა და გაცილებით დიდია, რადგან მწარმოებელი თავს იზღვევს. დამწყები იძენს ვთქვათ 5 კლასის ანკესისთვის 5 კლასის შნურს და იწყებს ტექნიკის ათვისებას, რასაც აუცილებლად მოსდევს პრობლემები.
           სწორედ ზემოთაღნიშნული რეკომენდაციების დაცვა იძლევა საშუალებას დამწყებმა აითვისოს საფუძვლები და შემდგომში უკვე დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე უფრო ადვილად მიხვდეს თუ დამატებით რა მახასიათებლების მქონე აღჭურვილობა სჭირდება. მოვიყვან საკუთარ მაგალითს, როდესაც ამ სტილში პირველ ნაბიჯებს ვდგავდი მრჩეველი არავინ არ მყავდა, ვკითხულობდი უამრავ მასალას და ბოლოს, როგორც დღევანველი გადმოსახედიდან ვხედავ, სწორე არჩევანი გავაკეთე, როდესაც შევიძინე იმ მომენტისათავი უცნობი კომპანიის კომპლექტი - Sonik Sk3, 9", 5/6 weight. სხვათაშორის ამ არჩევანის გაკეთებაში ძალიან დამეხმარა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კარფიშერი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი ირაკლი ხორავა, რომელსაც ამ კომპანიის წარმოების კარფიშინგისათვის განკუთვნილი ანკესები ჰქონდა და შემეძლო თვალნათლივ მენახა მათი ხარისხი, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.


მაშინ იგი საკმაოდ იაფი ღირდა და არჩევანის გაკეთებისას ეს მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო, თუმცა იმავდროულად სწორედ მას მსოფლიოში ცნობილი ჟურნალის  Trout & Salmon ის მიერ ჩატარებულ ტესტირებაში Best In Test კატეგორია ჰქონდა მინიჭებული და მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები გააჩნდა. სამწუხაროდ ახლა ფასებმა თითქმის 3-ჯერ მოიმატა, თორემ მეორე კომპლექტიც ამ ფირმის მექნებოდა. სწორედ ამ კომპლექტმა მიმახვედრა, რომ დამატებით მინიმუმ 2 სხვადასხვა კლასისა და სიგრძის ანკესი მჭირდება პატარა მდინარეებისა და ჩეხური სტილისათვის.
            რაც შეეხება კოჭას და შნურს-ოპტიმალურია, თუ იგივე მწარმოებლის პროდუქციას შევიძენთ, რადგან ამ შემთხვევაში გარანტირებულად მივიღებთ იდეალურად დაბალანსებულ სისტემას. თუკი თქვენს მიერ შერჩეული ანკესის მწარმოებელი არ ამზადებს მათ, მაშინ მოგიწევთ საკმაოდ დიდი ინფორმაციის დამუშავება, თქვენი ანკესის წონის, სიგრძისა და კლასის გათვალისწინებით იპოვეთ კომპანია, ღომელიც აწარმოებს ანკესებსაც და კოჭებსაც. თუ მაგალითად გაქვთ 5 კლასის 9 ფუტიანი ანკესი, ნახეთ ასეთი კომპანია თავის 5 კლასის 9 ფუტიან ანკესებზე რა წონისა და ზომის კოჭას უწევს რეკომენდაციას და არჩევანიც შესაბამისად გააკეთეთ. ჩემს შემთხვევაში პრობლემა არ არსებობდა, რადგან Sonik აწარმოებს კოჭებსაც და შნურებსაც.



            შნური დასაწყისისათვის უნდა იყოს აუცილებლად ცურვადი და აუცილებლად WF, რადგან ამ ტიპის შნურები ადვილია ასათვისებლად, ისევ და ისევ გირჩევთ რომელიმე სოლიდური კომპანიის ნაწარმზე შეაჩეროთ არჩევანი, მაგალითად Scientific Anglers ან Rio, რომლებიც გარანტირებულად მაღალი ხარისხისაა და არაერთი სეზონი გემსახურებათ.
           და რაც მთავარია ნუ დაიზარებთ ინფორმაციის მოძიებას, იკითხეთ მასალები, კონკრეტული მწამოებლის პროდუქციაზე გამოხმაურებები, ნუ შეეცდებით "გამოიგონოთ ველოსიპედი", იგი უკვე გამოგონილია, და აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს.
          

No comments: