Thursday, September 25, 2014

ტენკარას ისტორია

                      

            როდესაც საქმე ახალი სტილის ათვისებას ეხება სავალდებულოდ ვთლი მისი ისტორიის შეძლებისდაგვარად სრულად შესწავლას, გამონაკლისს არც ტენკარას შემთხვევაში დავუშვებ. სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ამ მეთოდისადმი მიძღვნილი ინტერნეტ საიტებიდან და ბლოგებიდან აღებული ინფორმაცია კერძოდ კი ისეთი რესურსები, როგორიცაა TenkaraUSA.com და Discovertenkara.co.uk.
              დასაწყისისათვის გთავაზობთ ზოგიერთი ტერმინის განმარტებას, უფრო სწორად სიტყვა სიტყვით თარგმანს იაპონურიდან:

Tenkara -  Ten - ცა, სამოთხე. Kara - დან, ანუ ციდან, სამოთხიდან

Kebari - ბეწვით ან ბუმბულით შემოსილი ნემსი (ნემსკავი)

Sakasa Kebari - Sakasa - შეტრიალებული, რევერსიული, ანუ ბეწვით ან ბუმბულით შემოსილი ნემსი (ნემსკავი), რომელზედაც ბუმბული წინ "იყურება".

           საგულისხმოა, რომ ტერმინ "ტენკარა"-ს წარმოშობამდე არსებობდა ტერმინი Kebari Tsuri ( Tsuri - თევზაობა) ანუ თევზაობა კებარის გამოყენებით.

             დღესდეისობით მეთოდ ტენკარაში მოიაზრება კალმახის ჭერა მთის მდინარეებზე მხოლოდ ანკესის, სპეციალური ძუისა და ხელოვნური სატყუარის გამოყენებით.
    ზოგადად, სხვადასხვა ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული იმიტაციების გამოყენება ათასწლეულების მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საკმაოდ აქტიურად ხდებოდა.  თუკი ევროპის სახელმწიფოებს შორის ოდითგანვე არსებობდა აქტიური კულტურული მიმოცვლა და მაშასადამე ამა თუ იმ რეგიონში ტრადიციული სტილით თევზაობის შესახებ ინფორმაცია მეტნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, იაპონიის შემთხვევაში საქმე გვაქვს საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოსათვის აბსოლუტურად დახურულ კულტურასთან, რომელიც მხოლოდ XIX საუკუნეში გაიხსნა დანარჩენი სამყაროსათვის. სწორედ ამიტომ იაპონური თევზაობის სტილის შესახებ ინფორმაცია დანარჩენი მსოფლიოსათვის მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ხელმოსაწვდომი. პირველი ინგლისურენოვანი წყარო, სადაც მამლის ბუმბულისაგან დამზადებულ იმიტაციაზეა საუბარი, არის ბრიტანელი დიპლომატის ერნესტ სატოს (Ernest Satow) დღიური, რომელიც 1870-1883 წლებში იაპონიაში ეწეოდა სამსახურს.



              არსად მის დღიურებში არ არის ნახსენები სიტყვა "ტენკარა" ან "კებარი" ნახსენებია უბრალოდ "Fly" და "Fly Fishing" - მისი, როგორც ბრიტანელის პირველი ასოციაცია ამ სატყუარასთან დაკავშირებით. რაც რა თქმა უნდა არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ეს სტილი ბრიტანეთიდან შევიდა იაპონიაში. იგი აღწერს, რომ თევზჭერის ეს მეთოდი გამოიყენებოდა იაპონიის სხვადასხვა მთიან რეგიონებში უბრალო გლეხების მიერ, რომლებიც ენდემურ კალმახს საკვებად ან ბაზრებში გასაყიდად იჭერდნენ. საგულისხმოა, რომ თავად იაპონიაშიც არ არის ერთიანი აზრი ტენკარას, როგორც მეთოდის წარმოშობის შესახებ. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ტენკარა სამურაების საბრძოლო აღზრდის პროგრამაში შედიოდა, როგორც სიმშვიდისა და კონცენტრირების გამომამუშავებელი ერთ-ერთი მეთოდი, შემდგომ კი მთიან რეგიონებშიც გავრცელდა. ამ თეორიას "დაბლობის თეორიას" უწოდებენ. ზოგის აზრით კი, ეს მეთოდი თავიდანვე მთიან რეგიონებში წარმოიშვა, გამოიყენებოდა უბრალო გლეხების მიერ და სწორედ ამით ხსნიან იმას, რომ ადრეული წერილობითი წყაროები არ მოიპოვებოდა, მართლაც რომ დამაჯერებელი არგუმენტია, უბრალო მიზეზის გამო - გლეხებმა წერა - კითხვა არ იცოდნენ.
                       კიდევ ერთი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ტენკარა, როგორც სტილი აბსოლუტურად დამოუკიბედლად ვითარდებოდა. ქალაქ კანაზავაში (იაპონიის ზღვის სანაპიროსთან) დღესაც არსებობს ტრადიციული კომპანია Meboso Hachirobei Company, რომლის წარმომადგენლებიც 20 (ოცი) თაობის მანძილზე, 430 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ ნემსკავებს და ხელოვნურ იმიტაციებს, მხოლოდ ამის გამო იმაზე საუბარი, რომ კლასიკურ Fly Fishing-ს რამე გავლენა ჰქონდა ტენკარას სტილზე უკვე ზედმეტია. ეს კი ამ მაღაზიის მფლობელის სურათი დანიელ გალარდოსთან ერთად (Meboso san and Daniel Galhardo)


         ესეც ჰისაო იშიგაკის მოკლე ლექცია, მათ შორის ტენკარას ისტორიის შესახებაც

   

     მოკლედ, ასეა თუ ისე დღეს სახეზე გვაქვს ხელოვნურ იმიტაციაზე თევზჭერისათვის განკუთვნილი კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც ძალიან წააგავს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ე.წ. "ბუნდღაობას" და რომლის ეფექტურობაზეც ლეგენდები დადის. ვნახოთ.... 

Tuesday, September 23, 2014

TENKARA...



               საკმაოდ დიდი ხანია ამ თემაზე ვფიქრობ... მაინტერესებს კლასიკურ Fly -სთან შედარება. ერთი შეხედვით ზედმეტად მარტივი მეთოდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კლასიკური  Fly-სგან კარდინალურად განსხვავდება. ეს არც არის გასაკვირი, თუკი Fly Fishing საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დიდგვაროვნების გართობად მოიაზრებოდა, ტენკარა თავიდანვე იაპონელი გლეხების მიერ უბრალოდ საკვების მოსაპოვებლად გამოიყენებოდა, სატყუარებიც არსებითად განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეთოდი თევზის საკვები ბაზის ამა თუ იმ ნაწილს ასახავს, ტენკარას თანამედროვე ოსტატების ნამუშევარს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მასალებითა და ტექნიკით ძალზედ მარტივად და უხეშად არიან დამზადებულნი, ის ელეგანტურობა, რომელიც კლასიკურ Fly- ს სატყუარებს ახასიათებს, აქ საერთოდ უგულებელყოფილია

                         
        ყოველივე ამის მიუხედავად უკვე დადასტურებულია, რომ ტენკარა ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ვიდრე Fly Fishing. ეს მეთოდი ძალიან წააგავს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ე.წ. "ბუნდღაობას", ორივეგან გამოიყენება "ყრუ" აღჭურვილობა და დაახლოებით ერთნაირი სატყუარები, თუმცა რევერსიულ კებარის, ტენკარის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, ქართული მეთოდი არ იცნობს. 
             საგულისხმოა, რომ ეს მეთოდი აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვითარდებოდა, მასზე დასავლურ კულტურას არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რაზეც დეტალურად, ისტორიული წყაროების დახმარებით უახლოვეს მომავალში აუცილებლად დაიწერება ამ ბლოგზე.
          მიუხედავად ამისა დღევანდელ დღეს ტენკარას სატყუარები აქტიურად გამოიყენება Fly Fishing-ში და პირიქით. თუმცა ჩემი ექსპერიმენტის მიზანია ამ ორი მეთოდის შედარება ისე, რომ თითოეულ მათგანში გამოვიყენებ იმ სატყუარებს, რომლებიც მათთვის ისტორიულად არის დამახასიათებელი, კერძოდ კი ტენკარისათვის გამოვიყენებ კებარისა და საკასა კებარის, ხოლო Fly-სთვის კი კლასიკურ სპაიდერებს, რომლებმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცეს ეფექტურობა.
           საგულისხმოა, რომ ეს ექსპერიმენტი საკმაოდ იაფი გამოვა, რადგან ტენკარის ანკესის გარდა უკვე ყველაფერი მაქვს. ანკესიც უკვე გზაშია, არაერთი რესურსი გადავიკითხე და შევჯერდი შემდეგ ვარიანტზე Iwana 12 ft 6:4


           ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ტენკარისა და კლასიკური Fly - ს შედარებისათვის დაახლოებით გამოდგება მოსაქნევი და მატჩის მეთოდით ტივტივაზე თევჭერის მაგალითი + ამას ჩეხურ ნიმფასთან პარალელის გავლებაც არ იქნებოდა ურიგო, რადგან, ჩეხების მსგავსად, არც იაპონელები იყენებენ შნურს მისი კლასიკური გაგებით. რაც შეეხება თეორიულ ბაზას, უკვე შევისწავლე ხელმისაწვდომი ინფორმაცია და თუკი ეს მეთოდი გაამართლებს, ბლოგზე ტენკარისადმი მიძღვნილ ცალკე განყოფილებას შემოგთავაზებთ.

