Sunday, August 14, 2011

მცირედი ისტორია

         ამ მეთოდით თევზაობის შესახებ ყველაზე ადრეული არტეფაქტები ჩვენს წელთაღრიცხამდე 2000 წელს უკავშირდება და წარმოადგენენ ჩინეთის ტერიტორიაზე ნაპოვნ ნემსკავებს, რომლებიც ბუმბულებით იყო შემოსილი, რაც შეეხება წერილობით დოკუმენტებს, სახეზე გვაქვს ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის ბოლოს რომაელი კლაუდიუს აელიანუსის ჩანაწერები, რომლებიც ეხება მაკედონიის მდინარეებზე თევზჭერას,


        ასევე მოიპოვება ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხების დამწერლობის ნიმუშებში, რომლებიც დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით და ძირითადად ნაწყვეტ-ნაწყვეტ ცნობების სახითაა წარმოდგენილი, თუმცა უკვე ნათლად ჩანს, თუ კონკრეტულად რა ტიპის იმიტაციების გამოყენება ხდებოდა (ძირითადად სხვადასხვა მწერები, რომლებიც წყლის ზედაპირზე ხშირად გვხვდება).
   მხოლოდ რენესანსის ეპოქამ მოიტანა დასავლეთ ევროპაში ბუნების კანონზომიერებებისადმი და მათი პრაქტიკაში გამოყენებისადმი ინტერესი. 1486 წელს გამოვიდა სპორტული თევზაობის შესახებ უძველესი წიგნი - St. Albans - ის მონასტერის წინამძღვარის იულიანა ბერნერსის "Book of St.Albans"



       ამ წიგნში პირველად არის მოხსენიებული და დეტალურად აღწერილი 12 იმიტაცია (ლეგენდარული March Brown - ის პირველი პროტოტიპი სწორედ ამ წიგნშია მოცემული). ასევე აღსანიშნავია შვეიცარელი ექიმის, თეოლოგისა და ფილოლოგის კონრად გესნერის 1561 წელს ხუთტომეულის სახით გამოცემული "Historia Animalium", რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საკმაოდ მაღალი ხარისხის იმიტაციები, მათი დამზადებისა და გამოყენების წესი.


              შემდგომ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა 1600 წელს გამოცემულმა წიგნმა "Certain experiments concerning fish and fruite" ტავერნერის ავტორობით, რომელშიაც დეტალურადაა ასახული სხვადასხვა სახეობის მწერის განვითარების ეტაპები.
                                                     



     ეს ნაშრომი საფუძვლად დაედო 1613 წელს გამოცემულ ჯონ დენისის წიგნს "The secrets of angling", რომელიც პრაქტიკული fly fishing - ის პირველ სახელმძღვანელოდ შეიძლება ჩავთვალოთ.


                 უდიდესი პროგრესი ამ მეთოდით თავზაობამ ინგლისში XIX - XX საუკენეების მიჯნაზე განიცადა, სამრეწველო რევოლუციამ შესაძლებელი გახადა საკმაოდ მაღალხარისხოვანი აღჭურვილობის შექმნა, თევზაობაც ფართო მასებში გახდა პოპულარული, ხოლო fly fishing - ი კი, რომელშიაც ყველაზე ნათლად პოვა ასახვა თევზსა და მეთევზეს შორის Fair Play (სამართლიანი თამაში) პრინციპმა კი განსაკუთრებით. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ლიტერატურა. სწორედ ალფრედ რონალდსმა, ფრედერიკ ხალფორდმა, ჯეიმს ოგდენმა ჩამოაყალიბეს ამ მეთოდით თევზაობის წესები და პრინციპები, რომლებიც დღემდე მოქმედებენ.


              ახლა კი მოკლედ გადავავლოთ თვალი განვითების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მწერების იმიტაციებძე თევზაობის ისტორიას:

Wet fly fishing (სველ იმიტაციაზე თევზაობა)

ამ მეთოდით თევზაობამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია შოტლანდიაში, სადაც მან ნაციონალური სპორტის ხასიათი მიიღო. განვითარებას ხელი განსაკუთრებით შეუწყო იმან, რომ ამ რეგიონში ბევრია საორაგულე მდინარეები, იმიტაციების დამზადება ხდებოდა ბუნებრივი პროტოტიპების მიხედვით, და სხვა მეთოდით თევზაობაც საკმაოდ სწრაფად დაჩრდილა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ტერმინი "კლასიკური შოტლანდიური სკოლა". მოგვიანებით, როდესაც პოპულარული გახდა მშრალ იმიტაციაზე თევზაობა ამ მეთოდმა მეორე პლანზე გადაიწია და მხოლოდ 1900 წლის შემდეგ, როდესაც გამოვიდა სკიუესის წიგნი "The way of a trout with a fly" დაიბრუნა პოპულარობა.




               ამ წიგნში ავტორი აღწერს იმიტაციებს და აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ მკვდარი მწერების იმიტაციებზე, არამედ კვერცხებზე, ნიმფებზე და ემერჯერებზე. სწორედ ამ წიგნის გამოსვლით დადგინდა ამ ორი ზემოაღნიშნული მეთოდით თევზაობის "თანასწორუფლებიანობა".

Nymph fishing (ნიმფაზე თევზაობა)

1910 წელს გამოვიდა ზემოთხსენებული სკიუესის ახალი წიგნი "Minor tactics of the chalk stream"


        ავტორი კონკრეტულ პერიოდში და კონკრეტულ წყალსატევში აკვირდებოდა თევზის კვების თავისებურებებს და მივიდა ნიმფების გამოყენების აუცილებლობამდე, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თანამედროვე ზოოლოგიაში მწერის განვითარების ამ ეტაპის ასახვისათვის იყენებენ სწორედ ტერმინ "ნიმფა"-ს. ამ პერიოდიდან ნიმფაზე თევზაობა ისეთივე პოპულარული ხდება, როგორც სხვა მეთოდების გამოყენებით თევზაობა. სწორედ ამ მიზნისთვისაა შექმნილი ძირვადი შნურები.

Dry fly fishing (მშრალ იმიტაციაზე თევზაობა)

არასწორი იქნებოდა, თუკი ვიფიქრებდით, რომ მშრალ იმიტაციაზე თევზაობას ყურადღება არ ექცეობა, უბრალოდ სათანადო მასალების არქონის გამო იმიტაციები ვერ ჩერდებოდნენ წყლის ზედაპირზე, ამიტომ ამ მეთოდმა თავიდან პოპულარობა ვერ მოიპოვა. მრეწველობის განვითერებასთან ერთად იქმნებოდა შესაბამისი მასალებიც. 1879 წელს გამოიცა ჯეიმს ოგდენის წიგნი "Ogden on fly tying"  



          და ფრედერიკ ხალფორდის ნაშრომი "Floating flies and how to dress them", რომლებმაც იმდენად დიდ პოპულარობა მოუტანეს ამ მეთოდს, რომ კლასიკური შოტლანდიური სკოლაც კი დაჩრდილეს.


       თანამედროვე პერიოდში კი fly fishing - ის განვითარებასა და დახვეწაში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს ისეთმა პიროვნებებმა, როგორებიც არიან ინგლისელი ოლივერ ედვარდსი (რეალისტური იმიტაციების დამზადების აღიარებული ოსტატი)


და ავსტრიელი რომან მოზერი (ავსტრიული სტილის ერთ - ერთი ფუძემდებელი)


       ამ სტატიაში ძალზედ მოკლედ არის მოცემული კლასიკური fly fishing - ის განვითარების ისტორია, არსებობს სხვადასხვა თანამედროვე მეთოდი მაგ: ჩეხური ნიმფა, პოლონური და ამერიკული მეთოდები, ზვიგენზე და მარლინზე თევზაობა და ა.შ, თუმცა ჩემი აზრით, ყველა ამ მეთოდს კლასიკასთან არაფერი აქვს საერთო და უფრო იმის მტკიცებულებას წარმოადგენენ, რომ fly fishing - ი თევზაობის უნივერსალური მეთოდია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი თევზის დაჭერაა შესაძლებელი.
          რამდენადაც ვიცი კლასიკური Fly fishing - ის ასე თუ ისე "გავრცელებას" XX საუკუნის დასაწყისში ფოთში მყოფი ინგლისური საექსპედიციო ძალების ოფიცრებმა დაუდეს სათავე, მაგრამ შემდგომში რა სახის განვითარება პოვა ამ მეთოდმა ჩვენთან ნადვილად არ ვიცი, არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა ან ინფორმაციის მოძიება. თუმცა არა მგონია რამე განსაკუთრებული მოვიძიოთ, არ არსებობდა ადგილობრივი წარმოება და ალბათ თევზაობდნენ ინგლისელების მიერ დატოვებული მასალებითა თუ აღჭურვილობით, ინგლისელებმა კი ფოთი მალევე დატოვეს.

No comments: