Sunday, October 30, 2011

თვითნაკეთი "კონუსური" ლიდერები

           

           თუკი თქვენ სერიოზულად ხართ დაინტერესებულნი Fly Fishing - ით, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგებით თვითნაკეთი ლიდერების დამზადების აუცილებლობის წინაშე. ამისათვის რამდენიმე აშკარა მიზეზი გექნებათ:
           ფასი - ლიდერების სახლში დამზადება გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მათი ჩამოტანა.
            უნივერსალურობა - სხვადასხვა დიამეტრის ძუის გამოყენებით შეგიძლიათ ისეთი ფიზიკური თვისებების მქონე ლიდერის დამზადება, რომელიც გაყიდვაში უბრალოდ არ არსებობს.
            მერწმუნეთ, საკუთარი ხელით დამზადებული და კონკრეტული პირობებისადმი მისადაგებული ლიდერი გაცილებით მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ვიდრე ქარხნული.
            რა თქმა უნდა თვითნაკეთ ლიდერსაც აქვს უარყოფითი მხარეები. სტატიის სათაურში სწორედ ამიტომ არის სიტყვა "კონუსური" ბრჭყალებში ჩასმული, დიახ, თქვენს მიერ დამზადებული ლიდერი არ იქნება კონუსური, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, რადგან იგი შედგება სხვადასხვა დიამეტრის მქონე ძუის რამდენიმე მონაკვეთისაგან, რომლებიც კვანძებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. სწორედ ეს კვანძები ტოვებენ კვალს წყლის ზედაპირზე, რაც ლიდერს თევზისათვის ხილვადს ხდის. ხოლო თუ შნურის სროლის ტექნიკა არ გაქვთ მაღალ დონეზე, ეს კვანძები ლიდერის ახლართვასაც იწვევენ.
              პრაქტიკაში შემუშავებულია ლიდერების დამზადების რამდენიმე კლასიკური ფორმულა. ამ ფორმულების დაცვით მზადდება ისეთი ლიდერები, რომლებიც შნურის ენერგიას მაქსიმალურად გადასცემენ იმიტაციას. აი ერთ-ერთი მათგანი




            მარცხენა გრაფის პირველ სვეტში მოცემულია ლიდერის საერთო სიგრძე, მეორე, მესამე და მეოთხე სვეტებში კი ამ ლიდერის შემადგენელი სამი მონაკვეთის სიგრძე, მაგალითად, თუკი თქვენ გინდათ დაამზადოთ 3 მეტრის სიგრძის ლიდერი, მაშინ პირველი, ყველაზე სქელი მონაკვეთის სიგრძე იქნება 180 სმ, მეორესი 72 სმ, ხოლო მესამესი კი 48 სმ.  
           მარჯვენა გრაფის პირველ სვეტში კი მოცემულია ლიდერის დამზადებისათვის გამოყენებული ძუის დიამეტრები. მაგალითად თუკი ზემოაღნიშნული 3 მეტრიანი ლიდერი განკუთვნილია ისეთი შნურისათვის რომლის ბოლოს დიამეტრი არის 1,6 მმ, მაშინ ლიდერის პირველი, ყველაზე სქელი ნაწილი იქნება 0,96 მმ დიამეტრის მქონე, მეორე 0,58 მმ, ხოლო მესამე კი 0,35. ამავე გრაფის ბოლო, მეხუთე სვეტში კი მოცემულია სატარებლის რეკომენდირებული დიამეტრი, მაგალითად ჩვენს მიერ განხილულ შემთხვევაში ოპტიმალური იქნება 0,21 მმ -იანი სატარებლის გამოყენება. რა თქმა უნდა ცხრილში მოცემული დიამეტრები პირობითია იმ გაგებით, რომ ვთქვათ 0,58 მმ-იანი ძუა თუ არ გაქვთ და გამოიყენებთ მის მაგივრად 0,6 მმ-იანს, ამით არაფერი დაშავდება. 
            ლიდერის ნაწილების ერთმანეთთან დასაკავშირებლად გამოიყენება ე.წ. Blood Knot ან რომელმე სხვა, თვენი შეხედულებისამებრ.
             რაც შეეხება სატარებლის სიგრძეს, ზოგადად, რაც უფრო გრძელია სატარებელი, მით უკეთესი, მით უფრო შორს იქნება თევზისაგან ლიდერიც და შნურიც. არსებობს სატარების სიგრძის დადგენის მარტივი მეთოდიკა-თუკი შნურის სროლისას სატარებელი ბოლომდე არ იშლება, მაშინ იგი ზედმეტად გრძელია და უნდა დამოკლდეს, ხოლო თუ სატარებელი ბოლომდე იშლება, მაგრამ იმიტაცია უხეშად ეცემა წყლის ზედაპირს, ან სატარებლის ბოლომდე გაშლისას იმიტაცია უკან მოდის, მაშინ პირიქით, საჭიროა სატარებლის დაგრძელება. 
             ცურვადი ლიდერებისათვის გამოიყენება მონოფილური ძუა, ხოლო ძირვადისათვის კი ფლუოროკარბონი. ლიდერი აუცილებლად მზადდება ერთი და იგივე მარკის ძუისაგან, რათა მის შემადგენელ ნაწილებს ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლები ჰქონდეს.
                 შნურთან მისაერთებლად ოპტიმალურია ე.წ. "Perfection Loop"-ის გამოყენება


            იმისათვის, რომ ლიდერი დიდ ხანს გვემსახუროს, საჭიროა მის ბოლოზე დავაფიქსიროთ მეტალი პატარა, ე.წ. "პიტცენბაუერის" რგოლი, რომელზედაც შემდგომ ვამონტაჯებთ სატარებელს.



            დამატებით არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც თვითონ ითვლის ლიდერის ოპტიმალურ პარამეტრებს, წარმოგიდგენთ პროგრამას Leader Calculator მისი PDF ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ ხოლო Excel ვერსია კი აქ .
          

No comments: