Saturday, January 21, 2012

Whiting Farms Inc. გენეტიკური ბუმბული მშრალი იმიტაციებისათვის


            ზედაპირული (მშრალი) იმიტაციების დასამზადებლად მამლის ბუმბული საუკუნეების განმავლობაში აქტიურად გამოიყენება. სწორედ იგი უზრუნველყოფს ერთის მხრივ სატყუარასათვის მეტ-ნაკლებად რეალისტური იერსახის მინიჭებას, მეორეს მხრივ კი ხელს უწყობს მის ზედაპირზე ტივტივს.
            საწყის ეტაპზე გამოიყენებოდა ჩვეულებრივი შინაური მამლის ბუმბული, რადგან დედლის ბუმბულისგან განსხვავებით, იგი უფრო ხისტი და გრძელია, ასეთი ბუმბული ნაკლებად სველდება, ფორმას უკედ ინარჩუნებს და, შესაბამისად, უკეთესადაც ტივტივებს, ხოლო სიგრძე კი ერთი ბუმბულისაგან რამდენიმე იმიტაციის დამზადების საშუალებას გვაძლევს.
           დაკვირვებების შემდეგ ნათელი გახდა, რომ საუკეთესო ხარისხის ბუმბული არანაკლებ 5 წლის მამლებს აქვთ. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეიქმნა რამდენიმე კომპანია, რომლებიც Fly Fisher-ების ინტერესების გათვალისწინებით ახდენდნენ სელექციას და გამოყავდათ მამლის ისეთი ჯიშები, რომელთა ბუმბულიც მაქსიმალურად პასუხობდა მათ მოთხოვნებს. 
            დღესდღეისობით ასეთ კომპანიებს შორის ყველაზე ცნობილი და, შეიძლება ითქვას, საუკეთესოც, არის ამერიკული Whiting Farms Inc. სწორედ ამ კომპანიის პროდუქციის მაგალითზე განვიხილავთ ამ კონკრეტული მასალის ტიპებსა და თავისებურებებს.
           მშრალი იმიტაციების დასამზადებლად კომპანია აწარმოებს 2 ძირითადი ტიპის პროდუქტს: მამლის სკალპს (cape) და ბუმბულს ზურგის ნაწილიდან (saddle). რა სხვაობა მათ შორის?
          სკალპიდან აღებული ბუმბული მაქსიმალურად ხისტია და შესაბამისად საუკეთესო მასალაა იმისათვის, რომ იმიტაცია კარგად ტივტივებდეს

   
             თუმცა მას უარყოფითი თვისებებიც აქვს, არის საკმაოდ ძვირი და შედარებით მოკლე, ანუ 1 ბუმბულისგან 1 ზომის მაქსიმუმ 1 ან 2 იმიტაციის დამზადებაა შესაძლებელი. თუ დააკვირდებით ამ სურათს, შეამჩნევთ, რომ ბუმბული კონუსური ფორმისაა, ანუ მთავარი ღეროდან წვრილი განშტოებების (barbules) სიგრზე ძირიდან წვერისკენ მცირდება, შესაბამისად შეუძლებელია 1 ან 2 -ზე მეტ იმიტაციაზე კლასიკური პროპორციის შენარჩუნება, რაც ნემსკავის სიგანეზე 1,5-ჯერ მეტი უნდა იყოს. თანაც გამოიყენება მხოლოდ ზედა ნაწილი, რადგან სწორედ ბუმბულის ზედა ნაწილია ყველაზე ხისტი.
             ზურგიდან აღებული ბუმბული (saddle)  დღევანდელ დღეს ყველაზე პოპულარულია, რასაც თავისი ობიქტური ახსნა აქვს, შედარებით იაფია, სკალპის ბუმბულზე გაცილებით გრძელია, ხოლო განშტოებების სიგრძე კი ერთნაირი, ანუ ზურგის 1 ბუმბულიდან შესაძლებელია ერთი და იგივე ზომის 5-6 იმიტაციის დამზადება.


         კომპანია ახდენს საკუთარი პროდუქციის გრადაციას იმისდა მიხედვით, თუ საშუალოდ რამდენი იმიტაციის დამზადებაა შესაძლებელი კონკრეტული ხარისხის  მამლის 1 ზურგისაგან (ხარისხის აღმნიშვნელი ტერმინი დატანებულია შეფუთვაზეც და პროდუქტის აღწერილობაზეც ამა თუ იმ ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე) მაგალითისათვის: მე უკვე 3 წელია ვსარგებლობ bronze ხარისხით, რომელიც საკმარისია 900-ზე მეტი იმიტაციისათვის

            
           კომპანია სხვადასხვა სახის ბუმბულს აწარმოებს, იმისათვის, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიადვილდეს, შემუშავებულია სპეციალური გრაფიკი, რომელიც მიბმულია კონკრეტულ პროდუქტსა და ნემსკავის კონკრეტულ ზომასთან


            განსაკუთრებით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ არსებობს სპეციალური, ეკონომიური ვარიანტები, ე.წ "100 pack", ანუ კონკრეტული ნემსკავის ზომის მიხედვით შერჩეული, დაახლოებით 100 იმიტაციის დამზადებისათვის საკმარისი კომპლექტი,  უბრალოდ ირჩევთ ფერს და ნემსკავის ზომას


            აქ კი შეგიძლიათ იხილოთ ამ კომპანიის წარმოებული პროდუქტის ფერთა სრული ასორტიმენტი. ჩემი აზრით, დღესდღეისობით ამაზე მრავალფეროვანი არჩევანი არცერთ სხვა კომპანიას არ აქვს.

Thursday, January 19, 2012

თუ არა ჩვენ მაშინ ვინ? რეკომენდაციები კანონმდებელს

    

          სამწუხარო რეალობაა, რომ წლების განმავლობაში გარემოსდაცვით  სფეროს არაპროფესიონალები კურირებენ, შედეგიც სახეზეა, მკვდრადშობილი, არაეფექტური ნორმატიული ბაზისა და წყალსატევებზე არსებული სავალალო მდგომარეობის სახით.
           ასე თუ გაგრძელდა, სულ მალე, დასაცავიც აღარაფერი დარჩება. სამწუხაროდ არ მაქვს შესაბამისი პროფესიული განათლება, რომ ვიმსჯელო სამოყვარულო თევზჭერის მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებულ  სპეციფიკურ საკითხებზე, რომლებიც ეხებიან ამა თუ იმ სახეობის დაცვის ღონისძიებებს, მათ შორის სახეობის წითელ წიგნში შეტანა-არშეტანის, ან სამოყვარულო ჭერისათვის ნებადართული ზომების საკითხს. სამაგიეროდ, დეტალურად შემიძლია ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულება იმ კონკრეტულ რეგულაციებზე, რომლებიც პირდაპირ ლახავენ ჩემს, როგორც მოყვარული მეთევზის, უფლებებს და ზიანს აყენებენ იქტიოფაუნას, სახელმწიფოს კი უკარგავენ სათევზაო ტურიზმიდან საკმაოდ დიდი შემოსავლის მიღების საშუალებას.
          უახლოეს მომავალში შეიქმნება ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს არა მხოლოდ ანკესითა და ბადით თევზაობის, არამედ ნადირობისა და წყალქვეშა ნადირობის მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებების შესატანად საჭირო რეკომენდაციებს და საბოლოოდ, წერილის სახით, წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, რომელსაც  "ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ" დებულების 22-ე მუხლით ენიჭება ამ დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება.
            რა თქმა უნდა ეს რეკომენდაციები ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება იდეალური და ყოვლისმომცველი, თუმცა პირადად მე მჯერა, რომ უმოქმედობა ყველასათვის დამღუპველი იქნება, პირველი ნაბიჯების გადადგმისათვის კი, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, პირველი ნაბიჯის გადადგმა არის აუცილებელი. 
           გთავაზობთ ზემოაღნიშნულ დებულებაში შესატან იმ ცვლილებებს, რომლებიც, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად შეესაბამებიან რეალურ ვითარებასაც და მოყვარულ მეთევზეთა ინტერესებსაც.

           მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი არსებობს ამ სახით:
3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადით, ჩოგანბადით და ეკრანით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. (24.10.2011 N 216)

          უნდა არსებობდეს შემდეგი სახით:

3. სამოყვარულო თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების  ანკესით,  სასროლი ბადით,  ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება.

          საჭიროა ამოღებულ იქნას სიტყვა "სპორტული", რადგან კანონმდებელი არ ახდენს სამოყვარულო და სპორტული თევზაობის ტერმინოლოგიურ ან უფლებრივ გამიჯვნას. სპორტული თევზაობა თავისთავად წარმოადგენს სამოყვარულო თევზაობის სახეს, რომლის წესებიც  მთელს მსოფლოში განისაზღვრება სპორტული თევზაობის ფედერაციების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და სახელმწიფო მისი კონკრეტული წესების რეგულირებას არ ახდენს, მთავარია ეს წესები არ ეწინააღმდეგებოდნენ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობას.  თუმცა ეს კრიტიკული არ არის.

ამავე მუხლის 17 პუნქტი არსებობს ამ სახით:

17. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე, დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე).
უნდა არსებობდეს შემდეგი სახით:

17. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე, დამონტაჟებული ნემსკავზე დაფიქსირებული  ბუნებრივი ან  ხელოვნური სატყუარით  ან თვითსატყუარით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით, კოჭით, წყლის ზედაპირზე ან ზედაპირთან არსებული თევზის წამოგების ინდიკატორით, საძირავი ტვირთით, დამატებითი საკვებურით  ან მათ გარეშე).

           შესაბამისად, საერთოდ ამოღებულ უნდა იქნას მე-18-ე პუნქტი, რომელიც იძლევა სპინინგის არასწორ და ამასთანავე უადგილო განმარტებას.

აუცილებლად დასამატებელია სამოყვარულო, ხელით სასროლი ბადის განმარტება, რადგან აღნიშნული ბადე წარმოადგენს ტრადიცილულ ქართულ სათევზაო ინვენტარს, ტერმინის განმარტება შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

სამოყვარულო სასროლი ბადე - სამოყვარულო თევზჭერისათვის განკუთვნილი ხელით სასროლი ბადე, რომელიც პერიმეტრზე აღჭურვილია სიმძიმეებით, გააჩნია სასროლი ბაგირი და რომლის დიამეტრიც გაშლილ მდგომარეობაში არ აღემატება 2 მეტრს, ხოლო თვალის ზომა კი 20 მმ-ს. 

            მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები. არსებობს ამ სახით

1. აკრძალულია თევზჭერა:

ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი იარაღებით; (6.07.2011 N 114)
დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:
ზ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
თ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
2. ამოღებულია (6.07.2011 N 114)

ჩემი აზრით, აუცილებლად დასაბრუნებელია აკრძალვა, რომელიც არსებობდა ამ მუხლის მეორე პუნქტში და ითვალისწინებდა ნებისმიერი სასუნთქი მოწყობილობის გამოყენებით წყალქვეშა ნადირობის დაუშვებლობას, თუმცა ახლა ამ საკითხზე დეტალურად არ შევჩერდები და საბოლოო სახით ჩამოვაყალიბებ ჩვენს წყალქვეშა მონადირეებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.  

             მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა არსებობს ამ სახით:

1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. (24.10.2011 N 216)
3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება; (24.10.2011 N 216)
გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.
დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.
 
უნდა არსებობდეს შემდეგი სახით:

           მუხლი 16. სამოყვარულო თევზჭერა 

1. სამოყვარულო თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამოყვარულო თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების  ანკესით,  სასროლი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. 3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების  ანკესის, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 3-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება; (24.10.2011 N 216)
გ) ნებისმიერი ზომისა და ფორმის ბადის გამოყენება გარდა სამოყვარულო სასროლი ბადისა , რომლის დიამეტრი გაშლილ მდგომარეობაში 2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.
დ) ამოღებულია
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;ვ)  ანკესების გამოყენება ხელოვნური ან ბუნებრივი  მისატყუარის ან თვითსატყუარის გარეშე.

          ეკრანებისა და მსგავსი ბარბაროსობის გამოყენების აკრძალვა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ეს მოწყობილობები ხშირად წყდება, რჩება წყალსატევში და იწვევს თევზის უაზროდ დაღუპვას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, გარდა ამისა ასეთ ადგილებში უკვე შეუძლებელია ანკესით თევზაობა, რადგან ნემსკავი ხშირად ედება მათ და წყდება.
          ნემსკავების რაოდენობის შემცირება მეტ-ნაკლებად გამორიცხავს თევზის შემთხვევით დაზიანებისა და შემდგომში მისი დაღუპვის ალბათობას.
          სატუარის ან თვითსატყუარის გარეშე თევზაობის აკრძალვა კი პირდაპირ კრძალავს ე.წ. "ტრაინიკზე" გამოკვრით თევზაობას, რომელიც დაფუძნებულია არა თევზის მიერ სატყუარის აღებაზე, არამედ ნემსკავის შემთხვევით გამოდებაზე, რა დროსაც ძალიან ხშირად ხდება თევზის სერიოზული დაზიანება და შემდგომში მისი უსარგებლოდ დაღუპვა. 
           აუცილებელია ერთ დღეში ერთი მეთევზის მიერ დაჭერილი თევზის რაოდენობის ლიმიტირება, რაც შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

 აკრძალულია ერთ დღეში ერთი მეთევზის მიერ 3 კილოგრამზე მეტი თევზის ამოღება ბუნებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაჭერილი თევზის ერთი ეგზემპლიარის წონა აღემატება 3 კილოგრამს. დადგენილ ლიმიტზე მეტი ოდენობის დაჭერილი თევზი ექვემდებარება საარსებო გარემოში დაბრუნებას.

           როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ეს რეკომენდაციები, მონადირეეების, წყალქვეშა მონადირეებისა და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანების მოსაზრებებთან ერთად, ჩამოყალიბდება ერთიანი წერილის სახით და გადაეგზავნება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, იმედია ერთიანი ძალისხმევა რეალურ შედეგს გამოიღებს.          

Saturday, January 14, 2012

ახალი საკანონმდებლო ბაზა

         
           მოგეხსენებათ, 2011 წლის 27 დეკემბერს "ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ" დებულებაში შევიდა ცვლილებები. პირადად მე დიდი იმედი მქონდა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. 
           სამწუხარო რეალობაა, რომ "მეთევზეთა" უმეტესობა  კანონს არანაირ ყურადღებას არ აქცევს, როგორც ცვლილებების შეტანამდე, ისე დღესაც განაგრძობს ბრაკონიერობას, რა თქმა უნდა მესმის, რომ რაც არ უნდა კარგი იყოს კანონი, მთავარი მისი შესრულება და ამ შესრულებაზე ეფექტური კონტროლია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რა საჭირო იყო კანონმორჩილი მეთევზეების ინტერესების ფეხქვეშ ასეთი გათელვა და ამ გათელვის დაკანონება დებულებით. არ შევეხები ნადირობისა და სარეწაო თევზჭერის ასპექტებს და ძირითად აქცენტს გავაკეთებ სამოყვარულო თევზჭერაზე.
          ტერმინთა განმარტებაზე დიდ ხანს არ შევჩერდები, მხოლოდ ერთ პუნქტს მოვიყვან საილუსტრაციოდ:
           მეორე მუხლის მე-18-ე პუნქტი:

18. სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი.

თითქოს საშინელი არაფერია ტერმინის ასეთ განმარტებაში, თუმცა კანონმდებლის სამოყვარულო თევზაობაში ჩახედულობაზე წარმოდგენას ნამდვილად გვიქმნის.
          ცვლილებები შევიდა მერვე მუხლში, რომელიც ასე გამოიყურებოდა:

მუხლი 8. ჭერააკრძალული თევზის სახეობები

1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სამოყვარულო-სპორტულიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;
ე) ქამბალა-კალკანის – 15 თებერვლიდან 1 ივლისამდე;
ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (კალმახის და ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.

ახალი რედაქცია კი ასეთია:

მუხლი 8. ჭერააკრძალული თევზის სახეობები

1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულოშიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში;
ე) ქამბალა-კალკანის – 1 მაისიდან 1 ივლისამდე; (6.07.2011 N 114)
ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.

            იყო საუბარი, რომ კალმახზე "დაიჭირე-გაუშვი" პრინციპით თევზაობა ნებადართული გახდებოდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, სახეზე გვაქვს ერთმნიშვნელოვანი აკრძალვა. ეს ბუნებრივია, რადგან სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი და ძველ ვარიანტში უბრალოდ ტექნიკური შეცდომა იყო გაპარული. შევეშვათ იმას რომ არ არის დაკონკრეტებული თუ რომელ კალმახზეა საუბარი, მდინარეში გვხვდება ცისარტყელა კალმახიც, რომლის ჭერაც ნებადართულია, მე სხვა რამე მაკვირვებს, თუ ეს აკრძალვა ემსახურება კალმახის პოპულაციის აღდგენას, მაშინ რატომ არ არის გათვალისწინებული სხვა რაიმე ქმედითი ღონისძიება, რატომ უბიძგებს კანონი მეთევზეს ტყუილისკენ? ხომ უდავოა, რომ ათეულობით კილომეტრზე სათევზაოდ წასული მეთევზე 99,9%-ში არაფრის გამშვები არაა. მდინარის კალმახის შემთხვევით დაჭერაც ცოტა უცნაურად ჟღერს, თუ იმდენად დიდია პოპულაცია, რომ ამის ალბათობა მაღალია, მაშინ საერთოდ რა უნდა კალმახს წითელ წიგნში? თუ სახეობის დაცვა იყო მიზანი, მაშინ შეეზღუდათ კონკრეტულ მდინარის კონკრეტულ მონაკვეთზე მეთევზის ყოფნა, ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ამავე დებულების სარეწაო თევზჭერის მარეგულირებელი წესები. სუფთა იურიდიულად თუ მივუდგებით, მაშინ კანონში განმარტებული უნდა იყოს რას ნიშნავს ტერმინი "ჭერა" თევზის ნემსკავზე წამოგებას, თუ მის ამოყვანას წყლიდან. ალბათ უფრო მეორეს, რადგან შენახვა უკვე ცალკე აკრძალვის საგანია, შესაბამისად გამოდის, რომ თუ მეთევზემ დაიჭირა მდინარის კალმახი, მას ფოტოს გადაღების უფლება არ აქვს, რადგან ამას კრძალავს ზემოაღნიშნული მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც თევზის დაუყოვნებლივ გაშვებას ითხოვს, ამავდროულად, თუ მეთევზე დღის განმავლობაში დაიჭერს და დაუყოვნებლივ გაუშვებს 10 ცალ მდინარის კალმახს, კანონი მას არ დასჯის, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია წითელ წიგნში შეტანილ სახეობაზე. 
           ანუ რა გამოვიდა? წითელ წიგნში შეტანილ მდინარის კალმახზე "დაიჭირე-გაუშვი"  პრინციპით თევზაობა კანონმდებლობის პირდაპირ დარღვევას არ წარმოადგენს? არა, არსებობს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე  "კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ" კონკრეტულად კი მისი მეოცე მუხლის მეოთხე პუნქტი
4. ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრციო გზების, წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

შესაბამისად, კალმახის საარსებო არეალში არათუ ანკესის გადაგდება, უბრალოდ ყოფნაც კი აკრძალულია, რადგან ასეთი ყოფნა ამ სახეობისათვის,  თეორიულად, მეთევზის ნებითა თუ უნებლიედ, საფრთხის შემცველი შესაძლებელია იყოს. შეუძლებელია გვქონდეს 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ნემსკავზე წამოგებული და ჩვენს მიერ თუნდაც დაუყოვნებლივ გაშვებული კალმახი გადარჩება.  ამას პირდაპირ ამბობს ეს კანონი და ის ფაქტი, რომ კალმახი შეტანილია წითელ წიგნში. 

           ფრიად "სასიამოვნო" სიურპრიზი გვაქვს დებულების მეცხრე მუხლში, რომელიც არსებობდა ამ სახით:

მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები

1. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებით;
დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:
ზ) ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგით მათ შორის ხიჟნიაკის კონსტრუქციით;
თ) ტრალის ფსკერული ვარიანტით (ფსკერულ ვარიანტად ჩაითვლება ტრალი, რომლის ჭრილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველი), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ზღვის მამლების, გველთევზის, კიბორჩხალების, მოლუსკების და სხვა ფსკერის ბინადრების საერთო წილი 5%–ზე მეტია (დათვლით)); (25.10.2007 N1577)
ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
2. აკრძალულია წყალქვეშა ნადირობა თევზებზე ჰარპუნის ტიპის იარაღით, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენებით.
           ახალი რედაქციით კი სახეზეა ასეთი რეგულირება:


მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები

1. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი იარაღებით; (6.07.2011 N 114)
დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:
ზ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
თ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
2. ამოღებულია (6.07.2011 N 114)

           წყალქვეშა ნადირობა ნებადართულია, ერთი შეხედვით რა არის ამაში ცუდი? ერთი შეხედვით არაფერი, თუ ჯერ ერთი იმ ფაქტს არ გავითვალისწინებთ, რომ არსად აღარ წერია აკვალანგითა თუ სხვა სასუნთქი მოწყობილობით წყალქვეშა ნადირობის დაუშვებლობის შესახებ, ანუ ნებადართულია ჟანგბადის ბალონით წყალქვეშ ყოფნა და თევზის ლოდინი, რაც თევზს გადარჩენის შანსს თითქმის არ უტოვებს (აკვალანგით წყალქვეშა ნადირობა ყველა ნორმალურ ქვეყანაში აკრძალულია სწორედ ამ ფაქტის გამო)  მეორე -  წყალქვეშა მონადირის უპირველესი სამიზნე ჩვენს გაჩანაგებულ წყალსატევებში აქა იქ შემორჩენილი თევზის ყველაზე დიდი ეგზეპლიარებია და მესამე კი დებულების დანართი, სადაც სახეზე გვაქვს ჭერისათვის ნებადართული ზომების ჩამონათვალი:

დანართი 2

ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე
თევზის სახეობა,  ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე (მმ-ში)


1 ქაფშია 70
2 ქარსალა 60
3 მერლანგი 120
4 კეფალისებრნი 200
5 კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) 850
6 სტავრიდა 100
7 ხონთქარა (ბარაბული) 85
8 ღიპა ქაშაყი 110
9 შავი ზღვის ქაშაყი 170
10 სარღანი 320
11 ლუფარი 220
12 პელამიდა 250
13 სკუმბრია 150
14 ღორჯოსებრნი 110
15 ქამბალა-კალკანი 350
16 მიდია 50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე)
17 გარნელი(კრევეტი) 35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე)
18 ღლავი (ლოქო) 500
19 ფარგა 380
20 წერი (ქარიყლაპია) 320
21 სიგისებრნი 180
22 ჭერეხი 400
23 კობრი 320
24 კაპარჭინა 260
25 ჭანარი 320
26 შამაია 250
27 ხრამული ტბის 250
28 ხრამული მდინარის 220
29 ვიმბა 120
30 სხვა თევზები 200

            მე ვერ ვხვდები, სახეზეა "დაიჭირე-გაუშვი" პრინციპის პოპულარიზაციის მცდელობა თუ უბრალოდ უვიცობა? ეს ზომები საიდან არის ყურით მოთრეული? რომელი საუკუნის კვლევებზეა დაფუძნებული? სად ნახეს ამ ზომის ხრამული ან შამაია მოყვარული მეთევზის ნადავლში? რა გამოვიდა? დიდი ზომის თევზების პოპულაციას უცხოელი სტუმრები მოსპობენ, საშუალოს განადგურებაში ბრაკები დაეხმარებიან და კანონმორჩილ მეთევზეს თევზის სახლში წამოღება ეკრძალება?

            დებულება კრძალავს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არსებული და ნამდვილი მეთევზეების მიერ ხელოვნების დარგში აყვანილი კლასიკური სასროლი ბადის გამოყენებას, რადგან კლასიკური ბადის დიამეტრი გაშლილ მდგომარეობაში 1,2 მეტრზე მეტია, თუმცა ამავდროულად არ კრძალავს ისეთ საზიზღრობას, როგორიცაა ეკრანი:

მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა

2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. (24.10.2011 N 216)
3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება; (24.10.2011 N 216)
გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.
დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.

          კიდევ ერთი კითხვა - რა განსხვავებას ხედავს კანონი სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერას შორის? სად არის ამ ტერმინების განმარტება? მე ვერ ვნახე, ალბათ გამომრჩა. რატომ არ ისჯება დენის აპარატის შეძენა-შენახვა-რეალიზაცია? რატომ არ არის დადგენილი მოყვარული მეთევზის მიერ ერთ თევზაობაზე დაჭერილი თევზის ზღვრული რაოდენობა? ადრე ასეთი შეზღუდვა არსებობდა და, თუ სწორად მახსოვს, 3 თუ 5 კილოგრამს შეადგენდა. 

          გასაგებია, რომ გარემოს დაცვის უწყებები საქმით არაფრის გამკეთებლები არ არიან, მაგრამ ქაღალდზე მაინც შეექმნათ ნორმალური საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც შემდგომში შესაძლებელი გახდებოდა ბრაკონიერებთან რეალური ბრძოლა.
           მოკლედ გილოცავთ 2012 წელს კიდევ ერთხელ, ამ საკანონმდებლო გენიის უბადლო გამოხატულების წყალობით ყველანი, ვინც 20 სანტიმეტრზე პატარა კარჩხანას სახლში წამოიღებთ, ან გაბედავთ და ადგილზე მიირთმევთ, ბრაკონიერები ხართ.

Sunday, January 8, 2012

მტკნარი წყლის კრევეტი (бокоплав, freshwater shrimp, scud - amphipoda)

           მართალია მტკნარი წყლის კრევეტი არ განეკუთვნება მწერებს, მაგრამ თევზის საკვების საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს, შესაბამისად, ჩვენთვისაც ფრიად საინტერესოა მისი უფრო დეტალურად განხილვა.
           დღესდღეისობით მტკნარ წყლებში დაფიქსირებულია მისი 800 - ზე მეტი სახეობა. კრევეტის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა, გვხვდება როგორც მდგარ წყალში ასევე დინებაზეც, მნიშვნელოვანია, რომ მისი ნახვა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. იგი საკმაოდ ფარულ ცხოვრებას ეწევა და დღის განმავლობაში წყალმცენარეებში ან ქვების ქვეშ იმალება


           სიგრძე 5 მმ - დან 20 მმ - მდე შეიძლება მერყეობდეს, შეფერილობა ღია ნაცრისფერიდან მუქი ზეთისხილის ფერამდე, გამრავლების პერიოდში კი მოვარდისფრო.          
         ჩვენს მიერ ადრე განხილული მედღეურების, რუისელებისა და მეგაზაფხულეებისაგან განსხვავებით მისი ცხოვრების ციკლი მხოლოდ ორი ეტაპისაგან შედგება: კვერცხი და ზრდასრული კრევეტი. მეგაზაფხულეების მსგავსად წყალსატევში მისი არსებობა ამ წყალსატევის ქიმიურ სისუფთავეზე და მაღალ პროდუქტიულობაზე მიუთითებს.
            ესეც კრევეტები in action

Friday, January 6, 2012

არსენალის განახლება (ნაწილი 2)

           დეტალების გააზრებისა და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ძირითადი აღჭურვილობა უფრო შესაბამისი გამეხადა კონკრეტული სტილისა და თევზაობის პირობების მიმართ, შესაბამისად მოხდა არსენალის განახლებაც.
           გუშინ ჩამომივიდა 4 კლასის კოჭა Ross CLA 1,5 ასევე ჩეხური და ფრანგული ნიმფის მეთოდით სათევზაოდ განკუთვნილი  Cabela's CZN Series 10 ფუტიანი 4 კლასის ანკესი.
          Ross CLA 1,5 მოერგო ამავე კომპანიის მიერ წარმოებულ FW სერიის 7,6 ფუტიან 4 კლასის ანკესს და კომპლექტი ასე გამოიყურება


            ხოლო Cabela's CZN -ს კი მშვენივრად მოერგო 4 კლასის კოჭა Cabelas WLX



           ესეც მთელი არსენალი 5/6 კლასის 9 ფუტიან Sonik Sk 3 თან ერთად, რომელზედაც დაფისირებულია Sonik Sk 4 5/6 კლასის კოჭა