სტატიის პირველ ორ ნაწილში საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ ლიდერის სიგრძეზე, ახლა კი ყურადღებას გავამახვილებთ მის დიამეტრზე. ქარხნული ლიდერების შემთხვევაში შეფუთვაზე მითითებულია მისი წვრილი ბოლოს დიამეტრი, რომელიც აღინიშნება "X" სიმბოლოთი. მისი მილიმეტრებში გამოხატული მნიშვნელობა შემდეგნაირია
ლიდერის მსხვილი ბოლო, რომლითაც იგი შნურს უერთდება დაახლოებით 0,4 - 0,5 მილიმეტრია, ზოგადი რეომენდაციის თანახმად ეს ბოლო შნურის დიამეტრზე 6/10 -ით წვრილი უნდა იყოს. ასეთი სიზუსტის დაცვა მხოლოდ თვითნაკეთი ლიდერების დამზადების შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სახეზე გვაქვს სალიდერე მასალის საკმაოდ ფართო ასორტიმენტი.
როგორც სტატიის წინა ნაწილში აღვნიშნეთ ქარხნული ლიდერის "X" მახასიათებელი აღნიშნავს ლიდერში ინტეგრირებული სატარებლის, ანუ ბოლო ცილინდრული მონაკვეთის დიამეტრს. ეს დიამეტრი კი პირდაპირ არის დაკავშირებული იმ იმიტაციის ზომასთან, რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგალითად 5x ლიდერის გამოყენება უპრიანი შემდეგი ზომის იმიტაციებთან 14,16 და 18. თუმცა ეს მხოლოდ ძალიან ზოგადი რეკომენდაციაა და ჩვეულებრივ იმიტაციებს (არა დამძიმებულს) ეხება. აღნიშნული მითითების პრაქტიკული გამოყენება შემდეგნაირად ხდება. ისევ 5x ლიდერის მაგალითს თუ მოვიყვანთ, იგი მეტ-ნაკლებად გამართულად იმუშავებს შემდეგი ტიპის იმიტაციებთან, 18 ნომერ სპინენძისთავიან ნიმფასთან, 16 ნომერ კლასიკური ტიპის, ფრთიან იმიტაციასთან და 14 ნომერ სპაიდერის ტიპის სველ სატყუარასთან. ლიდერის დიამეტრისა და იმიტაციების ზომების შესაბამისობის ზოგადი გრაფიკი შემდეგნაირად გამოიყურება
კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ეს მხოლოდ საწყისი და ძალიან ზოგადი ხასიათის მონაცემებია, რომელთა მოდიფიცირება უკვე კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე ხდება, მაგალითად 18 ნომერ ნიმფაზე, რომელიც სპილენძის თავის გარდა კიდევ დამატებით ტყვიის მავთულით არის დამძიებული შესაძლებელია გამოვიყენოთ უვე არა 5x არამედ 4x ლიდერი/სატარებელი.
თვითნაკეთი ლიდერების შემთხვევაში, სასურველია, რომ ყოველი მომდევნო მონაკვეთი წინაზე 1x (დაახლოებით 0.025 მმ)- თ იყოს განსხვავებული. მაგალითად, თუ ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე მონაკვეთიან ლიდერს და გვსურს 5x სატარებლის გამოყენება, სატარებლის წინა მონაკვეთი იქნება 4x, მისი მომდევნო 3x და ა.შ. ასეთ შემთხვევაში მივიღებთ ლიდერის კლასიკური მუშაობისთვის მეტ-ნაკლებად ოპტიმალურ დინამიურ მახასიათებლებს. სასურველია ერთი მწარმოებლის ერთი და იგივე სერიის/დასახელების მონოფილისა თუ ფლუოროკარბონის გამოყენება, რათა ლიდერის შემადგენელი ნაწილების ფიზიკური მახასიათებლები ერთნაირი იყოს, რაც უზრუნველყოფს შნურის ენერგიის სწორად გადანაწილებას, ეს კი თავის მხრივ იმიტაციის წარმატებული მიწოდების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
განსაკუთრებულად მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სტატიათა ეს მცირე ციკლი ეხება მხოლოდ კლასიკურ ლიდერებს, შესაბამისად ეს რეკომენდაციები ჩეხური, ფრანგული ან ამერიკული სტილით ნიმფაზე თევზობისას არ გამოგადგებათ.
No comments:
Post a Comment