როგორც იქნა მეღირსა შვებულება, თან საკმაოდ დიდი ხნით, სექტემბრამდე. ამჯერად ჩემ სოფელს - ერთაწმინდას ვესტუმრე.
სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ჩამოედინება პატარა მდინარე - თეძამი, რომელიც ქალაქ მეტეხის მახლობლად ერთვის მტკვარს. მართალია მას დიდი რაოდენობით თევზი არასდროს ჰყოლია, მაგრამ ორიოდ წლის წინ მცირე ზომის მურწა ასე თუ ისე შეგხვდებოდათ. მოკლედ 7 აგვისტოს დილიდან გზას გავუდექი, ახალქალაქიდან ავუყევი ბავშვობიდან ნაცნობ ხეობას, ქვედა დინებაში, დამბამდე საინტერესო არაფერია, წყალი ძალზედ მეჩხერი და შესაბამისად თბილია.
რაც შეეხება დამბას - ისედაც თევზმცირე მდინარეზე ისეთი საირიგაციო ნაგებობის არსებობა, რომელსაც არ გააჩნია თევზსავალი, საკმაოდ უარყოფითი მოვლენაა. გავცდი დამბას და სოფელ ჭყოპიანის მიდამოებში აღმოვჩნდი
ჩავატარე მცირე ენტომოლოგიური კვლევაც, გასაოცარია, მაგრამ ასეთი დიდი ზომის მედღეურას ნიმფები (დაახლოებით 14 2X long ზომის) ძალიან იშვიათად თუ შემხვედრია, მრავლად არის ნემსიყლაპიას ნიმფები და რუისელის ლარვები.
მიუხედავად იმისა, რომ ამინდი, მდინარის ტიპი და საკვები ბაზა იდეალურია, თევზი საერთოდ არ შემინიშნავს. ზედაპირზე ატიურობაზე ზედმეტია საუბარი. ამის მიზეზი "ყრუ დამბის" გარდა რა თქმა უნდა ბრაკონიერობაც არის. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებით გამოირჩევიან ადგილობრივი და კასპის რაიონული პოლიციის თანამშრომლები, რომლების ღამღამობით "ერთობიან" დენის აპარატით. მოკლედ თევზაობის ნაცვლად პატარა ექსკურსია გამომივიდა
შეუძლებელია ერთი თევზიც რომ არ იყოს დარჩენილი, აუცილებლად კიდევ ვცდი ბედს. დარწმუნებული ვარ შედეგი იქნება