მოგეხსენებათ, 2011 წლის 27 დეკემბერს "ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ" დებულებაში შევიდა ცვლილებები. პირადად მე დიდი იმედი მქონდა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.
სამწუხარო რეალობაა, რომ "მეთევზეთა" უმეტესობა კანონს არანაირ ყურადღებას არ აქცევს, როგორც ცვლილებების შეტანამდე, ისე დღესაც განაგრძობს ბრაკონიერობას, რა თქმა უნდა მესმის, რომ რაც არ უნდა კარგი იყოს კანონი, მთავარი მისი შესრულება და ამ შესრულებაზე ეფექტური კონტროლია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რა საჭირო იყო კანონმორჩილი მეთევზეების ინტერესების ფეხქვეშ ასეთი გათელვა და ამ გათელვის დაკანონება დებულებით. არ შევეხები ნადირობისა და სარეწაო თევზჭერის ასპექტებს და ძირითად აქცენტს გავაკეთებ სამოყვარულო თევზჭერაზე.
ტერმინთა განმარტებაზე დიდ ხანს არ შევჩერდები, მხოლოდ ერთ პუნქტს მოვიყვან საილუსტრაციოდ:
მეორე მუხლის მე-18-ე პუნქტი:
18. სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი.
თითქოს საშინელი არაფერია ტერმინის ასეთ განმარტებაში, თუმცა კანონმდებლის სამოყვარულო თევზაობაში ჩახედულობაზე წარმოდგენას ნამდვილად გვიქმნის.
ცვლილებები შევიდა მერვე მუხლში, რომელიც ასე გამოიყურებოდა:
მუხლი 8. ჭერააკრძალული თევზის სახეობები
1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სამოყვარულო-სპორტულიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;
ე) ქამბალა-კალკანის – 15 თებერვლიდან 1 ივლისამდე;
ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (კალმახის და ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.
ახალი რედაქცია კი ასეთია:
მუხლი 8. ჭერააკრძალული თევზის სახეობები
1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულოშიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში;
ე) ქამბალა-კალკანის – 1 მაისიდან 1 ივლისამდე; (6.07.2011 N 114)
ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.
იყო საუბარი, რომ კალმახზე "დაიჭირე-გაუშვი" პრინციპით თევზაობა ნებადართული გახდებოდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, სახეზე გვაქვს ერთმნიშვნელოვანი აკრძალვა. ეს ბუნებრივია, რადგან სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი და ძველ ვარიანტში უბრალოდ ტექნიკური შეცდომა იყო გაპარული. შევეშვათ იმას რომ არ არის დაკონკრეტებული თუ რომელ კალმახზეა საუბარი, მდინარეში გვხვდება ცისარტყელა კალმახიც, რომლის ჭერაც ნებადართულია, მე სხვა რამე მაკვირვებს, თუ ეს აკრძალვა ემსახურება კალმახის პოპულაციის აღდგენას, მაშინ რატომ არ არის გათვალისწინებული სხვა რაიმე ქმედითი ღონისძიება, რატომ უბიძგებს კანონი მეთევზეს ტყუილისკენ? ხომ უდავოა, რომ ათეულობით კილომეტრზე სათევზაოდ წასული მეთევზე 99,9%-ში არაფრის გამშვები არაა. მდინარის კალმახის შემთხვევით დაჭერაც ცოტა უცნაურად ჟღერს, თუ იმდენად დიდია პოპულაცია, რომ ამის ალბათობა მაღალია, მაშინ საერთოდ რა უნდა კალმახს წითელ წიგნში? თუ სახეობის დაცვა იყო მიზანი, მაშინ შეეზღუდათ კონკრეტულ მდინარის კონკრეტულ მონაკვეთზე მეთევზის ყოფნა, ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ამავე დებულების სარეწაო თევზჭერის მარეგულირებელი წესები. სუფთა იურიდიულად თუ მივუდგებით, მაშინ კანონში განმარტებული უნდა იყოს რას ნიშნავს ტერმინი "ჭერა" თევზის ნემსკავზე წამოგებას, თუ მის ამოყვანას წყლიდან. ალბათ უფრო მეორეს, რადგან შენახვა უკვე ცალკე აკრძალვის საგანია, შესაბამისად გამოდის, რომ თუ მეთევზემ დაიჭირა მდინარის კალმახი, მას ფოტოს გადაღების უფლება არ აქვს, რადგან ამას კრძალავს ზემოაღნიშნული მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც თევზის დაუყოვნებლივ გაშვებას ითხოვს, ამავდროულად, თუ მეთევზე დღის განმავლობაში დაიჭერს და დაუყოვნებლივ გაუშვებს 10 ცალ მდინარის კალმახს, კანონი მას არ დასჯის, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია წითელ წიგნში შეტანილ სახეობაზე.
ანუ რა გამოვიდა? წითელ წიგნში შეტანილ მდინარის კალმახზე "დაიჭირე-გაუშვი" პრინციპით თევზაობა კანონმდებლობის პირდაპირ დარღვევას არ წარმოადგენს? არა, არსებობს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე "კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ" კონკრეტულად კი მისი მეოცე მუხლის მეოთხე პუნქტი
4. ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრციო გზების, წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
შესაბამისად, კალმახის საარსებო არეალში არათუ ანკესის გადაგდება, უბრალოდ ყოფნაც კი აკრძალულია, რადგან ასეთი ყოფნა ამ სახეობისათვის, თეორიულად, მეთევზის ნებითა თუ უნებლიედ, საფრთხის შემცველი შესაძლებელია იყოს. შეუძლებელია გვქონდეს 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ნემსკავზე წამოგებული და ჩვენს მიერ თუნდაც დაუყოვნებლივ გაშვებული კალმახი გადარჩება. ამას პირდაპირ ამბობს ეს კანონი და ის ფაქტი, რომ კალმახი შეტანილია წითელ წიგნში.
ფრიად "სასიამოვნო" სიურპრიზი გვაქვს დებულების მეცხრე მუხლში, რომელიც არსებობდა ამ სახით:
მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები
1. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებით;
დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:
ზ) ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგით მათ შორის ხიჟნიაკის კონსტრუქციით;
თ) ტრალის ფსკერული ვარიანტით (ფსკერულ ვარიანტად ჩაითვლება ტრალი, რომლის ჭრილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველი), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ზღვის მამლების, გველთევზის, კიბორჩხალების, მოლუსკების და სხვა ფსკერის ბინადრების საერთო წილი 5%–ზე მეტია (დათვლით)); (25.10.2007 N1577)
ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
2. აკრძალულია წყალქვეშა ნადირობა თევზებზე ჰარპუნის ტიპის იარაღით, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენებით.
1. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებით;
დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:
ზ) ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგით მათ შორის ხიჟნიაკის კონსტრუქციით;
თ) ტრალის ფსკერული ვარიანტით (ფსკერულ ვარიანტად ჩაითვლება ტრალი, რომლის ჭრილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველი), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ზღვის მამლების, გველთევზის, კიბორჩხალების, მოლუსკების და სხვა ფსკერის ბინადრების საერთო წილი 5%–ზე მეტია (დათვლით)); (25.10.2007 N1577)
ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
2. აკრძალულია წყალქვეშა ნადირობა თევზებზე ჰარპუნის ტიპის იარაღით, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენებით.
