Saturday, June 30, 2012

ბრაკები მტკვარზე

                 
                დღეს დილით "მშვენიერი" სანახაობა გადაიშალა ჩემი აივნის წინ. რა თქმა უნდა სასწრაფოდ გადავრეკე პატრულში და ეკიპაჟიც ნახავარსაათიანი დაგვიანებით ადგილზე გამოცხადდა. ამავდროულად მე ფეხით მივუყვებოდი სანაპიროს და ვცდილობდი ფოტოზე ასახული ამ ორი ელექტრიკოსი "ვაჟკაცისათვის" მეკითხა მათი დედების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა საკმაო მანძილი ამის საშუალებას არ მაძლევდა

 
             მეტიც ორთაჭალის პურის ქარხნის ტერიტორიასთან უკვე მხედველობის არედანაც დავკარგე. პატრულთან ერთად ჩავიარეთ ფონიჭალის ხიდამდე, მაგრამ ვერავინ ვერ ვნახეთ. ამის შემდეგ ადგილზე გამოძახებულ იქნა ისანი სამგორის რაიონის გამომძიებელი ბატონი ზაზა ძებისაშვილი, რომელსაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან განყოფილებაში მისვლის შემდეგ დეტალურად შედგა როგორც შემთხვევის ამსახველი, ასევე ჩემი ფოტოაპარატის დათვალიერების ოქმები და საქმე გადაგზავნილ იქნა პროკურატურაში.
                       ახლა კი ყველაზე საინტერესო - ეს ფაქტი მოხდა დღის პირველ საათზე, დაახლოებით 6 საათამდე ვიყავი განყოფილებაში და იქიდან წამოსულმა, ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებულ ხიდზე გადმოსვლისას ზუსტად იგივე ადგილას ისევ ეს ნაბიჭვრები ვნახე, სამწუხაროდ აპარატში ელემენტი დაჯდა და დამატებითი სურათები ვერ გადავიღე, მეტიც, არ მქონდა მობილური რომ დამერეკა პატრულში და ზარის გაშვება ვთხოვე ერთ - ერთ მეთევზეს, რაზედაც მივიღე პასუხი "ჩემი მობილურიდან რა პონტში უნდა გაგაშვებინო პატრულში ზარიო" იძულებული გავხდი შუა ტრასაზე დავმდგარიყავი და ისე გამეჩერებინა პატრულის მანქანა. ამასობაში ბრაკები უკვე კარგა შორს იყვნენ. გამოიძახეს მეორე ეკიპაჟი, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა ფონიჭალის ტერიტორიაზე, ნუკრი გოგინავასა და ზურაბ კვარცხავას შემადგენლობით, რომლებმაც დაინახეს ბრაკები, მოუწოდეს წყლიდან გამოსვლისაკენ, მაგრამ მათი სიტყვებით ბრაკები არ დაემორჩილნენ და მათ დევნა შეწყვიტეს, თუმცა მაინც მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რადგან შედგა კიდევ ერთი ოქმი და დაერთო უკვე არსებულ საქმეს. სიმართლე ითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ჩასვლა ფიზიკურად შეუძლებელია, თუმცა სადღაც ხომ ამოვიდოდნენ?
                       ერთი კარგი ამბავიც გავიგე, 4 წლის წინაც იყო მსგავსი ფაქტი და ჩემი ზარის შემდეგ ის ბრაკები დაუჭერიათ, აღმოჩნდნენ ვინმე ისნელი არაკაცი ზედმეტსახელად "მაიმუნა" და მისი "სასტავი", თურმე ცნობილი ბრაკები ყოფილან, მე არ ვიცოდი.ეს ინფორმაცია ერთმა იქვე მდგარმა ისნელმა მოხუცმა მეთევზემ შემატყობინა.
                    ესეც ქართული იქტიოფაუნის მტერი ნომერი 1
                                             
                  სხვათაშორის ორივე შემთხვევაში საპატრულო ეკიპაჟს საკმაო დრო დასჭირდა იმის გასარკვევად ბრაკებთან ბრძოლა მათ კომპეტენციაში შედის თუ არა.

Saturday, June 23, 2012

აკრძალული ხილი

                  სიამოვნება, რომელსაც, ჩვენ, ნამდილად კანონმორჩილი მეთევზეები, და არა ზოგიერთი, ამ ტიტულს ამოფარებული, რბილად რომ ვთქვათ, ლაწირაკი ბრაკი, მოკლებულნი ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ხაჩიძის მაგვარი არსებები კურირებენ გარემოს დაცვით საკითხებს


Sunday, June 17, 2012

ცისარტყელა კალმახი თბილისის ზღვაში

                  
              ძალიან სასიხარულო ფაქტის შესახებ მინდა ორიოდ სიტყვით მოგახსენოთ. დღეს, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ”მონადირე” -ს ინიციატივითა და სახსრებით, მოხდა ცისარტყელა კალმახის 6000 - ზე მეტი დაახლოებით 10 გრამიანი ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაში, მეც მერგო პატივი ამ  ღონისძიებაში მცირედი წვლილი შემეტანა. სამწუხაროა, რომ სხვა გაერთიანებებისა თუ ფორუმების მხრიდან ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებასთან დაკავშირებით აქტიურობა იყო ნულის ტოლი, არა მხოლოდ მატერიალური დახმარების, არამედ უბრალოდ სიტყვიერად გვერდში დადგომის მხრივაც კი. დარწმუნებული ვარ რომ ეს ღონისძიება მხოლოდ დასაწყისია, ასევე იმედს ვიტოვებ, რომ ზემოაღნიშნული გაერთიანებები და ფორუმები ახლო მომავალში ანკესის სიგრძის დატოლების გარდა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, საკითხებითაც დაინტერესდებიან. ჩემის მხრივ მზად ვარ გვერდში დავუდგე ნებისმიერ პიროვნებასა თუ კლუბს, რომლისთვისაც თევზი არა მხოლოდ გემრიელი კერძი ან ფორუმზე დადებული სურათია.
                     ეს კი მცირე ფოტოკოლაჟი:

          დავით მორალიშვილი, ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი

       
             ეს კი ბედნიერი მეთევზეები


                ესეც უშუალოდ პროცესი




         

Sunday, June 10, 2012

Hare's Ear Nymph

                 
               ამ ნიმფის წარმოშობაზე ინფორმაციის მოძიებისას ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იგი ყოველთვის არსებობდა. დღესდღეისობით შეუძლებელია მისი კონკრეტული ავტორის დასახელება, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ იმიტაციას ჯერ კიდევ ვოქტორიანული ეპოქის ცნობილი Fly Fisher - ი ჯეიმს ოგდენი (James Ogden) იყენებდა. საინტერესო ფაქტია, რომ XIX საუკუნის მიწურულს ამ იმიტაციის პოპულარიზაციას  ასევე ახდენდა  ფრედერიკ ჰარლფორდი (Frederick Harlford), ოღონდ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იგი მას იყენებდა ზედაპირული თევზაობისათვის. ეს უცნაური ფაქტი დამაჯერებლად მეტყველებს ამ ნიმფის უნივერსალურობაზე, იგი არ ასახავს რომელიმე კონკრეტულ მწერს, ან განვითარების რომელიმე კონკრეტულ სტადიას, შეიძლება ითქვას, რომ იგი უნივერსალურ "საძიებო" იმიტაციას წარმოადგენს. ამას მისი ერთგვარად "ბუნდოვანი" სილუეტი განაპირობებს.
              კლასიკური Hare's Ear Nymph - ის დამზადებისათვის გამოიყენება კურდღლის ბეწვი, კონკრეტულად კი: კუდისათვის კურდღლის შუბლის მიდამოებიდან აღებული ბეწვი, რომელიც საკმაო სიგრძითა და სიხისტით გამოირჩევა, აბდომენისათვის ისევ კურღლის ბეწვი, ოღონდ აღებული ყურის ზედა მხრიდან, ხოლო ტორაქსისათვის კი ამ ორი მასალის ნარევი (blend), თანამედროვე წარმოება ასევე გვთავაზობს დაბინგის უკვე გამზადებულ ვარიანტებს ბოლო ორი ელემენტისათვის. სეგმენტაციისათვის ოპტიმალურია ოქროსფერი მავთულის ან tinsel -ის  (მეტალიზებული, ბრტყელი ან ოვალური კვეთის მქონე მასალა) გამოყენება. ფრთების ჩანასახების იმიტირებისათვის იდეალურია ინდაურის ან ხოხბის ბუმბული. ასეთ ვარიანტში მართლაც შესაძლებელია ამ ნიმფით წყლის ზედაპირზე, ან ზედაპირულ შრეში თევზაობა და ემერჯენციის სტადიის წარმატებით იმიტირება. ფსკერზე თევზაობისათვის შესაძლებელია როგორც სატარებელზე ტყვიის რამდენიმე წვრილი ბურთულის დაფიქსირება, ასევე უშუალოდ იმიტაციის დამძიმებაც ტყვიის მავთულით, ან მეტალის თავით, რითაც მივიღებთ Gold Head Hare's Ear Nymph - ს



                   ესეც ამ იმიტაციის დამზადების ერთ - ერთი ვარიანტი
             

Friday, June 1, 2012

Spinner&Spent ზრდასრული მედღეურა და მისი იმიტაციები

                             
                ემერჯენციის შედეგად, ზრდასრული მედღეურას სახით, სამყაროს მოევლინება ულამაზესი არსება. როგორც უკვე ვიცით, იგი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ნიმფის სტადიაში ატარებს, ფრთიანი მწერი კი სულ რამდენიმე დღე ცოცხლობს და სწორედ ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში თევზის რაციონის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს.           
       ჩვენს მეთოდში ამ სტადიას უწოდებენ spinner ან dun, აღსანიშნავია, რომ რეალისტური იმიტაციების მოყვარულნი გამოყოფენ კიდევ ერთ სტადიას ემერჯენციასა და ზრდასრულ მწერს შორის, რომელსაც უწოდებენ subspinner ან subdun, მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ემერჯენციის შემდგომ, ანუ მას შემდეგ, რაც ნიმფა ტოვებს ძველ, ქიტინისებურ საფარს, მისი ფრთები ჯერ კიდევ არ არის გამჭვირვალე, რაც ზოგის აზრით, იმის ბრალია, რომ ისინი ჯერ კიდევ სველია, ზოგი მოსაზრების თანახმად კი იმის, რომ ფრთის სტრუქტურაში არსებული "ძარღვები" ჯერ კიდევ არ არის ორგანული სითხით სავსე.



        თუმცა თევზისთვის, რომელიც ჩვენს მიერ მიწოდებულ იმიტაციას ქვემოდან უყურებს ფრთის ფერის ტონალობის უმნიშვნელო ცვლას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ჭერის ობიექტი ამ სკურპულოზურ დაყოფას ყურადრებას არ აქცევს.
             ისევე, როგორც ემერჯერების შემთხვევაში, ზრდასრული მედღეურას იმიტაციები ერთმანეთისაგან უმეტესწილად მხოლოდ ზომითა ან ფერით განსხვავდებიან და სწორედ ამ მწერის ზედაპირული იმიტაციები წარმოადგენენ Fly Fishing-ის სიმბოლოს.
         ამ მწერის სპინერის კლასიკურ იმიტაციად შეიძლება ჩავთვალოთ Adams, ამ სატყუარის ზომის, ტანისა და ფრთის ფერის ცვლით ადვილად მივიღებთ ნებისმიერი სახის მედღეურას აბსოლუტურად მუშა იმიტაციას, რაც მსოფლიო პრაქტიკაში არაერთხელ დადასტურებულა.


               თანამედროვე პრაქტიკაში განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობს ე.წ. "პარაშუტის" ტექნოლოგიით დამზადებული იმიტაციები, რომლებშიც მამლის ბუმბულის დახვევა ხდება არა ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურად


                  ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს მამლის ბუმბულის ზომა ნაკლებად კრიტიკულად ავარჩიოთ, რადგან კლასიკურ იმიტაციებში მისი სიგრძე ნემსკავის სიგანეზე (gape) ზუსტად 1,5 ჯერ მეტი უნდა იყოს იმისატვის, რომ სატყუარამ წყლის ზედაპირზე სწორე მდგომარეობა მიიღოს.
                        გამრავლების შემდგომ მედეურა მალევე იღუპება, ამ "სტადიას" ეწოდება spent და სპინერისაგან მისი ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ მისი ფრთები წყლის ზედაპირზეა განლაგებული, შესაბამისად იმიტაციის დამზადებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს