ემერჯენციის შედეგად, ზრდასრული მედღეურას სახით, სამყაროს მოევლინება ულამაზესი არსება. როგორც უკვე ვიცით, იგი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ნიმფის სტადიაში ატარებს, ფრთიანი მწერი კი სულ რამდენიმე დღე ცოცხლობს და სწორედ ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში თევზის რაციონის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს.
ჩვენს მეთოდში ამ სტადიას უწოდებენ spinner ან dun, აღსანიშნავია, რომ რეალისტური იმიტაციების მოყვარულნი გამოყოფენ კიდევ ერთ სტადიას ემერჯენციასა და ზრდასრულ მწერს შორის, რომელსაც უწოდებენ subspinner ან subdun, მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ემერჯენციის შემდგომ, ანუ მას შემდეგ, რაც ნიმფა ტოვებს ძველ, ქიტინისებურ საფარს, მისი ფრთები ჯერ კიდევ არ არის გამჭვირვალე, რაც ზოგის აზრით, იმის ბრალია, რომ ისინი ჯერ კიდევ სველია, ზოგი მოსაზრების თანახმად კი იმის, რომ ფრთის სტრუქტურაში არსებული "ძარღვები" ჯერ კიდევ არ არის ორგანული სითხით სავსე.
თუმცა თევზისთვის, რომელიც ჩვენს მიერ მიწოდებულ იმიტაციას ქვემოდან უყურებს ფრთის ფერის ტონალობის უმნიშვნელო ცვლას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ჭერის ობიექტი ამ სკურპულოზურ დაყოფას ყურადრებას არ აქცევს.
ისევე, როგორც ემერჯერების შემთხვევაში, ზრდასრული მედღეურას იმიტაციები ერთმანეთისაგან უმეტესწილად მხოლოდ ზომითა ან ფერით განსხვავდებიან და სწორედ ამ მწერის ზედაპირული იმიტაციები წარმოადგენენ Fly Fishing-ის სიმბოლოს.
ამ მწერის სპინერის კლასიკურ იმიტაციად შეიძლება ჩავთვალოთ Adams, ამ სატყუარის ზომის, ტანისა და ფრთის ფერის ცვლით ადვილად მივიღებთ ნებისმიერი სახის მედღეურას აბსოლუტურად მუშა იმიტაციას, რაც მსოფლიო პრაქტიკაში არაერთხელ დადასტურებულა.
თანამედროვე პრაქტიკაში განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობს ე.წ. "პარაშუტის" ტექნოლოგიით დამზადებული იმიტაციები, რომლებშიც მამლის ბუმბულის დახვევა ხდება არა ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურად
ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს მამლის ბუმბულის ზომა ნაკლებად კრიტიკულად ავარჩიოთ, რადგან კლასიკურ იმიტაციებში მისი სიგრძე ნემსკავის სიგანეზე (gape) ზუსტად 1,5 ჯერ მეტი უნდა იყოს იმისატვის, რომ სატყუარამ წყლის ზედაპირზე სწორე მდგომარეობა მიიღოს.
გამრავლების შემდგომ მედეურა მალევე იღუპება, ამ "სტადიას" ეწოდება spent და სპინერისაგან მისი ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ მისი ფრთები წყლის ზედაპირზეა განლაგებული, შესაბამისად იმიტაციის დამზადებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს
No comments:
Post a Comment