Friday, December 16, 2011

შესავალი პრაქტიკულ ენტომოლოგიაში

           

          ამ სტატიით  ბლოგზე ვხსნი ახალ განყოფილებას "პრაქტიკული ენტომოლოგია". საკმაოდ ბევრი ვიფიქრე იმის თაობაზე ღირს თუ არა ასეთი თემის არსებობა და გადავწყვიტე დეტალურად განმეხილა Fly Fishing - ის ეს, ყველაზე მთავარი თუ არა, ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. მართალია ენტომოლოგიური კვლევის შესახებ სტატიის კითხვა ბევრისათვის საკმაოდ მოსაწყენი შეიძლება აღმოჩნდეს, მეტიც, ბევრმა შეიძლება საერთოდ არც კი წაიკითხოს, მაგრამ  ბოლოს და ბოლოს Fly Fishing Chronicles არ არის კომერციული ან PR პროექტი, რომ მკითხველის რაოდენობას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს.  რაც შეეხება პირადად ჩემს მიდგომას Fly Fishing-ისადმი, ვთვლი რომ ენტომოლოგიის ზოგადი ცოდნის გარეშე წარმატება შემთხვევით, ეპიზოდურ ხასიათს შეიძენს, რაც მე ნამდვილად არ მაკმაყოფილებს.  კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნათ მარტივ ფაქტებს უნდა მივმართოთ: არ არსებობს მწერი, რომლითაც თევზი იკვებება და რომლის იმიტაციაც უკვე დიდი ხნის შექმნილი არ არის, მაგრამ თუ თქვენ არ იცით, რომ თქვენს მიერ მდინარეში აღმოჩენილი მწერი არის მაგალითად მედღეურა (поденка, mayflies - Ephemeroptera) უბრალოდ ვერ შეძლებთ, ან როგორც მინიმუმ, ძალიან გაგიჭირდებათ მისი იმიტაციის დამზადების ტექნოლოგიის პოვნა ინტერნეტით,
           Fly Fishing არის თევზაობის ერთადერთი მეთოდი, რომელიც გულისხმობს თევზის ბუნებრივი საკვების მთელი მრავალფეროვნების 100%-ის იმიტირებას სხვადასხვა ხელოვნური თუ ბუნებრივი მასალებით.
          ლოგიკურია თევზს პირველ რიგში შევთავაზოთ ის საკვები, (ჩვენს შემთხვევაში-იმიტაცია) რაც მისთვის აბსოლიტურად მისაღები და ბუნებრივია, შესაბამისად, აუცილებელია ვიცოდეთ, კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ წყალსატევზე, დღის კონკრეტულ მომენტში რით იკვებება კონკრეტული სახეობის თევზი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, აუცილებელია ვიცოდეთ თუ ამ კონკრეტულ მომენტში თევზის საკვები ბაზის კონკრეტულად რომელი შემადგენელი ნაწილია აქტიური, სწორედ ამის საფუძველზე ვირჩევთ აღჭურვილობას, ტაქტიკასა და სატყუარას. რა თქმა უნდა შეგვიძლია ყოველგვარი ენტომოლოგიის გარეშე გამოვიყენოთ ბუზის მატლის


ან ჭიაყელას იმიტაცია


მაგრამ ასეთ შემთხვევაში, პირადად ჩემთვის Fly Fishing-ის, როგორც ულამაზესი მეთოდის, მიმზიდველობა საერთოდ იკარგება. ჯერ ერთი, არც პირველი და არც მეორე მაგალითი არ წარმოადგენს თევზის ბუნებრივ საკვებს, რადგან  წყალში მხოლოდ შემთხვევით, მაგალითად წყალდიდობის დროს, ან მეთევზის ნებით ხვდება, და მეორე - არცერთ მათგანს კლასიკურ იმიტაციასთან საერთო არაფერი აქვს.  
           რა არის თევზის ბუნებრივი საკვები? რა თქმა უნდა წყლის ის მიკროფაუნა, რომელიც ნებისმიერ წყალსატევში თუ მის ნაპირებზე მრავლად გვხვდება. ამ მხოხავი თუ მფრინავი მრავალფეროვნების 99,9% სწორედ წყალში გადის განვითარების საწყის ფაზას, შესაბამისად, წარმოადგენს თევზის რაციონის უდიდეს ნაწილს,  აი სწორედ აქ იწყება ენტომოლოგია-მეცნიერება მწერების შესახებ. სწორედ ამიტომ სათევზაო ადგილზე მისვლა ჩვენთვის არა მხოლოდ უბრალო მოქმედება, არამედ მთელი რიტუალია, რიტუალი, რომელსაც მდინარისა თუ ტბის გაცნობა, მისალმება  შეიძლება ვუწოდოთ. აღჭურვილობის მომზადებამდე აუცილებლად ვაკვირდებით ნაპირს, ვიკვლევთ ფსკერის სტრუქტურასა და შემადგენლობას, ვზომავთ წყლის ტემპერატურას, რათა გავარკვიოთ, თუ კონკრეტულად რომელი მწერისა თუ სხვა საკვები ობიექტის იმიტაციის გამოყენება იქნება წარმატებული. ასეთ კვლევაში ძალიან დაგეხმარებათ მარტივი მოწყობილობა - 2 ჯოხზე დაფიქსირებული "მარლის" ბადე, რომელსაც ვერტიკალურად ვაფიქსირებთ ფსკერზე და რომელშიაც ებმევა წყლის მიერ წაღებული ან ჩვენს მიერ, ფსკერის გაფხვიერების შედეგად ამოტივტივებული მწერი, ამ მიზნისათვის მე ენტომოლოგიურ კომპლექტს ვიყენებ, რომელშიც, ბადის გარდა, შედის გამადიდებელი შუშა, კოლბები, თერმომეტრი და პინცეტი.

   
            აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თევზი, ამ მიკროფაუნის მრავალფეროვნებიდან მხოლოდ კონკრეტულ სახეობებს ანიჭებს უპირატესობას, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მედღეურები (поденки,  mayflies - Ephemeroptera), მეგაზუფხულეები (веснянки, stoneflies - Plecoptera) და რუისელები (ручейники, caddisflies - Trichoptera). სწორედ მათზე გაკეთდება ძირითადი აქცენტი ბლოგის ამ ახალ განყოფილებაში.

No comments: