ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან იშვიათად ვახერხებდი ბუნებაში გასვლას. ხშირად მესმოდა გარემოს დაცვის სამინისტროს აქტიურობის შესახებ. ბრაკონიერობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოვიძახე კიდეც ეკიპაჟი ცხელი ხაზის მეშვეობით. ზედამხედველობის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი გავიცანი, ვისაუბრეთ ამ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ.
მოკლედ, ასეთ დასკვნამდე მივედი - თუკი ადრე ძირითადი პრობლემა იყო ის, რომ ბრაკონიერობის ფაქტებზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირებას არავინ ახდენდა, ახლა პრობლემებმა სხვა სიბრტყეში გადაინაცვლა. შევეცდები დეტალურად ავხსნა ჩემი ხედვა.
არსებობს ბრაკონიერობასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება. უფრო სწორად ახლა იწყებს ნელ-ნელა ეს ნება ფორმირებას. გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან კონკრეტულად ამ სფეროში აქტივობა სახეზეა. მაგრამ, მაგრამ და კიდევ ერთხელ მაგრამ - ამ აქტივობის შედეგად მთელი რიგი პრობლემები გამოაშკარავდა.
ერთ-ერთი მთავარი, ჩემი აზრით, არის ის, რომ არ ჰყავთ სათანადო რაოდენობით თანამშრომლები, კასპის რაიონში სულ ორი ეკიპაჟია, რომელსაც ავალია ყველა მიმართულება - ნადირობა-თევზაობა, ხე-ტყე, გარემოს დაბინძურება, წიაღისეულის უკანონო მოპოვება და ა.შ. ფიზიკურად ვერ ახერხებენ თვითოეულ ფაქტზე რეაგირებას. დღე და ღამე აქვთ გასწორებული, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის და ამაში ნამდვილად ვერ გავამტყუვნებ, პირიქით, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. აუცილებელია მტკვრის მარჯვენა შენაკადებში თუნდაც ერთი ეკიპაჟის მუდმივი მორიგეობა, რადგან ხეობებში მობილური კავშირი არ არის და ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლებელია. ამის გამო პირადად მომიწია ეკრანების დაჭრა. იმ ბრაკონიერს რომ ეჩივლა აქეთ მე დამაჯარიმებდნენ სხვისი ქონების განადგურებისთვის. მხედველობაში მაქვს თეძმის, ძამის და ტანას ხეობები, ალბათ სხვაგანაც იგივე პრობლემებია, მაგრამ ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე რაც პირადად მაქვს ნანახი.
ეს ორი ეკიპაჟიც კი არ არის აღჭურვილი, კანონით ეკუთვნით იარაღი, მაგრამ არ აქვთ, არ აქვთ ღამით ხედვის ხელსაწყოები, არადა დენით თევზაობა ძირითადად ღამით ხდება, არ ყავთ ნავები (ნავების დარიგებას ახლა აპირებენო). ეს რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს.
რაც შეეხება საკანონმდებლო მხარეს - აქაც ბევრი გასაძრომია დატოვებული - არ არის აკრძალული დენის აპარატის ყიდვა - გაყიდვა, შენახვა, ტრანსპორტირება. თუ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს აპარატი არის ბოროტება, რატომ არ ვკრძალავთ? აქედან გამომდინარე დაჯარიმება შესაძლებელია მხოლოდ უკვე შემდგარ ფაქტზე, ნადავლთან ერთად, ბრაკონიერები ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების გამოჩენისთანავე უბრალოდ წყალში ყრიან ნადავლს და აკრძალულ მოწყობილობებს, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს ისედაც მცირერიცხოვანი შტატების პირობებში. არაა შორს წასვლა საჭირო, ბელორუსიაში აკრძალული მოწყობილობით მდინარიდან/ტბიდან თუ სწორად მახსოვს მანძილი 500 მეტრში ყოფნა უკვე აკრძალულია და ისჯება ჯარიმით. ჩვენ რატომ არ ვიზიარებთ ამ გამოცდილებას? იგივე პრობლემებია ეკრანების და პარაშუტების მხრივაც, ღირს იაფი და იყიდება ყველგან. კასპის ბაზარში "ვესაუბრე" ერთ ასეთ გამყიდველს - რას მერჩი, მე ხომ არ ვთევზაობ ამ ეკრანით უბრალოდ ვყიდიო.
გაჩანაგებული იქტიოფაუნის პირობებში თევზაობა ნებადართულია მთელი წლის განმავლობაში, თევზის გამრავლების პერიოდის ჩათვლით, არ არის დაწესებული ერთ თეზაობაზე ერთი მეთევზის მიერ დაჭერილი ნადავლის ლიმიტი, სამაგიეროდ გვაქვს აბსურდული რეგულაციები ზომებში.
ისევ მიდის ბრაკონიერული მეთოდებით მოპოვებული თევზით უკონტროლო გარე ვაჭრობა. თუ ეს არ არის გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენცია, მაშინ გვაქვს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი რეგულაციები ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ, მიმართონ ფინანსთა სამინისტროს და აღკვეთონ ეს ფაქტები. მითუმეტეს რომ დიდი ზარზეიმით გააფორმეს მემორანდუმი სამინისტროთა შორის ურთიერთდახმარების შესახებ. არადა რად უნდა ამას მემორანდუმი? ისედაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა ამ საკითხს. ასობით კილოგრამი თევზია უკვე ამოღებული დენით თევზაობის ფაქტებზე, ფაქტიურად სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბრაკონიერები. თუ ოჯახების შენახვა უნდათ ითევზაონ კანონით ნებადართული ზომის ბადეებით და რაც მთავარია აიღონ შესაბამისი ლიცენზიები, ისევე როგორც ტბების შემთხვევაში გვაქვს.
უკვე მერამდენე წელია გარემოს დაცვის სამინისტროს გვერდზე დევს მათ მიერვე შედგენილი დასკვნა იმის შესახებ, რომ ორთაჭალჰესს თევზსავალი ფაქტიურად გაუქმებული აქვს, გამოსწორდა რამე? ვინმე დაჯარიმდა?
No comments:
Post a Comment