Sunday, February 19, 2012

ისევ და ისევ კანონმდებლობაზე

           

            როგორც დაგეგმილი იყო, კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი გადაეგზავნა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, უნდა აღინიშნოს, რომ პასუხი საკმაოდ სწრაფად მივიღე:
ბატონო ნიკოლოზ,
          ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტომ  განიხილა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული თქვენი წერილი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის  №07 ბრძანებით დამტკიცებული ”ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” დებულებით განსაზღვრული თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რაზედაც გაცნობებთ სააგენტოს მოსაზრებებს:
         ა)  თქვენს მიერ შემოთავაზებული სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის განმარტებიდან ამოღებულია  ხოლიხი ბადე, ჩოგანბადე და ეკრანი, თუმცა  აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული წესებით განსაზღვრულია, რომ ამ ბადე-იარაღების დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში და სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში –  არ უნდა აღემატებოდეს 1,2 მეტრს, ხოლო ბადის თვლის ზომა არ უნდა იყოს 20 მმ-ზე ნაკლები. აღნიშნული პარამეტრების და თევზჭერის წესების სრული დაცვით შიდა წყალსატევებში სამოყვარულო და სპორტული სახის თევზჭერა საქართველოს იქთიოფაუნას ვერ მიაყენებს არსებით ზიანს. აქვე უნდა აღინიშნოს რომ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა განმარტებულია “ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონში, რომლის თანახმად აღნიშნული სახის თევზჭერა  არის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით  საერთო სარგებლობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც უფასოა ყველა მოქალაქისათვის და გულისხმობს პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით თევზის მოპოვებას. რაც შეეხება, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის განმარტების შეცვლას და მხოლოდ სამოყვარულო თევზჭერის დატოვებას, აღნიშნული მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას, მითუმეტეს, რომ თქვენივე წერილში აღნიშნულია რომ სპორტული თევზჭერა არის სამოყვარულო თევზჭერის სახე, შესაბამისად მათი რეგულირების  ერთიან ჩარჩოში მოქცევა არ არის მოკლებული საფუძველს.
         ბ) რაც შეეხება სასროლ ბადეს - მისი განმარტება მოცემულია ზემოთ აღნიშნულ წესებში, ამასთან განმარტებასთან ერთად განსაზღვრულია მისი პარამეტრები რაც დაშვებულია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისათვის. თქვენს მიერ შემოთავაზებულია სასროლი ბადის პარამეტრების გაზრდა 2 მეტრამდე, თუმცა აღნიშნული ცვლილების საჭიროება არ არის დასაბუთებული და არგუმენტირებული.
ე) რაც შეეხება თქვენს მიერ შემოთავაზებულ ანკესის განმარტებას, არსებული რედაქციით მოცემულია ანკესის, როგორც თევზსაჭერი ბადე-იარაღის განმარტება,ხოლო რაც შეეხება მისი გამოყენების ტექნოლოგიას - მისატყუარით თუ მის გარეშე - აღნიშნულის შესახებ მითითება გაკეთებულია ზემოთ აღნიშნული დებულების მე-16 მუხლში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განმარტებულია რომ ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე აკრძალულია. ამასთან, თქვენს წერილში მოცემული  რეკომენდაცია ანკესის გამოყენების აკრძალვაზე  მისატყუარის გარეშე საჭიროებს გადახედვას.
         ვ) ასევე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია მოყვარული მეთევზის მიერ, პირადი მოხმარების მიზნით, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერით მოსაპოვებელი დღიური ნორმის  ოდენობის განსაზღვრა - 3 კგ-მდე.
რა თქმა უნდა ჩემი არგუმენტები იმ დღესვე გადავუგზავნე: 
ბატონებო,
          უპირველეს ყოვლისა დიდ მადლობას მოგახსენებთ ოპერატიული პასუხისათვის, არ დაგიმალავთ და თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი წერილი გამოხმაურების გარეშე დარჩებოდა, საბედნიეროდ ვცდებოდი. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
ახლა რაც შეეხება თქვენს მოსაზრებებს,
         გეთანხმებით,  რომ თეორიულად სპორტული და სამოყვარულო თევზაობის ერთ ჩარჩოში მოქცევა საფუძველს მოკლებული არ არის, თუმცა მათ შორის არსებითი სხვაობაა, რაზედაც საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს და მხოლოდ სპორტული სტილით მოთევზავისათვის შეიძლება იყოს საინტერესო. თუმცა სწორედ სპორტული თევზაობისადმი სათანადო ყურადღების დათმობით ხდება ცივილიზიბული ქვეყნების ბიუჯეტებში მრავალმილიონიანი სახსრების შედინება, რაშიც თავადაც ადვილად შეძლებთ დარწმუნებას თუკი გადახედავთ არსებულ მსოფლიო პრაქტიკას. 
        დანარჩენ პოზიციებში გთხოვთ კიდევ ერთხელ დამითმოთ თქვენი ყურადღება. რადგანაც, თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე ნათელია, რომ რბილად რომ ვთქვათ საკითხის სპეციფიკაზე მსჯელობისათვის არ ხართ საკმარისად ჩახედულნი ამ სფეროში, ეს ფაქტი პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო რეალობაა. 
   
      ხელით სასროლი ბადის განმარტება უბრალოდ დაკონკრეტებულია ჩემს მიერ იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ეს სათევზაო მოწყობილობა, მისით თევზაობის ტექნიკა საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრების მიერ თითქმის ხელოვნების დარგში იყო აყვანილი, ქართული კულტურის ძალიან კოლორიტულ ნაწილს შეადგენს, ამიტომ, ჩემი აზრით, უფრო დეტალურ ტერმინოლოგიურ განმარტებას იმსახურებს, ვიდრე ამას ვხედავთ დღეს მოქმედ დებულებაში.
     რაც შეეხება ე.წ. ”ეკრანების”, “პარაშუტების” და სხვა ბარბაროსობის გამოყენებით თევზაობის აკრძალვას, ამის აუცილებლობაში თავადაც ძალიან ადვილად დარწმუნდებით და ამას შორს წასვლა არ ჭირდება, საკმარისია დააკვირდეთ მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლს, როდესაც წყლის დონე დაბალია, ძალიან ადვილად შენიშნავთ უამრავ ჩაწყვეტილ “ეკრანსა” თუ “პარაშუტს”, რომლებშიც კილოგრამობით თევზია გახვეული და უკვე, მომიტევეთ და, ნახევრად თუ სრულად გახრწნილი, ამიტომ თქვენი მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ამ მეთოდებით კანონის ფარგლებში თევზაობა ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანს იქტიოფაუნას უსაფუძლოა. ჯერ ერთი იმ მიზეზის გამო, რომ იქტიოფაუნის მდგომარეობის კვლევა თქვენს მიერ არ ჩატარებულა (თუმცა ამის პირდაპირი ვალდებულება გაკისრიათ მოქმედი კანონმდებლობით) შესაბამისად არანაირი საფუძველი არ გაქვთ იმსჯელოთ რა მეთოდით თევზაობა მოუტანს ზიანს იქტიოფაუნას და რა მეთოდით არა, მეტიც, ნამდვილად არ მინდოდა ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ისევ და ისევ მწარე რეალობა და ამ სფეროში არსებული აბსოლუტური დაუსჯელობა მაიძულებს აქცენტი ცოტა განსხვავებული, საკმაოდ არასასიამოვნო კუთხით გავაკეთო. მაგალითისათვის ისევ მდინარე მტკვარს დავუბრუნდები, დღეს მოქმედი კანონმდებლობით თუკი აკრძალულია გარე ვაჭრობა,  მაშინ რატომ არ ისჯებიან ის ბარბაროსები, რომლებიც ყოველ დღე, გარემოს დაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ეკრანებით დაჭერილ, ჯერ კიდევ ცოცხალ თევზს ლაყუჩებით კიდებენ თოკებზე და სხვა თუ არაფერი ამის შემხედვარე ბავშვებს თავიდანვე არასწორ დამოკიდებულებას უყალიბებენ საკუთარი ფაუნის მიმართ. ამას რომ თავი დავანებოთ, თუკი აკრძალულია ხიდებიდან 50 მეტრის დაშორებით თევზაობა, რა კომენტარს გაუკეთებდით იმ ფაქტს, რომ ზუსტად იგივე ტერიტორიაზე ეს არაადამიანობა ყოველდღიურად ხდება უშუალოდ ხიდზე (საუბარია ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიასთან არსებულ ხიდზე) რა თქმა უნდა მესმის, რომ ზოგი ამას უკიდურესი გაჭირვების გამო აკეთებს, თუმცა, უკუდურესი გაჭირვების დაძლევა ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს საკუთარი ფაუნის ხარჯზე, რადგან არსებობს ამ გაჭირვების დაძლევის სხვა, ქმედითი ღონისძიებები. დამერწმუნეთ, თუკი ეს ბარბაროსული მეთოდები ამოიძირკვება ქართული რეალობიდან, 1 წელიწადიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვეულებრივი ანკესითაც კი შესაძლებელი გახდეს საკმარისზე მეტი რაოდენობის თევზის დაჭერა. ამაზე პირდაპირ მიუთითებს მსოფლიო პრაქტიკა.
        რაც შეეხება ანკესის განმარტებას, მოქმედ დებულებაში არასრულად არის წარმოდგენილი არსი, რადგანაც გარდა დებულებაში მოხსენიებული ელემენტებისა, ანკესი, თევზაობის კონკრეტული მეთოდიდან გამომდინარე, სრულად მოიცავს იმ ელემენტებსაც, რაც ჩემს მიერ შემოთავაზებულ განმარტებაშია მოცემული. ხოლო ტერმინი სპინინგი კი უადგილოა, რადგან ეს ტერმინი თვითსატყუარათი თევზაობის ერთ ერთ მეთოდს ასახავს და არა ზოგადად ყველა დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილ ანკესს, მაგალითად დღეს არსებული პრაქტიკით მიღებულია შემდეგი კლასიფიკაცია, მოსაქნევი ანკესი, მატჩი, ფიდერი, სპინინგი, კარპფიშინგისათვის განკითვნილი ანკესი  და მრავალი სხვა, სწორედ ამიტომ არის ამოსაღები სპინინგის  ეს უადგილო განმარტება, რომელიც კონკრეტული მეთოდის სახელს არქმევს ზოგადად ყველა ტიპის ანკესს.
რაც შეეხება ზღვრული ოდენობის განსაზღვრას, გეთანხმებით, რომ შესაძლებელია 3 კილოგრამი მიუღებელი იყოს, მაგრამ ოდენობის დაწესება, ჩემი აზრით, თუკი რეალობას გავითვალისწინებთ, მანც აუცილებელია.

        ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი სასუნთქი მოწყობილობის გამოყენებით წყალქვეშა ნადირობის აკრძალვის დებულებაში დაბრუნების თაობაზე. ეს აკრძალვა არსებობს გამონაკლისის გარეშე ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობაში.
         პატივისცემით,
         ნიკა ზურაბიშვილი   
         დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც მხარდაჭერა გამოხატა ფეისბუქის საშუალებით. სამწუხაროდ გავიდა ერთი კვირა და სამინისტროდან პასუხი არ ჩანს.
         ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება.

Saturday, February 18, 2012

ნემსკავები


             Fly Fishing - ში ნემსკავებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ. გამომდინარე იქედან, რომ იმიტაცია სხვადასხვა ხელოვნური თუ ბუნებრივი მასალებისაგან მზადდება და ეს მასალები რეალური პროტოტიპის ფაქტურისაგან საკმაოდ განსხვავედება, თევზი ძალიან სწრაფად ხვდება, რომ "მოატყუეს" და აგდებს იმიტაციას, ამიტომ ხარისხიანი ნემსკავი კრიტიკულად აუცილებელია. თანამედროვე მწარმოებელი ამ კატეგორიის ნემსკავებს საერთოდ ცალკე კასტად განიხილავს და მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. 
            ჩვენი მეთოდისათვის განკუთვნილი ნემსკავების აბსოლუტური უმეტესობა გამოირჩევა დაახლოებით 45 გრადუსით ქვევით დახრილი თვალით (eye)


            ეს ტრადიცია ჯერ კიდევ პირველი საორაგულე ნემსკავებიდან მომდინარეობს, ადრე სატარებლად იყენებდნენ აბრეშუმის და სხვა ბუნებრივი მასალებისგან დამზადებულ ძაფებს, მათი ფაქტურიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ნემსკავის დაფიქსირება ჩვენთვის ცნობილი მეთოდით, ამიტომ კვანძის გაკეთება ხდებოდა არა თვალზე, არამედ თვალის გავლით უშუალოდ ნემსკავის ტანზე (shank), რათა შენარჩუნებულ ყოფილიყო იმიტაციის  ბუნებრივად, მისი ფიზიკური ღერძის გასწვრივ გატარების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე ხდებოდა თვალის გადახრა ზევით ან ქვევით. როგორც უკვე აღვნიშნეთ დღესდღეისობით ნემსკავთა უმეტესობა მზადდება ქვევით დახრილი თვალით, თუმცა არსებობს ვარიანტები, სადაც თვალი გადახრილი არ არის, მაგალითად Tiemco 200 R. ასევე შესაძლებელია შეგხვდეთ ნემსკავები ზევით გადახრილი თვალით.
            ნემსკავების თანამედროვე კლასიფიკაცია ხდება ზომის, ფორმის, სიგრძის, მავთულის სისქის, ფერისა და იმის მიხედვით აქვს თუ არა ნემსკავს ფხა (barb).
            თანამედროვე კლასიფიკაციით არსებობს შემდეგი ძირითადი, პოპულარული ზომები 32 - დან 2 ნომრამდე, შემდეგ უკვე მოდის სპეციალური, მაგალითად საორაგულე ნემსკავები, რომლებიც წილადებით აღინიშნება, მაგალითად 1/0 და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მწარმოებლის ერთი და იგივე ზომის ნემსკავები შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდნენ, მაგალითად Tiemco 200 R და მისი "ანალოგი", კომპანია Mustad - ის მიერ წარმოებული C53S მოდელის ნემსკავი მართალია ფორმით ერთი და იგივეა, მაგრამ ზომით შესამჩნევად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
              მავთულის სისქე აღინიშნება X - ებით. ადვილი მიახვედრია, რომ უმჯობესია მშრალი იმიტაცისავის გამოვიყენოთ წვრილი მავთულისაგან დამზადებული ნემსკავი, რათა სატყუარამ ადვილად იტივტივოს, ხოლო ნიმფისათვის კი პირიქით. მაგალითად მშრალი იმიტაციებისათვის განკუთვნილი Tiemco 100  აღინიშნება, როგორც 1X fine,



ხოლო ნიმფებისათვის განკუთვნილი Tiemco 2457 კი როგორც 2X heavy,

     
            რაც უფრო დიდია ციფრი X-ის წინ მით უფრო სქელია მავთული.
           ანალოგიურად X - ით აღინიშნება ნემსკავის ტანის სიგრძეც, მაგალითად სტრიმერები დასამზადებელი გრძელი ნემსკავი Tiemco 5262  აღინიშნება, როგორც 2X long, ამ შემთხვევაშიც რაც უფრო დიდია ციფრი X-ის წინ მით უფრო გრძელია ნემსკავის ტანი.
           ფორმის მიხედვით არსებობს სტანდარტული, მაგალითად იგივე Tiemco 100, მოხრილი ე.წ. scud hooks მაგალითად Tiemco 2457, swimming nymph ტიპის ნემსკავები, რომლებიც გამოიყენება  წყლის შუა ფენაში მოცურავე ნიმფების იმიტირებისათვის


             სპეციალურად klinkhammer - ისათვის შექმნილი Klinkhammer  Hook 
            და მრავალი სხვა.
            არსებობს ე.წ. wide gape ნემსკავებიც, რომლებსაც, სტანდარტულისგან განსხვავებით, უფრო დიდი პირი gape აქვთ, რაც მწარმოებლის აზრით ზრდის თევზის საიმედოდ წამოგების ალბათობას.
            რაც შეეხება ფერს, ძირითადად არსებობს მონიკელებული, სპილენძისფერი და შავი ნემსკავები, რომელთა შერჩევაც კონკრეტული თევზაობის პირობების მიხედვით ხდება.
           მოკლედ დღესდღეისობით ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Tiemco, Partridge, Kamasan, Mustad, Dai-Kiri და სხვები გვთავაზობენ ნემსკავების ძალიან დიდ არჩევანს, რომლებიც ზუსტად შეესაბამებიან ამა თუ იმიტაციის დამზადებისათვის  წაყენებულ მოთხოვნებს, მთავარია ეს კონკრეტული მოთხოვნები კარგად გვქონდეს წარმოდგენილი და შედეგიც, იდეალური იმიტაციის სახით, არ დააყოვნებს
                   ესეც საკმაოდ საინტერესო ვიდეორგოლი ნემსკავების შესახებ                
            
