Saturday, February 4, 2012

დაბინგი (dubbing)


           ბლოგის გვერდებზე ზოგადად უკვე განვიხილეთ ეს მასალა, ახლა კი გთავაზობთ კონკრეტულ დეტალებს უფრო მეტი ყურადღებით გავეცნოთ. რა თქმა უნდა ერთი სტატიის ფარგლებში შეუძლებელია სრულად მიმოვიხილოთ ყველა ასპექტი, ამიტომ აქცენტს მხოლოდ ყველაზე ცნობილ ვარიანტებზე გავაკეთებ.
            დღესდღეისობით ეს მასალა ძალიან დიდი მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი, (მაგალითისათვის იხილეთ ეს ბმული), რაც საკმაოდ ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული. ერთი შეხედვით მთელ ამ მრავალფეროვნებაში გარკვევა და სწორი არჩევანის  გაკეთება საკმაოდ რთულია, ამიტომ, სანამ რომელიმე კონკრეტულ ტიპს მივანიჭებთ უპირატესობას, აუცილებელია ზუსტად გვქონდეს წარმოდგენილი თუ რა შედეგის მიღება გვსურს.
            იმისათვის, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიადვილდეს, დავყოთ ეს მასალა ორ ძირითად კატეგორიად - ნატურალური და სინთეტიკური დაბინგი, ამ დაყოფიდან გამომდინარეობს მათი ნარევი (blend), რომელზედაც ოდნავ მოგვიანებით შევჩერდებით.
           ნიმფებისათვის და იმ იმიტაციებისათვის, რომლებსაც არ მოეთხოვებათ ზედაპირზე ტივტივი, უმეტესწილად ნატურალურ, ხმელეთზე მცხოვრებ ცხოველთა ბეწვისაგან დამზადებულ დაბინგს იყენებენ, რადგან ასეთი მასალა ადვილად სველდება და იმიტაციას ჩაძირვაში ხელს არ უშლის. მაგალითისათვის კარგად გამოდგება კურდღლის ბეწვისგან დამზადებული დაბინგი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ კლასიკას წარმოადგენს. სწორედ ამ ტიპის მასალისგან არის დამზადებული ნიმფა Hares Ear 

           
            ეს ნიმფა კიდევ იმით არის საინტერესო, რომ მასში გამოყენებულია ბეწვი კურდღლის ტანიდან და ყურების ზედა მხრიდან (სწორედ ეს გარემოებაა ასახული ამ იმიტაციის სახელში) ანუ ერთი და იგივე ცხოველის სხვადასხვა ადგილიდან აღებული ბეწვი სწაკმაოდ განსხვავებულია, ისევ ამ ნიმფის მაგალითზე, ტანი დამზადებულია შედარებით ნაზი და წვრილი ბეწვისგან, ხოლო ტორაქსი და კუდი კი შედარებით უხეში მასალისგან, რაც წყალში მოხვედრისას ცოცხალი ნიმფის კუდისა და ფეხების იმიტაციას კარგად აკეთებს. იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგად წარმოვიდგინოთ ამ მასალის უნივერსალურობა ვიტყვი, რომ იგივე კურდღლის ზამთრის ბეწვისგან, კონკრეტულად კი ფეხებიდან აღებულ დაბინგს წარმატებით იყენებენ მშრალი იმიტაციების დამზადებისათვის, რადგან ყოველგვარი ფლოატანტის დამატების გარეშეც მშვენივრად ტივტივებს. კურდღლის ბეწვისგან დამზადებულ დაბინგს ის უპირატესობაც აქვს, რომ მასთან მუშაობა საკმაოდ ადვილია, ასევე ადვილად შეგვიძლია მისი შეღებვაც სასურველი ფერის, თუ ტონალობის მისაღებად. პრაქტიკაში ასევე იყენებენ მელიის, ციყვის, ოპოსუმის, სელაპის და ა.შ. დაბინგებსაც, მათ განსხვავებული ფიზიკური თვისებები აქვთ, განსხვავდებიან სიხისტით, სიგრძით და ა.შ, ანუ საუკეთესოდ ასრულებენ კონკრეტულ ფუნქციებს, მაგალითად, შედარებით ხისტი, სელაპის დაბინგი უფრო მოსახერხებელია დიდი ზომის იმიტაციების დასამზადებლად, უხეში მასალა კარგად იმიტირებს ნიმფის ფეხებს და სხვა. 
        არჩევანის გასაადვილებლად ზოგი კომპანია უკვე კონკრეტული იმიტაციების დასამზადებლად განკუთვნილ ნაკრებებსაც აწარმოებს მაგალითად  Hends - ის ჩეხური ნიმფის დაბინგი


          ასევე Traun River - ის მიერ წარმოებული რუისელის იმიტაციების დასამზადებელი დისპენსერი



           ბოლო პერიოდში საკმაო წარმატებით სარგებლობს მეტალის რბილი ბურბუშელასაგან დამზადებული დაბინგი - Metal Fiber , რომელიც ნიმფას დამატებით წონას აძლევს.


            მშრალი იმიტაციების და ემერჯერების დასამზადებლად იყენებენ სხვადასხვა ტიპის სინთეტიკურ დაბინგს, რადგან ჯერ ერთი იგი მსუბუქია და მეორეც, ხშირ შემთხვევაში იგი უკვე წინასწარ არის ფლოატანტით დამუშავებული (ჩემთვის ცნობილია ერთადერთი ტიპის სინთეტიკური დაბინგი, რომელიც კარგად სველდება ეს არის ანტრონი - antron dubbing, რომელსაც წარმატებით ვიყენებ 18-22 ნომერ ნემსკავებზე დამზადებულ ნიმფებში, რადგან იდეალურად ხდება გამოკვეთილი სილუეტის ფორმირება)
            სინთეტიკური დაბინგის სხვადასხვა მარკის განსხვავება ძირითადად ბოჭკოების სიგრძეში, სიგანეში, ზედაპირის დამუშავების ტიპში და ამ ბოჭკოთა ურთიერთკავშირში გამოიხატება, მაგალითად Wapsi Super Fine Dubbing გამოირჩევა იმით, რომ საკმაოდ გრძელი ბოჭკოები აქვს, ასევე წინასწარ არის დამუშავებული ფლოატანტით


            ხოლო Hends - მიერ წარმოებული დაბინგი კი შედარებით მოკლებოჭკოიანია, ასევე და არ არის დამუშავებული ფლოატანტით

          
            მე მეორე ვარიანტს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ტანის დამზადების შემდეგ ზედმეტი მასალის სამონტაჟო ძაფიდან მოშორება საკმაოდ ადვილია.
            ჰოლოგრაფიული დაბინგი ზედაპირის თვისებებიდან გამომდინარე შუქს ირეკლავს, კარგად იმიტირებს ემერჯენციის დროს ნიმფის ჰაერით გაბერილ ტორაქსს, ასევე ძველ საფარველს


           რაც შეეხება ერთიდაიგივე მასალის, მაგრამ სხვადასხვა ფერის, ან სხვადასხვა დაბინგების ნარევებს - ე.წ. blend - ებს, ისინიც საკმაო პოპულარობით სარგებლბენ,  მწარმოებელი ითვალისწინებს ყველაზე ეფექტური იმიტაციების გამოყენების პრაქტიკას და აქედან გამომდინარე მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტულ ვარიაციებს, მაგალითად Wapsi SLF D.Whitlock Dubbing 


           დაბინგის არჩევისას კარგად დააკვირდით, თუ რა რეკომენდაციებს გვაძლევს მწარმოებელი, იკითხეთ სხვადასხვა ფორუმები და შედეგითაც კმაყოფილნი დარჩებით.

No comments: