Friday, April 6, 2012

ბატონო კახი, გვეშველება რამე?

           ამასწინად შემთხვევით წავაწყდი ბატონი კახი კავსაძის მონაწილეობით ჩაწერილ ერთ ერთ იუმორისტულ გადაცემას,  თუ არ ვცდები YouTube - ზე და, თუ სწორად მახსოვს, "ვანოს შოუ" - ს. მოკლედ, განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც ბატონი კახი ყვება, თუ როგორ უსვავდნენ აბსოლუტურად უცხო ადამიანები ამ კითხვას და ისიც ცდილობდა მათ დაიმედებას. სამწუხაროა, რომ ბატონი კახი არ კურირებს იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენ, მეთევზეებს (ცოტა უცნაური და ზედმეტად პრეტენზიული ტერმინია იმ ხალხის აღსანიშნავად, ვინც ყოველდღე უყურებს ჩვენს წყალსატევებზე გამეფებულ ტოტალურ ტერორს, რომელიც ზოგიერთი უწყების ზოგიერთი ხელმძღვანელის გულგრილობის ან არაპროფესიონალიზმის წყალობით, იმ არსებების მიერ, რომლებსაც ადამიანთან საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ორ ფეხზე გადაადგილდებიან და ეწოდებათ ბრაკები, ხელოვნების დარგშია უკვე აყვანილი და მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში აღშფოთებით, დაგმობით ან, მაქსიმუმ უკიდურესი აღშფოთებით შემოიფარგლებიან) გვაინტერესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ეს სტატია დაიწერებოდა და მეც მეთევზეთა რომელიმე ქართული კლუბის ან ფორუმის ბედნიერი წევრი ვიქნებოდი.
            ისე ამ კითხვის ცოტა დაკონკრეტებაც შეიძლება, მაგალითად - ჩვენს ხელში ეშველება რამე ჩვენს იქტიოფაუნას? არამგონია ბატონი კახისავით ოპტიმისტმა და სიცოცხლის მოყვარულმა ადამიანმაც კი დადებითი პასუხი გასცეს ამ შეკითხვას. ისე, რომ დავუფიქრდეთ, ზოგიერთი ჩვენთაგანისთვის ბრმა ოპტიმიზმიც მეტ-ნაკლები გამოსავალია, მაგალითად საკუთარი თავის დამაიმედებელი ფრაზები: "სულ ასე ხომ არ იქნება", "სულ ამათი გადასაწყვეტი ხომ არ იქნება", "ამ კვირის მერვე დღეს შევიკრიბებით და დედებს ვუტირებთ მაგ არაკაცებს, ოღონდ ჯერ 2-3 ლიტრ ლუდს დავლევთ, კაცზე 20 ლარი ყელში ამოგვივა", ამას მოყვება განსაკუთრებით გენიალური გამონათქვამები და ლოზუნგები, მაგალითად:  "იქტიოფაუნა ადვილად აღდგენადი ელემენტია" ანუ ჯერ დედა ვუტიროთ ბოლომდე და მერე სამაგალითოები გავხდეთ აღდგენაში. სიამოვნებისგან მბურძგლავს ლოზუნგზე "ჩვენ ვებრძვით ბრაკონიერებს" ნუ ეგ ხო, განსაკუთრებით ამ ბრძოლის მეთოდი მხიბლავს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ თვითონ არ ვბრაკონიერობთ, ან იმაში რომ ყველას დასანახად არ ვბრაკონიერობთ, მშვენიერი, უნივერსალური მეთოდია , მაგალითად ჩვენ ყველანი (იმედია) ამ მეთოდით ვებრძვით კანიბალიზმს, გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირებს და ა.შ. აშკარად უნივერსალური მეთოდია, თან ვერც ვერავინ ვერ დაგვადანაშაულებს რომ არ ებრძვითო, ლოზუნგი და "სულისკვეთება" სახეზეა. მთავარი ხომ ისაა თუ სად რა ღირს თევზაობა და რომელ წყალსატევზე არიან ნაკლებად თავხედი ბრაკები რომ მყუდროება არ დაგვირღვიონ და მაქსიმალური მანძილით აუქციონ გვერდი იმ ადგილს, რომელიც ავირჩიეთ კვირის განმავლობაში დაგროვილი დაღლილობის ულამაზესი ბუნების წიაღში  მოსახსნელად.
          დადასტურებული ფაქტია, რომ ნერვული უჯრედები აღდგენას არ ექვემდებარებიან, ხოდა ხანდახან თითქმის ვნანობ რომ გატაცებად მაინცდამაინც თევზაობა და ისიც Fly Fishing ავირჩიე, ან თვითონ ამირჩია ცხოვრების ამ წესმა. იმასაც ძალიან ხშირად ვნანობ რომ ერთ-ერთ ფორუმზე ადმინისტრატორად ყოფნის დროს "კოპტონის მონტაჟის" გამოყენების გამო ვაკრიტიკებდი ადამიანებს, რომელთა "დანაშაული" მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ უბრალოდ არ იცნობდნენ თევჭერის თანამედროვე მეთოდებს და რეალურ ბრაკებს სათანადოდ არ ვუპირისპირდებოდი.
             ხშირად მიმიმართავს ფორუმებზე, ფეისბუქზე "გონს მოვეგოთ, შვილები გვეზრდება, მოგვეკითხება უმოქმედობა" და ა.შ, ხოდა ტყუილად ვირჯებოდი, ჯერ ერთი თუ მხოლოდ ჩემი ან ვინმეს მოწოდებით წყდება პრობლემა, ავშენებულვართ  და ეგაა. აი "მეორეც კი" უფრო მტკივნეულია ჩემთვის და იმაში მდგომარეობს, რომ ჩემს შვილს მე თევზაობას არ შევაყვარებ, იმიტომ რომ არ მინდა ჩემსავით უაზროდ იშალოს ნერვები. თუმცა რა საჭიროა ნერვების შლა? რეალური გამკითხავი და პატრონი მაინც არავინაა. უბრალოდ გამკითხავსაც კი მაზოხისტად და აუტიზმით დაავადებულად აღიქვამენ, ამ ტერმინების ცოდნა ერთ - ერთმა თანამოსაუბრემ გამოავლინა ჩემთან საუბარში ჩემს მიმართ. ისე მეც ვიცი მრავალი სამედიცინო ტერმინი, რომელიც ტვინის პათოლოგიას აღნიშნავს და გაცილებით მეტი ასოსაგან შედგება. უბრალოდ ზოგადად ფორუმების წესების მიხედვით ამ ტერმინების გამოყენება თანაფორუმელის შეურაცხყოფად ითვლება და კორექტულობა და რამე.  კადრები და კორექტულობა წყვეტს საქმეს ძმაო აბა რავა. ბუნების დედაც, ეშველება რამე, მთავარია ცალმხრივი კორექტულობა (ისე ახლა დავაკვირდი, უკვე ბლომად სიტყვები დავწერე და მართლა რა რთულია კორექტულობის შენარჩუნება, როცა შენი ბუნების მკვლელ "ადამიანებზე" საუბრობ, მაგრამ სიბრძნით დამძიმეულმა ხალხმა მირჩია ბრაკების გინებით მხოლოდ საკუთარ სახელს ავნებო). ა ბატონო კიდევ ერთი კორექტული გამონათქვამი და თუ გინდათ მოწოდება: საკუთარი ბუნების განადგურების ფაქტებზე რეაგირების მხრივ ადამიანი არსებობს მგრძნობიარე ან სქელკანიანი, ხოდა გამოვიყვანოთ ახალი, შუალედური ტიპი: "შეშფოთებული", რომელიც  YouTube - ზე, მორიგი გასართობი რგოლის ნახვის შემდეგ, შემთხვევით აღმოაჩენს ბუნების განადგურების ამსახველ ვიდეომასალას, თვითონ ვერ გაბედავს ხმის ამოღებას (აბა რა, რა საჭიროა "ზედმეტი ყურადღების" ობიექტად ქცევა) და სხვას მიაწოდებს ინფორმაციას, ამ "სხვაში" გარემოსდაცვითი ორგანოები არ იგულისხმება, იგულისხმება ის ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ გნებავთ თანაფორუმელი, ვინც უკვე თვითონ გადააგზავნის, ან არ გადააგზანის ამ ინფორმაციას მაგალითად გარემოს დაცვის სამინისტროში. აი სწორედ აქაა "ძაღლის თავი დამარხული" - "შეშფოთებულმა" თავისი "ვალი" ხომ "მოიხადა", მოიხადა და ბუნების სადღეგრძელოსაც დალევს, გვერდით ჩავლილ "ელექტრიკსაც" ჩურჩულით მიაყოლებს: "ნახე რა დღეში არიან ეს არაკაცებიო",  მერე იმითაც დაინტერესდება საიდან და როგორ შეიძლება ულტრატანამედროვე სათევზაო აღჭურვილობის ჩამოტანა. ხოდა რაღა საჭიროა იქტიოფაუნის დაცვა? გაანადგურებენ ბრაკები? არა უშავს, შეიქმნება ფასიანი მეურნეობები და პრობლემაც "მოგვარდება", ძვირია? არც ეგაა პრობლემა, აკვარიუმი და მისი ჯანი. 
     საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ, მინიმუმ მართლა უხერხულია Fly Fishing-ის სილამაზეზე წერა, როცა რეალობა ცხვირპირს გვამტვრევს ყოველდღე, მაგრამ ის გამოთქმა ხომ გახსოვთ "აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს"-ო. ხოდა ეგაა რა.
           თუ იმდენი მოთმინება და ინტერესი გეყოთ, რომ ამ ადგილამდე მოხვედით, ალბათ შეამჩნევდით,  ეს სტატია ბრაკონიერების საწინააღმდეგო არ არის, ეს თქვენი საწინააღმდეგო სტატია, პირადად თვითოეული თქვენთაგანის ბრალია, რომ ბრაკებმა წალეკეს ყველაფერი.
            არა რა მაინც ვერ დავწერე ისე როგორც მინდოდა, უბრალოდ ამ ბლოგს აღარ ვაკადრე და იმიტომ. ხო, ალბათ შეამჩნევდით, რომ თვითოეულ სტატიას ამ ბლოგზე სურათი აქვს დატანებული, ხოდა ახლა ვერ ვნახე ვერაფერი შესაფერისი.   ვაცხადებ კონკურსს ამიერკავკასიელი მუტრუკის გამოსახულებაზე, ავტოპორტრეტებიც მიიღება, განსაკუთრებით ულტრატანამედროვე აღჭურვილობის ფონზე. რა თქმა უნდა თავისი პრიზით,  წყლის გაფილტვრის პორტატიული სისტემა aquamira frontier emergency water filter system, ბევრი არაფერი, მაგრამ ზოგიერთი ოქროსმომპოვებელი საწარმოს მიერ (აბა რა, კორექტულობა ბრატცი პირველ რიგში, არანაირი კონკრეტიკა, არანაირი სახელები და გვარები, დაგვიჭერენ ტოოოოო) მოწამლული წყლის გაფილტვრაში და ქართული ბუნების მკვლელობით დაფუფქული ჯიგრის გაგრილებაში კი ნამდვილად დაგეხმარებათ.


2 comments:

jela said...

:( ვეჰ :(

Giga said...

სარკეა...