ახალი რედაქციით კი სახეზეა ასეთი რეგულირება:
მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები
1. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი იარაღებით; (6.07.2011 N 114)
დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:
ზ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
თ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
2. ამოღებულია (6.07.2011 N 114)
წყალქვეშა ნადირობა ნებადართულია, ერთი შეხედვით რა არის ამაში ცუდი? ერთი შეხედვით არაფერი, თუ ჯერ ერთი იმ ფაქტს არ გავითვალისწინებთ, რომ არსად აღარ წერია აკვალანგითა თუ სხვა სასუნთქი მოწყობილობით წყალქვეშა ნადირობის დაუშვებლობის შესახებ, ანუ ნებადართულია ჟანგბადის ბალონით წყალქვეშ ყოფნა და თევზის ლოდინი, რაც თევზს გადარჩენის შანსს თითქმის არ უტოვებს (აკვალანგით წყალქვეშა ნადირობა ყველა ნორმალურ ქვეყანაში აკრძალულია სწორედ ამ ფაქტის გამო) მეორე - წყალქვეშა მონადირის უპირველესი სამიზნე ჩვენს გაჩანაგებულ წყალსატევებში აქა იქ შემორჩენილი თევზის ყველაზე დიდი ეგზეპლიარებია და მესამე კი დებულების დანართი, სადაც სახეზე გვაქვს ჭერისათვის ნებადართული ზომების ჩამონათვალი:
დანართი 2
ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე
თევზის სახეობა, ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე (მმ-ში)
ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე
თევზის სახეობა, ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე (მმ-ში)
1 ქაფშია 70
2 ქარსალა 60
3 მერლანგი 120
4 კეფალისებრნი 200
5 კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) 850
6 სტავრიდა 100
7 ხონთქარა (ბარაბული) 85
8 ღიპა ქაშაყი 110
9 შავი ზღვის ქაშაყი 170
10 სარღანი 320
11 ლუფარი 220
12 პელამიდა 250
13 სკუმბრია 150
14 ღორჯოსებრნი 110
15 ქამბალა-კალკანი 350
16 მიდია 50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე)
17 გარნელი(კრევეტი) 35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე)
18 ღლავი (ლოქო) 500
19 ფარგა 380
20 წერი (ქარიყლაპია) 320
21 სიგისებრნი 180
22 ჭერეხი 400
23 კობრი 320
24 კაპარჭინა 260
25 ჭანარი 320
26 შამაია 250
27 ხრამული ტბის 250
28 ხრამული მდინარის 220
29 ვიმბა 120
30 სხვა თევზები 200
მე ვერ ვხვდები, სახეზეა "დაიჭირე-გაუშვი" პრინციპის პოპულარიზაციის მცდელობა თუ უბრალოდ უვიცობა? ეს ზომები საიდან არის ყურით მოთრეული? რომელი საუკუნის კვლევებზეა დაფუძნებული? სად ნახეს ამ ზომის ხრამული ან შამაია მოყვარული მეთევზის ნადავლში? რა გამოვიდა? დიდი ზომის თევზების პოპულაციას უცხოელი სტუმრები მოსპობენ, საშუალოს განადგურებაში ბრაკები დაეხმარებიან და კანონმორჩილ მეთევზეს თევზის სახლში წამოღება ეკრძალება?
დებულება კრძალავს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არსებული და ნამდვილი მეთევზეების მიერ ხელოვნების დარგში აყვანილი კლასიკური სასროლი ბადის გამოყენებას, რადგან კლასიკური ბადის დიამეტრი გაშლილ მდგომარეობაში 1,2 მეტრზე მეტია, თუმცა ამავდროულად არ კრძალავს ისეთ საზიზღრობას, როგორიცაა ეკრანი:
მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა
მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა
2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. (24.10.2011 N 216)
3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება; (24.10.2011 N 216)
გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.
დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.
კიდევ ერთი კითხვა - რა განსხვავებას ხედავს კანონი სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერას შორის? სად არის ამ ტერმინების განმარტება? მე ვერ ვნახე, ალბათ გამომრჩა. რატომ არ ისჯება დენის აპარატის შეძენა-შენახვა-რეალიზაცია? რატომ არ არის დადგენილი მოყვარული მეთევზის მიერ ერთ თევზაობაზე დაჭერილი თევზის ზღვრული რაოდენობა? ადრე ასეთი შეზღუდვა არსებობდა და, თუ სწორად მახსოვს, 3 თუ 5 კილოგრამს შეადგენდა.
გასაგებია, რომ გარემოს დაცვის უწყებები საქმით არაფრის გამკეთებლები არ არიან, მაგრამ ქაღალდზე მაინც შეექმნათ ნორმალური საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც შემდგომში შესაძლებელი გახდებოდა ბრაკონიერებთან რეალური ბრძოლა.
მოკლედ გილოცავთ 2012 წელს კიდევ ერთხელ, ამ საკანონმდებლო გენიის უბადლო გამოხატულების წყალობით ყველანი, ვინც 20 სანტიმეტრზე პატარა კარჩხანას სახლში წამოიღებთ, ან გაბედავთ და ადგილზე მიირთმევთ, ბრაკონიერები ხართ.
No comments:
Post a Comment