Friday, September 12, 2014

ნიმფის შერჩევის თავისებურებანი

         

                      
                      მოგესალმებით. თვეზე მეტი დრო გავიდა ბლოგის ბოლო განახლებიდან, რაც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით იყო განპირობებული, სამწუხაროდ, მთელი შვებულების განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოვახერხე "ცისარტყელა" კალმახზე სათევზაოდ გასვლა, ისიც კერძო მეურნეობაში, რაც თევზაობად საერთოდ არ ითვლება, შესაბამისად არც რეპორტი გამიკეთებია პრაქტიკის განყოფილებაში. თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არამტაცებელ სახეობაზე თევზაობა გაცილებით რთული და საინტერესოა. შესაბამისად, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ სტატია ნიმფის ტიპის იმიტაციის შერჩევის თავისებურებებზე.
                     რამდენიმეწლიანი დაკვირვებების შედეგად დავადგინე, რომ აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში მედღეურებისა და რუისელების ყველა ტიპი ბინადრობს, (დეტალურად სხვადასხვა სახეობებისა და ტიპების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ) ხშირად მდინარის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში რამდენიმე სახეობა ერთდროულად გვხვდება. ასეთ პირობებში, თუკი ყოველგვარი ფიქრის გარეშე იგივე მედღეურას ნებისმიერ იმიტაციას გამოვიყენებთ, ადრე თუ გვიან თევზს დავიჭერთ. მაგალითისთვის: ორთაჭალაში, მდინარე მტკვარზე ე.წ. swimming ტიპის მედღეურა საერთოდ არ ბინადრობს, მაგრამ სწორედ მის ამსახველ pheasant tail nymph - ზე დავიჭირე წლების წინ პირველი ვიმბა და ხრამული. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ დამზარებოდა და კონკრეტული მონაკვეთის უფრო საფუძვლიანი ენტომოლოგიური კვლევა ჩამეტარებინა, გაცილებით დიდ წარმატებას მივაღწევდი. ახლა კი უფრო დეტალურად.
              ამა თუ იმ იმიტაციის წარმატება ბუნების მარტივი კანონებით იხსნება, უბრალოდ საჭიროა დაკვირვება და წარმატებაც არ დააყოვნებს. 

1. ცნობილია, რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის თევზიც კვებისას ცდილობს ენერგიის მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. გამომდინარე აქედან, პირველ რიგში იგი იკვებება იმ ცოცხალი ორგანიზმებით, რომლებიც ადვილი მოსაპოვებელია.
2.  წყალსატევში მობინადრე იმ ცოცხალი ორგანიზმებიდან, რომლებიც ჩვენი ნადავლის საკვებ ბაზას შეადგენენ, სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა დონეზე, უფრო სწორედ სხვადასხვა სიხშირით არის თევზისთვის ხელმისაწვდომი. მაგალითად ე.წ. clinger ტიპის ნიმფა მდინარის კალაპოტში, ქვების ქვედა ზედაპირზე ცხოვრობს


swimmer ტიპი კი თავისუფლად გადაადგილდება წყლის სხვადასხვა შრეში,



 შესაბამისად თუკი კონკრეტულ მდინარეში ორივე სახეობა გვხვდება pheasant tail nymph -ის გამოყენება უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს, სხვათაშორის სწორედ ამიტომაა, რომ clinger ტიპის სულ რამდენიმე იმიტაციაა ცნობილი. იგივე შეიძლება ითქვას რუისელზე, თუკი მდინარეში გვხვდება "სახლიანი" cased caddis და "უსახლო" free living caddis, 



რომელიც ფსკერზე აქტიურად გადაადგილდება,  მეორე ტიპის იმიტაცია უფრო წარმატებული იქნება, ისევ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი მოპოვება თევზისთვის შედარებით მარტივია.
3. ზემოთ მოყვანილი მაგალითები ეხება იმ პირობებს, როდესაც სხვადასხვა ტიპის მწერი დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით გვხვდება კონკრეტულ მონაკვეთში.
4. ზემოთ მოყვანილი მაგალითები არ მოქმედებს ემერჯენციის წინა პერიოდში, როდესაც იგივე clinger ტიპი იწყებს აქტიურ გადაადგილებას წყალსატევის ფსკერზე და თევზიც უკვე მხოლოდ მასზე ახდენს კონცენტრირებას.

   ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ენტომოლოგიის მინიმალურ დონეზე ცოდნა საგრძნობლად აუმჯობესებს თევზაობის შედეგს, ნუ დაიზარებთ და თავადაც მარტივად დარწმუნდებით. გისურვებთ წარმატებებს.