Saturday, March 23, 2013

ლიდერის სიგრძე და დიამეტრი (ნაწილი მეორე)

        ვაგრძელებთ წინა სტატიაში წამოჭრილ საკითხზე საუბარს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიდერი შესაძლებელია იყოს ქარხნული წარმოების ან თვითნაკეთი. არსებობს კომბინირებული ტიპიც, რომელზედაც აუცილებლად დეტალურად შევჩერდებით ბლოგის ფურცლებზე. მართალია ქარხნული წარმოების ლიდერების შესახებ ზოგადად უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო საფუძვლიანი განხილვა არ უნდა იყოს ინტერესს მოკლებული. 
                 დღესდღეისობით ბაზარზე უმეტესწილად სამი ძირითადი სიგრძის ქარხნული ლიდერები გვხვდება: 7,6 ფუტიანი, 9 ფუტიანი და 15 ფუტიანი. (1 ფუტი დაახლოებით 30 სმ -ის ტოლია). ასეთი დაყოფა შემთხვევითი არ არის, რადგან გამომდინარეობს წარმოებული ანკესების ძირითადი სიგრძეებდან, ანუ მეტ - ნაკლებად შეესაბამება მათ, თუმცა არ არის აუცილებელი 9 ფუტიან ანკესზე მაინცა და მაინც 9 ფუტიანი ლიდერის გამოყენება, ეს, ასე ვთქვათ, მხოლოდ ზოგადი ხასიათის რეკომენდაციაა დამწყებთათვის. სტატიის პირველ ნაწილში უკვე აღვნიშნეთ, რომ ქარხნულ ლიდერში სატარებელი უკვე ინტეგრირებულია, შესაბამისად აქაც განვმეორდები, რომ სიგრძეებზე საუბრისას მხედველობაში მაქვს ლიდერის სიგრძე შნურის წვერიდან იმიტაციამდე.
   ძირვადი შნურით თევზაობისას მოკლე ლიდერები უფრო მისაღებია რამდენიმე მიზეზის გამო
  • ძირვადი შნური საკმაოდ რთული სასროლია, ამიტომ მოკლე 6-7 ფუტიანი ლიდერის მართვა შედარებით მარტივია, ვიდრე 9 ან 15 ფუტიანის, მითუმეტეს თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ იმიტაციები საკმაოდ მძიმეა;
  •  თუკი თქვენ მონოფილურ ლიდერს იყენებთ გრძელი ლიდერი უფრო ნელა იძირება და ფსკერამდე მიღწევას, ანუ გატარების ჰორიზონტზე იმიტაციის მიწოდებას მეტი დრო ჭირდება; 
  • ძირვადი შნურით თევზაობისას დელიკატურობა ნაკლებად კრიტიკულია, ამავდროულად მოკლე ლიდერი ჩაკვრის იმპულსს უკეთესად გადასცემს. 
            ცურვადი შნურით თევზაობისას მოკლე ლიდერების გამოყენება უპრიანია შემდეგ შემთხვევებში:
  •  ქარიანი ამინდის დროს, რადგან მოკლე ლიდერი უფრო ადვილად გაიშლება;
  •  შედარებით მღვრიე წყლის დროს, ასევე იმ შემთხვევაში, თუკი წყლის ზედაპირი არაა სარკისებრი, რადგან შნური ნაკლებად შესამჩნევია თევზითვის;
  •  დიდი ზომისა და ცუდი აეროდინამიული თვისებების მქონე მშრალი იმიტაციების გამოყენებისას, რადგან მოკლე ლიდერი მათ შედარებით ადვილად "მოერევა"
            გრძელი ლიდერების გამოყენება კი მისაღებია შემდეგ შემთხვევებში:
  •  შტილის დროს, რადგან წყლის ზედაპირი სარკისებრია და იმიტაციაც მაქსიმალურად უნდა იყოს შნურიდან დაშორებული;
  •  ფრთხილი თევზის ჭერისას, ანუ წყალსატევზე მეთევზეთა დიდი პრესინგის პირობებში, ასევე წყლის დაბალი დონის დროს;
  • პატარა ზომის (18 და უფრო მცირე)  იმიტაციების გამოყენებისას, დელიკატურობის და ბუნერივად მიწოდების მოთხოვნებიდან გამომდინარე.
    მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ კომბინირებულ ლიდერებსა და ზოგადად ლიდერის დიამეტრებზე.

ნაწილი პირველი
ნაწილი მესამე 

Sunday, March 17, 2013

ლიდერის სიგრძე და დიამეტრი (ნაწილი პირველი)

            დღესდღეისობით, როგორც ბაზარზე არსებულ, ისე თვითნაკეთ ლიდერებში სიგრძეების და დიამეტრების საკმაოდ დიდი არჩევანი გვხვდება. მარტივად რომ ვთქვათ, დამწყებისათვის საკმაოდ დამაბნეველია ასეთი მრავალფეროვნება. ლიდერის სიგრძეზე ერთიანი აზრი არ არსებობს, შეხვდებით მხოლოდ ზოგად მითითებებს, მათ შორის გამოიყოფა ორი ძირითადი პრინციპი: პირველი - ლიდერის სიგრძე არ აღემატება ანკესის სიგრძეს და მეორე - ლიდერის სიგრძე უნდა უზრუნველყოფდეს კონკრეტული იმიტაციის სწორად მიწოდებას. თუ პირველი რეკომენდაცია მეტ - ნაკლებად გასაგებია და გამომდინარეობს მონტაჟის მართვის კომფორტულობიდან (ანუ როდესაც ლიდერი ანკესის სიგრძეს არ აღემატება, არ ხდება ლიდერის "შესვლა" ანკესის გამტარ რგოლებში) მეორე რეკომენდაცია საკმაოდ ბუნდოვანი და არაფრისმთქმელია, რადგან კონკრეტული იმიტაცია საკმაოდ ზოგადი ცნებაა, ასევე გაუგებარია რას ნიშნავს "სწორად" პრეზენტაცია, რადგან ხშირ შემთხვევაში საჭიროა, რომ სატარებელი ბოლომდე არ გაიშალოს. მაგალითისათვის ავიღოთ 16 ნომერ ნემსკავზე დამზადებული ნიმფა, რომელიც დამძიმებულია ტყვიის მავთულით ან/და სპილენძის თავით და იგივე ზომის ნემსკავზე დამზადებული მედღეურას სპინერის იმიტაცია, რომელსაც წონა თითქმის არ აქვს. ნათელია, რომ ერთი და იგივე სიგრძის და დიამეტრის ლიდერით ორივე მათგანის ერთნაირად მიწოდება წარმოუდგენელია.  
                  ქვემოთ მოყვანილი მსჯელობა ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენ გვსურს იდეალური პრეზენტაცია, თორემ პრაქტიკაში ლიდერის ნაცვლად იყენებენ ჩვეულებრივი მონოფილური ძუის ორ მონაკვეთს და წარმატებითაც იჭერენ თევზს. მეტიც, თუ თქვენ მეტ ნაკლებად მისაღებ დონეზე არ ფლობთ შნურის სროლის ტექნიკას, მაშინ ამ ეტაპზე ასეთ დეტალებს უბრალოდ ვერ იგრძნობთ და ვერ გამოიყენებთ პრაქტიკაში, უბრალოდ Fly Fishing, როგორც მეთოდი, მუდმივ სრულყოფას გულისხმობს, ამიტომ, თუ თქვენ ამის სურვილი გაქვთ, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს მცირე სტატია.
            საინტერესოა, რომ ქარხნული წარმოების ლიდერების სიგრძის აღმნიშვნელი მარკირების ორგვარი გაგება არსებობს. მაგალითად: თუ თქვენ შეიძინეთ ლიდერი რომელსაც აქვს აღნიშვნა, რომ იგი არის 9 ფუტიანი (დაახლოებით 2,7 მეტრი), ზოგს ეს ისე ესმის, რომ ამ 9 ფუტს კიდევ უნდა დავამატოთ სატარებელი და მხოლოდ შემდეგ დავაფიქსიროთ იმიტაცია, ეს მიდგომა არასწორია, რადგან ქარხნული წარმოების მონოფილურ ან ფლუოროკარბონის ლიდერში სატარებელი უკვე ინტეგრირებულია. თუ კარგად დააკვირდებით თქვენს შენაძენს, შეამჩნევთ, რომ მისი ბოლო საკმაოდ სქელია, დაახლოებით 0,4 - 0,5 მმ და იგი კონუსურად, თანდათან წვრილდება მთელი სიგრძის გაყოლებაზე, ხოლო თავისკენ კი სახეზე გვაქვს არაკონუსური, დაახლოებით 50 სმ - ის სიგრძის, მონაკვეთი. სწორედ ეს მონაკვეთია სატარებელი. თუკი ამ არაკონუსურ მონაკვეთს კიდევ სატარებელს დავამატებთ ენერგიის გადაცემა ამ ორმაგი არაკონუსურობის (თვითონ ლიდერში ინტეგრირებული სატარებელი და პლიუს ჩვენს მიერ დამატებული ძუა) გამო არ მოხდება სწორად. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენს მიერ ნაყიდ ლიდერს თამამად შეგიძლიათ პირდაპირ მიაბათ იმიტაცია და წარმატებით ითევზაოთ. ასეთი ვარიანტი, ენერგიის გადაცემის მხრივ, არის იდეალური, რადგან შნურსა და იმიტაციას შორის არის მხოლოდ ერთი ადგილი სადაც ხდება შნურის სროლისას წარმოქმნილი არკის "ტყდომა" ეს ადგილი არის ლიდერისა და შნურის ყულფებით გადაბმის წერტილი.

           სრული იდილიისათვის შეგიძლიათ ლიდერს და შნურს  მოაჭრათ ქარხნული ყულფები (თუ აქვთ) და პირდაპირ nail knot - ით დააფიქსიროთ შნურზე.


             სტატიის მეორე ნაწილს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. გისურვებთ წარმატებებს.

 ნაწილი მეორე
 ნაწილი მესამე