ისევ და ისევ თავისუფალი დროის კატასტროფული უქონლობის გამო ვაგრძელებ ექსპერიმენტებს ქალაქის ფარგლებში. ბოლო ორმა გასვლამ საკმაოდ საინტერესო შედეგი აჩვენა. სხვა თუ არაფერი იმუშავა მხოლოდ ერთმა სატყუარამ, მიუხედავად იმისა, რომ შარშან და შარშანწინ საკმაოდ ბევრი ტიპის იმიტაცია გამოდგა ეფექტური ზუსტად იგივე ადგილას, გარდა ამისა წელს ჯერ ჯერობით მხოლოდ პატარა ზომის ქაშაპი აქტიურობს, შარშან ნადავლში ქაშაპის გარდა საკმაოდ ხშირად ხვდებოდა ხრამული და ვიმბა, რომ არაფერი ვთქვათ თეთრულაზე.
მდინარეს დილიდან ვაკვირდები, საკმაოდ ძლიერი ქარია, წინა კვირასთან შედარებით წყალიც უფრო ამღვრეულია, ზედაპირზე თევზის ატიურობა საერთოდ ნულის ტოლია, ძალიან ცხელა. ვაპირებ ხუთი საათისთვის ჩასვლას და დარჩენას დაბნელებამდე. საღამოს თევზაობა ამ ადგილას ჩემთვის პირველი იქნება, სხვა თუ არაფერი გამოვცდი Petzl E46 P2 TacTikka 3-LED headlamp - ს
მოკლედ ექვსი საათისათვის ჩავედი მდინარეზე. საოცარია, მაგრამ ისევ არცერთი "ეკრანშიკი", დიდი მადლობა ზედამხედველობის დეპარტამენტს. წყლის დონე ძალიან აქტიურად იცვლებოდა
თევზი მართალია იყო, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე სატყუარა აეღო. ერთ - ერთ ახსნას ვხედავ იმაში, რომ ამღვრეული წყლის გამო იმიტაციას საერთოდ ვერ ხედავდა. საღამოსკენ ზედაპირზე საკმაო აქტიურობა დაიწყო, მაგრამ არცერთი ჩაკვრა არ დაფიქსირებულა. საგულისხმოა, რომ წინა გასვლებისაგან განსხვავებით, ნემსკავს ხშირად ედებოდა ხავსი, შესაძლებელია თევზი სწორედ ხავსით კვებაზე იყო გადასული.
დაახლოებით ცხრა საათამდე გავჩერდი და ბოლოს დავნებდი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში არცერთი "ეკრანშიკი" არ მინახავს მათთვის ჩვეულ ადგილებზე.
No comments:
Post a Comment