Sunday, April 14, 2013

მოდიფიცირებული/კომბინირებული კონუსური და გრეხილი ლიდერები

              

             როგორც უკვე აღვნიშნეთ ქარხნული წარმოების კონუსური ლიდერების ერთ - ერთი, თუ არა ერთადერთი უარყოფითი მხარე მათი საკმაოდ მაღალი ფასია, ამიტომ პრაქტიკაში ხშირად ხდება ამგვარი ლიდერების ისეთი მოდიფიცერება, რაც ამ ნაკლს მეტ ნაკლებად ასწორებს. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ 9 ფუტიანი 4x ლიდერი, რომელსაც იყენებთ 14 ნომერ კლასიკურ მშრალ იმიტაციაზე თევზაობისას, როგორც ვიცით, მასში ინტეგრირებულია დაახლოებით 4-6 ფუტი ცილინდრული 4x კვეთის მონაკვეთი, რომელიც სატარებლის ფუნქციას ასრულებს. თუ თევზაობისას თქვენ რამდენიმეჯერ გამოცვლით იმიტაციას, ეს მონაკვეთი თანდათან დამოკლდება, თუ ამ დროს დაგჭირდებათ ვთქვათ 20 ნომერი იმიტაციის გამოყენება, 4x ამისათვის ნამდვილად არ გამოგადგებათ, საჭიროა დაახლოებით 6x კვეთა. ასეთ შემთხვევაში ორი გამოსავალი გვაქვს - ან ავიღოთ ახალი 9 ფუტიანი 6x ლიდერი, ან მოვახდინოთ მოდიფიცირება. ამისათვის, იდეალურ შემთხვევაში, დაგვჭირდება მიკრომეტრი ან სპეციალური ხელსაწყო Tippet/Leader Gage


              თუმცა გამოცდილების ზრდასთან ერთად ხელსაწყოს გარეშეც ადვილად იპოვით ლიდერის სასურველი დიამეტრის მქონე მონაკვეთს.  გარდა ამისა აუცილებელია გვქონდეს სხვადასხვა დიამეტრის მონოფილური ან/და ფლუოროკარბონის სატარებლების კომპლექტი, მაგალითად ჩვენი პირობებისათვის აბსოლუტურად საკმარისია 2x -  დან 7x - მდე ასორტიმენტი. სასურველია სატარებლის ფიზიკური მახასიათებლები ლიდერის მახასიათებლების მსგავსი იყოს.




                ზემოაღნიშნული მოდიფიცირებისათვის დაგვჭირდება 5x და 6x სატარებლები. ლიდერზე ვპოულობთ იმ ადგილს, სადაც 4x  დიამეტრი თითქმის მთავრდება. ამ ადგილზე ვჭრით ლიდერს და ვაბავთ 5x სატარებლის დაახლოებით 20 სმ-იან მონაკვეთს, შემდეგ კი დაახლოებით 60 სმ - იან 6x სატარებელს, საბოლოო ჯამში მივიღეთ 9 ფუტზე ოდნავ გრძელი 6x ლიდერი, რომელიც კარგად იმუშავებს სასურველ 20 ნომერ იმიტაციასთან. გარდა ამისა, სატარებლების გადაბმის ადგილას, კვანძის სახით, თქვენ უკვე გაქვთ აშკარა წერტილი, რომელზედაც, სატყუარების ცვლის ან დაკარგვის შედეგად საბოლოო სატარებლის დამოკლების შემთხვევაში, უკვე მარტივად მიაბავთ ისევ 60 სმ - იან 6x მონაკვეთს და განაგრძობთ თევზაობას.
                ზუსტად იგივე პრინციპით ვახდენთ ლიდერის დაგრძელებასაც, მაგალითად თუ გვსურს იგივე 9 ფუტიანი 4x ლიდერის დაგრძელება 12 ფუტამდე სატარებლის დიამეტრის შეცვლის გარეშე. ასეთი აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც რთული ზედაპირული დინების გამო ჩვენ არ გვსურს სროლისას ლიდერის ბოლომდე გაშლა, რათა არ მოხდეს იმიტაციის არაბუნებრივი გატარება, ანუ რათა თავიდან ავიცილოთ ე.წ. "drag". ასეთ შემთხვევაში დაგვჭირდება უკვე სამი სხვადასხვა დიამეტრის სატარებელი 2x, 3x და 4x. პროცედურა შემდეგნაირია - ვჭრით ლიდერს იმ ადგილას, სადაც 2x გადადის 1x -ში, ვამატებთ დაახლოებით 40 სმ 2x მონაკვეთს, შემდეგ ამავე სიგრძის 3x -ს და ბოლოს 4x სატარებელს, რომლის სიგრძეც დაახლოებით 70სმ-ს უდრის.
                  სტრიმერზე თევზაობისას, როდესაც საჭიროა საკმაოდ სქელი სატარებელი და თქვენ მხოლოდ ერთი 9 ფუტიანი 4x ლიდერი გაქვთ, შესაძლებელია მისი უბრალოდ დამოკლება იმ ადგილამდე, სადაც დიამეტრი 2x-ია, ეს ადგილი ლიდერის სქელი ბოლოდან დაახლოებით 7,5 ფუტშია, ასეთი გადაწყვეტილება დიდი ზომის სტრიმერის სასროლად საკმაოდ კომფორტულია, ხოლო თუ თქვენ ისევ გრძელი ლიდერი დაგჭირდებათ, სატარებლის სათადარიგო კომპლექტიდან ისევ ადვილად შეძლებთ მის დაგრძელაბას სასურველი სატარებლის დიამეტრამდე ზემოაღნიშნული რჩევების შესაბამისად.
             ზუსტად იგივე ტექნოლოგიით ხდება გრეხილი ლიდერების მოდიფიცირებაც- ვადგენთ ლიდერის წვრილი ბოლოს დიამეტრს და 1x სხვაობით ვაგრძელებთ მას სასურველ დიამეტრამდე.
               ალბათ შეამჩნევდით, რომ ამ ტექნოლოგიით თითქმის ვიმეორებთ თვითნაკეთი ლიდერების დამზადების მეთოდს, შესაბამისად ზემოაღნიშნული მეთოდიკა იძენს იმ უარყოფით თვისებებს რაც ახასიათებს მრავალკვანძიან ლიდერებს. არ არსებობს აბსოლუტურად იდეალური ვარიანტი, არჩევანი ჭერის კონკრეტული პირობებიდან გამომდინარეობს.          
                              

No comments: