Sunday, September 4, 2011

Alone In The Wild (ნაწილი მეოთხე)


უსაფრთხოება

         დარწმუნებულნი იყავით, რომ იქ, სადაც წასვლას დააპირებთ,  სიხარულით არავინ და არაფერი არ დაგხვდებათ, გაითვითცნობიერეთ, რომ ველურ ბუნებაში თქვენ ზედმეტი ხართ, ხართ ორ ფეხზე მოსიარულე არსება, რომელსაც ულამაზეს ოაზისში, ნებსით თუ უნებლიედ,  შეაქვს მისი მკვიდრებისათვის ყოვლად არასასურველი დისკომფორტი. დაივიწყეთ ზღაპრები იმის შესახებ, რომ ადამიანი ბუნების მეფეა. იმ მომენტიდან როდესაც ცივილიზაციას მეტ-ნაკლებად მოწყდებით, თქვენი შინ მშვიდობით დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ "ადგილობრივების კეთილგანწობაზე" და მხოლოდ ამის შემდეგ არის თქვენზე დამოკიდებული.
        იქ თქვენი მტერი არავინ არაა, მაქსიმუმ როგორც კვებითი პირამიდის უმდაბლეს რგოლს ისე შემოგხედონ და დაფიქრდნენ ღირს თუ არა თქვენი გასტრონომიული თვისებების ახლოდან გაცნობა. გახსოვდეთ რომ ხართ სტუმარი და მოიქეცით შესაბამისად. შეხედეთ ადგილობრივ ცოცხალ ბუნებას მინიმუმ როგორც თანასწორს და პრობლემებიც ნაკლებად სავარაუდოა. არ შეხედავთ და ადრე თუ გვიან სასტიკად დაისჯებით, დაისჯებით ისე, როგორც ბევრი სხვა დასჯილა.
       იქ თქვენს მიმართ სიბრალული არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ორი ინსტინქტი, შიმშილი და თავდაცვა. ნუ აიძულებთ  მასპინძლებს თქვენს მიმართ ამ ორი ინსტინქტიდან რომელიმეთი იმოქმედონ. 
       გახსოვდეთ, არ არსებობს "საყვარელი ან საზიზღარი" მგელი, გველი თუ დათვი, ისინი არიან ზუსტად ისეთები როგორებიც უნდა იყვნენ. პატივი ეცით მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ინანებთ. გახსოვდეთ რომ რაოდენ საზარელიც არ უნდა იყოს იგივე გიურზა, ის ადგილობრივი ეკოსისტემისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მე, თქვენ და მთელი ჩვენი ნათესაობა.    
     ღამით გადაადგილებისას ყოველთის იქონიეთ ორი ფარანი. ერთი თავზე, მეორე იარაღზე. პირველი სულ ჩართულია, მეორე მხოლოდ სროლისას ირთვება, იარაღი სასურველია კომპაქტური, ძლიერი და მრავალვაზნიანი, მე 12 კალიბრის "პომპაზე" შევაჩერე არჩევანი

      
            მჭიდი ყოველთვის ბოლომდე სავსე +1 ვაზნა უშუალოდ სავაზნეში, მე 8 მილიმეტრიან ფინდიხს (კარტეჩი) ვანიჭებ უპირატესობას. მცველი აუცილებლად საბრძოლო მდგომარეობაში, ღამით იარაღი ყოველთვის ჩამოკიდებული უნდა გქონდეთ კისერზე ან თქვენთვის მოსახერხებელ რომელიმე სხვა, ადვილად მისაწვდომ მდგომარეობაში, იქ სადაც მგლის ან დათვის არსებობა დიდი ალბათობით არის სავარაუდო, ეცადეთ იმოძრაოთ მაქსიმალურად შესაძლებელი ხმაურით (ნუ ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ყვირილით უნდა იაროთ) დამერწმუნეთ აუცილებლად გაგეცლებიან. სხვათაშორის დღესდღეისობით ცოფიანი ტურა ან მელა უფრო საშიშია, ვიდრე მგელი ან დათვი. იგივე შეიძლება ითქვას ქვეწარმავლებზე. მათგან თავდასაცავად სავსებით საკმარისია რაიმე გრძელი ჯოხი, რომლითაც მათ გზიდან ადვილად მოიშორებთ ყოველგვარი ჩაქოლვის გარეშე. მე ასეთ wading staff-ს ვიყენებ, რომელიც ასევე ძალიან მოსახერხებელია მდინარეში მოძრაობისას


           რაც შეეხება ცივ იარაღს, დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მე ასეთ კომპლექტზე შევჩერდი. Ka-Bar და Wenger. პირველი როგორც იარაღი და მეორე როგორც მრავალფუნქციური ინსტრუმენტი.



Ka-Bar-ზე კარგად ჩანს ქარქაშის ბარძაყზე დასაფიქსირებელი დამატებითი ელემენტი, მერწმუნეთ გაცილებით ადვილია ასეთი სისტემიდან დანის სწრაფად ამოღება+ამას დაჯდომაში ხელს აღარ შეგიშლით.  Wenger-ი კი თავისი ქარქაშით დამაგრებული მაქვს ჟილეტზე.
            ყოველთვის აკონტროლეთ სად ადგამთ ფეხს, რთულ რელიეფზე გადაადგილდით ნელა, ნაბიჯის გადადგმისას მაშინვე არ გადაიტანოთ სხეულის მთელი წონა ამ ფეხზე, განსაკუთრებით ეს გასათვალისწინებელია მდინარის გადალახვის დროს.
           ბანაკისათვის აარჩიეთ შემაღლებული ადგილი, რაც უფრო მაღლა იქნება მდინარიდან, მით უკეთესი. კარვის დადგმამდე შეეცადეთ გაასუფთაოთ ტერიტორია ფოთლებისგან, გველგესლას ძალიან უყვარს მათში დამალვა. შეეცადეთ ცეცხლი დაანთოთ ქვიან ან თიხიან ადგილას, რადგან კოცონის ადგილზე რამდენიმე წელი არაფერი იზრდება. წამოსვლისას არ დაგავიწყდეთ მისი საგულდაგულოდ ჩაქრობა. საკვების ნარჩენები არ დატოვოთ, განსაკუთრებით ღამით, მოათავსეთ ისინი  პარკში და უკან გზაზე გამოიყოლეთ. 
           გახსოვდეთ, შიშს დიდი თვალები აქვს, თქვენი ყველაზე დიდი მტერი კი ამ შიშით გამოწვეული პანიკაა, რომელმაც შეიძლება სანანებელი ნაბიჯები გადაგადგმევინოთ. თუ ამ შიშს აყვებით როგორც მინიმუმ ღამით ვერ დაიძინებთ. გახსოვდეთ, რომ მგლის ყმუილს ან ტურის კივილს აუცილებლად გაიგებთ, მაგრამ ასევე გახსოვდეთ, რომ ისინი უბრალოდ ერთმანეთს ესაუბრებიან საკუთარ სახლში, იმ სახლში, სადაც თქვენ ხართ სტუმარი. ასევე გაიგებთ ღამის ტყის სხვადასხვა ხმებს, ეს უბრალოდ ვიღაცა სადღაც მიდის თავის ყოველღამეულ საქმეზე და სულ ცალ უკანა მარჯვენა ფეხზე თუ თათზე ჰკიდია საერთოდ არსებობთ თუ არა თქვენ,  აბა დაფიქრდით, თქვენს ეზოში ესაუბრებით მეგობარს, ან სახლის ერთი ოთახიდან მეორეში გადადიხართ და ამ დროს, ამის გამო, ვიღაცა, შისისაგან გადარეული თვალებით, იარაღს გესვრით:)) ასევე გახსოვდეთ,  რომ ხელთ გაქვთ 12 კალიბრის არგუმენტი, რომელიც, თუ გააზრებით იმოქმედებთ, საერთოდ არ დაგჭირდებათ. საქართველო არც ალასკაა და არც აფრიკა. თავის დასამშვიდებლად შეგიძლიათ ჰაერში ისროლოთ, მაგრამ ეს მაქსიმუმ ნახევარი სააათი მოქმედებს მერე ისევ თავიდან იწყებენ "საუბარს" , თუ ნასროლ მასრებს კარავთან დაყრით გარანტირებულად არ გაგეკარებათ არავინ (თუ ცოფიანი არ არის). ხოდა ისაუბრონ და იყვნენ.  მე უკვე შევეჩვიე და მომწონს კიდეც ეს "საუბრები".
          სულ ეს იყო რისი თქვენთვის გაზიარებაც მინდოდა, გისურვებთ წარმატებებს!!!

ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე
მაწილი მესამე
            

2 comments:

მებადური said...

საინტერესო სტატიებია, დიდი სიამოვნებით წავიკითხე 4-ვე ნაწილი.

ნიკა ზურაბიშვილი NickAdams said...

დიდი მადლობა გიგა!!! მთავარია, რომ მე და შენ მივხვდით თუ რა არის Flyfishing