Thursday, January 19, 2012

თუ არა ჩვენ მაშინ ვინ? რეკომენდაციები კანონმდებელს

    

          სამწუხარო რეალობაა, რომ წლების განმავლობაში გარემოსდაცვით  სფეროს არაპროფესიონალები კურირებენ, შედეგიც სახეზეა, მკვდრადშობილი, არაეფექტური ნორმატიული ბაზისა და წყალსატევებზე არსებული სავალალო მდგომარეობის სახით.
           ასე თუ გაგრძელდა, სულ მალე, დასაცავიც აღარაფერი დარჩება. სამწუხაროდ არ მაქვს შესაბამისი პროფესიული განათლება, რომ ვიმსჯელო სამოყვარულო თევზჭერის მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებულ  სპეციფიკურ საკითხებზე, რომლებიც ეხებიან ამა თუ იმ სახეობის დაცვის ღონისძიებებს, მათ შორის სახეობის წითელ წიგნში შეტანა-არშეტანის, ან სამოყვარულო ჭერისათვის ნებადართული ზომების საკითხს. სამაგიეროდ, დეტალურად შემიძლია ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულება იმ კონკრეტულ რეგულაციებზე, რომლებიც პირდაპირ ლახავენ ჩემს, როგორც მოყვარული მეთევზის, უფლებებს და ზიანს აყენებენ იქტიოფაუნას, სახელმწიფოს კი უკარგავენ სათევზაო ტურიზმიდან საკმაოდ დიდი შემოსავლის მიღების საშუალებას.
          უახლოეს მომავალში შეიქმნება ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს არა მხოლოდ ანკესითა და ბადით თევზაობის, არამედ ნადირობისა და წყალქვეშა ნადირობის მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებების შესატანად საჭირო რეკომენდაციებს და საბოლოოდ, წერილის სახით, წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, რომელსაც  "ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ" დებულების 22-ე მუხლით ენიჭება ამ დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება.
            რა თქმა უნდა ეს რეკომენდაციები ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება იდეალური და ყოვლისმომცველი, თუმცა პირადად მე მჯერა, რომ უმოქმედობა ყველასათვის დამღუპველი იქნება, პირველი ნაბიჯების გადადგმისათვის კი, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, პირველი ნაბიჯის გადადგმა არის აუცილებელი. 
           გთავაზობთ ზემოაღნიშნულ დებულებაში შესატან იმ ცვლილებებს, რომლებიც, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად შეესაბამებიან რეალურ ვითარებასაც და მოყვარულ მეთევზეთა ინტერესებსაც.

           მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი არსებობს ამ სახით:
3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადით, ჩოგანბადით და ეკრანით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. (24.10.2011 N 216)

          უნდა არსებობდეს შემდეგი სახით:

3. სამოყვარულო თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების  ანკესით,  სასროლი ბადით,  ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება.

          საჭიროა ამოღებულ იქნას სიტყვა "სპორტული", რადგან კანონმდებელი არ ახდენს სამოყვარულო და სპორტული თევზაობის ტერმინოლოგიურ ან უფლებრივ გამიჯვნას. სპორტული თევზაობა თავისთავად წარმოადგენს სამოყვარულო თევზაობის სახეს, რომლის წესებიც  მთელს მსოფლოში განისაზღვრება სპორტული თევზაობის ფედერაციების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და სახელმწიფო მისი კონკრეტული წესების რეგულირებას არ ახდენს, მთავარია ეს წესები არ ეწინააღმდეგებოდნენ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობას.  თუმცა ეს კრიტიკული არ არის.

ამავე მუხლის 17 პუნქტი არსებობს ამ სახით:

17. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე, დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე).
უნდა არსებობდეს შემდეგი სახით:

17. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე, დამონტაჟებული ნემსკავზე დაფიქსირებული  ბუნებრივი ან  ხელოვნური სატყუარით  ან თვითსატყუარით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით, კოჭით, წყლის ზედაპირზე ან ზედაპირთან არსებული თევზის წამოგების ინდიკატორით, საძირავი ტვირთით, დამატებითი საკვებურით  ან მათ გარეშე).

           შესაბამისად, საერთოდ ამოღებულ უნდა იქნას მე-18-ე პუნქტი, რომელიც იძლევა სპინინგის არასწორ და ამასთანავე უადგილო განმარტებას.

აუცილებლად დასამატებელია სამოყვარულო, ხელით სასროლი ბადის განმარტება, რადგან აღნიშნული ბადე წარმოადგენს ტრადიცილულ ქართულ სათევზაო ინვენტარს, ტერმინის განმარტება შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

სამოყვარულო სასროლი ბადე - სამოყვარულო თევზჭერისათვის განკუთვნილი ხელით სასროლი ბადე, რომელიც პერიმეტრზე აღჭურვილია სიმძიმეებით, გააჩნია სასროლი ბაგირი და რომლის დიამეტრიც გაშლილ მდგომარეობაში არ აღემატება 2 მეტრს, ხოლო თვალის ზომა კი 20 მმ-ს. 

            მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები. არსებობს ამ სახით

1. აკრძალულია თევზჭერა:

ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი იარაღებით; (6.07.2011 N 114)
დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:
ზ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
თ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
2. ამოღებულია (6.07.2011 N 114)

ჩემი აზრით, აუცილებლად დასაბრუნებელია აკრძალვა, რომელიც არსებობდა ამ მუხლის მეორე პუნქტში და ითვალისწინებდა ნებისმიერი სასუნთქი მოწყობილობის გამოყენებით წყალქვეშა ნადირობის დაუშვებლობას, თუმცა ახლა ამ საკითხზე დეტალურად არ შევჩერდები და საბოლოო სახით ჩამოვაყალიბებ ჩვენს წყალქვეშა მონადირეებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.  

             მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა არსებობს ამ სახით:

1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. (24.10.2011 N 216)
3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება; (24.10.2011 N 216)
გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.
დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.
 
უნდა არსებობდეს შემდეგი სახით:

           მუხლი 16. სამოყვარულო თევზჭერა 

1. სამოყვარულო თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამოყვარულო თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების  ანკესით,  სასროლი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. 3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების  ანკესის, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 3-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება; (24.10.2011 N 216)
გ) ნებისმიერი ზომისა და ფორმის ბადის გამოყენება გარდა სამოყვარულო სასროლი ბადისა , რომლის დიამეტრი გაშლილ მდგომარეობაში 2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.
დ) ამოღებულია
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;ვ)  ანკესების გამოყენება ხელოვნური ან ბუნებრივი  მისატყუარის ან თვითსატყუარის გარეშე.

          ეკრანებისა და მსგავსი ბარბაროსობის გამოყენების აკრძალვა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ეს მოწყობილობები ხშირად წყდება, რჩება წყალსატევში და იწვევს თევზის უაზროდ დაღუპვას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, გარდა ამისა ასეთ ადგილებში უკვე შეუძლებელია ანკესით თევზაობა, რადგან ნემსკავი ხშირად ედება მათ და წყდება.
          ნემსკავების რაოდენობის შემცირება მეტ-ნაკლებად გამორიცხავს თევზის შემთხვევით დაზიანებისა და შემდგომში მისი დაღუპვის ალბათობას.
          სატუარის ან თვითსატყუარის გარეშე თევზაობის აკრძალვა კი პირდაპირ კრძალავს ე.წ. "ტრაინიკზე" გამოკვრით თევზაობას, რომელიც დაფუძნებულია არა თევზის მიერ სატყუარის აღებაზე, არამედ ნემსკავის შემთხვევით გამოდებაზე, რა დროსაც ძალიან ხშირად ხდება თევზის სერიოზული დაზიანება და შემდგომში მისი უსარგებლოდ დაღუპვა. 
           აუცილებელია ერთ დღეში ერთი მეთევზის მიერ დაჭერილი თევზის რაოდენობის ლიმიტირება, რაც შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

 აკრძალულია ერთ დღეში ერთი მეთევზის მიერ 3 კილოგრამზე მეტი თევზის ამოღება ბუნებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაჭერილი თევზის ერთი ეგზემპლიარის წონა აღემატება 3 კილოგრამს. დადგენილ ლიმიტზე მეტი ოდენობის დაჭერილი თევზი ექვემდებარება საარსებო გარემოში დაბრუნებას.

           როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ეს რეკომენდაციები, მონადირეეების, წყალქვეშა მონადირეებისა და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანების მოსაზრებებთან ერთად, ჩამოყალიბდება ერთიანი წერილის სახით და გადაეგზავნება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, იმედია ერთიანი ძალისხმევა რეალურ შედეგს გამოიღებს.          

No comments: