Thursday, September 8, 2011

და მაინც რატომ Flyfishing?


         საკმაოდ ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა-რატომ მაინცა და მაინც Flyfishing? მიფიქრია ამ კითხვაზე და მერე თავიც დამინებებია პასუხის პოვნის ცდისათვის. არადა, რაც დრო გადის, მით უფრო ხშირად ვიჭერ საკუთარ თავს იმაზე, რომ ნებისმიერი სრულიად განყენებული ფიქრიც კი საბოლოოოდ Flyfishing-ამდე მიდის.
თევზაობით კი ბავშვობიდან "მოვიწამლე", ჯერ იყო მამაჩემის მიერ გაკეთებული ბამბუკის ანკესი, კაპრონის ძუით და თვითნაკეთი ნემსკავით, მერე ძალიან კარგმა პიროვნებამ, იასონ ბადრიძემ, მაჩუქა პირველი სპინინგი და საბოლოოდ "გავები". მქონდა ანკესი და მქონდა მტკვარი. ასევე, 4-5 წლის განმავლობაში, მქონდა მუდმივად წარუმატებელი გასვლები. მერე საშუალებაც გამიჩნდა, გაჩნდა ინტერნეტი და ზღვა მასალა ნებისმიერი მეთოდით თევზაობაზე, გაჩნდა მაღაზიებიც, სადაც ნებისმიერ აღჭურვილობას შეიძენდით, ნებისმიერს, გარდა Flyfishing-ისა. არადა ეს მეთოდი აშკარად არსებობდა, თანაც აქვე, ჩემს გვერდით, წიგნების კარადის თაროებზე, ჰემინგუეის ნაწარმოებების ტომებში, ჩეხეთში გამოცემულ და კარგად დასურეთებულ თევზების ილუსტრირებულ ენციკლოპედიაში, ვკითხულობდი ჰემინგუეის Big Two Hearted River-ს, ვთვალიერებდი ენციკლოპედიას და ვერ ვხვდებოდი რაზე იყო საუბარი, არადა აშკარად მინდოდა, ნიკ ადამსივით, ჩრდილო ამერიკის რომელიმე მდინარეზე მარტო ყოფნა, მარტო ყოფნა ისეთივე აღჭურვილობით, როგორიც ენციკლოპედიაში, ულამაზესი მდინარის ფონზე, გამოსახულ ბედნიერღიმილიან მეთევზეს ქონდა, ბედნიერს, იმიტომ რომ ხელში, ამ ულამაზესი მდინარის მკვიდრი, ხარიუსი ეჭირა.
მაინც რატომ? ბევრს წერენ იმაზე რომ ეს მეთოდი ურთულესია, ელიტარულია, ყველაზე ძვირია, საქართველოში გამოუსადეგარია, ვერასდროს ვერ ვხვდები ეს ახსნაა თუ თავის გამართლება? ახსნა ვერანაირად ვერ იქნება, ამ "არგუმენტების" ავტორებს არასოდეს უცდიათ, მაგრამ მაინც ვედავები ხოლმე, ვედავები და ვცდილობ დავანახო ის, რაც მე დამანახა ამ მეთოდმა, დამანახა და აბსოლიტურად შემცვალა. ვედავები და ვხვდები, რომ ამ დავას აზრი არ აქვს, ამ მეთოდში ძალით არავინ მიყავთ, ამ მეთოდამდე ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს.
არსებობს თევზაობის ბევრი სხვა მეთოდიც, მაგრამ დავრწმუნდი რომ არცერთი მათგანი ჩემი არაა, ვნანობ რომ ამ დარწმუნებამ ძალიან დიდი დრო წამართვა. ყოველი თევზაობის შემდეგ ვგრძნობდი, რომ იმას არ ვაკეთებდი რაც მთელი გულით მინდოდა, არადა ის მდინარეები და ტბები მაინც დაუძლეველი ძალით მიზიდავდა, თითქოს რაღაც ყველაზე მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. გამოცდილება გროვდებოდა, ერთ დროს ამოუხსნელი თავსატეხები მარტივი და ჩემთვის მიუღებელი "ლოგიკური" გასაღებებით იხსნებოდა-არ მოდის თევზი? რა პრობლემაა სუპერ-პუპერ-ულტრა თანამედროვე, აპრობირებული და 100% -იანი ეფექტის მქონე დამატებითი საკვები ხომ ჩვენს გვერდითაა, უბრალოდ გაურიეთ წყალი და დაიჭირეთ 10 ან 100 კილოგრამი თევზი. გინდათ ასეთი ურთიერთობა ბუნებასთან? მე არ მინდა. არ მინდა არა იმიტომ, რომ ცუდია ან მარტივია, პირიქით, ნებისმიერ სტილს აქვს თავისი ხიბლი, რასაც პრაქტიკა  ნათლად ადასტურებს, არამედ იმიტომ რომ "ჩემი არ არის", არ მინდა და დანანების გარეშე ვიშორებ შესაბამის აღჭურვილობას, ისევე, როგორც იგივე ფიდერმენი მოიშორებს სხვა სტილით თევზაობის ეკიპირებას. დაინტერესებულხართ როდესმე სინამდვილეში რას ჭამს თევზი? დაკვირვებიხართ როგორ იცვლება წყალსატევი წელიწადის დროების ცვლასთან ერთად, როდესმე გაგჩენიათ სურვილი დაკვირვებოდით მდინარეში მობინადრე მწერების განვითერების სტადიებს? იცით როგორ წვალობს მედღეურას ნიმფა რომ ზრდასრულ მწერად გადაიქცეს? ალბათ არა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაწერდით, რომ თევზაობისას უმჯობესია ისინი სველ ქისაში შევინახოთ და ცოცხლად წამოვაგოთ ნემსკავზე, რომ დიდ ხანს იფართხალოს. ეს კრიტიკა არაა, ეს უბრალოდ ის გზაა, რომელმაც მიმყვანა იქ, სადაც ყოველთვის მინდოდა.
მაინც რატომ? ელიტარულობა? მაგრამ ელიტარულობა ხომ იმას გულისხმობს, რომ ვინმეზე ზევით დგომა გვინდა? დგომა და ამ პოზიციიდან ნებისმიერ სხვა მეთოდზე ხელგაკვრით საუბარი, ეს ჩემი ნამდვილად არ არის, პირიქით, ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვგრძნობ რომ ბუნებაში განმარტოვება, ადამიანებისაგან შორს ყოფნა მირჩევნია, მირჩევნია იმიტომ რომ უფრო კარგად და სრულად შევიგრძნო ის, რასაც ეს მეთოდი ქადაგებს. სირთულე? თავიდან ნებისმიერი მეთოდი რთულია, მარტივი არის კერძო მეურნეობაში, ან კიდევ აკვარიუმში თევზაობა. სიძვირე? ამაზე ბევრგან და ბევრჯერ დამიწერია, მომიტევეთ, მაგრამ თუ თქვენ, ზოგადად, ნებისმიერი მეთოდით, თევზაობას მატერიალური გადმოსახედან უყურებთ, ეს სტატია თქვენთვის არ არის. გამოუსადეგარი? კი ბატონო საყინულეს თუ თევზით ვერ გაავსებთ, კი ბატონო. ზოგი ალბათ "გამოუსადეგრობაში" იმასაც გულისხმობს, რომ თევზაობიდან ჩამოტანილი და სანაპიროზე, ბაწრით ლაყუჩგახეული, გაყიდული თევზის ღირებულება ბენზინის ხარჯს ვერ ანაზღაურებს. ეგეც ხო, ისე ჩვენ თევზს ვუშვებთ, მეტიც, ვდილობთ სურათი ისე გადავუღოთ, რომ მშრალი ხელით არ შევეხოთ. თუ თქვენ ფორუმებზე მტკაველისხელა თევზით გაშლილი სუფრის სურათების გამოქვეყნება გსურთ, ეს მეთოდი თქვენთვის არ არის.
უცნაური და ბევრისთვის მიუღებელი მიდგომაა ხომ? ბევრი ხომ კრიტიკად აღიქვამს? მე კი ვფიქრობ, რომ ეს უცნაური კი არა სამართლიანი მიდგომაა. მე არ შემიძლია სიცოცხლე მოვუსწრაფო არსებას, რომალთანაც შეხვედრას კვირიდან კვირამდე სიზმარში ვხედავ.
რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თევზაობის არცერთი სხვა მეთოდით არ ვყოფილვარ ბუნებასთან და საკუთარ თავთან ასე ახლოს, იმიტომ, რომ არცერთი სხვა მეთოდით თევზაობისას მე არ ვთვლიდი, რომ ბუნებას ბოლომდე სამართლიანად ვეპყრობოდი.
ეხლა ამ ჩემს ნაწერს ვკითხულობ და ვხვდები, რომ ადამიანი, რომელიც ამ სტატიას კითხულობს და რომელსაც Flyfishing-თან საერთო არაფერი არ აქვს, მაინც ვერ მიხვდება რა არის ამ მეთოდში ასეთი მიმზიდველი, ამას მეც ვერ ვხვდები ბოლომდე და ალბათ ამიტომაცაა, რომ ჩემთვის Flyfishing-ი ყოველთვის იქნება რაღაც იდუმალი ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელიც პირადად მე ბოლომდე გამყვება და არასოდეს არ დასრულდება.                     
        
        

5 comments:

მებადური said...

მომეწონა სტატია...

jela said...

:) ბრავო ნიკა :)

ნიკა ზურაბიშვილი NickAdams said...

დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის!!!

მოხეტიალე said...

მშვენიერია.
წარმატებებს გისურვებ. ხშირად გესტუმრები ხოლმე ბლოგზე :)

ნიკა ზურაბიშვილი NickAdams said...

დიდი მადლობა, ვეცდები საინტერესო თემები შემოგთავაზოთ