Saturday, December 17, 2011

მედღეურა (поденка, mayfly - Ephemeroptera)


             ჩვენთვის საინტერესო მწერების განხილვას დავიწყებ მედღეურების ზოგადი დახასიათებით. სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ მაქვს ხარისხიანი ფოტოტექნიკა მაკროფოტოგრაფირებისათვის, ამიტომ სტატიაში არსებული ფოტომასალა აღებულია სხვადასხვა ინტერნეტ რესურსიდან.
            Fly Fishing-ი პირველ რიგში ამ სახეობასთან ასოცირდება. შეიძლება ითქვას, რომ იმიტაციათა უმრავლესობა სწორედ მედღეურას განვითარების ამა თუ იმ სტადიას ასახავს. ჩვენს პირობებში ამ მწერის სხვადასხვა სახეობა საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება ნებისმიერ წყალსატევში, თუმცა მეთევზეთა ყურადღება, ისიც საკმაოდ ეპიზოდურად, კონცენტრირებულია მხოლოდ და მხოლოდ მისი განვითარების მეორე სტადიაზე - ნიმფაზე, რომელსაც ჩვენთან სანსალას ან ღორტავს უწოდებენ. არადა მედღეურა, განვითარების ნებისმიერ ეტაპზე თევზის რაციონის დიდ ნაწილს შეადგენს.
             ენტომოლოგები მედღეურებს მიაკუთვნებენ მწერთა იმ კატეგორიას, რომელსაც ახასიათებს არასრული მეტამორფოზი (გარდასახვა) და განვითარების შემდეგ სტადიებს განასხვავებენ: კვერცხი (egg) - ნიმფა (nymph) -ზრდასრული მწერი (imago, dun, spinner). Fly Fishing- ში კი პრაქტიკული დაყოფა უფრო მრავალფეროვანია, მართალია კვერცხის სტადიას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება, სამაგიეროდ დამატებულია ემერჯერის (emerger), მკვდარი ემერჯერის (cripple), სუბიმაგოს (subimago, subdun) და სპენტის (spent) სტადიები, შესაბამისად საიმიტაციო ეტაპების რიგი გამოიყურება შემდეგნაირად: ნიმფა - ემერჯერი - მკვდარი ემერჯერი - სუბიმაგო - იმაგო - სპენტი. განვიხილოთ თვითოეული მათგანი უფრო დეტალურად.
             ნიმფა - მედეურები ცხოვრების 99%-ს ნიმფის სტადიაში ატარებენ. ზედმეტად რომ არ გადავიჭრათ ენტომოლოგიაში მოკლედ ვთქვათ, რომ სახეობის მიხედვით მედღეურას ნიმფების ფორმა, ზომა და ფერი განსხვავდება, მაგალითად ჩქერზე მობინადრე heptagenia სახეობა, საბინადრო პირობებიდან გამომდინარე გამოირჩევა მოკლე, განიერი და ბრტყელი ტანით, საკმაოდ ძლიერი ფეხებით, ეს მახასიათებლები მას დინებასთან ბრძოლაში ეხმარება

          
           ხოლო ტბებში, წყალსაცავებში, ან მდინარის შედარებით მდორე მონაკვეთებზე მცხოვრები baetis კი გამოირჩევა გრძელი ტანითა და შედარებით სუსტი ფეხებით


            მიუხედავად ასეთი განსხვავებებისა, მედღეურას ამოცნობა მარტივია-ნიმფის სტადიაზე მას სამ სეგმენტიანი კუდი აქვს. მედღეურას ნებისმიერი ნიმფა შედგება შემდეგი ნაწილებისგან: კუდი (tail), ტანი (abdomen), მკერდი (thorax), თავი (head) და ფეხები (legs)


           ნებისმიერი წყალსატევში მისი პოვნა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რადგან ნიმფის სტადია 2 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
             ემერჯერი და მკვდარი ემერჯერი - ამ ეტაპზე იწყება მეტამორფოზის შემდეგი სტადია, რომლის დროსაც ნიმფა ისწრაფვის ზედაპირისკენ, რათა გადაიქცეს ფრთიან მწერად, სახეობის მიხედვით ემერჯენცია შეიძლება მოხდეს როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყლიდან ამოშვერილ ქვაზე, ტოტზე ან რომელიმე სხვა ობექტზე.    


            ამ სტადიის მოახლოვება ადვილი დასადგენია ნიმფის ფრთების ჩანასახების (ზედა სურათზე მკერდის ზედა მხარეს არსებული ორი მუქი  წანაზარდი) ფერის მიხედვით, რაც უფრო მუქი ფერია, მით უფრო ახლოა ემერჯენცია.  ნიმფა იცილებს ძველ ქიტინისებრ საფარს და ჩნდება ფრთიანი მწერი


             ძველი საფარის მოცილება ხდება საფარსა და ზრდასრული მწერის ტანს შორის არსებული ჰაერის წნევის დახმარებით, ხანდახან ეს წნევა საკმაოდ დიდია, მწერი იღუპება და იგი, ძველ საფართან ერთად, მიაქვს დინებას, სწორედ ამ ვითარებას ასახავს მკვდარი ემერჯერის იმიტაცია, მაგალითად mayfly cripple.  
              სუბიმაგო - ამ ეტაპზე, ერთი მიდგომის თანახმად, ხდება მწერის მიერ ფრთების გაშრობა, ხოლო მეორე მიდგომის თანახმად კი ფრთების სტრუქტურის გავსება ორგანული სითხით, ამ დროს მწერის ფრთები ნაკლებად გამჭვირვალეა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია იმიტაციის შექმნისას


              ამ ეტაპის ხანგრძლივოდა დიდად არის დამოკიდებული მეტეოროლოგიურ პირობებზე, რაც უფრო დაბალია ტემპერატურა და რაც უფრო ძლიერია ქარი, მით უფრო მეტი დროა საჭირო მისი დასრულებისათვის, შესაბამისად, სუბიმაგო უფრო დიდი ხნის განმავლობაშია მიმზიდველი თევზისათვის.
               იმაგო -  ზრდასრული მწერის სტადია, ამ ეტაპზე ხდება  მწერის აფრენა წყლის ზედაპირიდან, შეჯვარება და კვერცხების დადება. ფრთები უკვე გამჭვირვალეა, ტანიც უფრო ღია ფერისაა


            სპენტი - კვერცხების დადებს შემდეგ მედღეურა კვდება, ამ ეტაპზე იმიტაციის დამზადებისას მნიშვნელობა უკვე წყლის ზედაპირზე დადებულ ფრთებს აქვს


             ესეც მედღეურას  სიცოცხლის სრული ციკლის ამსახველი ვიდეომასალა

No comments: