Friday, April 13, 2012

მედღეურას ნიმფები და მათი იმიტაციები

          

        ბლოგის გვერდებზე უკვე გვქონდა ზოგადი საუბარი მედღეურებზე, წინამდებარე სტატიაში კი გთავაზობთ უფრო დეტალურად განვიხილოთ ამ მწერის განვითარების მეორე სტადია, კერძოდ კი ნიმფები და მათი იმიტაციები.
         საბინადრო არეალიდან და ქცევის ტიპიდან გამომდინარე მედღეურათა მთელი მრავალფეროვნება ოთხ ძირითად ტიპად არის დაყოფილი, საქართველოში ოთხივე ტიპია გავრცელებული
               1. ე.წ. "მცურავი" ტიპი (swimmers

            
            სურათზე ასახულია Baetidae ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც გვხვდება როგორც ტბებსა და წყალსაცევებში, ასევე შედარებით სუსტ დინებაზე. გამომდინარე იქედან, რომ ამ ნიმფას საკმაოდ კარგად შეუძლია ცურვა, აქტიურად გადაადგილდება და ძალიან ხშირად ხვდება თევზის ყოველდღიურ რაციონში, ლეგენდარული Pheasant Tail Nymph სწორედ მას ასახავს, დღესდღეისობით უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს მონტანელი ალ ტროტის მიერ შექმნილი ვარიაცია, რომლის ტორაქსის დამზადებისას გამოიყენება ფარშევანგის ბუმბული, დამატებით შესაძლებელია სპილენძის ან ვოლფრამის თავის დამატებაც



            აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიით დამზადებული ნიმფები განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევიან, რადგან პრაქტიკაში მრავლად მქონია შემთხვევა, როდესაც მათ წარმატება ისეთ ადგილებშიც მოუტანიათ, სადაც ამ ტიპის ნიმფები საერთოდ არ ბინადრობენ. 
           2.  ე.წ. "მხოხავი" ტიპი (crawlers). 

             
       სურათზე ასახულია Ephemerella - ს წარმომადგენელი, მართალია ისინი კარგად ვერ ცურავენ, სამაგიეროდ აქტიურად გადაადგილდებიან წყალსატევის ფსკერზე და თევზიც მათ სიამოვნებით მიირთმევს. პირადად მე ეს ნიმფები ტბაში ჯერ ჯერობით არ შემხვედრია, სამაგიეროდ დიდი რაოდენობით მინახავს მტკვარში და მის შენაკადებში. მათი დამახასიათებელი ნიშანია შედარებით ბრტყელი ტანი და პროპორციები (აბდომენი და ტორაქსი დახლოებით ერთი და იგივე ზომისაა). ამ ნიმფის იმიტირებისათვის ძირითადად დაბინგის გამოყენებით დამზადებული სილუეტური სატყუარები გამოიყენება


            3.  ე.წ. "clingers" (ქართული შესატყვისი ვერ ვუპოვე) ანუ ტიპი, რომელიც ცხოვრების პასიურ წესს "მისდევს", ბინადრობს საკმაოდ ძლიერ დინებაზე, ძირითადად ქვების ქვეშ, სწორედ ძლიერი დინება განაპირობებს მის ფორმას, აქვს ძლიერი ფეხები, რაც გრუნტზე თუ ქვის ზედაპირზე მოჭიდებას უადვილებს, საკმაოდ დიდი თავი და თვალები, რომლებიც განლაგებულია თავის ზედა მხარეს და არა გვერდებზე.  იგი შეიძლება შევადაროთ სპორტულ ავტომობილსაც, რომელიც რაც უფრო სწრაფად მოძრაობს, მით უფრო "ეკვრის" გზას, ანუ ნიმფის ფორმიდან გამომდინარე, წყლის შემხვედრი ნაკადი მას გრუნტზე თვითონ "აკრავს" 


             საკმაოდ სეციფიკურია მისი იმიტაციებიც, რომლებიც ძირითადად, მეტ-ნაკლები ხარისხით, რეალისტურ სტილშია შესრულებული.


           4. ე.წ. "borrowers" ანუ ტიპი, რომელიც რბილ გრუნტში თხრის პატარა სოროებს, სადაც ატარებს ნიმფის სტადიის უმეტეს ნაწილს

           ახასიათებთ ძლიერი წინა კიდურები, რომლებიც გრუნტში ჩაღწევაში ეხმარებათ, და ე.წ. "აბდომენალური ლაყუჩებით" დაფარული ტანის ზედა ნახევარსფერო. მათი სიგრძე 2-3 სმ-საც კი აღწევს და ხშირად, ზრდასრულ მწერად გადაქცევისათვის 2 წელიწადი ჭირდებათ. ზომიდან გამომდინარე საკმაოდ სპეციფიკურია იმიტაციებიც, რომლებიც ხშირად ორი ნაწილისაგან შედგება (ე.წ. "jointed nymph") რაც სატყუარის აქტიურ თამაშს უწყობს ხელს და კარგად იმიტირებს რეალური ნიმფის მოძრაობებს.


    სტატიაში წარმოდგენილია მხოლოდ კლასიკური, ფართოდ გავრცელებული იმიტაციები, თუმცა დღესდღეისობით არსებობს მრავალი სხვა, არანაკლებ ეფექტური ნიმფაც, რომელთა ნახვაც ადვილად შეიძლება ინტერნეტის მეშვეობით, თუკი ამ საკითხს ყურადღებით მოეკიდებით.        



No comments: