Monday, October 26, 2015

Tenkara vs. Fly Fishing

        

             ბოლო რამდენიმე გასვლაზე საკმაოდ აქტიურად ვიყენებდი ტენკარას და ვთვლი, რომ პირველი დასკვნების გაკეთება უკვე შესაძლებელია. გასვლებისას ხდებოდა ამ ორი მეთოდის თანაბარ პირობებში გამოყენება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ობიექტური დასკვნების გაკეთება. შედარებულ იქნა კომპანია Tenkara USA - ს წარმოების 12 ფუტიანი Iwana და კომპანია Ross - ის წარმოების მესამე კლასის 8,6 ფუტიანი Ross FW, რომელიც აღჭურვილია ამავე კომპანიის კოჭით Ross CLA 1,5.
           ალბათ უპრიანი იქნება შედარება დავიწყოთ აღჭურვილობით.

ფასი 

        თუ ამოსავალ წერტილად ავიღებთ ფასი - ხარისხის პრინციპს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ანკესების ფასი ერთნაირია, 150 აშშ დოლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ კარგი ხარისხის როგორც Fly Fishing - ის, ასევე ტენკარას ანკესი, მე ეს ხარისხი სავსებით მაკმაყოფილებს, თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელია როგორც უფრო იაფი, ასევე უფრო ძვირი ვარიანტების მოძიებაც. ტენკარაში არ გჭირდებათ კოჭა და შნური, განსაკუთრებით, თუკი გრეხილ შნურს თავად დაამზადებთ, ტენკარას ქარხნული შნურები ღირს 20 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც Fly Fishing - ის შნურზე იაფია, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ხარისხს, რადგან Fly Fishing - ის მეტ ნაკლებად ხარისხიანი შნურის ფასი 35 - 40 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

        აქედან ვაკეთებთ დასკვნას, რომ ტენკარა ფასის კატეგორიაში უფრო მომგებიან პოზიციაზე დგას.

წონა  და ბალანსი

         ტენკარას ანკესი გაცილებით მსუბუქია მაგალითად 12 ფუტიანი Iwana დაახლოებით 70 გრამია, მაგრამ არის გრძელი და იმის გამო, რომ მას კოჭა არ აქვს, ბალანსი არ არსებობს, ხელში იგი უფრო მძიმედ იგრძნობა, ვიდრე თუნდაც ჩემი მესამე კლასის 8,6 ფუტიანი Ross FW, რომელიც საერთოდ ბუმბულივით არის, მიუხედავად იმისა რომ მარტო კოჭა Ross CLA 1,5 დაახლოებით 126 გრამს იწონის, მაგრამ სწორად დაბალანსებული კომპლექტი ამას "მალავს". პირადად ჩემთვის საკმაოდ დამღლელია ტენკარათი დიდი ხნის განმავლობაში თევზაობა, განსაკუთრებით ქარში.  

       შესაბამისად ამ კატეგორიაში Fly Fishing - ი ლიდერობს
        

იმიტაციის მიწოდების სიმარტივე და იმიტაციის მართვა

      რაც შეეხება იმიტაციის მიწოდების სიმარტივეს. აქ ტენკარა უპირობო ლიდერია, ნებისმიერი მეთევზე რამდენიმე წუთში აითვისებს სროლის ტექნიკას. იმის ხარჯზე, რომ გატარებისას ტენკარას შნური წყლის ზედაპირს არ ეხება, იმიტაციის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე კლასიკური შნურის გამოყენების დროს. 

     ამიტომ კიდევ ერთი პლიუსი დავუწეროთ ტენკარას

იმიტაციები

     კლასიკური ტენკარა გულისხმობს სველი იმიტაციების გამოყენებას და ცნობილია "ერთი სატყუარის" პრინციპით, ანუ მეთევზე არ ცვლის მას მთელი თევზაობის განმავლობაში. ზოგი ამას პლიუსად მიიჩნევს, მაგრამ იგივე პრინციპის გატარება სავსებით შესაძლებელია Fly Fishing - შიც, მაგალითად სტუარტის შავი სპაიდერი ჩემს პრაქტიკაში მუშაობს ყოველთვის, ყველგან და ნებისმიერ თევზზე (არ ვგულისხმობ ვთქვათ ქარიყლაპიას, მაგრამ მასზე არც ტენკარათი თევზაობენ) ასე რომ მე კლასიკას ვანიჭებ უპირატესობას, ნათელია, რომ ამ მხრივ ტენკარა არაფრით არ დგას კლასიკაზე მაღლა, თუმცა დამწყებისათვის, რომელსაც სურს ზოგადად ხელოვნურ იმიტაციებზე თევზაობა, პირველი ნაბიჯების გადადგმაში კებარი ნამდვილად კარგ სამსახურს გაუწევს. მასალების ასორტიმენტის მხრივ კი ტენკარა რა თქმა უნდა უფრო მომგებიან პოზიციაზე დგას, წარმატებული თევზაობისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე ფერის ბუმბული (შავი, ყავისფერი და ე.წ. "გრიზლი", თუმცა ერთი ფერითაც გახვალთ ფონს) ნემსკავები და ძაფი.  თუმცა ეს არგუმენტი ალბათ ისევ ფასის კატეგორიას განეკუთვნება. ტენკარის ანკესზე რა თქმა უნდა შესაძლებელია მშრალი იმიტაციების, ემერჯერების, ნიმფების და პატარა სტრიმერების გამოყენებაც, მაგრამ ეს უკვე ტენკარა აღარ არის.

       აქ პლიუსი კლასიკას 

ჩაკვრის ინდიკაცია და თევზის გამოყვანა

      გამომდინარე იქედან, რომ გატარებისას ტენკარაში შნური წყლის ზედაპირს საერთოდ არ ეხება, ჩაკვრის ინდიკაცია ძალიან ადვილია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქარი არ არის, მეტნაკლებად ძლიერი ქარი არათუ ართულებს ამ ინდიკაციას, არამედ ხშირად იმიტაციას საერთოდ წყლის ზედაპირზე აგდებს და ზოგადად ნორმალურ გატარებას შეუძლებელს ხდის, მაშინ, როდესაც  Fly Fishing - ის მეთოდის გამოყენებისას, ასეთ პირობებში დაჭიმული შნური უბრალოდ წყალზე იდება და მიდის ჭერა ე.წ. downstream swing - ის საშუალებით. 

        რაც შეეხება თევზის გამოყვანას, აქ უკვე უდიდესი სიამოვნება გელით ტენკარას გამოყენების შემთხვევაში, პატარა ზომის თევზიც კი ტროფეულ ზომად აღიქმება, მაგრამ შედარებით დიდი ნადავლი უკვე რთული საკონტროლებელია, რადგან შნური ფიქსირებული სიგრძისაა და თევზის მოძრაობის ტრაექტორიის კონტროლი  Fly Fishing - თან შედარებით რთულია. პლიუს ამას, გამოყვანის ბოლო ეტაპზე იძულებული იქნებით სადავე ხელით მოქაჩოთ, რათა ნადავლი ჩოგანბადეში მოთავსდეს, ან უბრალოდ იმისთვის, რომ აიყვანოთ და ნემსკავისაგან გავათავისუფლოთ, ეს კი ყველასათვის ცნობილია, რომ არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით უფხო ნემსკავების გამოყენებისას, რადგან იმის ალბათობა, რომ ჩვენი ჭერის ობიექტი ბოლო მომენტში მოიპოვებს თავისუფლებას, საკმაოდ მაღალია, ამას ადასტურებს ჩემი მცირედი პრაქტიკაც ტენკარას მეთოდში. ძირითადი ნადავლი აი ასეთი ზომის იყო, ბოლო რამდენიმე გასვლაზე და ორი ცალი სწორედ იმის გამო გამექცა, რომ სატარებელი ხელით მოვქაჩე ჩოგანბადის მიმართულებით. გამოსავალი შეიძლება იყოს თევზის ნაპირისკენ გამოყვანამდე მისი დაღლა, მაგრამ მე ასეთ მეთოდს არ ვემხრობი, მირჩევნია სწრაფად გავათავისუფლო ნემსკავისაგან და დავაბრუნო მდინარეში, რათა მისი გადარჩენის შანსი იყოს მაქსიმლურად დიდი


   ასე რომ, ამ კატეგორიაში, ტენკარას უპირატესობა მხოლოდ დელიკატურ აღჭურვილობაში გამოიხატება

უნივერსალურობა

რა თქმა უნდა უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, შეიძლება თვითონ ეს კატეგორიაც არასწორად არის დასათაურებული, მაგრამ მაინც მინდა ორიოდე სიტყვით განვიხილო. რა იგულისხმება ამაში? ალბათ სხვადასხვა ტიპის მდინარეზე ერთი და იგივე ანკესის გამოყენება, კონკრეტულად კი 12 ფუტიანი ტენკარისა და 8,6 ფუტიანი კლასიკის.
აქ უპირობოდ ლიდერობს კლასიკა, შესაძლებელია ერთი წერტილიდან შნურის სხვადასხვა მანძილზე მიწოდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რელიეფიდან გამომდინარე გადაადგილება რთული ან შეუძლებელია. რთული რელიეფის შემთხვევაში ზოგი ტენკარას უპირატესობად მიიჩნევს იმას, რომ შეიძლება მისი სწრაფად დაკეცვა და სხვა ადგილზე გადასვლა, მაგრამ გაცილებით სწრაფად დავკეცავ 2 ნაწილად ჩემს Ross-ს, ვიდრე დავიწყებ ჯერ მრავალმუხლიანი ტენკარას კეცვას და მერე 4 მეტრიანი შნურის დახვევას სპეციალურ პატარა კოჭაზე ან სულ რაღაც 40 სმ-ის სიგრძის უშუალოდ ანკესზე განთავსებულ სამაგრზე. ასე რომ ტენკარას კომპაქტურობა შემოიფარგლება მისი კომპაქტურობით ზურგჩანთაში. მეტიც, ძალიან იშვიათად შემხვედრია ისეთი ადგილები, თუნდაც ტყით დაფარულ მცირე მდინარეებზე, სადაც ანკესის დაკეცვა გახდებოდა საჭირო. 

აქ უპირობო და დიიიიიიდი პლიუსი Fly Fishing -ს.

დასკვნა

           რა შეიძლება ვთქვათ დასკვნის სახით? ჩემი მცირედი გამოცდილებიდან გამომდინარე, ტენკარა არის კარგი არჩევანი მცირე მდინარეებისათვის, უქარო ამინდში, ის არის კლასიკურ   Fly Fishing - თან შედარებით იაფი და მცირე ზომის თევზის ჭერისას, ნადავლის გამოყვანის დროს მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ის არის კომპაქტური და ნამდვილად არ დაგამძიმებთ, თუკი კლასიკურ აღჭურვილობას ზურგჩანთაში დაუმატებთ 100 გრამს, ან უფრო ნაკლებს. ხელოვნურ იმიტაციაზე ჭერის შესწავლის მსურველთათვის ნამდვილად კარგი დასაწყისი შეიძლება გახდეს, რა თქმა უნდა ამ მეთოდს აქვს არსებობის უფლება, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. მას კლასიკასთან მხოლოდ ის აქვს საერთო, ისიც მეტ ნაკლებად, რომ ორივეგან გამოიყენება თევზის კვებითი ობიექტის ხელოვნური იმიტაციები, ეს არის "ბუნდღაობის" იაპონური ანალოგი. ტენკარა არ არის Fly Fishing -ის შემცვლელი ან მისი ალტერნატივა. ისევე, როგორც მოსაქნევი ანკესი არ არის მატჩის შემცვლელი. მოკლედ არჩევანი თქვენზეა. გისურვებთ წარმატებებს.

Thursday, September 17, 2015

ორიოდ სიტყვა სამინისტროზე და ბრაკონიერებზე

           ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან იშვიათად ვახერხებდი ბუნებაში გასვლას. ხშირად მესმოდა გარემოს დაცვის სამინისტროს აქტიურობის შესახებ. ბრაკონიერობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოვიძახე კიდეც ეკიპაჟი ცხელი ხაზის მეშვეობით. ზედამხედველობის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი გავიცანი, ვისაუბრეთ ამ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ. 
             მოკლედ, ასეთ დასკვნამდე მივედი - თუკი ადრე ძირითადი პრობლემა იყო ის, რომ ბრაკონიერობის ფაქტებზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირებას არავინ ახდენდა, ახლა პრობლემებმა სხვა სიბრტყეში გადაინაცვლა. შევეცდები დეტალურად ავხსნა ჩემი ხედვა.
          არსებობს ბრაკონიერობასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება. უფრო სწორად ახლა იწყებს ნელ-ნელა ეს ნება ფორმირებას. გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან კონკრეტულად ამ სფეროში აქტივობა სახეზეა. მაგრამ, მაგრამ და კიდევ ერთხელ მაგრამ - ამ აქტივობის შედეგად მთელი რიგი პრობლემები გამოაშკარავდა. 
          ერთ-ერთი მთავარი, ჩემი აზრით, არის ის, რომ არ ჰყავთ სათანადო რაოდენობით თანამშრომლები, კასპის რაიონში სულ ორი ეკიპაჟია, რომელსაც ავალია ყველა მიმართულება - ნადირობა-თევზაობა, ხე-ტყე, გარემოს დაბინძურება, წიაღისეულის უკანონო მოპოვება და ა.შ. ფიზიკურად ვერ ახერხებენ თვითოეულ ფაქტზე რეაგირებას. დღე და ღამე აქვთ გასწორებული, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის და ამაში ნამდვილად ვერ გავამტყუვნებ, პირიქით, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. აუცილებელია მტკვრის მარჯვენა შენაკადებში თუნდაც ერთი ეკიპაჟის მუდმივი მორიგეობა, რადგან ხეობებში მობილური კავშირი არ არის და ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლებელია. ამის გამო პირადად მომიწია ეკრანების დაჭრა. იმ ბრაკონიერს რომ ეჩივლა აქეთ მე დამაჯარიმებდნენ სხვისი ქონების განადგურებისთვის. მხედველობაში მაქვს თეძმის, ძამის და ტანას ხეობები, ალბათ სხვაგანაც იგივე პრობლემებია, მაგრამ ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე რაც პირადად მაქვს ნანახი.
           ეს ორი ეკიპაჟიც კი არ არის აღჭურვილი, კანონით ეკუთვნით იარაღი, მაგრამ არ აქვთ, არ აქვთ ღამით ხედვის ხელსაწყოები, არადა დენით თევზაობა ძირითადად ღამით ხდება, არ ყავთ ნავები (ნავების დარიგებას ახლა აპირებენო). ეს რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს. 
            რაც შეეხება საკანონმდებლო მხარეს - აქაც ბევრი გასაძრომია დატოვებული - არ არის აკრძალული დენის აპარატის ყიდვა - გაყიდვა, შენახვა, ტრანსპორტირება. თუ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს აპარატი არის ბოროტება, რატომ არ ვკრძალავთ?  აქედან გამომდინარე დაჯარიმება შესაძლებელია მხოლოდ უკვე შემდგარ ფაქტზე, ნადავლთან ერთად, ბრაკონიერები ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების გამოჩენისთანავე უბრალოდ წყალში ყრიან ნადავლს და აკრძალულ მოწყობილობებს, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს ისედაც მცირერიცხოვანი შტატების პირობებში. არაა შორს წასვლა საჭირო, ბელორუსიაში აკრძალული მოწყობილობით მდინარიდან/ტბიდან თუ სწორად მახსოვს მანძილი 500 მეტრში ყოფნა უკვე აკრძალულია და ისჯება ჯარიმით. ჩვენ რატომ არ ვიზიარებთ ამ გამოცდილებას? იგივე პრობლემებია ეკრანების და პარაშუტების მხრივაც, ღირს იაფი და იყიდება ყველგან. კასპის ბაზარში "ვესაუბრე" ერთ ასეთ გამყიდველს - რას მერჩი, მე ხომ არ ვთევზაობ ამ ეკრანით უბრალოდ ვყიდიო.
             გაჩანაგებული იქტიოფაუნის პირობებში თევზაობა ნებადართულია მთელი წლის განმავლობაში, თევზის გამრავლების პერიოდის ჩათვლით, არ არის დაწესებული ერთ თეზაობაზე ერთი მეთევზის მიერ დაჭერილი ნადავლის ლიმიტი, სამაგიეროდ გვაქვს აბსურდული რეგულაციები ზომებში. 
             ისევ მიდის ბრაკონიერული მეთოდებით მოპოვებული თევზით უკონტროლო გარე ვაჭრობა. თუ ეს არ არის გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენცია, მაშინ გვაქვს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი რეგულაციები ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ, მიმართონ ფინანსთა სამინისტროს და აღკვეთონ ეს ფაქტები. მითუმეტეს რომ დიდი ზარზეიმით გააფორმეს მემორანდუმი სამინისტროთა შორის ურთიერთდახმარების შესახებ. არადა რად უნდა ამას მემორანდუმი? ისედაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა ამ საკითხს. ასობით კილოგრამი თევზია უკვე ამოღებული დენით თევზაობის ფაქტებზე, ფაქტიურად სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბრაკონიერები. თუ ოჯახების შენახვა უნდათ ითევზაონ კანონით ნებადართული ზომის ბადეებით და რაც მთავარია აიღონ შესაბამისი ლიცენზიები, ისევე როგორც ტბების შემთხვევაში გვაქვს.
               უკვე მერამდენე წელია გარემოს დაცვის სამინისტროს გვერდზე დევს მათ მიერვე შედგენილი დასკვნა იმის შესახებ, რომ ორთაჭალჰესს თევზსავალი ფაქტიურად გაუქმებული აქვს, გამოსწორდა რამე? ვინმე დაჯარიმდა?

Tuesday, June 30, 2015

სეზონი 2015

       დიდი ხნის შესვენების შემდეგ ისევ მოგესალმებით. ეს შესვენებაც მთელი რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით იყო განპირობებული. 
          ჯერ ერთი რაც შეეხება ბლოგის თეორიულ ნაწილს - ვთვლი, რომ საკმარისზე მეტი ინფორმაცია დევს იმათთვის, ვისაც სურთ ამ მეთოდში პირველი ნაბიჯების გადადგმა. ამ მხრივ მხოლოდ ის თემატიკაა გაშუქებული, რისი პირადი გამოცდილებაც მაქვს, რაც შეეხება სხვა თემებს, ისეთებს, როგორებიცაა მაგალითად მტაცებელზე სტრიმერის გამოყენებით თევზაობა ან ზღვის Fly Fishing - ი, ნამდვილად არ მინდა copy&paste მიმართულებით წასვლა. ამიტომაც, ამ ეტაპზე თეორიის სფეროს ალბათ საერთოდ აღარ შევეხები. თითოეული თემის კომენტირება თავისუფალია და სიამოვნებით ვუპასუხებ ნებისმიერ დაინტერესებულს.
         რაც შეეხება პრაქტიკას - მოგეხსენებათ კერძო მეურნეობებს არ ვეკარები, ბაზალეთი, არაგვი და მტკვარი ამ ეტაპზე ნაკლებად მაინტერესებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოვახერხე და ფაქტიურად მოვიპოვე მდინარის კალმახის catch&release პრინციპით ოფიციალურად, ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე ჭერის უფლება.



      ახლა უკვე აღარაფერი მიშლის ხელს ვსინჯო ნამდვილი, კლასიკური Fly Fishing - ი. ტენკარასაც არ დავივიწყებ და, როგორც შეგპირდით, შემოგთავაზებთ სტატიათა ციკლს Fly Fishing vs. Tenkara. 
         სამწუხაროდ ვეღარ მოხერხდება იმ ადგილების ზუსტი კოორდინატების მითითება, სადაც მოხდება გასვლები, უპირველეს ყოვლისა ჭერის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგიერთი "მეთევზის" შინაგანი სამყაროს გათვალისწინებით და ასევე იმის გამო, რომ გასული რამდენიმე სეზონის განმავლობაში უკვე არაერთხელ "დავისაჯე". თუმცა ნამდვილად არ მგონია, რომ ჩემი მითითების გარეშე ვინმემ სათევზაო ადგილი ვერ ნახოს, ეძებეთ, იფიქრეთ, მოინდომეთ და აუცილებლად გამოგივათ, მე გამომივიდა და არც სხვას უდგას წინ რამე. უბრალოდ მე აღარ დავკონკრეტდები, ესაა და ეს. 
        გაუფრთხილდით იქტიოფაუნას. გისურვებთ წარმატებებს.