          

Saturday, February 4, 2012

დაბინგი (dubbing)


           ბლოგის გვერდებზე ზოგადად უკვე განვიხილეთ ეს მასალა, ახლა კი გთავაზობთ კონკრეტულ დეტალებს უფრო მეტი ყურადღებით გავეცნოთ. რა თქმა უნდა ერთი სტატიის ფარგლებში შეუძლებელია სრულად მიმოვიხილოთ ყველა ასპექტი, ამიტომ აქცენტს მხოლოდ ყველაზე ცნობილ ვარიანტებზე გავაკეთებ.
            დღესდღეისობით ეს მასალა ძალიან დიდი მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი, (მაგალითისათვის იხილეთ ეს ბმული), რაც საკმაოდ ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული. ერთი შეხედვით მთელ ამ მრავალფეროვნებაში გარკვევა და სწორი არჩევანის  გაკეთება საკმაოდ რთულია, ამიტომ, სანამ რომელიმე კონკრეტულ ტიპს მივანიჭებთ უპირატესობას, აუცილებელია ზუსტად გვქონდეს წარმოდგენილი თუ რა შედეგის მიღება გვსურს.
            იმისათვის, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიადვილდეს, დავყოთ ეს მასალა ორ ძირითად კატეგორიად - ნატურალური და სინთეტიკური დაბინგი, ამ დაყოფიდან გამომდინარეობს მათი ნარევი (blend), რომელზედაც ოდნავ მოგვიანებით შევჩერდებით.
           ნიმფებისათვის და იმ იმიტაციებისათვის, რომლებსაც არ მოეთხოვებათ ზედაპირზე ტივტივი, უმეტესწილად ნატურალურ, ხმელეთზე მცხოვრებ ცხოველთა ბეწვისაგან დამზადებულ დაბინგს იყენებენ, რადგან ასეთი მასალა ადვილად სველდება და იმიტაციას ჩაძირვაში ხელს არ უშლის. მაგალითისათვის კარგად გამოდგება კურდღლის ბეწვისგან დამზადებული დაბინგი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ კლასიკას წარმოადგენს. სწორედ ამ ტიპის მასალისგან არის დამზადებული ნიმფა Hares Ear 

           
            ეს ნიმფა კიდევ იმით არის საინტერესო, რომ მასში გამოყენებულია ბეწვი კურდღლის ტანიდან და ყურების ზედა მხრიდან (სწორედ ეს გარემოებაა ასახული ამ იმიტაციის სახელში) ანუ ერთი და იგივე ცხოველის სხვადასხვა ადგილიდან აღებული ბეწვი სწაკმაოდ განსხვავებულია, ისევ ამ ნიმფის მაგალითზე, ტანი დამზადებულია შედარებით ნაზი და წვრილი ბეწვისგან, ხოლო ტორაქსი და კუდი კი შედარებით უხეში მასალისგან, რაც წყალში მოხვედრისას ცოცხალი ნიმფის კუდისა და ფეხების იმიტაციას კარგად აკეთებს. იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგად წარმოვიდგინოთ ამ მასალის უნივერსალურობა ვიტყვი, რომ იგივე კურდღლის ზამთრის ბეწვისგან, კონკრეტულად კი ფეხებიდან აღებულ დაბინგს წარმატებით იყენებენ მშრალი იმიტაციების დამზადებისათვის, რადგან ყოველგვარი ფლოატანტის დამატების გარეშეც მშვენივრად ტივტივებს. კურდღლის ბეწვისგან დამზადებულ დაბინგს ის უპირატესობაც აქვს, რომ მასთან მუშაობა საკმაოდ ადვილია, ასევე ადვილად შეგვიძლია მისი შეღებვაც სასურველი ფერის, თუ ტონალობის მისაღებად. პრაქტიკაში ასევე იყენებენ მელიის, ციყვის, ოპოსუმის, სელაპის და ა.შ. დაბინგებსაც, მათ განსხვავებული ფიზიკური თვისებები აქვთ, განსხვავდებიან სიხისტით, სიგრძით და ა.შ, ანუ საუკეთესოდ ასრულებენ კონკრეტულ ფუნქციებს, მაგალითად, შედარებით ხისტი, სელაპის დაბინგი უფრო მოსახერხებელია დიდი ზომის იმიტაციების დასამზადებლად, უხეში მასალა კარგად იმიტირებს ნიმფის ფეხებს და სხვა. 
        არჩევანის გასაადვილებლად ზოგი კომპანია უკვე კონკრეტული იმიტაციების დასამზადებლად განკუთვნილ ნაკრებებსაც აწარმოებს მაგალითად  Hends - ის ჩეხური ნიმფის დაბინგი


          ასევე Traun River - ის მიერ წარმოებული რუისელის იმიტაციების დასამზადებელი დისპენსერი



           ბოლო პერიოდში საკმაო წარმატებით სარგებლობს მეტალის რბილი ბურბუშელასაგან დამზადებული დაბინგი - Metal Fiber , რომელიც ნიმფას დამატებით წონას აძლევს.


            მშრალი იმიტაციების და ემერჯერების დასამზადებლად იყენებენ სხვადასხვა ტიპის სინთეტიკურ დაბინგს, რადგან ჯერ ერთი იგი მსუბუქია და მეორეც, ხშირ შემთხვევაში იგი უკვე წინასწარ არის ფლოატანტით დამუშავებული (ჩემთვის ცნობილია ერთადერთი ტიპის სინთეტიკური დაბინგი, რომელიც კარგად სველდება ეს არის ანტრონი - antron dubbing, რომელსაც წარმატებით ვიყენებ 18-22 ნომერ ნემსკავებზე დამზადებულ ნიმფებში, რადგან იდეალურად ხდება გამოკვეთილი სილუეტის ფორმირება)
            სინთეტიკური დაბინგის სხვადასხვა მარკის განსხვავება ძირითადად ბოჭკოების სიგრძეში, სიგანეში, ზედაპირის დამუშავების ტიპში და ამ ბოჭკოთა ურთიერთკავშირში გამოიხატება, მაგალითად Wapsi Super Fine Dubbing გამოირჩევა იმით, რომ საკმაოდ გრძელი ბოჭკოები აქვს, ასევე წინასწარ არის დამუშავებული ფლოატანტით


            ხოლო Hends - მიერ წარმოებული დაბინგი კი შედარებით მოკლებოჭკოიანია, ასევე და არ არის დამუშავებული ფლოატანტით

          
            მე მეორე ვარიანტს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ტანის დამზადების შემდეგ ზედმეტი მასალის სამონტაჟო ძაფიდან მოშორება საკმაოდ ადვილია.
            ჰოლოგრაფიული დაბინგი ზედაპირის თვისებებიდან გამომდინარე შუქს ირეკლავს, კარგად იმიტირებს ემერჯენციის დროს ნიმფის ჰაერით გაბერილ ტორაქსს, ასევე ძველ საფარველს


           რაც შეეხება ერთიდაიგივე მასალის, მაგრამ სხვადასხვა ფერის, ან სხვადასხვა დაბინგების ნარევებს - ე.წ. blend - ებს, ისინიც საკმაო პოპულარობით სარგებლბენ,  მწარმოებელი ითვალისწინებს ყველაზე ეფექტური იმიტაციების გამოყენების პრაქტიკას და აქედან გამომდინარე მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტულ ვარიაციებს, მაგალითად Wapsi SLF D.Whitlock Dubbing 


           დაბინგის არჩევისას კარგად დააკვირდით, თუ რა რეკომენდაციებს გვაძლევს მწარმოებელი, იკითხეთ სხვადასხვა ფორუმები და შედეგითაც კმაყოფილნი დარჩებით.