Sunday, December 18, 2011

რუისელი (ручейник, caddisfly - Trichoptera)


            შეიძლება ითქვას, რომ რუისელები, მათი განვითარების ყველა სტადიაზე, მედღეურებზე არანაკლებ როლს თამაშობენ ნებისმიერი სახეობის თევზის კვებაში, რაზედაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მათ იმიტაციათა  ძალიან დიდი მრავალფეროვნება. 
          მედღეურებისაგან განსხვავებით, მათ ახასიათებთ მეტამორფოზის სრული ციკლი, ანუ თუ მედღეურა ნიმფიდან პირდაპირ გადაიქცევა ზრდასრულ ფორმად, რუისელების შემთხვევაში დამატებულია ჭუპრის (pupa)  სტადია. ენტომოლოგიაში  მიღებულია ამ მწერის ცხოვრებისეული ციკლის შემდეგი ეტაპების გამოყოფა: კვერცხი (egg), ლარვა (larvae), ჭუპრი (pupa) და ზრდასრული, ფრთიანი მწერი (adult). Fly Fishing - ში, ამ შემთხვევაშიც, მედღეურების მსგავსად, კვერცხის სტადიას ყურადღება არ ექცევა, სამაგიეროდ დამატებულია ემერჯერის (emerger) სტადია, და საიმიტაციო ობიქტთა რიგი გამოიყურება შემდეგნაირად:  ლარვა - ჭუპრი - ემერჯერი - ზრდასრული, ფრთიანი ფორმა. განვიხილოთ თვითოეული სტადია უფრო დეტალურად:
          ლარვა - გამომდინარე იქედან, რომ სხვადასხვა სახეობის რუისელი ამ ეტაპს სხვადასხვანაირად გადის, უპრიანი იქნება უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს სტადია. არსებობს სამი განსხვავებული ტიპის ლარვა:
          1. ლარვა, რომელიც აშენებს "სახლს", ამ ეტაპზე ზოგიერთი სახეობის რუისელი, მაგალითად Pycnopsyche, Lepidostoma და სხვა,  მის სიახლოვეს არსებული ორგანული/არაორგანული მასალებისაგან იშენებს სახლს, რომელშიაც ცხოვრობს ჭუპრად გადაქცევამდე    
          

            ესეც რუისელის არქიტექტორული და დიზაინერული ნიჭის დადასტურება, ბევრ დიზაინერს ნამდვილად შეშურდება, აკვარიუმში ჩაუყარეს სხვადასვა ძვირფასეულობა და ლარვამაც სათანადოდ შეიფერა "ყურადღება" 



           დიდი იმედი მაქვს, რომ ამის ნახვის შემდეგ არავის არ მოუვა აზრად ლარვის ნემსკავზე წამოგება.
            2. ლარვა, რომელიც ქსოვს სანადირო ქსელს. ამ სახეობის რუისელი არ იშენებს სახლს, სამაგიეროდ ქსოვს ერთ ან რამდენიმე ქსელს, რომელშიც ებმევა მიკროფაუნის სხვადასხვა წარმომადგენელი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რუისელის ნებისმიერი სახეობა საკმაოდ მტაცებლური ქცევით გამოირჩევა, რაზედაც ნათლად მიუთითებს მისი კარგად განვითარებული "ყბები"

           

            3. ლარვა, რომელიც არ იშენებს არც სახლს და არც ბადეს ქსოვს, ანუ ცხოვრობს "თავისუფალი ნადირობის" რეჟიმში



            ჭუპრი (ემერჯერი) - ამ სტადიაზეც, კონკრეტული სახეობიდან გამომდინარე, ქცევა სხვადახვანაირია, ზოგი სახეობა სწრაფად აღწევს წყლის ზედაპირს და სწრაფადვე გადაიქცევა ზრდასრულ მწერად, ზოგი საკმაოდ დიდხანს მიყვება დინებას (ძირითადად სწორედ ამ დროს გამოიყენება ემერჯერის ტიპის იმიტაციები, მაგალითად klinkhammer special), ზოგი კი საერთოდ ნაპირზე გამოდის.


           ზრდასრული მწერი - ამ ეტაპზე ხდება შეჯვარება და კვერცხების დადება, რა დროსაც ზოგი სახეობის მწერი წყალქვეშაც კი ჩადის, ზოგი კი წყლის ზედაპირზე აქტიურად გადაადგილდება.  ზრდასრული რუისელის ადვილად იდენტიფიცირების საშუალებას მისი ფრთები გვაძლევს, რომლებიც დაფარულია წვრილი ბუსუსებით


           მედღეურებისაგან განსხვავებით, ზრდასრული რუისელები საკმაოდ დიდ ხანს ცხოვრობენ და მათი დაღუპვა არ ხდება წყალში, შესაბამისად spent სტადია მათ არ გააჩნიათ.

1 comment:

Anonymous said...

შენს გვრდზე რუისელზე გიწერია, რომ ,,მედღეურებისაგან განსხვავებით, ზრდასრული რუისელები საკმაოდ დიდ ხანს ცხოვრობენ და მათი დაღუპვა არ ხდება წყალში, შესაბამისად spent სტადია მათ არ გააჩნიათ"-ო. ამ ინგლისურენოვან გვერდზე დევს რუისელის spent-ის სტადია. ესაა ლინკი: https://www.realisticflies.ro/categorii/caddisfly-spent-288 რამოდენიმე ვარიაციაც კი დევს. შენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით.