გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად, შესამჩნევად გააქტიურდა მუშაობა გარემოსდაცვითი მიმართულებით, რაც არ შეიძლება, რომ არ გვახარებდეს. გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები ბრაკონიერობასთან ბრძოლის საქმეში, პირველი შედეგიც სახეზეა - ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე დენით "მოთევზავის" საკმაოდ დიდი თანხით დაჯარიმება. დარწმუნებული ვარ ეს არ არის მხოლოდ საჩვენებელი აქტიურობა და რეალური ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება.
ასევე ძალიან სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური მუშაობა სამოყვარულო თევზჭერისა და ნადირობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ სამინისტრო აბსოლუტურად ღიაა საზოგადოების აზრის გაზიარების მხრივ, აქედან გამომდინარე საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციაში, სადაც მაქვს პატივი ვიყო გამგეობის ერთ-ერთი წევრი, უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წარმოებს კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით.
ბლოგის ერთგულ მკითხველს ალბათ ახსოვს ჩემი რამდენიმე სტატია, რომელიც ეხებოდა სამოყვარულო თევზჭერის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, სადაც დეტალურად, მუხლების მიხედვით, მქონდა განხილული კონკრეტული სამართლებრივი აქტები. თუკი ამ რესურსზე პირველად ხართ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე
ბმული 1,
ბმული 2,
ბმული 3.
ამ სტატიაში კი შევეცდები ჩამოვაყალიბო სამოყვარულო თევზჭერის ზოგადი კონცეფციის ჩემეული ხედვა.
თუკი გვსურს ქმედითი კანონმდებლობის შექმნა, აუცილებელია იმის გააზრება, რომ კანონმდებლობა ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება რეალობას მოწყვეტილი, მაგალითად რომელიმე განვითარებული ქვეყნის მაგალითიდან პირდაპირ აღებული და ქართულ რეალობაში ინტეგრირებული ადგილობრივი თავისებურებების, თუ გნებავთ მენტალიტეტის გათვალისწინების გარეშე.
რა თქმა უნდა სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს იქტიოფაუნის აღდგენა-შენარჩუნებაზე, მაგრამ ამ საკითხში საზოგადოებრივ აზრს, თუ გნებავთ საზოგადოებრივ მოთხოვნას, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აკისრია, საზოგადოება უნდა "აიძულებდეს" სახელმწიფოს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ანუ თავის მხრივ ასე ხდება სახელწიფოს პოლიტიკური ნების ფორმირება. ჩვენს შემთხვევაში ყოველგვარ საზოგადოებრივ ნებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან საქართველოში სამწუხაროდ ვერ შედგა მოყვარულ მეთევზეთა საზოგადოება როგორც ასეთი, ანუ არ არსებობს ძალა, რომელიც ერთიან მოთხოვნას ჩამოაყალიბებდა და შემდგომ ერთ მუშტად შეკრული იბრძოლებდა დასახული მიზნის მისაღწევად. სახეზე გვაქვს მხოლოდ ცალკეული მცდელობები, ამის საილუსტრაციოდ კარგად გამოდგება სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმები და, თუ გნებავთ, ჩემი ბლოგიც, რომელთა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ ამგვარი საზოგადოების შექმნა მიმაჩნია. ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს მხოლოდ ახლა დგავს საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია. იმედია ეს მცდელობა წარმატებით დასრულდება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ადგილობრივ მენტალიტეტის გათვალისწინების აუცილებლობაზე ვსაუბრობ. ამ მანკიერი მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე სახელმწიფოს უმოქმედობასთან ერთად საზოგადოების უმოქმედობამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ სახეზე გვაქვს დაუსჯელობის სინდრომით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფა, რაც საქართველოს იქტიოფაუნის განადგურება-გადაგვარებაში გამოიხატება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, სამოყვარულო თევზჭერის მარეგულირებელი კანონმდებლობა, საწყის ეტაპზე, გაჯერებული უნდა იყოს იქტიოფაუნის სავალალო მდგომარეობით არგუმენტირებული ამკრძალავი ნორმებით, ანუ, მიუხედავად იმისა, რომ თავად გახლავართ მოყვარული მეთევზე, მაინც მიმაჩნია, რომ პირველ რიგში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა მეთევზის, არამედ იქტიოფაუნის ინტერესებს. შემდგომში კი, მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად შესაძლებელი იქნება მთელი რიგი აკრძალვების გაუქმება ან შემსუბუქება. გამომდინარე იქედან, რომ იქტიოფაუნა შედარებით ადვილად აღდგენადი რესურსია (ძალიან არ მიყვარს ეს გამოთქმა, მაგრამ მაინც) სასიკეთო შედეგი საკმაოდ მოკლე დროში გვექნება სახეზე.
იმისათვის, რომ შევქმნათ ქმედითი კანონმდებლობა პირველ რიგში აუცილებელია სახელმწიფომ სხვადასხვა საერთაშორისო საექსპერტო დაწესებულების დახმარებით ჩაატაროს საქართველოს წყალსატევების საფუძვლიანი კვლევა და მხოლოდ კომპეტენტური დასკვნის საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.
კონკრეტულ მაგალითებს თუ მოვიყვანთ, ჩემი აზრით, უნდა აიკრძალოს ნებისმიერი მოწყობილობით ჭერა გამრავლების პერიოდში თევზის მასობრივი კონცენტრაციის ადგილებში, მაგალითად ჰიდროელექტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით მართალია ასეთი აკრძალვა არსებობს, მაგრამ ეხება მხოლოდ ისეთ წყალსატევებს, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ სარეწაო თევჭერისათვის, ან მომავალში შეიძლება შეიძინონ ასეთი მნიშვნელობა. ამ მხრივ, განვითარებული ქვეყნების მაგალითი საკმაოდ საჩვენებელია, ხშირად ასეთი ადგილების კოორდინატები (არა მხოლოდ ჰესების, არამედ კონკრეტული მდინარის კონკრეტული მონაკვეთის მითითებითაც კი) პირდაპირ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტშია მოცემული.
გარდა იმისა, რომ აკრძალულია სხვადასხვა ბრაკონიერული საშუალებით თევზჭერა, უნდა აიკრძალოს ასეთი მოწყობილობების იმპორტი, დამზადება, გაყიდვა, გადატანა და გადაზიდვა.
აუცილებლად უნდა დაწესდეს სამოყვარულო თევზჭერის წლიური ლიცენზირებული სისტემა (ისეთივე, როგორიც არსებობს ნადირობის შემთხვევაში) და შესაბამისად შემოღებულ იქნას ერთ ლიცენზიაზე და არა ანკესზე თევზის მოპოვების ლიმიტი ერთ თევზაობაზე. ასეთი რეგულირება ისევ და ისევ უმრავლესობის მანკიერი მენტალიტეტით არის განპირობებული, რადგან თუკი ლიმიტი იქნება არა ლიცენზიაზე არამედ ანკესზე, მალევე ვიხილავთ ანკესების მთელ ბატარეებს, შესაბამისად უნდა დაწესდეს ერთი ლიცენზიით თევზაობისას გამოყენებული ანკესების ზღვრული ოდენობა. ლიცენზირებით შემოსული თანხა უნდა აისახოს უშუალოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიუჯეტში, საიდანაც მოხდება ამ სახსრების მიმართვა მაგალითად ბრაკონიერობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალებული წყალსატევების გათევზიანებაზე. შესაბამისად, თუკი რომელიმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ექნება სურვილი მოიპოვოს დადგენილ ლიმიტზე მეტი ოდენობის თევზი, ეს განხილულ იქნას სახელმწიფო რესურსის გამოყენებად ეკონომიური მიზნებისათვის და დაექვემდებაროს სარეწაო ლიცენზირებას.
იქტიოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა დადგინდეს ჭერისათვის მინიმალურად დასაშვები ზომა კონკრეტული სახეობის მიხედვით. იმ პირობებში, როდესაც დიდი ზომის თევზი მინიმალური ოდენობით არის დარჩენილი, გამრავლებას იწყებს მცირე ზომის ეგზემპლიარები, რომელთა შთამომავლობა ასევე მცირე ზომას აღწევს, შესაძლებელია ზუსტად მცირე ზომის თევზის ამოღებამ მოიტანოს სასურველი შედეგი და არა პირიქით, როგორც ეს სახეზე გვაქვს დღეს მოქმედი კანონმდებლობით.
ამასთან დაკავშირებით სასურველია, თუკი გარკვეული საგადასახადო შეღავათების სანაცვლოდ სათევზაო და სარეწაო მეურნეობებს დაეკისრებათ მიმდებარე წყალსატევებში თევზის მოზრდილი ექგზემპლიარების პერიოდულად გაშვების ვალდებულება.
განსაკუთრებულ კონტროლზე უნდა იქნას აყვანილი საზოგადოებრივი კვების და ზოგადად ვაჭრობის ობიექტები, სწორედ ისინი გვევლინებიან ყველაზე ხშირად ბრაკონიერების აქტიური "კლიენტებისა" და გამსაღებლების როლში.
ალბათ უდავოა, რომ ბრაკონიერობის უმთავრესი გამომწვევი მიზეზები, დაუსჯელობის სინდრომთან ერთად არის ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე მატერიალური მდგომარეობა და იქტიოფაუნის დაცვის აუცილებლობის კუთხით გაუნათლებლობა, სწორედ ისინი გვევლინებიან პირველ რიგში ბრაკონიერების როლში, შესაბამისად სასურველია, თუკი სახელმწიფო მოახდენს ამ მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებას, მაგალითად უცხოელი მოყვარული მეთევზეების ჩამოყვანის გზით იმ წყალსატევებზე, სადაც ზუსტად ადგილობრივი მოსახლეობა, ყოფილი ბრაკონიერები, მოახდენენ იქტიოფაუნის დაცვას.
ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო საქართველოს იქტიოფაუნის ყველა ქომაგს ის სასიხარულო ფაქტი, რომ ბრაკონიერობასთან ბრძოლამ ფარატინა ქაღალდიდან რეალობაში გადმოინაცვლა და პირველი შედეგები უკვე სახეზეა.