Saturday, December 28, 2013

Wet Fly Tying Feathers (part 2)

              

                 In this small article we shall talk about feathers, which are used to create various wet fly patterns. I am sure, that for most of you this information will be familiar, but I hope newbies can find some basic information. On my blog there is a first part of this article, but it is in Georgian, may be later I'll translate it in English. This is the first article written by Georgian fly fisher in English, so I hope you'll excuse me for my English, which is far from perfection. 
               Of course there are much more feathers which are used to create a wet fly, but here I'll talk only about those, which I use. Let's start.
             Duck quills are used to create wings in numerous wet flies. Mostly you can buy them in "hand matched pair" variants, which should mean, that those feathers are taken from the left and right wings of duck. But in fact you can face some problems. Here is a photo of Wapsi pairs (in a package you'll get 2 pairs)

  
                 As you can see, it's hard to say, that they are "matched", of course there are 3 feathers from the left and 3 from the right, but for best results you'll need for example second primary from the left and second primary from the right, because they'll be really symmetrical and it's easier to tie them in for ideal result. Let's say some words about online ordering. It's great pity,  that there are no fly fishing shops in Georgia, so I have no chance to see the real quality of the item I order,  if there is a fly shop in your city, it's better to go there and check it out. Another option is Ebay, sometimes sellers provide you by macro photos of what you really will get, don't miss such opportunities. As for me the best way is to have hunters among friends, pair wings provided by them will be of the best quality.  
                 Peacock Swords are used for winging and tailing purposes in a such brilliant fly as Alexandra. You"ll also get them in "matched pair" variant, because you"ll need to tie them in as duck quill paired segments. In this photo you can see the best "pair" from 4, but it's also far from perfection


               Goose shoulder feathers - nice stuff for tailing some wet flies. Two segments are set in a way you tie in a classic wet fly wing. It's easier to use segments from upper third part of a feather, where barbs are a little bit stiffer.


                 Golden pheasant tippets are mainly used for tailing purposes, but if you buy the whole neck, you can also use the smallest feathers from the upper part for "golden spider" variants. Simply wrap them in a way partridge feather is wrapped in a Partridge&Orange fly. 

                
               Starling feathers are used in such a great patterns as Stewart's Black Spider and Starling&Herl, which are my favorites of 2013 season. 


                 As you see this skin also is not a perfect one. Next time I'll get it from Ebay and not from  Hareline. 
                 

                      Teal (on the left) and mallard flank (on the right) are used for legs,tails and wings, these are feathers from bulk packages, tips are broken, as for me, it's better to get the whole skin from hunters. Teal has more distinct barring and I think it looks better on the fly.
                        I hope this small article will be helpful for beginners. Tight Lines!!!! 

Monday, December 2, 2013

”კანონიერი ქურდები”...კი არადა ”კანონიერი ბრაკონიერები”

                  არ გაგიკვირდეთ, არის ეგეთი ტყეები - უხეო, ყოფილა თურმე. ნებისმიერი ზომის თუ დონის კლუბი, ფორუმი, ფედერაცია, საკუთარ უპირველეს ვალად თვლის ბრაკონიერობაზე ისაუბროს, დაახლოებით ის ვარიანტია ჩვენი ბიზნესმენები ბიზნესს რომ იწყებენ და პირველ რიგში ბოლო მოდელის ჯიპს გაიგდებენ ხოლმე კარგ ცხოვრებას მონატრებული უკანალის ქვეშ. რატომ არის ეს თემა ასეთი პოპულარული? ღამეები არ ძინავთ თემის ავტორებს ბუნებაზე ნერვიულობაში? როგორც ”სულმნათი” მიშა იტყოდა ხოლმე ”ნურას უკაცრავად”. უბრალოდ უნდა იყოს ასეთი თემა საკუთარი თავის პატივისმცემელ ნებისმიერ მეთევზეთა თუ მონადირეთა გაერთიანების ვებ გვერდზე. იდება გრანდიოზული გეგმები (ოოოო, თქვენ არ იცით როგორ პატივს ვცემ ტიტანური აზრებით შეპყრობილ ადამიანებს) სადღაც გამოქექილ ბრაკონიერობის ფაქტზე კრიტიკის ქარცეცხლში ახვევენ დამნაშავეს, შემდეგ ვალმოხდილები ერთი ორ სურათსაც მიამატებენ, მერე რა რომ აკვარიუმში დაჭერილი თევზის, ან კერძო მეურნეობაში მოპოვებული ნადირის თუ ფრინველის, არა უშავს, მთავარია იდოს და დამდების მიკროსკოპულ ეგოს ასიამოვნოს. ასეა თუ ისე ფორუმული თუ კლუბური ცხოვრება თავის კალაპოტში მიედინება და თითქოსდა არც არაფერი ხდება. მაგრამ თუ თქვენ რომელიმე ასეთი გაერთიანების წევრი ხართ ან უბრალოდ საკმარისად დიდი დროის განმავლობაში თვალყურს ადევნებთ ასეთ ცხოვრებას, ხანდახან საკმაოდ სახამუშო მომენტების მომსწრეებიც გახდებით და რა თქმა უნდა თემა ისევ ბრაკონიერობაა, მაგრამ არა ჩვეულებრივი, მორიგი ბრაკონიერის ”საგმირო საქმეების” განხილვა და copy+paste სტანდარტული გინება-მუქარების კორიანტელი, კიდევ ერთხელ ”ნურას უკაცრავად” ისევე, როგორც არსებობს ჩრდილოვანი ეკონომიკა ზუსტად ანალოგიურად აბსოლუტურად ნებისმიერ ქართულენოვან ფორუმზე, ფედერაციასა თუ გაერთიანებაში არსებობს პრივილეგირებული კასტა, არა უბრალო წევრები, არამედ ფარული ელიტარული გაერთიანება, ან თუ გაერთიანება არა უბრალოდ ცალკეული წევრები - ”კანონიერი ბრაკონიერები”, რომელთათვისაც გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ვგულისხმობ ნაკრძალში ბრაკონიერობას და აკრძალულ სახეობაზე თევზაობას. თან, ძირითადად, ეს ის წევრები არიან, ვისაც ”სიტყვა ეთქმით”. თითოეულ სიტყვაზე პასუხს ვაგებ და მეტი არ მინდა ვინმემ რამე საწინააღმდეგო დაწეროს, პირდაპირ დავდებ თითოეული ასეთი გაერთიანების მიერ ჩადენილ ფაქტებს და კონკრეტულ სახელებს. ”შეურაცხყოფილი თოვლის” როლს არ მოვარგებინებ არავის. აი ამ კატეგორიის ხალხისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა წერია კანონში და არც იმას ორი წუთის წინ რას წერდნენ კანონის კანონობასა თუ ზოგადად სამართლიანობაზე. მათთვის ყველაფერი ნებადართულია, თან ისე, რომ თავის მართლებასაც კი კადრულობენ. ზოგიერთი მათგანი პასუხისგებაშიც კი არის მიცემული და შემდეგ ”რაღაცნაირად” გამომძვრალი ამ არასასიამოვნო სიტუაციიდან. გარდა ამისა კადრულობენ იმასაც, რომ მათ გამკრიტიკებელს ენა შეუბრუნონ, არის ამისი მაგალითებიც, ყველაზე პარადოქსული კი ისაა, რომ მათ დამცველებიც კი გამოუჩნდნენ, პარადოქსია ფაქტიურად, ნუ ამ ”დამცველების” არგუმენტებზე ერთადერთი პასუხი დაახლოებით ასე  უნდა ჟღერდეს ”დამნაშავეა, მაგრამ რას ერჩი? ლამაზი თვალები აქვს და ეპატიება”. ზუსტად ამ ”კანონიერი ბრაკონიერების” დამსახურებაა, რომ იმის მაგივრად რომ გარემოს დაცვის სამინისტრო აკრიტიკონ, მრავალსართულიან მადლობებს უხდიან იმისთვის რომ პატივი დასდეს და შეხვედრაზე მიიწვიეს. მეტიც, საკუთარ სამფლობელოში არც სხვას არ აკრიტიკებინებენ უნიათო გარემოსდაცვით პოლიტიკას. ეს შეხვედრები კიდე ცალკე მარაზმი - ეხვეწები სამინისტროს, რომ შეასრულოს ის, რაც ისედაც პირდაპირ კანონით ავალიათ. თუმცა აქ უკვე ჩაკეტილი წრეა, ამოიღებენ ხმას და დაულაგებენ ”ნავაჟკაცარს”, იყო ამის კონკრეტული მაგალითები. ხოდა მოკლედ ფაქტი არის ის, რომ აი ასეთი ”კანონიერი ბრაკონიერების” ხელშია დღეს საქართველოს იქტიოფაუნის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი. თქვენ გჯერათ, რომ ესენი რამის გამკეთებლები არიან? იქნებ იმიტომაც არ იღებენ ხმას, რომ ათვიცნობიერებენ საკუთარ დანაშაულს? თუ ადამიანობა შეგრჩა ნამდვილად რთულია აკრიტიკო ეკრანით მეთევზე, რომელიც ოჯახისთვის რამდენიმე ხრამულს დაიჭერს, მაშინ როცა შენ თვითონ არ იკლებ ”აკრძალულ ხილს”. ხო რა, მგონი ყველაფერი დავწერე, რისი დაწერაც მინდოდა.

Wednesday, November 20, 2013

Feathers, Feathers and Feathers

                

            ბლოგის გვერდებზე უკვე გვქონდა საუბარი მამლის გენეტიკური ბუმბულის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მასალის პრაქტიკაში დანერგვამდე იმიტაციების დამზადებისათვის ძირითადად სხვადასხვა სანადირო, ეგზოტიკური ან უბრალოდ შინაური ფრინველის ბუმბული გამოიყენებოდა. მათ არც დღეს დაუკარგავთ აქტუალობა. ასორტიმენტი მართლაც რომ შთამბეჭდავია. ალბათ უპრიანი იქნება თუ უფრო დეტალურად გავეცნობით ამ მრავალფეროვნებას. რამდენიმე წლიანი პრაქტიკის შემდეგ სხვადასხვა ტიპის ბუმბულით დამზადებული იმიტაციების გამოყენების საკმაო გამოცდილება დამიგროვდა, ამიტომ გადავწყვიტე პირველ რიგში ვისაუბრო იმ კონკრეტულ სახეობებზე, რომლებიც კარგად მუშაობენ ჩვენს პირობებში.
                  მამალი ხოხბის კუდის ბუმბული (Cock pheasant tail) - იაფი, მოსახერხებელი და ძალიან ეფექტური მასალაა, რომელსაც სხვადასხვაგვარი გამოყენება აქვს. 

                  უპირველეს ყოვლისა ეს მასალა გამოიყენება ისეთ ლეგენდარულ ნიმფაში, როგორიც არის ფრენკ სოიერის Pheasant Tail Nymph, რომელიც ბლოგზე უკვე დეტალურად განვიხილეთ. ანუ, როგორც ვხედავთ, ხოხბის ბუმბულის გამოყენება შესაძლებელია იმიტაციის კუდის, ტანის, ტორაქსის და ფეხების დამზადებისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად მუშა სატყუარის შესაქმნელად ნემსკავი, სამონტაჟო ძაფი/სპილენძის წვრილი მავთული და ხოხობი სავსებით საკმარისია. ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთისას გამოიწერეთ მხოლოდ წყვილი ბუმბული (Pair) და არა მთლიანად კუდი (Whole Tail), რადგან პირველის ხარისხი გაცილებით მაღალია, მაქვს ამის მწარე გამოცდილება. თუკი ხელი მიგიწვდებათ რომელიმე სანადირო მეურნეობამდე ან რომელიმე რესტორანში გყავთ ნაცნობი, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ”ჩვენებური” ხოხობიც, უბრალოდ შეარჩიეთ მაქსიმალურად გრძელი ბუმბულები.
                    ფარშევანგის კუდის ბუმბული (Peacock Tail)- კიდევ ერთი "must have" მასალაა, ასევე ხელმისაწვდომი და იაფი


                     წყალში მოხვედრისას თევზისათვის ძალიან მიმზიდველ, ოდნავ მბრწყინავ ელფერს იღებს.  გამოიყენება ტანის, ტორაქსის დამზადებისათვის, მაგალითისათვის ალბათ იგივე Pheasant Tail Nymph - ის ამერიკული (ფარშევანგის ტორაქსიანი) ვარიანტი და არანაკლებ ლეგენდარული Red Tag - იც საკმარისია. თუკი მეორადი განშტოებების ღეროს წვრილი ბუსუსებისაგან გავწმენდთ, მივიღებთ ე.წ. peacock stripped quill - ს


                 ეს მასალა კარგად მუშაობს იმიტაციების ტანის დამზადებისას. ე.წ. stripped quill body.


                   კიდევ ერთი რჩევა - ეცადეთ შეუკვეთოთ მთლიანი ბუმბული და არა პაკეტში ჩაყრილი, ძირითად ღეროს მოშორებული მეორადი განშტოებები (strung hearl). ხარისხში მოიგებთ.


                 კაკბის ბუმბული (Partridge Feathers) - კლასიკური მასალის ერთ - ერთი საუკეთესო მაგალითი


                  აქვს ძალიან რბილი მეორადი განშტოებები და სეგმენტაციის ეფექტის მქონე შეფერილობა. წყალში მოხვედრისას კარგად ახდენს ცოცხალი მწერის ფეხების იმიტირებას, შესაბამისად, პირველ რიგში გამოიყენება სწორედ ნიმფებისა და კლასიკური სველი იმიტაციების ფეხების, ასევე კუდების დამზადებისას. ამ მასალის ეფექტურობის საუკეთესო მაგალითია Spider - ის ტიპის სატყუარები, რომლებმაც ჩემს არსენალში 2013 წლის ფავორიტების საპატიო ადგილი დაიკავეს, კონკრეტულად კი Partridge&Orange 
                     შეკვეთისას გაითვალისწინეთ, რომ სჯობს კაკბის მთლიანი ტყავის შეკვეთა რადგან ე.წ. bulk feather, ანუ პაკეტში ჩაყრილი ცალკეული ბუმბულები არ იძლევიან ზომის სრულ არჩევანს, რაც იგივე კლასიკური სველი იმიტაციისათვის კრიტიკულია.


                     მომდევნო სტატიაში განვაგრძობთ საუბარს სხვადასხვა ტიპის ბუმბულის გამოყენების თავისებურებებზე.                   

Wednesday, October 9, 2013

განვიკითხოთ?

                 აღარ ვიცი რა დავწერო. ალბათ ყველანი მართლები ხართ და მარტო მე ვარ მტყუანი იდეალისტი. ვცდილობ არასრულწლოვანთათვის მიუღებელი სიტყვები  და გამონათქვამები არ გამოვყენო ამ პატარა ბლოგზე, სადაც უკვე მეორე წელია უშედეგოდ ვცდილობ დღევანდელი საზოგადოებისთვის (მათ შორის თავგადაკლულ "წესიერ" მეთევზეთა თუ გარემოსდამცველთათვის) რატომღაც მიუღებელი ან რატომღაც არააქტუალური ღირებულებების პროპაგანდირებას. ეს "პროპაგანდირება" -ც ალბათ ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია. ნუ გარემოსდამცველების პოზიციის კიდევ მესმის, ეს ხალხი მართლა გრანტებით ცხოვრობს (აქ არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ "გრანტიჭამიაობას" თუნდაც მხოლოდ "მწვანე ალტერნატივის" უდიდესი პატივისცემის გამო, რომლებსაც ჩემ მეგობრებად ვთვლი და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყოველთვის ასე იქნება). გრანტებით კი იქტიოფაუნის დაცვა არ ფინანსდება, ან უბრალოდ დღემდე არავის დაუწერია ისეთი პროექტი, რომელიც დაფინანსების ღირსი გახდებოდა. ნუ როგორც არის, ფაქტი ფაქტად რჩება.
                         ცოტა შორიდან მინდა პარალელების გავლება. ვაჟა-ფშაველა სალოცავია ალბათ იმათთვის ვინც საქართელოს ბუნებას ეტრფის. ცრემლისმომგვრელია გამოცდილი თამადის ქართული ბუნებისადმი მიძღვნილი სადღეგრძელოები ქართულ სუფრაზე. ბუნების სადღეგრძელო, ალბათ შეგინიშნავთ, იმ დროს ითქმის ჩვენთან, როდესაც ბახუსი ზეიმობს უკვე და სავადებულო სასმისებიც უკვე ბოლომდე დაცლილია. ენა ერევა უკვე თამადას, აღარ იცის როგორ ჩაეხუტოს, როგორ გამოხატოს ის სიყვარული და "ტკივილი", რომელიც სადღეგრძელოს ფუძეა. განსაკუთრებით ლამაზ წალკოტში განსხვავებულიც კი შეიძლება დააძალოს შეზარხოშებულ სუფრის წევრებს. ის ამ სადღგრძელოს სვავს ახლა, ან გუშინ დალია, მაქსიმუმ გუშინწინ. მერე არაფერი, არეფერი შემდეგ თამადობამდე ან უბრალოდ შემდეგ სუფრამდე. ეს ვართ, ეს ვართ ჩვენ ყველანი, ის ერი, რომელიც ვაჟას "შვლის ნუკრის ნაამბობზე" ცრემლებს აღვარღვარებს და ამავდროულად შესაძლებლობას არ "მაზავს" ამავე შვლის მწვადებით პირი ჩაიტკბარუნოს პირველივე შესაძლებლობისთანავე. ჩვენ ხომ ის ერი ვართ, ვისაც დღესდღისობით არცერთი ანიმალისტი მწერალი ან მხატვარი არ ჰყავს. იქნებ მეშლება რამე? არ დაგბადებიათ მარტივი კითხვა - "რატომ?"
                   დღესდღეისობით მეც გახლავართ ერთ-ერთი გაერთიანების წევრი (ჯერ-ჯერობით არ დავკონკრეტდები რომელის, თუმცა დრო მანახებს საჭირო გახდება თუ არა ასეთი დაკონკრეტება) ანუ როგორც რუსეთში იტყვიან - на данный момент მიზანი ერთია დიადი, ნათელი. გაერთიანებას რაც შეეხება საკმაო გამოცდილება მაქვს ასეთი გაერთიანებების აქტიური წევრობის. სადაც ლოზუნგად ბრაკონიერობასთან ბრძოლა ქონდათ და თითი არ გაუნძრევია ამ მიმართულებით არავის. გაერთიანების "მამამთავარიც"  ყველასგან უჩუმრად დედა რუსეთში გაიძურწა. ალბათ უბრალო დამთხვევაა. ასეა თუ ისე "მამამთავრის" გაძურწვამდე მე წამოვედი. წამოვედი იდეალისტობიდან გამომდინარე, იდეალისტობას ვწერ, თორემ ბრაკონიერობას რომ არა მხოლოდ ლოზუნგებით უნდა ებრძოლო ალბათ სადავო არაა. ისევ "ალბათ"-ს ვიყენებ, იმიტომ რომ უკვე მეც დავიბენი.
                       წამოვედი იმიტომ, რომ დღემდე ვფიქრობ, თუ კანონით რაიმე აკრძალულია, ესე იგი ასეა საჭირო, რაც არ უნდა აბსურდული იყოს კანონი, აკრძალულია ხომ კალმახის ჭერა, ესე იგი შეეშვი რა ამ კალმახს, თუ არ მოგწონს ეს კანონი ადექი და სასამართლოში გაასაჩივრე, თუ მაგის თავი გაქვს. მაგრამ არა, ბიჭებს არასამართლიანად მიაჩნიათ ეს კანონი და ისევ პატივსაცემ სტუმრებს ცდილობენ ასიამოვნონ საკალმახეებში თევზაობით. არასამართლიან კანონს რა დალევს, მაგრამ რაღა მაინცადამაინც ამ კანონს არ ვემორჩილებით? რახან პატრონი არ ყავს იქტიოფაუნას? რახან გარემოს დაცვის სამინისტრო რეგიონებში კი არა საკუთარი შენობიდან 200 მეტრში ვერ ებრძვის "ელექტრიკებს"? იქნებ სცადონ ბიჭებმა არასამართლიანი სისხლის ან საგადასახადო კანონმდებლობის არ დამორჩილება?  საინტერესოა რა შედეგს მიიღებენ.
                              მოკლედ დავიღალე რა, ის დღე არ დადგება ვინმეს სასწავლებელი გავხდე სად სჯობს თევზაობა, ხოდა მივხედავ რა ჩემს თავს და ვიქნები მშვიდი ნერვებით, ვაჟას სადღეგრძელოსაც დავლევ, ქართული ბუნებისაც და "ელექტრიკებსაც" გავუგებ, ბოლოს და ბოლოს არც მათ სიამოვნებთ აქოთებულ მტკვარში ღამით დენით თევზის ჭერა, მაგრამ უჭირთ და ამიტომაც ბრაკონიერობენ. "ბიჭებს" კიდევ არ უჭირთ, უბრალოდ კიდიათ ეს ყველაფერი. ალბათ ეს დაკიდებაც საჭირო რამეა, ნერვებს ზოგავს მომავალი თაობებისთვის, აბა ვინმე ნერვებდამშვიდებულმა და თვალცრემლიანმა ხომ უნდა თქვას ვაჟას დახატული ბუნების სადღეგრძელო.

Monday, September 30, 2013

ისევ ბრაკონიერებზე

                მოშორდა მედუდუკე ამება სამინისტროს, მაგრამ, სამწუხაროდ, სასიკეთო მაინც არაფერი ჩანს. ასეთი განუკითხაობა ხაჩიძის პერიოდშიაც კი არ მახსოვს, განუკითხაობა კი არა, უფრო სწორედ ბრაკების ასეთ დონეზე გათავხედება, ორთაჭალაში სამინისტროდან რამდენიმე მეტრში მთელი ფლოტილია ახორციელებს თევზის რეწვას ელექტროშოკის აპარატების გამოყენებით


                რა თქმა უნდა ყოველ ასეთ შემთხვევაზე ვრეკავ პატრულშიც და გარემოს დაცვის სამინისტროშიც, სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ პატრულის ეკიპაჟი მაქსიმუმ ხუთ წუთში ადგილზეა, რაც შეეხება გარემო დავის სამინისტროს, იქ პირდაპირ მპასუხობენ, რომ ხალხი არ ყავთ სათანადო რაოდენობით და გადანაწილებულნი არიან სხვადასხვა მიმართულებაზე. მოკლედ დაკავება ვერ ხერხდება. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ბრაკონიერული მეთოდით მოპოვებული თევზის რეალიზება იქვე ხდება, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს მაშინ, როდესაც, მოქმედი კანონმდებლობით გარე ვაჭრობა აკრძალულია. ანუ ვიღაც გაჭირვებულ ბებოს ორ კოლოფ სიგარეტს არ აყიდინებენ და ეს პირუტყვები კიდევ დღისით, მზისით მდინარეს კლავენ და ფულს აკეთებენ, აბა რა ქნან, შვილები ხომ დასაზრდელები ყავთ? ნუ ახლა გარემოს დაცვის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატებს აშკარად ვერ გაზრდიან, სამაგიეროდ თავისნაირ სქელკანიან პირუტყვებს მოამრავლებენ, ენაცვალოთ მამა.

 
                 მოკლედ არ ვიცი რომელი მხრიდან მივუდგე. მართალი გითხრათ აღარც მჯერა რომ ამას რამე ეშველება.

Friday, August 16, 2013

რეპორტაჟი მკვდარი მდინარიდან



                   როგორც იქნა მეღირსა შვებულება, თან საკმაოდ დიდი ხნით, სექტემბრამდე. ამჯერად ჩემ სოფელს - ერთაწმინდას ვესტუმრე.

 
                 
                 სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ჩამოედინება პატარა მდინარე - თეძამი, რომელიც ქალაქ მეტეხის მახლობლად ერთვის მტკვარს. მართალია მას დიდი რაოდენობით თევზი არასდროს ჰყოლია, მაგრამ ორიოდ წლის წინ მცირე ზომის მურწა ასე თუ ისე შეგხვდებოდათ. მოკლედ 7 აგვისტოს დილიდან გზას გავუდექი, ახალქალაქიდან ავუყევი ბავშვობიდან ნაცნობ ხეობას, ქვედა დინებაში, დამბამდე საინტერესო არაფერია, წყალი ძალზედ მეჩხერი და შესაბამისად თბილია.


                     რაც შეეხება დამბას - ისედაც თევზმცირე მდინარეზე ისეთი საირიგაციო ნაგებობის არსებობა, რომელსაც არ გააჩნია თევზსავალი, საკმაოდ უარყოფითი მოვლენაა. გავცდი დამბას და სოფელ ჭყოპიანის მიდამოებში აღმოვჩნდი


                  ჩავატარე მცირე ენტომოლოგიური კვლევაც, გასაოცარია, მაგრამ ასეთი დიდი ზომის მედღეურას ნიმფები (დაახლოებით 14 2X long ზომის) ძალიან იშვიათად თუ შემხვედრია, მრავლად არის ნემსიყლაპიას ნიმფები და რუისელის ლარვები.

            
                 მიუხედავად იმისა, რომ ამინდი, მდინარის ტიპი და საკვები ბაზა იდეალურია, თევზი საერთოდ არ შემინიშნავს. ზედაპირზე ატიურობაზე ზედმეტია საუბარი. ამის მიზეზი "ყრუ დამბის" გარდა რა თქმა უნდა ბრაკონიერობაც არის. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებით გამოირჩევიან ადგილობრივი და კასპის რაიონული პოლიციის თანამშრომლები, რომლების ღამღამობით "ერთობიან" დენის აპარატით. მოკლედ თევზაობის ნაცვლად პატარა ექსკურსია გამომივიდა


                შეუძლებელია ერთი თევზიც რომ არ იყოს დარჩენილი, აუცილებლად კიდევ ვცდი ბედს. დარწმუნებული ვარ შედეგი იქნება


Monday, July 15, 2013

14.07.2013 კლასიკის კიდევ ერთი წარმატება

       საკმაოდ რთული გასვლა იყო, სიცხის გარდა ნაბახუსევიც დამატებით დისკომფორტს მიქმნიდა. გარდა ამისა წინა კვირასთან შედარებით "ეკრანშიკებიც" გაორმაგებული რაოდენობით დამხვდნენ. ქარიც საკმაოდ ძლიერი იყო, მოკლედ თევზაობა ძალიან უარყოფით ხასიათზე დავიწყე. ალბათ ამან დამატებითი როლი ითამაშა და რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ თითის ტოლა რამდენიმე თეთრულას ყურადღება დავიმსახურე.


                 საღამოსკენ ტემპერატურა ოდნავ დაეცა და ქარიც ჩადგა, შედეგმაც არ დააყოვნა, კლასიკურმა ტრიომ Stewart's Black Spider, Partridge&Orange და Partridge&Green - ის სახით კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა. წინა გასვლასთან შედარებით, თევზის ზომაც შესამჩნევად გაიზარდა, 

 
            ალბათ გამოცდილების დაგროვებამ თავისი შედეგი გამოიღო, უკვე მერამდენეჯერ ვრწმუნდები, რომ ერთი და იგივე ადგილზე ზედიზედ რამდენჯერმე გასვლა ძალიან უწყობს ხელს კონკრეტულ რეგიონზე წარმოდგენის შექმნას, მაგალითისათვის ჩემი თბილისის მიდამოებში მტკვარზე მიღებული გამოცდილება და შედეგი კარგად გამოდგება.
                          ესეც სასიამოვნოდ გატარებული დღის არანაკლებ სასიამოვნო დასასრული ლუდი&დღის გმირი Stewart's Black Spider

Monday, July 8, 2013

ცვლილებები კანონმდებლობაში

                   

           გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას სამოყვარულო თევზჭერის მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებული სიახლეების შესახებ:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

1. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა   
1. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
3. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა – 
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარიდან 800 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და  წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
8. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 4000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

ამავდორულად სიახლეა სისხლის სამართლის კოდექსშიც:


„მუხლი 300. უკანონო თევზჭერა
1. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –
 ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

როგორც იქნა მოხერხდა ტერმინ ”თევჭერის” განმარტება, ”ცხოველთა სამყაროს შესახებ” კანონის მიხედვით:


„1. თევზჭერად ითვლება თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვების მიზნით შესაბამის წყლის ობიექტში (მათ შორის, საქართველოს შავ ზღვაში) თევზსაჭერი ან თევზსარეწი იარაღით, მოწყობილობით ან/და სხვა ხერხებითა და საშუალებებით განხორციელებული ქმედება. თევზჭერა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იყოფა სახეებად. იგი მოიცავს აგრეთვე სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერას (წყალქვეშა ნადირობის ჩათვლით).“.

აბსოლუტურად უსუსური და არაფრისმომცემი განმარტებაა, მისი მიხედვით, თუკი ვინმე შემთხვევით დაიჭერს დადგენილ ზომაზე პატარა თევზს, მიუხედავად იმისა გაუშვებს თუ არა, მაინც ხდება უკანონო თევზჭერისათვის სამართლებრივი დევნის ობიექტი.