Sunday, February 19, 2012

ისევ და ისევ კანონმდებლობაზე

           

            როგორც დაგეგმილი იყო, კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი გადაეგზავნა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, უნდა აღინიშნოს, რომ პასუხი საკმაოდ სწრაფად მივიღე:
ბატონო ნიკოლოზ,
          ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტომ  განიხილა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული თქვენი წერილი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის  №07 ბრძანებით დამტკიცებული ”ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” დებულებით განსაზღვრული თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რაზედაც გაცნობებთ სააგენტოს მოსაზრებებს:
         ა)  თქვენს მიერ შემოთავაზებული სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის განმარტებიდან ამოღებულია  ხოლიხი ბადე, ჩოგანბადე და ეკრანი, თუმცა  აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული წესებით განსაზღვრულია, რომ ამ ბადე-იარაღების დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში და სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში –  არ უნდა აღემატებოდეს 1,2 მეტრს, ხოლო ბადის თვლის ზომა არ უნდა იყოს 20 მმ-ზე ნაკლები. აღნიშნული პარამეტრების და თევზჭერის წესების სრული დაცვით შიდა წყალსატევებში სამოყვარულო და სპორტული სახის თევზჭერა საქართველოს იქთიოფაუნას ვერ მიაყენებს არსებით ზიანს. აქვე უნდა აღინიშნოს რომ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა განმარტებულია “ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონში, რომლის თანახმად აღნიშნული სახის თევზჭერა  არის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით  საერთო სარგებლობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც უფასოა ყველა მოქალაქისათვის და გულისხმობს პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით თევზის მოპოვებას. რაც შეეხება, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის განმარტების შეცვლას და მხოლოდ სამოყვარულო თევზჭერის დატოვებას, აღნიშნული მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას, მითუმეტეს, რომ თქვენივე წერილში აღნიშნულია რომ სპორტული თევზჭერა არის სამოყვარულო თევზჭერის სახე, შესაბამისად მათი რეგულირების  ერთიან ჩარჩოში მოქცევა არ არის მოკლებული საფუძველს.
         ბ) რაც შეეხება სასროლ ბადეს - მისი განმარტება მოცემულია ზემოთ აღნიშნულ წესებში, ამასთან განმარტებასთან ერთად განსაზღვრულია მისი პარამეტრები რაც დაშვებულია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისათვის. თქვენს მიერ შემოთავაზებულია სასროლი ბადის პარამეტრების გაზრდა 2 მეტრამდე, თუმცა აღნიშნული ცვლილების საჭიროება არ არის დასაბუთებული და არგუმენტირებული.
ე) რაც შეეხება თქვენს მიერ შემოთავაზებულ ანკესის განმარტებას, არსებული რედაქციით მოცემულია ანკესის, როგორც თევზსაჭერი ბადე-იარაღის განმარტება,ხოლო რაც შეეხება მისი გამოყენების ტექნოლოგიას - მისატყუარით თუ მის გარეშე - აღნიშნულის შესახებ მითითება გაკეთებულია ზემოთ აღნიშნული დებულების მე-16 მუხლში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განმარტებულია რომ ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე აკრძალულია. ამასთან, თქვენს წერილში მოცემული  რეკომენდაცია ანკესის გამოყენების აკრძალვაზე  მისატყუარის გარეშე საჭიროებს გადახედვას.
         ვ) ასევე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია მოყვარული მეთევზის მიერ, პირადი მოხმარების მიზნით, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერით მოსაპოვებელი დღიური ნორმის  ოდენობის განსაზღვრა - 3 კგ-მდე.
რა თქმა უნდა ჩემი არგუმენტები იმ დღესვე გადავუგზავნე: 
ბატონებო,
          უპირველეს ყოვლისა დიდ მადლობას მოგახსენებთ ოპერატიული პასუხისათვის, არ დაგიმალავთ და თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი წერილი გამოხმაურების გარეშე დარჩებოდა, საბედნიეროდ ვცდებოდი. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
ახლა რაც შეეხება თქვენს მოსაზრებებს,
         გეთანხმებით,  რომ თეორიულად სპორტული და სამოყვარულო თევზაობის ერთ ჩარჩოში მოქცევა საფუძველს მოკლებული არ არის, თუმცა მათ შორის არსებითი სხვაობაა, რაზედაც საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს და მხოლოდ სპორტული სტილით მოთევზავისათვის შეიძლება იყოს საინტერესო. თუმცა სწორედ სპორტული თევზაობისადმი სათანადო ყურადღების დათმობით ხდება ცივილიზიბული ქვეყნების ბიუჯეტებში მრავალმილიონიანი სახსრების შედინება, რაშიც თავადაც ადვილად შეძლებთ დარწმუნებას თუკი გადახედავთ არსებულ მსოფლიო პრაქტიკას. 
        დანარჩენ პოზიციებში გთხოვთ კიდევ ერთხელ დამითმოთ თქვენი ყურადღება. რადგანაც, თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე ნათელია, რომ რბილად რომ ვთქვათ საკითხის სპეციფიკაზე მსჯელობისათვის არ ხართ საკმარისად ჩახედულნი ამ სფეროში, ეს ფაქტი პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო რეალობაა. 
   
      ხელით სასროლი ბადის განმარტება უბრალოდ დაკონკრეტებულია ჩემს მიერ იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ეს სათევზაო მოწყობილობა, მისით თევზაობის ტექნიკა საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრების მიერ თითქმის ხელოვნების დარგში იყო აყვანილი, ქართული კულტურის ძალიან კოლორიტულ ნაწილს შეადგენს, ამიტომ, ჩემი აზრით, უფრო დეტალურ ტერმინოლოგიურ განმარტებას იმსახურებს, ვიდრე ამას ვხედავთ დღეს მოქმედ დებულებაში.
     რაც შეეხება ე.წ. ”ეკრანების”, “პარაშუტების” და სხვა ბარბაროსობის გამოყენებით თევზაობის აკრძალვას, ამის აუცილებლობაში თავადაც ძალიან ადვილად დარწმუნდებით და ამას შორს წასვლა არ ჭირდება, საკმარისია დააკვირდეთ მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლს, როდესაც წყლის დონე დაბალია, ძალიან ადვილად შენიშნავთ უამრავ ჩაწყვეტილ “ეკრანსა” თუ “პარაშუტს”, რომლებშიც კილოგრამობით თევზია გახვეული და უკვე, მომიტევეთ და, ნახევრად თუ სრულად გახრწნილი, ამიტომ თქვენი მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ამ მეთოდებით კანონის ფარგლებში თევზაობა ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანს იქტიოფაუნას უსაფუძლოა. ჯერ ერთი იმ მიზეზის გამო, რომ იქტიოფაუნის მდგომარეობის კვლევა თქვენს მიერ არ ჩატარებულა (თუმცა ამის პირდაპირი ვალდებულება გაკისრიათ მოქმედი კანონმდებლობით) შესაბამისად არანაირი საფუძველი არ გაქვთ იმსჯელოთ რა მეთოდით თევზაობა მოუტანს ზიანს იქტიოფაუნას და რა მეთოდით არა, მეტიც, ნამდვილად არ მინდოდა ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ისევ და ისევ მწარე რეალობა და ამ სფეროში არსებული აბსოლუტური დაუსჯელობა მაიძულებს აქცენტი ცოტა განსხვავებული, საკმაოდ არასასიამოვნო კუთხით გავაკეთო. მაგალითისათვის ისევ მდინარე მტკვარს დავუბრუნდები, დღეს მოქმედი კანონმდებლობით თუკი აკრძალულია გარე ვაჭრობა,  მაშინ რატომ არ ისჯებიან ის ბარბაროსები, რომლებიც ყოველ დღე, გარემოს დაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ეკრანებით დაჭერილ, ჯერ კიდევ ცოცხალ თევზს ლაყუჩებით კიდებენ თოკებზე და სხვა თუ არაფერი ამის შემხედვარე ბავშვებს თავიდანვე არასწორ დამოკიდებულებას უყალიბებენ საკუთარი ფაუნის მიმართ. ამას რომ თავი დავანებოთ, თუკი აკრძალულია ხიდებიდან 50 მეტრის დაშორებით თევზაობა, რა კომენტარს გაუკეთებდით იმ ფაქტს, რომ ზუსტად იგივე ტერიტორიაზე ეს არაადამიანობა ყოველდღიურად ხდება უშუალოდ ხიდზე (საუბარია ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიასთან არსებულ ხიდზე) რა თქმა უნდა მესმის, რომ ზოგი ამას უკიდურესი გაჭირვების გამო აკეთებს, თუმცა, უკუდურესი გაჭირვების დაძლევა ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს საკუთარი ფაუნის ხარჯზე, რადგან არსებობს ამ გაჭირვების დაძლევის სხვა, ქმედითი ღონისძიებები. დამერწმუნეთ, თუკი ეს ბარბაროსული მეთოდები ამოიძირკვება ქართული რეალობიდან, 1 წელიწადიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვეულებრივი ანკესითაც კი შესაძლებელი გახდეს საკმარისზე მეტი რაოდენობის თევზის დაჭერა. ამაზე პირდაპირ მიუთითებს მსოფლიო პრაქტიკა.
        რაც შეეხება ანკესის განმარტებას, მოქმედ დებულებაში არასრულად არის წარმოდგენილი არსი, რადგანაც გარდა დებულებაში მოხსენიებული ელემენტებისა, ანკესი, თევზაობის კონკრეტული მეთოდიდან გამომდინარე, სრულად მოიცავს იმ ელემენტებსაც, რაც ჩემს მიერ შემოთავაზებულ განმარტებაშია მოცემული. ხოლო ტერმინი სპინინგი კი უადგილოა, რადგან ეს ტერმინი თვითსატყუარათი თევზაობის ერთ ერთ მეთოდს ასახავს და არა ზოგადად ყველა დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილ ანკესს, მაგალითად დღეს არსებული პრაქტიკით მიღებულია შემდეგი კლასიფიკაცია, მოსაქნევი ანკესი, მატჩი, ფიდერი, სპინინგი, კარპფიშინგისათვის განკითვნილი ანკესი  და მრავალი სხვა, სწორედ ამიტომ არის ამოსაღები სპინინგის  ეს უადგილო განმარტება, რომელიც კონკრეტული მეთოდის სახელს არქმევს ზოგადად ყველა ტიპის ანკესს.
რაც შეეხება ზღვრული ოდენობის განსაზღვრას, გეთანხმებით, რომ შესაძლებელია 3 კილოგრამი მიუღებელი იყოს, მაგრამ ოდენობის დაწესება, ჩემი აზრით, თუკი რეალობას გავითვალისწინებთ, მანც აუცილებელია.

        ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი სასუნთქი მოწყობილობის გამოყენებით წყალქვეშა ნადირობის აკრძალვის დებულებაში დაბრუნების თაობაზე. ეს აკრძალვა არსებობს გამონაკლისის გარეშე ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობაში.
         პატივისცემით,
         ნიკა ზურაბიშვილი   
         დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც მხარდაჭერა გამოხატა ფეისბუქის საშუალებით. სამწუხაროდ გავიდა ერთი კვირა და სამინისტროდან პასუხი არ ჩანს.
         ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება.

No comments: