ზოგადად, ტერმინით Soft Hackled Fly აღინიშნება ის იმიტაციები, რომელთა დამზადებისას ძირითადად გამოიყენება ისეთი ფრინველის ბუმბული, როგორიცაა კაკაბი, ტყის ქათამი, შოშია, ბეკასი და გნოლი. თავის მხრივ ისინი ერთიანდებიან სველ იმიტაციათა კატეგორიაში (Wet Flies). ამ ტიპის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მათ არ აქვთ ფრთები. საგულისხმოა, რომ 1496 წელს გამოცემულ ჯულიანა ბერნერსის ცნობილ წიგში მოცემულ სატყუარათა უმეტესობა სწორედ Wet Fly-ს კლასს მიეკუთვნება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან Fly Fishing, როგორც მეთოდი, ისტორიულად სწორედ სველი იმიტაციებიდან მომდინარეობს.
მათი ეფექტურობის მიუხედავად, ჩვენი მეთოდი ძირითადად ზედაპირულ იმიტაციებთან ასოცირდება, ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება ნიმფებზე თევზაობაც. კლასიკურმა სველმა იმიტაციებმა კი, უმეტესწილად, პრაქტიკიდან საგამოფენო სტენდებზე გადაინაცვლეს. ეს არც არის გასაკვირი, პროგრესი თავისას შვება. სწორედ ამიტომ თითქმის დავიწყებას არის მიცემული იგივე მშრალი იმიტაციების დამზადებისათვის განკუთვნილი კლასიკური მასალები, ისინი თანამედროვე სელექციის მეთოდებით გამოყვანილი მამლის ჯიშებისაგან მიღებულმა ბუმბულმა შეცვალა. ხშირ შემთხვევაში კი ეფექტური მშრალი იმიტაცია მხოლოდ თანამედროვე, სინთეთიკური მასალებისაგან მზადდება. მარტივად რომ ვთქვათ პრაქტიკულობამ წინა პლანზე გადმოიწია, სინთეთიკური მასალისგან დამზადებული იმიტაცია არის იაფი, გამძლე და გაცილებით ადვილად ჩერდება წყლის ზედაპირზე.
ყოველივე ამის მიუხედავად, Soft Hackled Fly დღესაც რჩება ძალზედ ეფექტურ იმიტაციად, რომელიც უპრობლემოდ მუშაობს იქ, სადაც ნებისმიერი სხვა ტიპის სატყუარა, ხშირ შემთხვევაში კი ერთადერთი გზაა ნულოვანი შედეგისაგან თავის დასაღწევად. ამის თქმა უკვე საკუთარი პრაქტიკიდანაც შემიძლია, არ მქონია არცერთი შემთხვევა, რომ მას შედეგი არ მოეტანოს, მქონია გასვლები, როდესაც ნიმფებსაც მოუტანიათ წარმატება, მაგრამ არ ყოფილა არცერთი თევზაობა, როდესაც ვთქვათ ნიმფა ეფექტურია და სველი იმიტაცია არა, აი პირიქით კი რამდენიც გინდათ.
რა არის ასეთი ეფექტურობის მიზეზი? მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი, თევზი საკვებ ობიექტს (იგულისხმება ცოცხალი საკვები) ნებისმიერი სხვა საგნისგან არჩევს იმით, რომ ეს ობიექტი უბრალოდ დინებას კი არ მიყვება, არამედ ამავდროულად მოძრაობს კიდეც, ებრძვის დინებას, განვითარების სტადიიდან გამომდინარე გადაადგილდება ფსკერზე ან მიისწრაფის მისკენ (მაგალითად ნიმფა) ან მიიწევს ზედაპირისკენ (მაგალითად ემერჯერი). რა თქმა უნდა არის შემთხვევები, როდესაც თევზი დინების მოტანილ, კვერცხების დადების შემდეგ (spent), ან წარუმატებელი ემერჯენციის შედეგად (cripple) დაღუპული მწერებით, ან უბრალოდ წყლის ზედაპირზე შემთხვევით მოხვედრილი ცოცხალი ორგანიზმებით იკვებება, მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათია და ძირითადად ეპიზოდურ ხასიათს ატარებს, შესაბამისად თევზის კვებითი აქტივობაში ასეთივე უმნიშვნელოა. ამ მოძრაობაში თევზისათვის ტრიგერული ელემენტი ნიმფის ან ემერჯერის ფეხების მოძრაობაა, სწორედ ფეხების მოძრაობის მაქსიმალურად რეალისტურად ასახვას ემსახურება ის ბუმბული, რომელიც გამოიყენება Soft Hackled Fly-ს დასამზადებლად. თუკი ჩამონათვალს დავაკვირდებით, დავინახავთ, გარდა იმისა, რომ სტატიის დასაწყისში მოცემული ფრინველების ბუმბული იგივე მამლის ბუმბულისაგან გამოირჩევა გაცილებით მეტი სირბილით, მისი შეფერილობა იდეალურად აკეთებს სხვადასხა მწერის სეგმენტირებული ფეხის იმიტაციას, ამის ყველაზე ნათელ მაგალითად კაკბის ბუმბული შეიძლება მოვიყვანოთ.
თუმცა არც სეგმენტაციაა მთავარი, რადგან ჩემი გასული სეზონის ფავორიტი გახდა Stewart's Black Spider
მისი დამზადებისათვის გამოიყენება შოშიის (Starling) ბუმბული, რომელიც საერთოდ ვერ ახდენს სეგმენტების იმიტირებას, მაგრამ სამაგიეროდ პრიალა მომწვანო შეფერილობის გამო, სინათლის მოხვედრისას ძალიან ეფექტურად ბრწყინავს, რაც მოძრაობის ეფექტს ქმნის.
ერთი შეხედვით სტუარტის სპაიდერი არცერთ ცოცხალ არსებას არ ჰგავს, მიუხედავად ამისა თევზი მას იღებს, როგორც წყლის ზედაპირზე დაცემის მომენტში, ასევე ფსკერზე ან დინების შუა ფენაში გატარებისას, როგორც დინების მიმართულებით უბრალო დრიფტის დროს, ასევე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით გატარებისას. სხვათაშორის სხვადასხვა სატყუარების დამზადებისას, სწორედ ამის გამო გამოიყენება ანალოგიური შეფერილობის მქონე ფარშევანგის ბუმბულიც.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოძრაობის იმიტირების მხრივ სწორედ Soft Hackled Flies არიან პირველ ადგილზე. რა თქმა უნდა აქ იგულისხმება ის მოძრაობა, რომელიც იმიტაციის დასამზადებლად გამოყენებული მასალების ფიზიკური თვისებებიდან გამომდინარეობს და არა ის, რომელსაც მეთევზე ანიჭებს სატყუარას გატარების დროს, მაგალითად სხვადასხვა ამპლიტუდისა თუ სიხშირის მქონე სტრიპების გამოყენებით.
ზოგადად Soft Hackled ტიპის იმიტაციების დახასიათებისას თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ძირითადი თვისებები ყველაზე კარგად ვლინდება კლასიკურ North Country Spider - ებში. მათზე უფრო დეტალურად შემდგომში ვისაუბრებთ. ამ შემთხვევაში ტერმინი "Spider" არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ობობების იმიტირებას ახდენენ. უბრალოდ პირველი შეხედვით თვალში გვხვდება იმიტაციის გრძელი ფეხები და სწორედ აქედან გამომდინარეობს დასახელება.
განსახილველ იმიტაციათა ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს მათი ტანი (თუმცა იგივე სტუარტის სპაიდერს ტანი საერთოდ არ აქვს). კლასიკურ იმიტაციათა დამზადებისას გამოიყენება აბრეშუმის გრეხილი ძაფი, ამის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ აბრეშუმი დასველებისას ნახევრად გამჭვირვალე ხდება, ისევე, როგორც ცოცხალი მწერის სხეული. გარდა ამისა, გრეხილი აბრეშუმი ნემსკავზე დახვევისას კარგად ახდენს მწერის ტანის სეგმენტების იმიტირებას. აბრეშუმებს შორის სტანდარტად მიღებულია Pearsall's Gossamer Silk, რომელსაც უკვე მეორე სეზონია ვიყენებ და გარდა იმისა,რომ ძალზედ ეფექტურად მუშაობს თევზზე, დამზადებისას, ხარისხიდან გამომდინარე, ნამდვილ ინგლისურ კლასიკასთან შეხების გრძნობას ტოვებს
ტანის დამზადებისას, აბრეშუმის გარდა, ასევე გამოიყენება ფარშევანგის ბუმბული, ზემოთ უკვე აღწერილ თვისებათა გამო, მაგალითად ისეთ იმიტაციაში, როგორიცაა Starling&Herl, რომელმაც ასევე ბრწყინვალედ იმუშავა ჩვენს მდინარეებში ქაშაპზე და ვიმბაზე.
შესაძლებელია მცირე რაოდენობით დაბინგის გამოყენებაც, რაც, მაგალითად მედღეურას ტერგალიების იმიტირებას მეტ რეალისტურობას შემატებს.
Soft Hackled Fly - ს დამზადებისას ძირითადად 18-12 ნომერი ნემსკავები გამოიყენება. მათ შორის უპირობო ლიდერობას კომპანია Partridge - ის პროდუქციას ვანიჭებ.
თუმცა მათ არც კომპანია Kamasan-ის B170 და B175 სერიის ნემსკავები ჩამორჩებიან. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, მის ერთ-ერთ განმასხვავებელ თვისებად ვთვლი სქელი მავთულის გამოყენებას (B175 სერიაში), რაც იმიტაციის ფსკერთან კომფორტულ გატარებას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ფსკერი არ ითვლება იგივე სპაიდერების და ზოგადად Soft Hackle -ების ეფექტური მოქმედების არეალად, ჩვენ პირობებში არაერთხელ მქონია ფსკერზე მათი წარმატებული გატარების შემთხვევა.
მოკლედ სცადეთ და ნამდვილად არ ინანებთ, დამზადების სიმარტივით ამ ტიპის იმიტაციებს პირველ ადგილს მივანიჭებდი. გისურვებთ წარმატებებს.