Saturday, July 6, 2013

არაგვი 06.07.2013

                   მთელი კვირის განმვლობაში ვაკვირდებოდი თევზჭერისათვის აპოკალიპტურ ამინდის პროგნოზებს. ლოგიკა ნამდვილად კარგი რამ არის, თუ დიდ მდინარეებზე დინების უმეტეს ნაწილში წვიმს მაშინ ერთადერთი გამოსავალი წყალმცირე და ამავდროულად საკმაოდ მოკლე მდინარის პოვნა კარგი გამოსავალია, ქალაქთან ახლოს ასეთი ადგილი არის არაგვი, ჟინვალჰესიდან მცხეთამდე ნაპირები კლდოვანი და ღორღიანია, ჰესიდან მღვრიე წყალი მხოლოდ გაზაფხულზე, ისიც იშვიათ შემთხვევბში გამოდის, ხანმოკლე წვიმა კი ასეთ პირობებში, ამ მონაკვეთზე ვერაფერსაც ვერ აამღვრევს. მოკლედ, ასე თუ ისე ბალიშს დავემშვიდობე და დიდუბის ავტოსადგურიდან გასული თორმეტის ნახევარზე ადგილზე ვიყავი.

                    ჩვეულებისამებრ პირველ რიგში უკვე არაერთხელ გამოცდილი Gold Head Red Tag ვცადე, შედეგი ნული, საკუთარ თვალებს არ დავუჯერე და კიდევ ერთხელ ვცადე, მერე კიდევ არაერთხელ, მოკლედ საათნახევარი დრო ფუჭად დავკარგე. ნაპირზე ამოვედი და სიტუაცია გავაანალიზე: თევზი აშკარად არის, ზედაპირზე არ აქტიურობს, ესე იგი, იკვებება ან ფსკერზე ან შუა ფენაში, იმიტაცია ორივე შემთხვევაში ზუსტად სასურველ ჰორიზონტში მოძრაობს, მაგრამ შედეგი არაა, ესე იგი ფერების კლასიკური კომბინაცია (Peacock&Red) დღეს აქტუალური არაა, ფსკერის სტრუქტურიდან და ფერიდან გამომდინარე გადავედი Gold Head Hare's Ear Numph-ზე, შედეგი ისევ ნული

                    შემდეგ ვცადე Gold Head Blood Worm, Caddis Larva, Gold Head Pheasant Tail Nymph. შედეგი ისევ ნული, ნერვების დასაწყნარებლად ისევ ნაპირზე ამოვედი და ყურადღება სხვა ობიექტებზე გადავიტანე

                   სრულ ფიასკოს თითქმის შევეგუე და ბოლოს კლასიკური სველი იმიტაციების პატარა ყუთზე შევაჩერე ყურადღება. ავაწყვე კლასიკური სპაიდერების ტრიო ასევე კლასიკურ მონტაჟზე, რომელიც უკვე თითქმის მივიწყებულია, პირადად მე მხოლოდ ოლივერ ედვარდსის ფილმში მაქვს ნანახი ეს სტილი და ტაქტიკა,  მოკლედ, სრულ დამარცხებამდე ბოლო ბასტიონი იყო: Partridge&Green, Partridge&Orange და Stewart's Black Spider (ეს ბოლო პირველ სურათზე არაა სამაგიეროდ მეორეზე თევზს ყავს ჩახუტებული) 
                   დღეს საბოლოოდ მივხვდი რომ Fly Fishing-ში, როგორც მეთოდში, არსებობს გარკვეული დოგმები, თუ გნებავთ კლასიკა, რომელსაც, სანამ შოლტაობაში, ბუნდღაობაში, წკეპლაობაში, გამათრახებაში, მიტყეპვაში და მსგავს მარაზმებში გადავვარდებით სჯობს ყურადღება მივაქციოთ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც კი ნამდვილი კლასიკა (კლასიკური ინგლისური Gossamer's Pearsall Silk - ით დამზადებული იმიტაციები, რომელიც პირველ სურათზეა გამოსახული) გამოვიყენე შედეგიც მაშინვე ვნახე
                   ნამდვილად არ წარმომედგინა, რომ თბილისთან ასე ახლოს ასეთ სიამოვნებას მივიღებდი. 
P.S. ყველა თევზი, დიდი მადლობით, დაუბრუნდა მდინარეს, იმედია კიდევ არაერთხელ შევხვდებით, როცა წამოიზრდებიან.
P.P.S. ცოტა უარყოფითზეც მოგახსენებთ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ "ნატახტარი"-ს ლუდსახარში დედიმისისას მირთმევას განაგრძობს მოზრდილი პორციებით, ძალიან საეჭვო სუნისა და ფერის შენაკადი ერთვის არაგვს  ხიდიდან 100-150 მეტრის მოშორებით, ფსკერი რუხი ფერისაა. გარდა ამისა რამდენიმე "ეკრანშიკიც"ვნახე. სინტერესოა, როდის შევა ოფიციალურად ძალაში ახალი დებულება, რომელიც ეკრანით თევზჭერას კრძალავს. წინა ორშაბათის მდგომარეობით (GSS Codex) ცვლილებები არ ჩანს.

No comments: