Sunday, December 11, 2011

Catch&Release

           

         Catch&Release (დაიჭირე და გაუშვი) პრინციპით თევზაობა ცივილიზებულ სამყაროში სულ უფრო პოპულარული ხდება, ჩვენთან რა თქმა უნდა პირიქითაა და ჯერჯერობით გამონაკლის ხასიათს ატარებს. ბევრი ამას სადისტობად მიიჩნევს, ბევრს უბრალოდ არ ესმის საერთოდ როგორ შეიძლება დაჭერილი თევზი გაუშვა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან თავიდან დასავლეთში ამ მიდგომას მართლაც ყავდა ბევრი მოწინააღმდეგე.
          თანამედროვე პერიოდიკაში უპრობლემოდ შეგიძლიათ გაეცნოთ უამრავ მასალას სადაც ციფრებითა და ფაქტებით არის დადასტურებული ამ მეთოდის ეფექტურობა, ოღონდ ნუ შეეცდებით ამ სტატისტიკის მისადაგებას ჩვენს სავალალო რეალობასთან, სადაც 0,5 მმ ძუაზე 5-6 ნემსკავიან "კოპტონის" მონტაჟზე თავპირდაგლეჯილ გოჭას ლაყუჩებით წევენ სასწორის რკინის კავზე, სურათის გადასაღებად, მანამდე კი წიხლებით აგდებენ ნაპირზე. 
          Catch&Release პრინციპი პირველად ამერიკასა და კანადაში ოფიციალურად დაინერგა 1984 წელს, როგორც ორაგულის პოპულაციის დაცვის ქმედითი ღონისძიება.
          იმისათვის, რომ გავერკვეთ არის თუ არა ეფექტური "დაიჭირე-გაუშვი" პრინციპით თევზაობა საჭიროა ვიცოდეთ რა იწვევს თევზის დაღუპვას. 
          ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა შემდეგი - შემთხვევათა 57%-ში თევზი იღუპება, თუკი დაუზიანდა საყლაპავი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ან ლაყუჩები. ბუნებრივ სატყუარას თევზი  უმეტესწილად უფრო ღრმად ყლაპავს შესაბამისად, მისი გადარჩენის შანსი დაბალია, ხელოვნურ სატყუარაზე კი პირიქით.  ენისა და თვალის დაზიანება 23% შემთხვევაშია ფატალური. სისხლდენა კი 87 %-ში.  რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია? უნდა მოვერიდოთ ძალიან პატარა ნემსკავებით თევზაობას და ნემსკავს მოვხსნათ "ფხა", ან გამოვიყენოთ სპეციალურად დამზადებული ე.წ. "Barbless" ნემსკავები.


მითუმეტეს მიუღებელია სამპირიანი ნემსკავების (тройник) გამოყენება.
         დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია სტრესიც, ამ დროს თევზის ორგანიზმში გამომუშავდება რძემჟავა, რომლის რაოდენობაც თევზის გამოყვანის დროის ზრდასთან ერთად მატულობს და იწვევს სიკვდილს, ამიტომ აუცილებელია ეს დრო მინიმუმამდე დავიყვანოთ შესაბამისი კლასის აღჭურვილობის გამოყენებით, ხოლო თევზის გაშვებამდე კი დავეხმაროთ მას ძალების აღდგენაში, რისთვისაც უნდა დავიჭიროთ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით და ვუზრუნველყოთ წყლის ცირკულაცია ლაყუჩებში.
          დადგენილია რომ ფოტოგრაფირებისათვის დასაშვებია თევზის 10-15 წამით ამოყვანა წყლიდან ამ დროის გაზრდა 30 წამამდე იწვევს სიკვდილიანობის ზრდას 62 %-ით. მონაცემები მიღებულია ცისარტყელა კალმახზე დაკვირვებების შედეგად. აქედან გამომდინარე უპრიანი იქნება თუკი თევზს წყლიდან საერთოდ არ ამოვიყვანთ და ისე გადავუღებთ სურათს. ყოვლად დაუშვებელია თევზის აყვანა მშრალი ხელით, რადგანაც ამ დროს ზიანდება მისი ლორწოვანი გარსი, რაც ერთის მხრივ იწვევს თერმოშოკს, მეორეს მხრივ კი ხელს უწყობს მის კანზე სოკოვანი დაავადების განვითარებას. თანამედროვე გამოკვლევებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამაზე ჯერ კიდევ ჰემინგუეი წერდა. 
           ყოველივე ზემოაღნიშნული არის სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად მიღებული ფაქტობრივი მონაცემები და ეჭვქვეშ მათი დაყენება რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი მხრიდან არასერიოზული იქნება.
          ახლა რაც შეეხება მორალურ მხარეს, დაჭერილი თევზი ბოლოს 2006 წლის 1 სექტემბერს ჩამოვიტანე  ბაზალეთის ტბიდან და  Catch&Release პრინციპთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ნათლად დავაფიქსირე აქ.  არჩევანი თქვენზეა.     

No comments: