ზედაპირული (მშრალი) იმიტაციების დასამზადებლად მამლის ბუმბული საუკუნეების განმავლობაში აქტიურად გამოიყენება. სწორედ იგი უზრუნველყოფს ერთის მხრივ სატყუარასათვის მეტ-ნაკლებად რეალისტური იერსახის მინიჭებას, მეორეს მხრივ კი ხელს უწყობს მის ზედაპირზე ტივტივს.
საწყის ეტაპზე გამოიყენებოდა ჩვეულებრივი შინაური მამლის ბუმბული, რადგან დედლის ბუმბულისგან განსხვავებით, იგი უფრო ხისტი და გრძელია, ასეთი ბუმბული ნაკლებად სველდება, ფორმას უკედ ინარჩუნებს და, შესაბამისად, უკეთესადაც ტივტივებს, ხოლო სიგრძე კი ერთი ბუმბულისაგან რამდენიმე იმიტაციის დამზადების საშუალებას გვაძლევს.
დაკვირვებების შემდეგ ნათელი გახდა, რომ საუკეთესო ხარისხის ბუმბული არანაკლებ 5 წლის მამლებს აქვთ. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეიქმნა რამდენიმე კომპანია, რომლებიც Fly Fisher-ების ინტერესების გათვალისწინებით ახდენდნენ სელექციას და გამოყავდათ მამლის ისეთი ჯიშები, რომელთა ბუმბულიც მაქსიმალურად პასუხობდა მათ მოთხოვნებს.
დღესდღეისობით ასეთ კომპანიებს შორის ყველაზე ცნობილი და, შეიძლება ითქვას, საუკეთესოც, არის ამერიკული Whiting Farms Inc. სწორედ ამ კომპანიის პროდუქციის მაგალითზე განვიხილავთ ამ კონკრეტული მასალის ტიპებსა და თავისებურებებს.
მშრალი იმიტაციების დასამზადებლად კომპანია აწარმოებს 2 ძირითადი ტიპის პროდუქტს: მამლის სკალპს (cape) და ბუმბულს ზურგის ნაწილიდან (saddle). რა სხვაობა მათ შორის?
სკალპიდან აღებული ბუმბული მაქსიმალურად ხისტია და შესაბამისად საუკეთესო მასალაა იმისათვის, რომ იმიტაცია კარგად ტივტივებდეს
თუმცა მას უარყოფითი თვისებებიც აქვს, არის საკმაოდ ძვირი და შედარებით მოკლე, ანუ 1 ბუმბულისგან 1 ზომის მაქსიმუმ 1 ან 2 იმიტაციის დამზადებაა შესაძლებელი. თუ დააკვირდებით ამ სურათს, შეამჩნევთ, რომ ბუმბული კონუსური ფორმისაა, ანუ მთავარი ღეროდან წვრილი განშტოებების (barbules) სიგრზე ძირიდან წვერისკენ მცირდება, შესაბამისად შეუძლებელია 1 ან 2 -ზე მეტ იმიტაციაზე კლასიკური პროპორციის შენარჩუნება, რაც ნემსკავის სიგანეზე 1,5-ჯერ მეტი უნდა იყოს. თანაც გამოიყენება მხოლოდ ზედა ნაწილი, რადგან სწორედ ბუმბულის ზედა ნაწილია ყველაზე ხისტი.
ზურგიდან აღებული ბუმბული (saddle) დღევანდელ დღეს ყველაზე პოპულარულია, რასაც თავისი ობიქტური ახსნა აქვს, შედარებით იაფია, სკალპის ბუმბულზე გაცილებით გრძელია, ხოლო განშტოებების სიგრძე კი ერთნაირი, ანუ ზურგის 1 ბუმბულიდან შესაძლებელია ერთი და იგივე ზომის 5-6 იმიტაციის დამზადება.
კომპანია ახდენს საკუთარი პროდუქციის გრადაციას იმისდა მიხედვით, თუ საშუალოდ რამდენი იმიტაციის დამზადებაა შესაძლებელი კონკრეტული ხარისხის მამლის 1 ზურგისაგან (ხარისხის აღმნიშვნელი ტერმინი დატანებულია შეფუთვაზეც და პროდუქტის აღწერილობაზეც ამა თუ იმ ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე) მაგალითისათვის: მე უკვე 3 წელია ვსარგებლობ bronze ხარისხით, რომელიც საკმარისია 900-ზე მეტი იმიტაციისათვის
კომპანია სხვადასხვა სახის ბუმბულს აწარმოებს, იმისათვის, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიადვილდეს, შემუშავებულია სპეციალური გრაფიკი, რომელიც მიბმულია კონკრეტულ პროდუქტსა და ნემსკავის კონკრეტულ ზომასთან
განსაკუთრებით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ არსებობს სპეციალური, ეკონომიური ვარიანტები, ე.წ "100 pack", ანუ კონკრეტული ნემსკავის ზომის მიხედვით შერჩეული, დაახლოებით 100 იმიტაციის დამზადებისათვის საკმარისი კომპლექტი, უბრალოდ ირჩევთ ფერს და ნემსკავის ზომას
აქ კი შეგიძლიათ იხილოთ ამ კომპანიის წარმოებული პროდუქტის ფერთა სრული ასორტიმენტი. ჩემი აზრით, დღესდღეისობით ამაზე მრავალფეროვანი არჩევანი არცერთ სხვა კომპანიას არ აქვს.
No comments:
Post a Comment